ფრაზიანი ფრთები

 „ეს ფენომენი არ არის შემთხვევითი. მისი მხოლოდ ფიზიოლოგიური ახსნა არ არის საკმარისი. ის რაღაცას ნიშნავს, რადგან მომდინარეობს შეკავებული ან აღკვეთილი ზრახვებისგან,” - წერდა ზიგმუნდ ფროიდი პარაპრაქსის ანუ „წამოცდენის” შესახებ. ის, რაც ბევრ ჩვენთაგანს მექანიკური შეცდომა ჰგონია, ფროიდი ფსიქოანალიტიკოსის ინფორმაციის წყაროდ მიიჩნევდა, რასაკვირველია, სიზმართან ერთად.
პარაპრაქსისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე შედეგი მას პოლიტიკოსებისთვის მოაქვს. “წამოცდენების” მიხედვით პიროვნების ფსიქოპორტრეტის დახატვა, ფროიდის მიმდევრებს მივანდოთ, ჩვენ კი მხოლოდ გავიხსენოთ ის ლაფსუსები, რომლებმაც თავიანთ ავტორებს თავის ტკივილი, ხოლო საზოგადოებას სალაპარაკო მისცა.
„მარგალიტების” რეკორდი ამერიკის ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსს ეკუთვნის. 2000 წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ვისკონსინის შტატში განაცხადა, რომ ამერიკელები ოჯახში პოულობენ საიმედო თავშესაფარს: “ოჯახი არის ადგილი, სადაც ფრთებს ოცნებები ესხმებათ”. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კი მსოფლიოს თვალი აუხილა, გამოთქვა რა ურყევი რწმენა იმისა, რომ “ადამიანებს და თევზებს შეუძლიათ მშვიდობიანი თანაცხოვრება”. მან იმავე წლის ნოემბერშიც გაამხიარულა ამომრჩეველი - ვაშინგტონს ბრაზილიის პრეზიდენტი, ფერნანდო კარდოსო ეწვია: „თქვენთანაც არიან შავკანიანები?”- ჰკითხა ბრაზილიის დემოგრაფიით დაინტერესებულმა ბუშმა სტუმარს უცაბედად.
2004 წლის 5 აგვისტოს ტელემიმართვაში ამერიკის პრეზიდენტმა „გაამჟღავნა” საკუთარი პოლიტიკური მიზნები: “ჩვენს მტრებს აქვთ რესურსები და არიან კრეატიულები. ისევე როგორც ჩვენ, ისინიც არასოდეს წყვეტენ ფიქრს, როგორ ავნონ ჩვენს საზოგადოებას”. მან “გულახდილობას” არც გერმანულ გაზეთ Bild am Sonntag-თან საუბრისას უღალატა და 2006 წელს, სახელმწიფოს სათავეში მოსვლიდან 6 წლის შემდეგ, ამაყად განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის განმავლობაში, საუკეთესო წამები ტბაში 5-კილოგრამიანი ულვაშა ქორჭილას დაჭერისას გაატარა.
ჯორჯ ბუშთან ჯერ ვერ მივა, მაგრამ ამერიკის ახლანდელ პრეზიდენტსაც არაერთხელ შეუშფოთებია მსმენელი. წინასაარჩევნო კამპანიისგან გადაღლილ ობამას სათვალავი აერია და გახარებულმა აუწყა საზოგადოებას : “უკვე 57 შტატში ვიყავით, ერთიღა დაგვრჩა”.
გაირკვა, რომ ახალგაზრდა პრეზიდენტი საშინლად თამაშობს კეგლს - საჯარო თამაშისას, 300 შესაძლო ქულიდან მხოლოდ 37 მოიპოვა. იუმორისტულ შოუში სტუმრობისას, წამყვანმა ჯეი ლენომ შანსი ხელიდან არ გაუშვა და ამ შემთხვევის შესახებ ჰკითხა. „ისე ვითამაშე, - უპასუხა ობამამ, - თითქოს პარაოლიმპიურ თამაშებზე (თამაშები შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის) ვყოფილიყავი”. ობამამ ამერიკის მოქალაქეთა სასტიკი რისხვა დაიმსახურა. შეზღუდული შესაძლებლობის პირებმა კი შეუთვალეს, პარაოლიმპიურ თამაშებზე შენნაირ სუსტ მოთამაშეს არავინ დაუშვებდაო. მოგვიანებით, ობამას საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწია.
არანაკლები აურზაური გამოიწვია პრეზიდენტის მეუღლის, მიშელ ობამას დაუფიქრებელმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიის დროს, პირველად იგრძნო სიამაყე თავისი ქვეყნის გამო. ქალბატონ ობამას რასიზმში დასდეს ბრალი და პატრიოტიზმში ორიანი დაუწერეს.
პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე საათში, ახალ ამპლუაში, მის პირველ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის შეკითხვას - ესაუბრა თუ არა ექსპრეზიდენტებს - ობამამ უპასუხა ყველა ცოცხალ ექსპრეზიდენტს უკვე გავესაუბრე. ნენსი რეიგანივით, სულებს ვერ გამოვიძახებდიო. საქმე ის არის, რომ ნენსი რეიგანი, 1981 წელს მისი ქმრის მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ასტროლოგის დახმარებას მიმართავს, რაც სულის გამოძახებას სულაც არ ნიშნავს. როგორც თავად ამბობს, ასტროლოგია იმ შიშის დაძლევაში ეხმარება, რომელიც რონალდ რეიგანზე თავდასხმის შემდეგ დასჩემდა. ობამა იძულებული გახდა, ყოფილი პირველი ლედისთვის დაერეკა და მოებოდიშებინა უკბილო ხუმრობის გამო.
ნენსი რეიგანზე არა, მაგრამ აბრაჰამ ლინკოლნის მეუღლეზე ამბობენ, სულებს იძახებდაო. თავიდან გარდაცვლილ ვაჟიშვილებს ესაუბრებოდა, ხოლო მკვლელობის შემდეგ მათ რიგებს პრეზიდენტი ლინკოლნიც შეუერთდა.
ბავშვმა თუ არა, ჩვენი ჟურნალის ყველა მკითხველმა ნამდვილად იცის, რომ ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკის საკვანძო საკითხი იყო და არის ჯანდაცვის ახალი სისტემა, რომელიც ობამამ, როგორც იტყვიან, კბილებით გაიტანა. საზოგადოების დარწმუნების მორიგი მცდელობისას, სავარაუდოდ, კარგად მომზადებულმა ასეთი რამ განაცხადა: „ეს რეფორმა გაზრდის კონკურენციას, არჩევანს, დანაზოგებს და ჯანდაცვის სისტემის არაეფექტურობას”. მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, ალბათ, ფროიდი გაახსენდათ.
ის, რომ ამერიკელებს უცხო ენების სწავლა დიდად არ იზიდავთ, საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს - ევროპელ პოლიტიკოსებზე საუბრისას პრეზიდენტმა ობამამ სინანულით აღნიშნა, რომ ავსტრიული ენის აზრზე არ არის. ხოლო ჯორჯ ბუში-უფროსის ვიცე-პრეზიდენტი, დენ ქუეილი წუხდა, რომ სკოლაში ლათინური უკეთ არ ისწავლა - ასე ხომ ლათინური ამერიკის პოლიტიკურ ლიდერებთან უფრო გულითადი ურთიერთობის დამყარებას შეძლებდა.
ობამას ღირსეულ პარტნიორობას უწევს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რომლის რიტორიკულ ლაფსუსებზეც ლეგენდები დადის - „ჩაკ, ადექი, ხალხს დაენახე,” - მიმართა ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა მისურის შტატის სენატორ ჩაკ გრეჰემს. საგულისხმოა, რომ გრეჰემმა 16 წლის ასაკში დაკარგა გადაადგილების უნარი და ეტლს მიეჯაჭვა.
2009 წელს იტალიაში ძლიერმა მიწისძვრამ 17 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. პრემიერ-მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ, კარვების ქალაქი მოინახულა და დაზარალებულები დაამშვიდა: ისე შეხედეთ ამ ამბავს, თითქოს ერთკვირიან ლაშქრობაზე ხართო. სილვიო ბერლუსკონი რომ საკუთარ გარეგნობაზე ბევრს ზრუნავს, ბოტოქსიან სახეზე ეტყობა და ყველამ ვიცით. მაგრამ ბარაკ ობამას “ნარუჯით” თუ ისე მოიხიბლებოდა, რომ ამის შესახებ საჯაროდ ისაუბრებდა, არავინ იფიქრებდა.
ნიკოლა სარკოზიმ იმდენი ქნა, რომ ერთ ფრანგულ კომპანიას, სახელწოდებით “K&B” შავი მაგია გაახსენა - ტექსტილისგან დამზადებული თოჯინა, რომელსაც სარკოზის გამოსახულება და საფრანგეთის პრეზიდენტის გახმაურებული ლაფსუსები - “დამეკარგე აქედან, შე მახინჯო”, “170%” და ა. შ. - ამშვენებს, საფრანგეთში ბესტსელერად იქცა. ვისაც კინოფილმი “ისტვიკელი ჯადოქრები” უნახავს, ან ჯადოს ტექნოლოგიებში ერკვევა, იმას არც ახსნა-განმარტება დასჭირდებოდა, მაგრამ კომპანიის მესვეურებმა შავ მაგიაში გაუცნობიერებელ მოქალაქეებზეც იზრუნეს და ვუდუ თოჯინას, ქინძისთავებთან ერთად, ინსტრუქციაც მოაყოლეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა “სცემოდა თვალი” პრეზიდენტს. შეურაცხყოფილმა სარკოზიმ კომპანიას სასამართლოში უჩივლა, მაგრამ ვერაფერს გახდა. სასამართლომ სარკოზის საჩივარი არ დააკმაყოფილა, ხმაურიანმა პროცესმა კი ვუდუ თოჯინა უფრო პოპულარული გახადა.
2010 წლის 27 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, განვითარებულ სამყაროს არც ამ მხრივ ჩამოვრჩენოდით. აბა ველურებივით ხომ არ მოვიქცევით, “ზანგები ვართ?”

კომენტარები