რატომ არ იზრდება საქართველოში ბანანები ?

0 კომენტარი

იმის გათვალისწინებით, რომ „ტაბულას” წინამდებარე ნომერი, წესით, რომელიმე ზღვისპირა კურორტზე, პლაჟიდან ახლად დაბრუნებულმა, მოხერხებულ სავარძელში მოწყობილმა ან ჰამაკში წამოკოტრიალებულმა, გამაგრილებელი სასმელით ხელში უნდა წაიკითხოთ, შევეცდები, დავარღვიო ჩემს სვეტში დამკვიდრებული ტრადიცია და თავი არ შეგაწყინოთ საუბრით ისეთ თემებზე, რომლებმაც შეიძლება ოპონირების სურვილი გაგიჩინოთ. მხოლოდ ინფორმაცია, ჩემი მხრიდან ყოველგვარი პოზიციის გამოხატვის გარეშე. ყოველ შემთხვევაში, როცა ამ სიტყვებს ვწერ, ასე მაქვს გადაწყვეტილი. საით წამიღებს ცნობიერების ნაკადი, ღმერთმა უწყის...

ღმერთზე გამახსენდა... როგორც ჩემი ერთი ნაცნობი ხშირად იმეორებს, რელიგია და ფული ის ორი ინსტრუმენტია, რომელიც მოიგონეს ჭკვიანმა ადამიანებმა ნაკლებად ჭკვიანების სამართავად. სამწუხარო ის არის, რომ მეორე მათგანით ჯერ კიდევ შესაძლებელია დევიაციისკენ მიდრეკილი ჭკვიანებით მანიპულირება. თუმცა, ბუნებაში არსებული წონასწორობის შესანარჩუნებლად, ალბათ, ასეც არის საჭირო. თავად კარლ მარქსს, ენგელსის მხრიდან მორალური და მატერიალური მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი, არ ეყოფოდა ფანტაზია იმის წარმოსადგენად, თუ რა მოუვიდოდა კაცობრიობის მიერ საუკუნეების მანძილზე მშენებარე სისტემას, ადამიანებს იმდენი ფული რომ ჰქონდეთ, რამდენიც საჭიროა მათი ყველა ტრადიციული და არც ისე ტრადიციული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

ჩემს სვეტში განთავსებულ სტატიებზე პირველმა ონლაინ გამოხმაურებებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ინტერნეტს, უფრო ადრე გამოგონების შემთხვევაში, უამრავი ნიჭიერი ადამიანის ფსიქიკის გადარჩენა შეეძლო. წარმოიდგინეთ კაფკა, რომელიც საკუთარი შიზოფრენიის ნაყოფს ბლოგის საშუალებით უზიარებდა კაცობრიობას. დროსა და სივრცეში გაჭედილი რამდენი სტუმარი ეყოლებოდა მის ციფრულ ციხესიმაგრეს. არ დასჭირდებოდა ამდენი ნერვიულობა და წუხილი საკუთარ ნიჭსა და ლიტერატურულ შესაძლებლობებზე და, ალბათ, არც იმაზე იდარდებდა, რომ დასაწვავად განწირული თავისი შედევრების ფინალს ვერ იგონებდა. რა საჭიროა ფინალი, მთავარი პროცესია. არც ერთი ორგაზმი არ ჯობია მის მოლოდინს. აქ ამერიკაც უნდა ვახსენო სადმე და კაფკაზე საუბრის დასრულებაც შეიძლება.

ამერიკის ხსენებისას ჩემს მასონურ ცნობიერებაში ავადსახსენებელი ჯორჯ სოროსი ამოტივტივდა, რამდენიმე დღის წინ თვალში მოხვედრილი საგაზეთო ამონაბეჭდი, რომელშიც ეწერა, რომ 1994 წელს ცნობილი მილიარდერის ფინანსური ხელშეწყობით ნიუ იორკში, მისივე „ღია საზოგადოების” შტაბბინაში, დაარსდა ნარკოტიკების სფეროში პოლიტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლინდესმიტ ცენტრი, რომლის მიზანი იყო ნარკოტიკებისა და, კერძოდ, მარიხუანის ლეგალიზაციის მოძრაობის მეცნიერული და იურიდიული მხარდაჭერა.

