გაზის ცივი ომი

 უდავოა, ევროპის გაზით მოსამარაგებელი გზების დივერსიფიკაციას, რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ნაბუკოს პროექტი ევროკავშირის საგარეო და ენერგოუსაფრთხოების სტრატეგიების განუყოფელი ნაწილია. ევროპის ბაზრების მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით, იგი მიზნად ისახავს კასპიისა და შუა აზიის ქვეყნების ბუნებრივი აირის რესურსებზე პირდაპირი წვდომის უზრუნველყოფას. 2006 წლიდან ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს ნაბუკოს პროექტის განვითარებას, რათა შეძლოს აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის და, შესაძლოა, ირანის, ერაყისა და ეგვიპტის ბუნებრივი აირის დაუბრკოლებელი იმპორტი. 2007 წელს ევროკავშირის ენერგეტიკის კომისიის თავმჯდომარემ, ანდრის პილბეგმა განაცხადა: „ნაბუკოს პროექტი არის [ევროკავშირის] პირველი მცდელობა, გაატაროს საერთო ენერგეტიკული პოლიტიკა, რომლის მიზანია უზრუნველყოს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება. ნაბუკოს იდეაა, ევროპას მიაწოდოს გაზი ახალი მომწოდებლებისაგან”.
ნაბუკოს პროექტის მხარდაჭერით, ევროკავშირის მისწრაფება ენერგოუსაფრთხოებისკენ თვალსაჩინოა. ნაბუკოსა და გაზპრომის სამხრეთის ნაკადს შორის ევროპა პირველს ანიჭებს უპირატესობას, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთის ნაკადი უფრო პერსპექტიული პროექტია, ვიდრე ნაბუკო. განსხვავებით ნაბუკოსგან, სამხრეთის ნაკადს აქვს მშენებლობისათვის აუცილებელი ფულადი რესურსები და, რაც მთავარია, არსებობს ბუნებრივი აირის გარანტირებული მოცულობა, რომლითაც დაიტვირთება გაზპრომის ახალი მაგისტრალი მშენებლობის დასრულების შემდეგ.

