სტალინი ჩვენს რიგებში

დემოკრატიული სოციალიზმი, ბოლო თაობების უდიდესი უტოპია,
არა მარტო მიუღწევადია, არამედ მისკენ სწრაფვა წარმოშობს
ისეთ შედეგებს, რომლებიც მიუღებელია მისი მომხრეების უმეტესობისთვის.
ფრიდრიხ ოგუსტ ჰაიეკი

რამდენიმე კვირის წინ სტალინის ძეგლი მოაშორეს გორის ცენტრალური მოედნიდან. უდავოდ სასიხარულო ფაქტია. აღარ შემრცხვება გორში უცხოელ მეგობრებთან ერთად ჩასვლა.

კიდევ უფრო მეტად სასიხარულოა, რომ ძეგლის სათაყვანებელი ობიექტიდან სამუზეუმო ექსპონატად ქცევა მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გააპროტესტა (ხმამაღლა). ერთი შეხედვით თითქოს ვისწავლეთ კეთილისა და ბოროტის გარჩევა.

სხვადასხვა კომენტარი და შეფასება მოვისმინე თუ წავიკითხე ამ ღამის ოპერაციის შესახებ. ნაწილი თვლის, რომ სტალინი იყო ბოროტების სიმბოლო, როგორიც არ ახსოვს კაცობრიობას. ნაწილს კი მიაჩნია, რომ ძეგლის, როგორც საბჭოთა მემკვიდრეობის, არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს რაიმე პრობლემას, ხოლო ძეგლებთან ბრძოლა ბოლშევიკური ტრადიციაა.

წარსულის გადაფასება აუცილებელია, რათა მომავალში იგივე შეცდომები არ დავუშვათ. მაგრამ გვესმის კი, რას ვაფასებთ და რა შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ? რატომღაც მგონია, რომ სტალინის გაღმერთებიდან მისი დემონიზაციის გზაზე ვკარგავთ იმ დისკურსს, რომელშიც უნდა განიხილებოდეს სტალინი და მასთან ასოცირებული ბოროტებანი.

მთავარი პრობლემა ზედმეტი ყურადღების გადატანაა სტალინის პიროვნებაზე, თითქოს ის იყო ბოროტი და საბჭოთა ჯოჯოხეთი სწორედ ამ ბოროტი ბუნების შედეგად მივიღეთ.

შეცდომა, რომელსაც ვუშვებთ, მიზეზისა და შედეგის აღრევაა.

სტალინი, პირველ ყოვლისა, იყო სოციალისტური იდეოლოგიისა და სისტემის პროდუქტი და მხოლოდ შემდეგ - მისი გარკვეული ნაწილების შემოქმედი. სტალინებს (ჰიტლერებს, მაო ძე დუნებსა და ა.შ.) შობს სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს გარშემო და რომელიც უხილავია გაუვარჯიშებელი თვალისთვის. უხილავი კი იმიტომ არის, რომ ადამიანებს უჭირთ კავშირის დანახვა საზოგადოებრივი თანაცხოვრების ორგანიზების წესსა (ანუ ეკონომიკური მოწყობის ფორმასა) და კეთილდღეობას შორის. შედეგად ვიღებთ ზედაპირულ დამოკიდებულებას ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, რაც ეფექტურ იარაღად იქცევა ხელისუფლებაში მყოფი თუ ხელისუფლების მსურველი პოლიტიკური ჯგუფების ხელში.

და მაინც, რატომ ხდება, რომ სოციალისტურ სისტემაში ნაგავი ექცევა ზედაპირზე?

