ევროინტეგრაცია ფოტოგრაფიაში

 ამ დღეებში ინტერნეტსივრცის არტსაიტებზე ძალიან მხიარული სტიკერი გამოჩნდა - ვარდისფერი მარტორქა მწვანე რქით, ცისფერ ფონზე. წელს მსოფლიოში ცნობილ არლის საერთაშორისო ფოტოფესტივალის სიმბოლო სწორედ ეს მარტივი, კრეატიული და აბსურდული გრაფიკაა, ხაზგასმულად არაფრით რომ არ უკავშირდება ფოტოგრაფიას და ჩარჩოებში რომ არ აქცევს დამთვალიერებელსა თუ მონაწილეებს.
ერთი სიტყვით, ეს არის სტიკერი, რომელიც თავიდანვე გეუბნება - ზაფხულის ამ ცხელ დღეებში უნდა დატკბე სამხრეთ საფრანგეთის ამ პატარა, მაგრამ მსოფლიოში ცნობილი ადგილით და თვალი შეავლო მსოფლიო ფოტოგრაფიის უახლეს შედევრებს.
ფესტივალის რუკაზე, პირველ რიგში, ქართველ ფოტოგრაფთა დისლოკაციის ადგილს ვეძებთ. აი, ისინიც: მათი საგამოფენო სივრცე Place de la Major-ია და ტერიტორიულად საკმაოდ ახლოსაა არლის ცნობილ ცენტრთან - რომაული პერიოდის ამფითეატრთან.
თანამედროვე ქართული ფოტოგრაფია არლში ევროპის სახლის ინსტიტუციის ეგიდითაა წარდგენილი: - ბესო უზნაძის, ირინა აბჟანდაძის, მარიკა ამურველაშვილის, დათო მესხის ნამუშევრებია. ტაბულას კი ფოტოგრაფების - ნიკო ტარიელაშვილის, ალექსანდრე ბაგრატიონისა და ბესო დარჩიას ნამუშევრები წარმოადგენს.
ფესტივალის რუკაზე 60-მდე ექსპოზიციაა. ტაბულას გვერდით ნახავთ ისეთ ცნობილ გამოცემებსა თუ სააგენტოებს, როგორებიცაა Elle, World Press Photo, Styles, Arte TV, Geo Magazine, Reuters, Monde, Liberation… სხვათა შორის, ამ უკანასკნელის (Liberation) ფოტოგრაფი და სააგენტო Myor-ის დამფუძნებელი ლიონელ შარიე საქართველოს ევროპული სახლის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა.
- „ლიონელი პირველად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როგორც ფოტოგრაფი, ისე ჩამოვიდა საქართველოში. ერთ წელში კი, მან არლის ფოტოფესტივალზე წარადგინა „თბილისის ფოტოგრაფიის სახლის” ჟურნალ Photo-ს სპეციალური ნომერი, რომელიც მთლიანად აგვისტოს ომს ეძღვნებოდა. შარშანდელ არლის ფესტივალზევე დააჯილდოეს სააგენტო Magnum-ის მიერ აღიარებული საუკეთესო სამხრეთკავკასიელი ფოტოგრაფები - რენა ეფენდი (აზერბაიჯანი), დარო სულაკაური (საქართველო) და კარენ მირზოიანი (სომხეთი). შარშანდელ პარტნიორობას არლის ფესტივალთან კი წელს, მაისში, ამ ფესტივალის ყველაზე საინტერესო და პოპულარული პროგრამის - „არლის ღამეების” თბილისში ჩამოტანა მოჰყვა,” - ამბობს თბილისში „არლის ღამეების” კოორდინატორი ირმა ინარიძე და თან არლის წლევანდელი ფესტივალის უკანასკნელ ამბებს გვაწვდის - „ფესტივალის დირექტორი განსაკუთრებით დაინტერესებულია ირინა აბჟანდაძის ფოტოსერიით „ძალადობის მსხვერპლი”, რომელიც საქართველოში 1990-იანი წლების ბოლოს მომხდარ მოვლენებს ასახავს”.
არლში, ფესტივალის მიწვევით იყვნენ ფოტოგრაფიის სახლის წარმომადგენლები, ფოტოგრაფები ნესტან ნიჟარაძე და გურამ წიბახაშვილი. ფესტივალზე ქართველი ფოტოგრაფების გამოჩენა არც ფრანგულ პრესას დარჩა შეუმჩნეველი - Liberation სპეციალურ ვრცელ მასალას ამზადებს თანამედროვე ქართულ ფოტოგრაფიაზე და ყურადღებას ამახვილებს ბესო უზნაძის ფოტოსერიაზე Don’t wake me.
„ტაბულას ფოტოგრაფები აქ ქართული ფოტოგრაფიის ახალ თაობას წარმოადგენენ ახალი ხედვით, დინამიკითა თუ ახალი სიუჟეტებით. მთლიანობაში ქართული ექსპოზიცია შესანიშნავად ჩაჯდა არლში წარმოდგენილი მსოფლიო ფოტოგრაფიის ერთიან სივრცეში”, - საფრანგეთიდან გვეხმაურება ნესტან ნიჟარაძე.
არლის ფოტოფესტივალი ჯერ მხოლოდ ძალებს იკრებს. ის 10 კვირას გრძელდება და მრავალფეროვანია თავისი პროგრამებითა და ვორკშოპებით. ელიტურობით ის კანისა და ავინიონის ფესტივალებს უტოლდება, ოღონდ, კინოსა და თეატრის ნაცვლად, აქ ფოტოგრაფია ბატონობს არტკრიტიკოსების, ფოტოგრაფების, გალერისტების, კურატორებისა და უამრავი ტურისტის თანხლებით.

კომენტარები