წარსულით მოხიბლულნი

 ვის არ წაუკითხავს სერ ვალტერ სკოტის „აივენჰო”? სამწუხაროდ, დღეს ეს შეკითხვა უკვე რიტორიკული არ უნდა იყოს. ისიც კი გაუგებარია, როგორ უნდა ვწეროთ: ძველი ტრადიციით „ვალტერი” იყო, ახლა კი, მგონი, უკვე „უოლტერად” იქცა.

დრო იცვლება და ეს ცვლილება გრძნობებსა და სიტყვებსაც ეხება. პირველ ყოვლისა, გრძნობებსა და სიტყვებს. მაგრამ მივხედოთ „აივენჰოს”...

რომანის მოქმედება 1194 წელს ვითარდება. მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა უკვე დასრულდა, მაგრამ მეომრების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა. ავტორმა ერთ-ერთმა პირველმა გაუღვიძა ევროპელებსა და ამერიკელებს შუა საუკუნეებისადმი ინტერესი. ეს ნამდვილად დიდი დამსახურებაა. მაგრამ, დამსახურებასთან ერთად, ფხიზელ კრიტიკას ნაკლიც არ გამოეპარება. ახლა სწორედ ყველაზე დიდ ნაკლოვანებაზე უნდა ვისაუბროთ.

კრიტიკა რომანს საყვედურობს, რომ 1194 წელს სრულიად შეუძლებელია, რომ ანგლოსაქსებს ჯერ კიდევ შერჩენოდათ ნორმანებისადმი მტრული განწყობა. მართლაც, ვილჰელმ (თუ უკვე უილიამ?) დამპყრობლის სარდლობით ნორმანებმა ძველი კეთილი ინგლისი 1066 წელს დაიპყრეს. 128 წელი კი იმ ეპოქისთვის დროის ძალიან დიდი მონაკვეთია: ვერანაირი წყენა ვერ გაძლებდა ამდენ ხანს. ანდა რა წყენა? - გლეხები საერთოდ ვერაფერს გრძნობდნენ: მათთვის სულ ერთი იყო, მშვიდობიანად მონადირე ანგლოსაქსი მემამულე გაუთელავდა ნათესებს თუ ომით მოსული ნორმანი დამპყრობელი. ადგილობრივი ფეოდალები, რა თქმა უნდა, გრძნობდნენ ერთგვარ დისკომფორტს, მაგრამ XII საუკუნის ბოლოს ყველას ფრანგულიც ნასწავლი ჰქონდა და ახალი მანერებიც ათვისებული. უფრო მეტიც, არისტოკრატთა ჩვეული წამხედურობის წყალობით, იმ დროისთვის პირწმინდად დაავიწყდებოდათ ძველი.

მაგრამ რაში დასჭირდა ავტორს ამგვარი გამოგონება? ესეც მარტივი კითხვაა: რომანი 1819 წელს დაიწერა, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ნაპოლეონ ბონაპარტი. გასაგებია, რომ მისი მძლეველის, ლორდ ველინგტონის (თუ უელინგტონის?) სამშობლო, დიდი ბრიტანეთი, პატრიოტული ტალღის მწვერვალზე იმყოფებოდა და არამდგრადი წონასწორობის შესანარჩუნებლად ყველაზე ადვილი საშუალება იყო ნორმანთა შთამომავალი ფრანგების მიმართ ანტიპათიის დანერგვა. ამ მხრივ ძალიან ნიშანდობლივია ეპიზოდი, როცა პრინც ჯონის მეჯლისზე მიწვეულ ანგლოსაქს სედრიკს დასცინიან: ამ გლეხუჭამ პირსახოცით შეიმშრალა ხელები იმის მაგიერ, რომ ჰაერში ნატიფად მიმოექნია და ისე გაეშრო. თუ პირსახოცის ხმარება უზრდელობა იყო, რატომღა აღმოჩნდა ეს ნივთი ნორმანთა სუფრაზე? ალბათ ფრანგების ვერაგმა წინაპრებმა განგებ შეუგდეს გულწრფელ და მიამიტ ინგლისელებს.

სხვათა შორის, სახელი „სედრიკი” ვალტერ სკოტმა მოიგონა. საქსურად „სერდიკი” უნდა იყოს. ამიტომაც თქვა ვიღაცამ, რომ აივენგოს მამას სახელი კი არა, ორთოგრაფიული შეცდომა ჰქვიაო. მოდი და ნუ გაგახსენდება, რომ 1932 წლამდე არ არსებობდა სახელი „შორენა” - როგორც ეტყობა, კონსტანტინე გამსახურდიამ ის „ბორენას” კვალდაკვალ შექმნა.

მაგრამ ეს კი არ არის ჩვენი მსჯელობის საგანი, არამედ ევროპული კრიტიკა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფხიზელი კრიტიკა. რატომ აქამდე ვერ შენიშნა ვერავინ, რომ ჩვენს მშობლიურ ლიტერატურაში აღწერილი ისტორიული რეალობა ასეთივე წმინდა წყლის მითოლოგიაა, ოღონდ უფრო უხეში და სწორხაზოვანი?

არა, ნამდვილად უცნაურია, რომ მეგაფონიანი მიტინგების მრავალწლიანი ტრადიციის შემდეგ ვიღაცას კიდევ სჯერა, რომ დავით აღმაშენებელმა სიტყვით მიმართა დიდგორის ველზე შეკრებილ მრავალათასიან ჯარს. ვთქვათ, ადამიანები დუმილს შეინარჩუნებდნენ, მაგრამ ცხენებს რა ვუყოთ? როგორ დავუშალოთ ფრუტუნი და თავის ქნევა? ან ქარს როგორ დავუშალოთ? - მაგ ონავარს ისე უყვარს ბალახის შრიალი და ჯაჭვის პერანგების წკარუნი.

ანდა ის როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ მეცამეტე საუკუნის დასაწყისში, იმ ეპოქის შესაფერი ტექნიკური საშუალებებით, ერთი დღის განმავლობაში, ერთი ხიდის მიმდებარე მცირე ტერიტორიაზე შესაძლებელია ასი ათასი ადამიანის დახოცვა? ეს ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში არ სჯეროდა ანტონ კათალიკოსს, ისიც აკრიტიკებდა ძველ ტექსტებს, მაგრამ მისი კრიტიკა საკმაოდ თავისებური იყო: ამბობდა, თბილისში ამდენი ვერ იცხოვრებდა, ამიტომ ახლომახლო სოფლებიდან მოაწყდებოდნენ მეტეხის ხიდს მოწამის შარავანდედის მსურველებიო.

კიდევ უფრო აშკარა მითოლოგიური სურათი იშლება ჩვენ თვალწინ XIX საუკუნის ლიტერატურაში. მაგრამ აქ სხვა, უფრო სახიფათო ტენდენცია იჩენს თავს. მართლაც, სულაც არ არის უცნაური ან მიუღებელი, თუ ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონის” გმირები მითოლოგიურ კონსტრუქციებს წარმოადგენენ და ავტორის თანამედროვე კატეგორიებით აზროვნებენ. სავალალო ის არის, თუ როგორ ისწავლებოდა ათწლეულების განმავლობაში ამგვარი ტექსტები სკოლებში. დღემდე ბევრს ჰგონია, თითქოს 500 წლის წინათ უკაცრიელ სოფელში დარჩენილ ხნიერ დედაკაცს შეიძლება შეგნებული ჰქონოდა საკუთარი მდგომარეობა და „საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაცია”.

კრიტიკა იმის გაგებას ნიშნავს, როგორ იქმნება მხატვრული ნაწარმოები. ამის მაგიერ გვყავს მასწავლებლები, რომლებიც გაკვეთილზე თვალებს წკურავენ და აცხადებენ, რომ სიამოვნებით იცხოვრებდნენ თამარის დროს. მაგრამ ეს არ ნიშნავს „საქართველოს დიდებასთან ზიარებას” - პირველ ყოვლისა, ეს იმას ნიშნავს, რომ ფრთოსანი „ოლვეისის” ნაცვლად ნამჯის ან მატყლის გამოყენება მოუწევთ. ვისაც არ ეშინია, სცადოს.

კომენტარები