დონ ჟუანების და ვესტალების ქვეყანა

 ახალი ჩამოსული ვიყავი პირველად საქართველოში, როცა ერთმა კეთილგანწყობილმა ტაქსის მძღოლმა მითხრა - სასიყვარულო ურთიერთობების დიდი შანსი არ გაქვსო. მიმტკიცებდა, „ამისთვის საქართველოში ან იხდიან, ან ქორწინდებიანო”. ამის მოსმენა, ცოტა არ იყოს, შოკისმომგვრელი იყო - ბოლოს და ბოლოს, ნარიყალაზეც ვიყავი საშინელ სიცხეში, თინეიჯერების ჰორმონების სურნელმაც კინაღამ გონება დამაკარგვინა და, თავს დავდებ, რამდენიმე გამყიდველი და ოფიციანტი საკმაოდ დაუფარავად მეფლირტავებოდა. თან, გარკვეულწილად, იმედიც გამიცრუვდა - არც ვენერიულ დაავადებათა კლინიკაში მოხვედრის სურვილი მქონდა და არც მმაჩის ბიუროში, მაგრამ ცელიბატიც არ მეჩვენებოდა საუკეთესო გამოსავლად.

რა თქმა უნდა, არ იყო საჭირო ასეთი ნერვიულობა. საქართველო იბიცის გასართობი „კლუბი 18-30” არ არის, მაგრამ არც საუდის არაბეთია. ყველამ იცის, რომ ეს ქვეყანა არ არის სექსუალური თავშეკავების კარჩაკეტილი ტაძარი, როგორადაც თავი მოაქვს ხოლმე, მაგრამ ჩვენ ყველას ხომ მითებისა გვჯერა.

ეს ქართველების სექსუალური ეთიკის ერთადერთი ასპექტი არ არის, რომელიც, პრაქტიკულად, თავის მოტყუების კოლექტიური აქტია. ავიღოთ ტრადიციული გენდერული სტერეოტიპები - ისინი სრული უაზრობაა. ერთი სტერეოტიპით, ქართველი კაცი მექალთანეა - კავკასიელი კაზანოვა, რომელსაც შეუძლია, ათობით ქალს ერთდროულად თავი დააკარგვინოს - ისე, მარტივად, თითქოს ხინკალს მიირთმევდეს. მეორე სტერეოტიპით, ქართველი ქალი მე-19 საუკუნის ლიტერატურის უმანკო, უბიწო და კდემამოსილი პერსონაჟის მსგავსი ტიპაჟია, რომელიც ქორწილის შემდეგ სოციალურად დასაშვები ერთი ვნებიანი ღამის დასრულებისთანავე ერთგულ დედად იქცევა. მარტივი დასანახავია, რომ ეს ორი მითი ერთმანეთს ეწინააღმდეგება - შეუძლებელია, საქართველო ერთდროულად დონ ჟუანების ქვეყანაც იყოს და ქალღმერთ ვესტას მსახურებისაც - უბრალოდ, არ გამოდის.

საქმე ისაა, რომ ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი მითოლოგიური გენდერული არქეტიპი, ამავე დროს, ურთიერთხელსაყრელიცაა. ქართველი კაცი არ არის რომელიმე სხვა კაცზე სექსუალურად უფრო აქტიური თუ ენერგიული, ქართველ ქალს კი ზუსტად ისეთივე სურვილები და მოთხოვნები აქვს, როგორიც ყველა ქალს მსოფლიოში. მიზეზი იმისა, რომ ქალიცა და კაციც ამ კულტურულ სტერეოტიპებში ჯდება, ის არის, რომ ეს ორივესთვის ხელსაყრელია.

მართალია, გაუთხოვარი ქართველი ქალი დიდი სოციალური წნეხის ქვეშ არის, იყოს წმინდა და უბიწო, მაგრამ ამაში მისთვის რაღაც სასიკეთოც არის. ქართველი კაცი საკმაოდ მიმწოლია თავის მცდელობებში, მოხიბლოს ქალი და თუ ქალმა დანტეს ბეატრიჩედ არ მოაჩვენა თავი, კიდევ უფრო მეტ არასასურველ ყურადღებას „დაიმსახურებს”. ამრიგად, თუ უფრო „სექსი დიდ ქალაქში” ტიპის ადამიანი ხარ, მაინც აჯობებს, თავი დისნეის პრინცესად მოიკატუნო.

იგივე ხდება კაცის შემთხვევაში - ოღონდ, ოდნავ სხვაგვარად. ქართველმა კაცებმა, ასე რომ ცდილობენ, „კაცურ კაცს” დაემსგავსონ, იციან, რომ თუ მეგობარ ქალთან ხელგაყრილი მოსეირნე დაინახეს, ტარზანის და თუ ფაქის - ერთად აღებულის - იმიჯი გარანტირებული აქვთ. ამრიგად, მითი უბიწო ქართველი ქალის შესახებ აძლიერებს მითს ყველაზე მაგარი ქართველი კაცი-მაჩოს შესახებ.

სხვა ნალოლიავები მითებიც არსებობს, რა თქმა უნდა. მაგალითად, მითი, რომ ქართველი კაცები წუნიები არიან და თუ ქალი ქალწული არ არის, ის ცოლად არ მოიყვანება. ცოლად ქალწული არც ერთ ჩემს მამრ მეგობარს არ უნდა - და როდესაც ამაზე ფიქრობ, მართლა საკმაოდ უცნაურია ასეთი სურვილის ქონა. არც შემთხვევითი სექსუალური ურთიერთობები აქვს რომელიმე ჩემს გაუთხოვარ მდედრ მეგობარს სხვადასხვა მამაკაცთან, არც ერთი მათგანი არ არის შეპყრობილი იდეით, თავი შეინახოს ქორწილის ღამემდე - ეს, უმეტეს შემთხვევაში, მაინც ისედაც ძალიან დაგვიანებულია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, ექსპერტები, პოლიტიკოსები და ტაქსის მძღოლებიც კი ერთხმად გეტყვიან, რომ საქართველო რჩება კონსერვატიულ ქვეყნად, სადაც სექსი - ქორწინებამდე ან ქორწინების გარეშე - სრულიად მიუღებელია (ჰო, მართლა, მიუღებელია, თუ ქალი ხარ). ეს მხოლოდ მთელი ამბის ნაწილია - როგორც დასავლეთში 60-იანი წლების სოციალურ და სექსუალურ რევოლუციებამდე იყო, ჯერ კიდევ არის ბევრი ტაბუირებული საკითხი და მრავალი ადამიანი საშინლად ღელავს იმაზე, რომ აგრერიგად ნალოლიავები მორალური პრინციპები შეიძლება შეიცვალოს. თუმცა, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი ამაზე ვერ ლაპარაკობს, არ ნიშნავს იმას, რომ ასე არ ხდება.

კომენტარები