უპროგრესო ლეინი, იაფი დიქსონი

0 კომენტარი
ფოტო: გია ნიჟარაძე

 სათამაშო სახეობებში საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ მორაგბეებმა წარადგინეს და, 2007-ში ნორმალური დებიუტის მერე, მომავალ წელს მეორედ ითამაშებენ ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე. უბრალოდ, ნაკრები ახალ ზელანდიაში ახალი მწვრთნელით ჩავა. საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, ავსტრალიელი ტიმ ლეინი შოტლანდიელმა რიჩი დიქსონმა შეცვალა.
ლეინი სერიოზული სპეციალისტია. რაგბი იცის და რაგბის სამყაროში იციან. საქართველოს ნაკრებშიც საინტერესო სიახლეები შეიტანა, მაგრამ ქართული მხარე მაინც უკმაყოფილო დარჩა. ტაბულა ლეინს ავსტრალიაში დაუკავშირდა.
ტიმ ლეინი: „ელექტრონული ფოსტით მივიღე შეტყობინება, რომ ნაკრების მწვრთნელი აღარ ვარ. თანამდებობიდან ჩემი გაშვების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ვერ შევძელი საქართველოში რაგბის განვითარების პროგრამის ამუშავება... ნაკრების საბოლოო შედეგი იყო კარგი, მაგრამ არ იყო ის პროგრესი, რომელსაც თურმე ჩემგან და ჩემი ასისტენტებისგან ითხოვდნენ.
მოთამაშეებთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა. არ არის აუცილებელი, მწვრთნელი და მოთამაშეები მოედნის მიღმა დროს ერთად ატარებდნენ, მეგობრობდნენ. საქართველოს ნაკრების წევრებს პატივს ვცემდი და ბიჭებისგანაც იგივეს ვგრძნობდი.
გული მეტკინა, რომ არ მომცეს ნაკრების მსოფლიო თასზე გაყვანის შანსი. მაქსიმალურად ვცდილობდი, ნაკრების თამაშის სტილი უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო, მხოლოდ შერკინებაში უპირატესობით არ ვყოფილიყავით ფავორიტები...
ალბათ, ძნელი არ იყო, საქართველოს რაგბის კავშირიდან ვინმეს რომ დაერეკა და ყველაფერზე გვესაუბრა. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება ერთ-ორ დღეში არ მიუღიათ და საქართველოში ჩემი ყოფნის დროსაც შეგვეძლო პრობლემებზე დალაპარაკება. ყველაფრის თუ არა, პრობლემების დიდი ნაწილის მოგვარება, ალბათ, შეიძლებოდა...
ფინანსურად რაღაც ნიუანსებია გასარკვევი. იმედი მაქვს, ყველაფერი მოგვარდება...
როგორ ითამაშებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე? იმაზე უკეთ, ვიდრე წინა ტურნირზე. ნაკრების თამაში უფრო მრავალფეროვანი გახდა და ბიჭების წარმატება მესიამოვნება. შოტლანდიელზე ვერაფერს ვერ გეტყვით. რაკი დანიშნეს, ალბათ, ენდობიან.”
სამწვრთნელო ცვლილებაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემაც ისაუბრა.
გია ნიჟარაძე: „პირველ რიგში, ტიმ ლეინს ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი. კარგი პიროვნებაა და მჯერა, რომ თავისი პროფილით წარმატებული იქნება.
ტიმის გაშვების გადაწყვეტილების მიღება ძალიან ძნელი იყო. ამაზე ფიქრი ერთი წლის წინ დავიწყეთ, მაგრამ ლეინს ბევრი ნიუანსის გამოსასწორებლად დრო მაინც მივეცით. სამწუხაროდ, მან პრობლემები ვერ მოაგვარა.
ტიმს, ეროვნული ნაკრების გაწვრთნის გარდა, ასაკობრივი ნაკრებებისთვისაც უნდა მიეხედა და საქართველოში რაგბის განვითარების პროექტიც უნდა აემუშავებინა. ეს მასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში იყო შეტანილი. ლეინი ბევრ რამეს უფრო მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებდა. რეგიონებშიც ჩადიოდა, ასაკობრივ ნაკრებებსაც დაჰყვებოდა, მაგრამ თითქმის არ ერთვებოდა სავარჯიშო პროცესში და თუ ერთვებოდა, ყველაფერს ქართველი მწვრთნელებისგან დამოუკიდებლად აკეთებდა.
ძალიან სუსტი ასისტენტები ჰყავდა. არადა, სამწვრთნელო შტაბის შენახვა ქვეყანას ყოველთვიურად 24 000 ევრო უჯდებოდა. პირადად ლეინი 14 000-ს იღებდა. შედარებისთვის - რიჩი დიქსონისა და მისი ხუთი ასისტენტის შენახვა უფრო ნაკლებ თანხასთან იქნება დაკავშირებული. დიქსონი თვეში 8 000 ევროს მიიღებს.
ეროვნულმა ნაკრებმა ლეინის მწვრთნელობის დროს აჩვენა კარგი შედეგი, მაგრამ თამაშში არ იყო პროგრესი, რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. ნაკრებს წინა მსოფლიო თასზე ნაჩვენები შედეგიც უნდა გაეუმჯობესებინა. ეს ლეინმაც მშვენივრად იცოდა...
ლეინი მიიღებს სამი თვის ფინანსურ კომპენსაციას და იმ პრემიალურებს, რაც სახელმწიფომ დააწესა. ფინანსურად ყველა დეტალი მოგვარებულია.”

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები