Deus ex machina

ხუთშაბათ საღამოს შატილში - მუცოს ხეობაში - საშინელი ავტოკატასტროფა მოხდა. ათიდან შვიდი მგზავრი დაიღუპა. მათ შორის, ორი ბავშვი - ორი წლის და ორი თვის! ტელეკომპანია „იმედის” ცნობით, მანქანა სოფელ ხონეს სალოცავიდან მოდიოდა. კადრშიც კი აჩვენეს, რომ დაჭეჭყილი შავი „ლენდკრუზერი” ნაკურთხი იყო. ამის ნიშნად მანქანას უკანა სანომრე ნიშნის გვერდით წრეში ჩასმული „ბრენდირებული” ჯვარი ჰქონდა მიკრული.

ასეთი რამის შემდეგ ძნელია, არ დაფიქრდე ისეთ მოვლენაზე, როგორიცაა ნაკურთხი მანქანა. უარეს შემთხვევაში დავუშვათ, რომ რამდენიმე მგზავრი მართლაც იმსახურებდა შატილში მსგავს სიკვდილს. მაგრამ, პირადად მე, მაქვს შეკითხვა, ისეთი რა დააშავა ორი წლის ბავშვმა ან, მით უფრო, ორი თვისამ, რომ ჯერ ხევში გადაიჩეხა, შემდეგ მისი გვამი მდინარემ წაიღო და მაშველები აქამდე ამაოდ ეძებენ? არ მივიღებ პასუხს, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირად და ყოველ ნაბიჯზე ხდება და აქ ღვთის ნება და ზეციური მართლმსაჯულება არაფერ შუაშია. მაშ, რა საჭიროა მანქანის კურთხევა? მართლა მაინტერესებს, რითი განსხვავდება ნაკურთხი მანქანა არანაკურთხისგან? იქნებ განსაკუთრებულ შემთხვევებში უკეთ მანევრირებს? უფრო საიმედოდ მუშაობს ბორტკომპიუტერი? შეიძლება კურთხევის შემდეგ დამცავი ბალიშები უმჯობესდება? რას ნიშნავს მანქანის ბორტზე მიკრული ჯვარი? ზეციურ სადაზღვევო მომსახურებას ხომ არ გულისხმობს?

ვინც ერთხელ მაინც გაცნობია ქართულ ყვითელ პრესას, უთუოდ შეამჩნევდა რუბრიკას „შეკითხვები მოძღვარს”. ჭეშმარიტად საოცარია, როცა აღმოაჩენ, სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის ცნობისმოყვარეობა. რას აღარ ეკითხებიან სულიერ მამას! მაგრამ შეკითხვები იმდენად საინტერესო არაა, რამდენადაც პასუხები. თან, მიაქციეთ ყურადღება, რომ მოძღვარს ყველაფერზე აქვს პასუხი, იგი ყოვლისმცოდნეა, დამალულის მხილველი და დაფარულის ცხადმყოფი. გავანებოთ იმას თავი, რომ ხშირად მათი პასუხები, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილის მომგვრელია. სათანადოდ თუ ჩაუკვირდები, აღმოაჩენ, რომ ეს ბრძენი მამები მხოლოდ მედიატორები არიან, თან სულ რაღაცნაირად იცილებენ პასუხისმგებლობას და ყველაფერს ღვთის ნებას მიაწერენ. ჰოდა, იქნებ ამიხსნას რომელიმე მოძღვარმა, რით განსხვავდება ნაკურთხი მანქანა არანაკურთხისგან? იქნებ მანქანის კურთხევა ზეციური აცრასავითაა, რომელიც ბოროტისგან და ავის თვალისგან იცავს, მე კი ამის შესახებ არაფერი ვიცი და ჭურში ვზივარ? იქნებ კურთხევის შემდეგ ჩვეულებრივი მანქანა არაჩვეულებრივად იქცევა, ანუ უბრალო მანქანა (machina) ხდება ერთგვარი ღმერთი მანქანიდან (Deus ex machina)?

დღის განმავლობაში ხშირად ვხედავ ნაკურთხ მანქანებს, რომლებიც ისევე არღვევენ მოძრაობის წესებს, ისევე არ ჩერდებიან წითელ შუქნიშანზე, ისევე ქმნიან ავარიულ სიტუაციებს, ისევე აჭარბებენ დასაშვებ სიჩქარეს და, საერთოდაც, ისეთივე გამონაბოლქვი აქვთ და ისევე აბინძურებენ გარემოს, როგორც არანაკურთხები. გასაგებია, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარია არა მანქანა, არამედ ის, ვინც მანქანას მართავს. მოძღვარს ესეც მინდა ვიკითხო, რა უპირატესობა აქვს ნაკურთხი მანქანის მძღოლს არანაკურთხი მანქანის მძღოლთან? შეიძლება ნაკურთხი მანქანის მძღოლები სინამდვილეში ღვთის მხედრები არიან და მათთვის დასაშვებია ის, რაც არაა დასაშვები, ვთქვათ, ჩემთვის ანუ უბრალო მოკვდავისთვის?
დაბოლოს, თუ ძნელია ზევით დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, ამაზე მაინც მიპასუხოს მოძღვარმა, არის თუ არა რამე კავშირში მანქანის ბორტზე დაკრული ჯვარი მესამე მცნებასთან, რომელიც ამბობს: „არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა”?

კომენტარები