ლიტერატურული არდადეგები

 ზაფხულში წიგნებს სცხელათ.
გამომცემლებს, ავტორებსაც.
ამიტომ ზაფხული აქაც „მკვდარი სეზონია”, თუ არდადეგებზე წასაკითხად წაღებულ რომანს არ ჩავთვლით, რომელიც უკან წაუკითხავი და შელახულ-გალახული ბრუნდება.
წელს კი ასეთი ამბები მოხდა:
გამოვიდა რამდენიმე საინტერესო რომანი, ერთი-ორი ლექსების კრებული და უფრო მეტი თარგმანი. ესე ყოველნი მერე კონკურს „საბაზე” დაფასდნენ ან არ დაფასდნენ, რასაც მოჰყვა კრიტიკული წერილები და ტრადიციული მითქმა-მოთქმა.
ზაზა ბურჭულაძის adibas-ს ჟურნალ „ლიტერატურის” მთელი ნომერი მიეძღვნა სამი სახელგანსმენილი კრიტიკოსის სტატიით, ზვიად რატიანის „ნეგატივი” ლამის ერთხმად შეფასდა წლის პოეტურ კრებულად, ზურაბ ლეჟავამ ახალი სული ჩაბერა ქართულ მოთხრობას, ნაირა გელაშვილმა უკან მიგვახედა, ლაშა ბუღაძემ სამწერლო ქვაბში ჩაგვახედა, დავით ქართველიშვილმა პროზისა და საკუთარი თავის შესახებ მოგვითხრო, ზურაბ ქარუმიძემ სიტყვებით დაგვიკრა ჯაზი.
კატულუსით დაწყებული და უელბეკით დამთავრებული, მართლაც საინტერესო და მნიშვნელოვანი წიგნები ითარგმნა.
სხვა რა – ერეკლე დეისაძის გახმაურებული „საიდუმლო სირობა” იყო, მმკ-ის აქციებითა და გაქცეული გულაშვილით. თუმცა, აქ, ალბათ, ტექსტის წაკითხვამდე საქმე არ მისულა, უმეტესისთვის სათაური იყო ჯერ თვალში და მერე თავშისაცემი.
წლეულს ერთი ამბავი გახლდათ შესამჩნევი – ჟურნალებს სიმბოლურ ფასად დართული კლასიკოსთა წიგნები. „გზის” ეს საინტერესო ინიციატივა ცოტა ხანში ლამის მთელმა ყვითელმა ლეგიონმა აიტაცა და ამ ბოლო დროს რამდენიმე ისეთი უცხოელი ავტორიც კი შევნიშნე, რომელთა საავტორო უფლებებზე გამომცემელთა მოლაპარაკების ამბავში ცოტა ეჭვი შემეპარა. ბერნის კონვენციის მადლმა ქნას – ვცდებოდე. ისე, ისეთი ტემპით მივდივართ, მალე ჩვენებურ გამოცემა „ოსკარს” ჯოისის „ფენიგანის ქელეხი” თუ არ მოჰყვეს, თავი მომჭერით.
მომძლავრდნენ ელექტრონული პორტალები (lib.ge./ literatura.ge. /burusi.wordpress.com/ litsakhelebi.ge/ arili2.blogspot.com/ და ა.შ.). ამ საიტებს ყოველდღე ერთობლივად 10000-ზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს. არის თუ არა ეს რევოლუცია, ხვალ-ზეგ მოგახსენებთ, მაგრამ ფაქტია და ხმამაღლა სათქმელი – ტრადიციულ მედიებში მიჩქმალულ შემოქმედს ამდენი მკითხველი აღარსად ჰყავს. ბუნებრივია, საავტორო უფლებების საკითხი აქაც ვერაა სასურველ ფორმაში, მაგრამ, სფეროს მეტი კომერციალიზაციის შემთხვევაში, ალბათ ეს საქმე დარეგულირდება. ყოველ შემთხვევაში, არგუმენტმა – მონიტორი თვალებს მატკივებს და მეტასტაზებს მიჩენს, უკანა პლანზე გადაინაცვლა. ამ კუთხით კიდევ ერთი საინტერესო ფენომენი მკვიდრდება. ეს სოციალური ქსელია, სადაც მკითხველთან უშუალო პოლემიკაში ავტორიც ჩაერთო.
მოკლედ, წლეულს ასეთი იყო ჩვენი, ლიტერატორების საქმე.
უფრო ვრცლად და ბარაქიანად, იმედი მაქვს, მომავალ წელს იქნება. მაშინ უფრო მეტს მოგიყვებით.

კომენტარები