თუ ავსტრიელ მოაზროვნეს, ფრიდრიხ ჰაიეკს დავუჯერებთ, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, რომლებიც გარკვეულწილად ერთმანეთთან არის დაკავშირებული. სოციალისტური სისტემა გულისხმობს ეკონომიკის ცენტრალურ დაგეგმარებას ანუ გარკვეული მიზნ(ებ)ის დასახვას, რომლისკენაც მთელმა საზოგადოებამ უნდა იმოძრაოს უნისონში. იმის გამო, რომ ადამიანთა შეხედულებები, მისწრაფებები და ფასეულობები განსხვავდება, თავიდანვე რთული ხდება საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილის ჩართვა ამ კოორდინირებულ პროცესში, რადგან, რაც უფრო განათლებულია ადამიანთა ჯგუფი, მით უფრო რთულია ამ ჯგუფში რაიმე საკითხზე (მიზანზე) კონსენსუსის მიღწევა. შესაბამისად, ცენტრალური დაგეგმარების მომხრეები უმრავლესობის მობილიზაციის მიზნით იძულებული არიან, აქცენტი გააკეთონ მოსახლეობის შედარებით გაუნათლებელ ნაწილზე. შედეგად ვიღებთ სისტემას, რომელშიც წარმატების მისაღწევად მოსახლეობის განათლებულ ნაწილს უწევს საკუთარ ღირებულებებზე უარის თქმა (სხვა შემთხვევაში სისტემის გარეთ დარჩება), ხოლო შედარებით გაუნათლებელ ნაწილს უწევს იმ ღირებულებების მიღება, რომელსაც მმართველი ელიტა შესთავაზებს (რადგან საკუთარი ჩამოყალიბებული ღირებულებები არ გააჩნდა). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთ სისტემაში „წინსვლისთვის” აუცილებელი მთავარი თვისება ხდება მყარი მორალური პრინციპების არქონა.

სწორედ ამიტომ იბადებიან სოციალისტურ სისტემაში სტალინები. და რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ეს არის უტოპიური ეკონომიკური პოლიტიკის – ცენტრალური დაგეგმარების - შედეგი.

და რას ვაკეთებთ ჩვენ?

ჩვენ გვაქვს ცენტრალური (ეროვნული) ბანკი და გადახდის ერთადერთ საშუალებად ვაღიარებთ მხოლოდ ლარს. ანუ ვთვლით, რომ უნდა ვაკონტროლოთ ფულის მასა და არ მივცეთ მოქალაქეებს საშუალება, თვითონ აირჩიონ სასურველი ვალუტა სავაჭრო ოპერაციების განხორციელების დროს.

ჩვენ გვაქვს ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც „ებრძვის” უმუშევრობას და დოვლათის გადანაწილების გზით ცდილობს განავითაროს „პრიორიტეტული” ეკონომიკის დარგები.

ჩვენ გვაქვს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც წყვეტს, ეკონომიკის რომელი სფეროები უნდა დაიბეგროს მეტად, ხოლო რომელი - ნაკლებად.
ჩვენ გვაქვს კულტურის სამინისტრო, ანუ ვიღაცები ფიქრობენ, რომ ზუსტად იციან, რომელი „კულტურული ძეგლები” და „ხელოვნების ნიმუშები” უნდა დაფინანდეს, ხოლო რომელი - არა.

ჩვენ გვაქვს განათლების სამინისტრო, სადაც ადამიანთა ჯგუფი განსაზღვრავს, რა უნდა ისწავლოს მომავალმა თაობამ, ვინ უნდა ასწავლოს და რა მეთოდებით.

ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც აიძულებს მოქალაქეებს, დაეზღვიონ და იმკურნალონ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მითითებულ კომპანიებსა და დაწესებულებებში.

ჩვენ გვაქვს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, რომელიც ადგენს, რამდენი უნდა ღირდეს ბუნებრივი აირი თუ ელექტროენერგია.
ჩვენ ბევრი რამ გვაქვს. მაგრამ ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა სოციალისტური ტიპის ცენტრალური დაგეგმარება; ეს არის სისტემა, რომელიც, ერთხელ თუ დაიძრა, მისი შეკავება ურთულესი ამოცანა ხდება; სისტემა, რომელშიც ადამიანების ჯგუფი ფიქრობს, რომ ისინი უფრო გონიერები და კეთილები არიან, ვიდრე საბჭოთა კავშირის შემქმნელები; სისტემა, რომელიც მიდის ჯოჯოხეთისკენ; სისტემა, რომელიც რყვნის; სისტემა, რომელიც კლავს თავისუფლებას და ბადებს სტალინებს.

ძეგლის მუზეუმში გადატანა კარგია. სოციალისტური სისტემის მუზეუმის ექსპონატად ქცევა კი საშვილიშვილო საქმეა.

კომენტარები