ქართული მაფია ევროპაში

 ვარდების რევოლუციის შემდეგ კრიმინალთა დიდი ნაწილი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას გაექცა და სხვადასხვა ქვეყანაში გადაიხვეწა. ამის შედეგად, უკანასკნელ წლებში ქართული დამნაშავეობა მზარდ პრობლემად მოევლინა ბევრ ევროპულ ქვეყანას, რომელთაგან ავსტრიას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ქართული კრიმინალის პირველი მერცხლები ალპურ რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად გამოჩდნენ, მაგრამ ბოლო წლებში მათი რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა და საერთაშორისო პრესის ყურადღებაც მიიპყრო. ტაბულამ კომენტარი სთხოვა დოქტორ ერნსტ გაიგერს, ავსტრიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის ხელმძღვანელს.

- ბატონო გაიგერ, რამდენიმე კითხვა გვინდა დაგისვათ ვენაში ორგანიზებული დანაშაულის შესახებ. უფრო კონკრეტულად, ქართველების როლზე ამ დანაშაულში. თუ შეიძლება, მოკლედ აგვიწერეთ ზოგადი ვითარება.

ყველაფერი 2001 წელს დაიწყო. მანამდე ქართველები პრობლემას არ გვიქმნიდნენ. პრობლემები ქურდობითა და ყაჩაღობებით დაიწყო. იმ წელს ქართველებმა 300-ზე მეტი დანაშაული ჩაიდინეს. 2002-ში ამ ციფრმა 1.000-ს გადააჭარბა, 2003-ში დანაშაულებათა რაოდენობამ 1.900 შეადგინა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 3.800 კი 2004-ში იყო. თავიდან ამის მიზეზი არ ვიცოდით.
უნდა გაგვერკვია, დანაშაულს აქ ჩამოსული ცალკეული პირები სჩადიოდნენ თუ ორგანიზებული ჯგუფები. დანაშაულებათა დიდი რაოდენობის გამო ეჭვი ორგანიზებულ ჯგუფებზე გვქონდა. ასეთი შემთხვევები მომდევნო წლებშიც ბევრი იყო - 3.100-ზე მეტი 2005 წელს. პირველი მასშტაბური გამოძიება ქართულ ორგანიზებულ დანაშაულზე 2004 წელს ჩავატარეთ, რის შემდეგაც ის ოდნავ შემცირდა.
გამოძიება 2005-2006 წლებში მიმდინარეობდა. 2006 წელს 2.000-მდე შემთხვევა აღვრიცხეთ, 2007-ში კი 1.800. მას შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა. ჩავატარეთ ერთი მასშტაბური ოპერაცია, მერე მეორე, მაგრამ პირველი ოპერაციის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ეს ქსელი ისევ არსებობდა.
ამის მერე დავიწყეთ ოპერაცია „კრაზანა”. ვიცოდით, რომ ამ ქსელის პოვნისა და განადგურებისთვის გამოძიების ჩატარება საჭირო იყო არა მარტო ავსტრიაში, არამედ ევროპის ქვეყნებში - ესპანეთში, გერმანიაში, საბერძნეთში.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი იყო საქართველოსთან და მის პოლიციასთან თანამშრომლობა, ვინაიდან ორგანიზებული დანაშაულის დამარცხება მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობით შეიძლებოდა. ავსტრიაში ჩამოვიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ქართული პოლიციის ხელმძღვანელობა.
ამრიგად, დავიწყეთ თანამშრომლობა და მხოლოდ ერთი რეიდის დროს 26 ადამიანი დავაკავეთ, სულ კი 48 დამნაშავე ჩავსვით ციხეში. საწყობების ჩხრეკისას უამრავი მოპარული ნივთი ამოვიღეთ და გავიგეთ, როგორ ხდებოდა ამის ორგანიზება. ამ ოპერაციის შედეგად, 85 ადამიანი დავაკავეთ ევროპის მასშტაბით. 150 ჩხრეკის ორდერი გაიცა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში.

- რას გვეტყვით ანგარიშის იმ ნაწილზე, სადაც საუბარია ორგანიზებული დანაშაულის კავშირებზე ქართულ პოლიტიკურ ოპოზიციასთან. როგორ აფინანსებდნენ ისინი 2009 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებს?

ამ თემაზე არ ვისაუბრებ. ეს პოლიტიკური საკითხია.

- შეიძლება ქართული ორგანიზებული დანაშაული შევადაროთ რუსულ ან იტალიურ მაფიას?

ქართულ კრიმინალურ ორგანიზაციას ძალიან სპეციფიკური ფორმა აქვს. მას ვერ შეადარებ იტალიურ მაფიას, რომელიც ძალიან სპეციფიკური - იტალიისთვის ყველაზე შესაფერისი სქემით მოქმედებს და ღრმად არის ჩართული სახელმწიფო საქმეებში, პოლიტიკაში. ისინი, ჩვეულებრივ, არ იპარავენ. ამის ნაცვლად, მათი ბიზნესია უშუალოდ სახელმწიფო კორუფციის მეშვეობით ფულის შოვნა. თუ პრობლემები წარმოიშვა, ბევრ ადამიანს კლავენ, პოლიციელებსა და მოსამართლეებსაც კი.
რუსული მაფიაც ძალიან კორუფციულ სისტემაში მოქმედებს. მათ ხელში ჩაიგდეს ყველაფერი ძველი საბჭოთა სისტემიდან და თავიანთ საკუთარ ეკონომიკად აქციეს. საქართველოს წესები არ ვიცი, მაგრამ, ვფიქრობთ, ის ძალიან განსხვავებულია. ქართული ორგანიზაციის წევრები ევროპაში იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ ექურდათ და ფული გაეგზავნათ თავიანთი ნათესავების დასახმარებლად საქართველოში. ამრიგად, ის ძალიან განსხვავებულია. რუსულ და იტალიურ დანაშაულს ქაოსური, კორუფციული სისტემები ასაზრდოებს.

