უმცირესობათა რუკა

ულტრამემარჯვენეების ანტიისლამური დემონსტრაცია, ნიცა, საფრანგეთი
რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულმა კომისიამ საქართველოს შესახებ მორიგი მოხსენება გამოაქვეყნა. ხაზგასმულია ეროვნულ უმცირესობებში ქართული ენის არასაკმარისი ცოდნა, უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული შეხედულებების არსებობა და სკოლებში შუღლის გაღვივების ფაქტები. საქართველო ხშირად გაუკრიტიკებიათ აქამდეც, რომ ქართულის სწავლების პროგრამები არაეფექტურია, რომ მასწავლებლები არასათანადოდ არიან მომზადებულნი და უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ბევრ სკოლაში საერთოდ არ ჰყავთ ქართულის მცოდნე პედაგოგები. სხვადასხვა მოხსენებით ხშირად გაუკიცხავთ ქართული მედია რასისტული და დისკრიმინაციული გამონათქვამების გამო.
სკოლების პრობლემა ჩვენთვის ახალი არ არის. რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები სკოლებში დამცირების და ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლნი რომ ხდებიან, ომბუდსმენის მოხსენებებშიც არაერთხელ თქმულა. ფაქტია, პრობლემები არსებობს. თუმცა, ტრადიციული მიდგომა, რომ „უნდა ვისწავლოთ ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან”, ამ შემთხვევაში, ალბათ ხელს არ უნდა გვაძლევდეს.
ევროპაშიც ეროვნული უმცირესობების საკითხი ახალ სიმწვავეს იძენს. აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში განსხვავებული რელიგიისა თუ ეთნიკური წარმომავლობის პირთა მიმართ დამოკიდებულება კულტურული მიუღებლობიდან სიძულვილისა და შუღლის ფაზაში გადავიდა. წლობით იატაკქვეშეთში მოქმედი რადიკალური ორგანიზაციები დღეს სააშკარაოზე გამოვიდნენ და პოლიტიკური კაპიტალიც დააგროვეს, რამაც სხვადასხვა თემს შორის დაპირისპირების საფრთხე გაზარდა.
მინარეთების მშენებლობის აკრძალვა შვეიცარიაში; ბურკას ანუ თავსაბურავის ტარების აკრძალვა საფრანგეთში; წლების მანძილზე გაუსაძლისი პირობები ბოშებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში; ჩეხეთსა და სლოვაკეთში ბოშების სტერილიზაციის გავრცელებული პრაქტიკა; ეთნიკური უმცირესობების გეტოებში თავმოყრა - საკმარისი ჩამონათვალია, რათა აშკარა გახდეს პრობლემის მასშტაბი. გერმანიაში აქტიურად მოქმედებენ ნეონაცისტები და ე.წ. მემარჯვენე რადიკალური დაჯგუფებები. ისინი სპეკულირებენ ეკონომიკური კრიზისით და ცდილობენ გააღვივონ შუღლი გერმანელებსა და ახალ მოსახლეებს - თურქებს შორის. ნეონაცისტების თემას სპეციალური კვლევა მიუძღვნა Human Rights Watch-მა. საშიში ტენდენცია უკანასკნელი 30 წელია ძალას იკრებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში - იქაც კი, სადაც ეთნიკური უმცირესობის დაცვის საკანონმდებლო გარანტიები არსებობს: უნგრეთი, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი...
საბჭოთა კავშირის დაშლის და ბალკანეთის ომის შემდეგ ევროპის უმცირესობათა რუკაზე სრულიად ახალი სურათი დაიხატა. მანამდე რაოდენობრივად ყველაზე დიდ უმცირესობებად უნგრელები, გერმანელები, რუმინელები ითვლებოდნენ, 90-იანების შემდეგ მათ გაუსწრეს რუსებმა, უკრაინელებმა, სერბებმა, ხორვატებმა, ბოსნიელებმა და ბელარუსებმა. ამგვარ გადანაწილებას თავისი კულტურული და სოციალ-ეკონომიკური შედეგებიც ახლდა თან. ბალტიისპირეთში დაძაბულობა შეიქმნა რუსი უმცირესობისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე და დღემდე ეს საკითხი ღიადაა დატოვებული. ახალი უმცირესობების მიმართ შიშის ფონზე სახელმწიფოებმა გაამკაცრეს იმიგრაციის კონტროლი და ა.შ.
უმცირესობების შესახებ დებატს ევროპული თემი მოუმზადებელი შეხვდა. ამის მაგალითად ევროსაბჭოში გამართული ერთი დისკუსიის გახსენებაც კმარა. უმცირესობათა ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა საბჭოს ფორმატში მთელი დღე იმაზე კამათობდნენ, თუ როგორ მოეხსენიებინათ ემიგრანტები აფრიკის კონტინენტიდან - შავკანიანებად, ფერადკანიანებად, ხილულ უმცირესობად, აფრიკელებად და ა.შ. საბოლოოდ ყველა ტერმინი დისკრიმინაციულად მიიჩნიეს. დებატების მიწურულს პრობლემა, რის შესახებ სასაუბროდაც შეიკრიბნენ, გადაუწყვეტელი დარჩა. ეს ერთი მაგალითიც აშკარად წარმოაჩენს უუნარობას, შედგეს სრულფასოვანი საჯარო დებატი, რომელიც მონაწილე მხარეებს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას მისცემს და არ შეზღუდავს ხელოვნური ბარიერებით.
დებატების ხარისხი არც საქართველოშია მაღალი, თუმცა ღია სივრცის არსებობა ნამდვილად ხელს უწყობს ნებისმიერი სიმწვავის საკითხის ღია დებატის ფორმაში განხილვას. ერთ-ერთი ასეთი დებატი რადიკალური დაჯგუფების ლიკვიდაციით დასრულდა. სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ ღიაობას ვერ გაუძლო და სამ თვეში დაიშალა.
სამწუხაროა, რომ ევროპული ინსტიტუციები დებატების შენარჩუნებას, როგორც ღირებულებას, ხშირ შემთხვევაში არ აქცევენ ყურადღებას. შედეგად ხდება ყოველგვარი დებატის რადიკალიზაცია. ამგვარად, ყველაზე აგრესიული ორგანიზაციები იკეთებენ პოლიტიკურ კარიერას, რაც ისევ ეთნიკურ უმცირესობებზე აისახება სავალალოდ. ევროპული ორგანიზაციების რეკომენდაციების გაზიარებისას კარგი იქნება, თუ ღია დებატის მნიშვნელობასაც არ დავივიწყებთ; მით უმეტეს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მსურველები საქართველოში არ გვაკლია.

კომენტარები