ყველაზე მოსაწყენი ესპანეთი და კეთილი ვან ბომელი

 სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატი უკვე ისტორიაა. ესპანეთმა პლეი-ოფში ყველა „ნაკლები დასვა”, ბლატერმა მანდელას 1972 წლის ოლიმპიადის საათი თავის ფასში აყიდინა, ლიპიმ ვერ გაიხსენა, რისთვის ჩავიდა ტურნირზე და გვარდიოლას იდეებმა ესპანეთს ჩემპიონატი მოაგებინა. პრინციპში, სხვა საინტერესო ამბების გახსენებაც შეიძლება.

Fair Play: მარკ ვან ბომელი
შემთხვევით გაუხეთქა წარბი ჰონდას, შემთხვევით გაარტყა სახეში მუხლი კიაერს, შემთხვევით დალეწა ვარჯიშზე უკვე დალეწილი ჰუნტელაარი და ნახევარფინალამდე ყვითელი ბარათი არ მიუღია. ფინალში კინაღამ დაუმთავრა კარიერა ინიესტას და კინაღამ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მიუნხენში კითხულობს ლექციებს თემაზე „გავუფრთხილდეთ ფეხბურთელების კარიერას”.

საუკეთესო მეკარე:
რობერტ გრინი (ინგლისი)
ორ ძელს შუა დგას პერსონა, რომელსაც (ალბათ) ბურთის მოგერიება ევალება. ძალიან ძნელია, 90 წუთში გააკეთო ორი სერიოზული სეივი, სამჯერ დალიო წყალი, ორჯერ გადააფურთხო და გოლი შეაგდო. მერე რა, თუ საკუთარ კარში შეაგდებ, გოლი გოლია. ბობი გრინმა ამერიკელებთან ყველაფერი მოასწრო და სკოტი პიპენის აუზიდან გამოშვებული ბურთიც გაუშვა. კაპელომ გრინს მადლობა გადაუხადა და შემდეგ ჩემპიონატამდე ნაკრების PR მენეჯერად დანიშნა. ოღონდ კარში არ ჩადგეს და...

ჰარი კიუელის სახელობის ჯილდო საუკეთესო მეოთხეხარისხოვანი როლისთვის: დავიდ სილვა
ესპანეთი ჩილეს უგებდა და 81 წუთია გასული. დავიდ სილვა მოედანზე შესასვლელად ემზადება. ესპანეთი ჩილეს უგებს და 85 წუთია გასული. დავიდ სილვა ემზადება. ესპანეთმა ჩილეს მოუგო და 93 წუთი გავიდა. დავიდ სილვა ემზადება. დაიწყო ბრიფინგი. დავიდ სილვა მზად არის. დელ ბოსკემ სილვა ბრიფინგისთვის მოამზადა. გე-ნი-ო-სი!

ყველაზე მოსაწყენი გუნდი:
ესპანეთი
ტურნირამდე ესპანეთი ფავორიტი იყო. ტურნირის დროს ესპანეთი ფავორიტი იყო. ტურნირის დროს ესპანეთი ბლატერის ფავორიტიც იყო. ტურნირი ესპანეთმა მოიგო. ყველამ ყველაფერი წინასწარ იცოდა და ყველამ მოიწყინა.

საუკეთესო გუნდი:
ახალი ზელანდია
ესპანეთმა წააგო შვეიცარიასთან, ჰოლანდიამ წააგო ესპანეთთან, არგენტინამ წააგო მარადონასთან, ბრაზილიას მოუგო რიკარდო მელომ. ზელანდია იყო ერთადერთი გუნდი, რომელსაც ტურნირზე არ წაუგია. ბლატერმა რაღაცა ვერ გათვალა. აეროპორტში ზელანდიას ჯონა ლომუ, ოთხი კოალა და მეთიუ მერთენსის დედა დახვდნენ. ALL BLACKS!!!

ტურნირის აღმოჩენა: დიეგო
ფორლანი MVP გახდა, მილიტომ სამჯერ გაიცინა, გოდინმა ორი ტრავმა მიიღო, მარადონამ „პოსლეზე” ჰუგო ბოსის კოსტიუმი დაირტყა, ლუგანომ ინგლისურად დამშვიდობება ისწავლა, პოცომ მარადონას ნახმარი iPhone 4 აყიდინა.
ტურნირის იმედგაცრუება:
რიგობერტ სონგი
კამერუნელი ორჯერ ვერ გააფრთხილეს და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ბარათიან პერსონად ზინედინ ზიდანი დარჩა. სამხრეთ აფრიკაში საქართველოსთან ტესტში უინიციატივო ფეხბურთის გამო თითქმის არ ათამაშეს.
ბომბარდირი: პოლი, რვაფეხა
ფორლანი - 5, მიულერი - 5, ვილია - 5, სნეიდერი - 4+მელო, პოლი - 8. აკვარიუმის ილუზიონისტმა რვაჯერ შეაგდო, ბლატერმა ნაღდი თასი პოლს მისცა, კასილიასს დუბლიკატი აჩუქეს და ჯესიკა ბილთან ერთად „ილუზიონისტ 2”-ში ედვარდ ნორტონს პოლი შეცვლის. ლას ვეგასის Water World-ში გაიხსნა ტოტალიზატორი PaulBet.

კომენტარები