- ქართული კრიმინალური ქსელი, სხვა კრიმინალურ ორგანიზაციებთან შედარებით, დიდია?

დიახ. თუმცა, სერიოზული პრობლემა იყო ის, რომ ხალხს ყველაზე მეტად ყაჩაღობა აღელვებდა, ვინაიდან ბევრი ადამიანი გახდა მისი მსხვერპლი. სახლში ყაჩაღების შევარდნა არავის მოსწონს. სხვა კრიმინალური ჯგუფები - უფრო დიდი ორგანიზაციები - ნარკოტიკებით ვაჭრობაში ან ეკონომიკურ დანაშაულში იყვნენ ჩართულნი, მაგრამ ეს ხალხს არც კი აღელვებდა, რადგან უშუალოდ მათ არ ეხებოდა. ქართული ორგანიზებული დანაშაული კი ევროპაში ძალიან აწუხებდათ. ამ ტიპის დანაშაული რიგით ადამიანს ეხებოდა და მისი მსხვერპლი ის ხდებოდა.

- თანამშრომლობს თუ არა ქართული კრიმინალური დაჯგუფება აღმოსავლეთ ევროპისა თუ სხვა კრიმინალურ ჯგუფებთან?

სხვა კრიმინალური ჯგუფების უმეტესობა ჩართულია სხვა ტიპის დანაშაულებებში - ზოგი ეკონომიკურ დანაშაულებებში, ზოგი - ნარკოტიკებში, სხვები - ადამიანთა გატაცებებში... მაგრამ ყაჩაღობა და ქურდობა, ძირითადად, ქართველ და იუგოსლავიელ კრიმინალთა სფეროა. თუმცა, ისინი არ თანამშრომლობენ.
ეს ქურდების ძალზე კარგად ორგანიზებული ჯგუფია, რომლებსაც ლიდერები მართავენ, ეუბნებიან, სად უნდა წავიდნენ, რა უნდა მოიპარონ და როგორ გააკეთონ ეს. მოპარული ნივთების განკარგვაც კარგად არის ორგანიზებული.
- უცხოეთში ყიდიან თუ ავსტრიაშივე?

ნაწილს აქ და ნაწილს - სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით, ისეთ ქვეყნებში, სადაც მათი იდენტიფიცირება არ არის ადვილი.

- იმ ანგარიშში ეწერა, რომ ქართული ორგანიზებული კრიმინალური ქსელის საქმიანობის დაფინანსების ერთ-ერთი საშუალება ფულის გათეთრებაა. ნათქვამია, რომ ფულს დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში ათეთრებენ. მაგრამ თუ ხდება ეს ავსტრიაში?

უმნიშვნელოდ აქაც ხდება, მაგრამ, ძირითადად, მეზობელ ქვეყნებში, რადგან ფული, რომელსაც კრიმინალური საქმიანობით - მაგალითად, ქურდობით - შოულობენ, სადმე სხვაგან უნდა გაიგზავნოს. ფულის გათეთრება სხვა კრიმინალური საქმიანობებიდან გამომდინარეობს.

- ანგარიშში მოხსენიებულია პიროვნებები, მაგალითად, იგორ გიორგაძე, რომელსაც, როგორც ამბობენ, მსგავსი კონტაქტები აქვს რუსეთში. შეგიძლიათ, გააკეთოთ ამაზე კომენტარი?

ამაზე კომენტარის გაკეთება ახლა არ მინდა... მაგრამ ლიდერები, ხშირ შემთხვევაში, განათლებული ადამიანები არიან და მათ ისეთი პოზიციები ეკავათ, რომ კონტაქტები ექნებოდათ. ისინი განათლებულები იყვნენ და ურთიერთობდნენ ბევრთან.

- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, ქართული ორგანიზებული დანაშაული ამპლუას იცვლიდეს და კორუფციის ან ეკონომიკური დანაშაულისკენ ინაცვლებდეს? მაგალითად, ის რომ ქართულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას ცდილობენ - საპროტესტო აქციების დაფინანსებით, ხომ არ მიუთითებს, რომ ამ მიმართულებით მიდიან, რათა საქართველოს სახელმწიფო ადვილად მანიპულირებადი გახადონ?

ეს დამოკიდებულია სიტუაციაზე საქართველოში. მე არ ვიცი, რას აკეთებენ ისინი საქართველოში. მაგრამ, შესაძლოა, ტაქტიკა შეცვალონ და სხვა ისეთ სფეროებში გადაინაცვლონ, რომელიც ასე არ მოქმედებს საზოგადოებრივ აზრზე და საშუალებას მისცემს, ფული იშოვონ. ორგანიზებული დანაშაულის მთავარი მიზანია ბევრი ფულის შოვნა და, თუ ფული გაქვს, პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა.
ზოგადად, კმაყოფილები ვართ, რომ დღეს ეს საფრთხე თითქმის აღმოფხვრილია. ვიმედოვნებთ, რომ, საქართველოსთან თანამშრომლობით, შევძლებთ მომავალში ნებისმიერი საფრთხის შეჩერებას მანამ, სანამ ის გაიზრდება.
 

 

კომენტარები