ბიზნესკეისი - კონკურენცია ნაბუკოსა
და სამხრეთის ნაკადს შორის
პროექტების სავარაუდო ღირებულება:
•ნაბუკო - 11-12 მილიარდი აშშ დოლარი
•სამხრეთის ნაკადი - 25-30 მილიარდი აშშ დოლარი
კონკურენტებმა უნდა მიიღონ წინასწარი გადაწყვეტილება დიდი მოცულობის ინვესტიციის განხორციელებაზე.
არსებობს კონკურენციის ორი განსხვავებული მიმართულება: კონკურენცია „აპსტრიმზე” - ურთიერთობა ბუნებრივი აირის მომწოდებლებთან და კონკურენცია „დაუნსტრიმზე” - ურთიერთობა მყიდველებთან და ტრანზიტის ქვეყნებთან. გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელია უპირატესობა ერთდროულად „აპსტრიმზე” და „დაუნსტრიმზე”. სრული და უპირობო ტრიუმფისთვის ნაბუკომ ან სამხრეთის ნაკადმა უნდა მოიპოვოს მყარი გარანტიები ბუნებრივი აირის მომწოდებლებისაგან და, ამავე დროს, უზრუნველყოს გრძელვადიანი შეთანხმება მყიდველებთან.
„აპსტრიმზე” სამხრეთის ნაკადის პოზიციები მყარია. გაზპრომმა დადო 15-წლიანი შეთანხმება თურქმენეთთან. კონტრაქტის პირობების მიხედვით, გაზპრომი თანხმდება შეიძინოს თურქმენეთის ბუნებრივი აირი ევროპულ ბაზრებზე დაფიქსირებულ ფასად, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს თურქმენეთსა და ნაბუკოს კონსორციუმს შორის გაზის მოცულობებთან დაკავშირებული შეთანხმების ალბათობას.
გათვლებით, შემდეგი 15 წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის აზერბაიჯანული რესურსის მოცულობა არ იქნება საკმარისი ნაბუკოს მილსადენის ოპერირებისთვის. აზერბაიჯანის შესაძლო წლიური მიწოდება შემოიფარგლება 5 მილიარდი კუბური მეტრით, რაც აუცილებელი წლიური ოდენობის - 20 მილიარდი კუბური მეტრის - მხოლოდ 25%-ს შეადგენს. ნაბუკო უნდა ეცადოს თურქმენეთში ბუნებრივი აირის მოპოვების ზრდას და ახალი საბადოების განვითარებას. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ თურქმენული რესურსის წვდომისათვის აუცილებელია დამატებითი ინვესტიციები და დამატებითი ტრანსკასპიური მილსადენი. პროგრესი შესამჩნევია - 2010 წლის ივნისში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს ბუნებრივი აირის ტრანზიტის ხელშეკრულებას. მოსალოდნელია, რომ ნაბუკოს შემდეგი პარტნიორი მოიძებნება თურქეთის აღმოსავლეთით - ერაყში. აზერბაიჯანული და ერაყული რესურსები საკმარისი იქნება ნაბუკოს პირველი ფაზის ამუშავებისთვის, იმ დაშვებით, რომ პირველი ფაზის მშენებლობა დაიწყება 2011 და დასრულდება 2015 წელს.
თურქმენული და ახალი აზერბაიჯანული რესურსი აუცილებელია ნაბუკოს პროექტის მეორე ფაზის წარმატებისთვისაც. ამ შემთხვევაში, ნაბუკოს გეგმები ეყრდნობა შაჰ დენიზის საბადოების განვითარებასა და თურქმენეთში ბუნებრივი აირის მოპოვების ზრდის პოტენციალს. შარშან თურქმენეთი დათანხმდა, არსებული მოპოვებიდან წლიური 10 მილიარდი კუბური მეტრი ნაბუკოს გამოუყოს, იმ პირობით, რომ აშენდება მაგისტრალი, რომელიც ამ მოცულობის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ თურქმენეთი ამჟამად აშენებს წლიური 30 მილიარდი კუბური მეტრის სიმძლავრის მილსადენს, რომელიც დააკავშირებს ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე გაზის რესურსებს და ნაბუკოს მილსადენის 2015 წლამდე ასაშენებელ ტრანსკასპიურ განშტოებას.
„დაუნსტრიმის” საქმეები კარგადაა. ნაბუკო ევროკავშირის პროექტია და, შესაბამისად, სარგებლობს მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერით. ნაბუკოს კონსორციუმის განცხადებით, „საერთაშორისო შეთანხმებით, რომელიც უკვე რატიფიცირებულია ყველა მონაწილე ტრანზიტული ქვეყნის მიერ, ნაბუკო არის [ამ რეგიონში] ერთადერთი პროექტი, რომელსაც აქვს მყარი იურიდიული საფუძველი”.
რუსული მხარე ცდილობს, „დაუნსტრიმთან” დაკავშირებული პრობლემები მოაგვაროს. საკუთარი პროექტის სტრატეგიული პოზიციის გასამყარებლად, გაზპრომის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრ მედვედევმა, ნაბუკოს კონსორციუმის ერთ-ერთ წამყვან წევრს, გერმანულ „რვი”-ს, სამხრეთის ნაკადის პროექტში მონაწილეობა შესთავაზა. „ინფორმაციული ომის ახალი ეტაპი, ნაბუკოს პროექტის შესასუსტებლად” - ასე დაახასიათა მედვედევის სვლა გერმანულმა ბიზნესპრესამ.
12 ივლისს გამოქვეყნებულ პრესრელიზში კომპანია „რვი” იუწყება, რომ „განიხილავს ამ წინადადებას, როგორც ყველა სხვას... ამავე დროს [„რვი”] აცხადებს, რომ ნაბუკოს პროექტი პრიორიტეტულია და საუკეთესოდ შეესაბამება კომპანიის მოთხოვნებს საინვესტიციო პროექტების მიმართ... ნაბუკო არის ერთადერთი კომერციულად საღი ინიციატივა, რომელიც მიმართულია გაზის მიწოდების დივერსიფიკაციისკენ და, ამავე დროს, უზრუნველყოფს ევროპული ბუნებრივი აირის ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობას”.
გერმანული პოლიტიკური და ბიზნეს წრეების მიერ გაზპრომის წინადადება შეფასდა, როგორც კონსორციუმის წევრებს შორის განხეთქილების დათესვის მცდელობა. გერმანიის მთავრობამ არ დააყოვნა უარყოფითი რეაქცია მოსკოვის წინადადებაზე. ანგელა მერკელის წარმომადგენლების განცხადებით, კანცლერი მკაფიოდ გამოხატავს ქვეყნის „პოლიტიკურ მხარდაჭერას ნაბუკოს პროექტის მიმართ” 14-15 ივლისისთვის დაგეგმილ რუსეთ-გერმანიის სამიტზე. აგრეთვე, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რაინერ ბრუდერლემ, რომელიც ხშირად ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ჩარევას კერძო ბიზნესში, მხარი დაუჭირა ნაბუკოს პროექტს.
გაზპრომის წინადადებამ უკუქმედება, ჩაფიქრებულისაგან განსხვავებული შედეგი მიიღო. იმის მაგივრად, რომ შეესუსტებინა ნაბუკოს კონსორციუმი, პირიქით, ევროპული პროექტის ისტორიაში ყველაზე მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერა გამოიწვია. საინტერესოა, რამდენად ძლიერი იქნება გერმანიისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების პოლიტიკური ნებისყოფა რამდენიმე თვეში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელზეც ნაბუკოს დაფინანსების საკითხს განიხილავენ.

კომენტარები