ეს ამერიკაში, ჩვენთან კი ორიოდე კვირის წინ ერთ-ერთ ყველაზე უფრო პოპულარულ და მრავალრიცხოვან სოციალურ ქსელში გაიხსნა ჯგუფი, სახელწოდებით “მოვითხოვთ მარიხუანის ლეგალიზაციას”, რომლის წევრთა რაოდენობამ ამ წერილის დაწერის დროისთვის ათასს გადააჭარბა. ჯგუფის გვერდზე მითითებულია ის სამი პრინციპი, რომელთა გარშემოც სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და მსოფლმხედველობის ადამიანები გაერთიანდნენ, მათ შორის, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პიროვნებებიც:

1. ჩვენი მიზანია პიროვნული თავისუფლების დაცვა და არა მარიხუანის პოპულარიზაცია;

2. მარიხუანის მოხმარება შეიძლება არ არის სასურველი, მაგრამ მისი მოხმარების გამო სახელმწიფოს მხრიდან დევნა ადამიანის უფლებების დარღვევაა;

3. ჩვენ ვთვლით, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას შეუძლია ეკონომიკური სარგებლის მოტანა სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეებისთვის.
ხსენებულ ჯგუფში წარმოებული საინტერესო დისკუსიების შედეგად ჩემი ყურადღება მიიპყრო რამდენიმე საკითხმა, რომლებსაც, თქვენი ნებართვით, გაგიზიარებთ.

პირველი, ეს არის საქართველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომლიდანაც შევიტყვე, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, ისეთი უფლებების შეზღუდვასთან ერთად, როგორიცაა საექიმო და საადვოკატო საქმიანობის წარმოება, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება და პასიური საარჩევნო უფლება, სამი წლით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობაც. ანუ, თუ ამ ჟურნალის რომელიმე მკითხველი, ევროპის ცივილიზებულ სახელმწიფოებში მოგზაურობის დროს, ამ ქვეყნების კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში, გადაწყვეტს, მძიმე და დაძაბული დღის შემდეგ სასიამოვნო გარემოში განიტვირთოს ადამიანის ორგანიზმისთვის გაცილებით უფრო ნაკლებად საზიანოა ალკოჰოლის ალტერნატიული საშუალებით, სამშობლოში დაბრუნებისას მას შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტით სამწლიანი იძულებითი სარგებლობა მოუწიოს. ამასთან, თუ ჩვენი უიღბლო მოგზაური შემთხვევით ექიმი ან ადვოკატი აღმოჩნდება, მეტროს ან ავტობუსის სამგზავრო ბარათის შესაძენი ფულის საშოვნელად ახალი პროფესიის დაუფლებაც მოუწევს.

ასევე საინტერესო იყო მარიხუანის აკრძალვის ისტორია. ყველაზე უფრო სარწმუნო ვერსიით, კანაფის აკრძალვა ინიცირებულია მე-20 საუკუნის დასაწყისში შეერთებულ შტატებში ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოების მფლობელთა მიერ იმის გამო, რომ ქაღალდის დამზადება კანაფისგან გაცილებით უფრო იაფი იყო, ვიდრე ხისგან. 1938 წელს ფედერალური მთავრობის მიერ აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა უმსხვილესი ქიმიური კომპანია „დიუპონის” მხარდაჭერა, რომელიც აწარმოებდა ხისგან ქაღალდის დასამზადებლად საჭირო ქიმიურ ნივთიერებებს და იყო ნეილონზე, 1935 წელს სინთეზირებულ ხელოვნურ ბოჭკოზე, პატენტის მფლობელი, რომლითაც სურდა მსოფლიო ბაზრებზე კანაფის ბოჭკოსგან დამზადებული ქსოვილების ჩანაცვლება. ამ დროიდან მოყოლებული, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არ წყდება ლეგალიზაციის მხარდამჭერი მოძრაობა.

მარიხუანის ლეგალიზაცია ნიშნავს არა მხოლოდ მისი დაუსჯელად მოხმარების დაშვებას, არამედ აგრეთვე კანაბიოდების შემცველი პროდუქტებით ვაჭრობის წესის ორგანიზებას და რეგლამენტირებას, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა. ევროკავშირის წევრ არც ერთ სახელმწიფოს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება ლეგალიზაციის შესახებ, თუმცა, ბევრ ქვეყანაში მარიხუანა დეკრიმინალიზებულია. ბევრიც ამ მიმართულებით წარმატებით ახორციელებს ე.წ. „მაღალი ტოლერანტულობის” პოლიტიკას. იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებშიც მარიხუანის მცირე რაოდენობით ფლობა და მოხმარება ოფიციალურად არ ისჯება სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული კოდექსით, არის ჩეხეთი, გერმანია, ესპანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, პორტუგალია, მექსიკა, პერუ, არგენტინა, ურუგვაი, ეკვადორი, იამაიკა. სამედიცინო დანიშნულებით მოხმარება ნებადართულია აგრეთვე კანადასა და აშშ-ს თოთხმეტ შტატში.

ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სამართალდამცველები სრულიად ლოიალურები არიან საზოგადოებრივი თავშეყრისა და დასვენების ადგილებში მწეველი ახალგაზრდების მიმართ. თითქმის ყველა პარკში შეხვდებით ბალახზე ფეხმორთხმით მსხდომ ბიჭებსა და გოგონებს, ხანდახან უფროსი ასაკის ხალხსაც კი, რომლებიც, პოლიციელების თვალწინ, მშვიდად და აუღელვებლად ახვევენ ჯოინტებს.

გავიხსენოთ აