ილიას უნივერსიტეტის ახალი ინიციატივა

0 კომენტარი

 იდენტობის, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემების, კავკასიისა და საქართველოს კვლევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მომავალი წლიდან დაიწყება. 9 ივლისს საგურამოში უნივერსიტეტმა 4 ახალი სადოქტორო პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო. პროექტის პარტნიორები არიან: ფრიზბურგის (შვეიცარია), ბაზელისა (შვეიცარია) და ლიმერიკის (ირლანდია) უნივერსიტეტები, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სახელმწიფო არქივი.
ილიას უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა პირველია საქართველოში, რომელიც კურსდამთავრებულებს ინტერ და მულტი დისციპლინურ სწავლებას სთავაზობს. დოქტორანტურაში, სადაც სწავლა უფასო იქნება, მსურველები ინგლისურ ენაში ტესტირებისა და გასაუბრების გზით ჩაირიცხებიან. სწავლების სამი წლის მანძილზე ახალგაზრდა დოქტორანტებს პროფესორების ასისტირება, ლექციებისა და სემინარების ჩატარება დაევალებათ.

საქართველოს კვლევები
საქართველოს კვლევების სადოქტორო პროგრამის მიზანი საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო დისკურსში ჩართვაა. საქართველოზე დაწერილი სამეცნიერო ლიტერატურიდან უმრავლესობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უცხოელების მიერ იწერება - „გამოდის, რომ საქართველო ლაბორატორიის როლს ასრულებს, რაც ცუდი არ არის. მაგრამ ჩვენ ბუნებრივი უპირატესობა გვაქვს, რათა საქართველოზე კვლევები თავად ვაწარმოოთ,” - განაცხადა სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ფაკულტეტის დეკანმა დავით აფრასიძემ.
საქართველოს კვლევებში იგეგმება საქართველოს კულტურისა და უახლესი ისტორიის შესწავლა. ამ პროგრამაში ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას პოლიტოლოგები, ისტორიკოსები, სოციოლოგები, ფილოლოგები, დემოგრაფები და ეთნოგრაფები.

საბჭოთა კვლევები
საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემების კვლევის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ როგორც საბჭოთა კავშირის ისტორია, ისე პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელი პრობლემები. მკვლევართა ახალი თაობა საერთაშორისო კვლევებშიც ჩაერთვება.
- „თანამედროვე სამყარო ორი ტოტალიტარული რეჟიმის, ფაშიზმისა და კომუნიზმის ბრძოლაში გამოიჭედა. ანუ როდესაც ვიკვლევთ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემებს, ჩვენ არა წარსულს, არამედ დღევანდელობას ვიკვლევთ,” - ამბობს საბჭოთა კვლევების სამაგისტრო სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი სერგო რატიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი თანამშრომლობს ილიას უნივერსიტეტთან. შესაბამისად, დოქტორანტებს საშუალება ექნებათ, ბევრისთვის ხელმიუწვდომელ დოკუმენტებზე იმუშაონ.

კავკასიისა და შავი ზღვის კვლევები
მსოფლიოში ბევრი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია, რომელიც კავკასიის რეგიონითაა დაინტერესებული. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რეგიონის მკვლევართა ახალი ჯგუფი გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, ილიას უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, შეექმნა სადოქტორო პროგრამა, სადაც მსურველები კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს გამოიკვლევდნენ.
- „კავკასიას, როგორც რეგიონს, არც ისე დიდი ხანია, რაც განიხილავენ. ამიტომ ამ პროგრამაში ჩართული მკვლევარების ნაშრომები ინოვაციური იქნება. ჩვენი რეგიონის კვლევა სისტემურად არც ერთ კვლევით ორგანოს არ უცდია საქართველოში. მუშაობა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე მიმდინარეობდა. ამიტომ ახალი პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია,” - აღნიშნა ტაბულასთან საუბარში კავკასიის კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა გია ნოდიამ.

იდენტობის კვლევები
იდენტობის კვლევები მსოფლიოს ბევრ უნივერსიტეტში ძალიან პოპულარულია. მეცნიერები იკვლევენ მრავალი ტიპის იდენტობას, ფსიქოლოგიურით დაწყებული, ნაციონალურით დამთავრებული.
„თუ უნივერსიტეტს უნდა, მსოფლიოში ცნობილ კვლევით ცენტრებს დაემსგავსოს, პრაქტიკულად აუცილებელია იდენტობის კვლევა, რადგან ეს ერთ-ერთი წამყვანი დარგია ინტერდისციპლინარულ მეცნიერებებში. დღეს საქართველოში იდენტობის საკითხმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ყველაზე პრობლემური კი ნაციონალური იდენტობაა. სწორედ ამ თემაზე იმუშავებენ ჩვენი დოქტორანტები,” - ამბობს მოდერნის გენეალოგიის ინსტიტუტის დირექტორი გიგა ზედანია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები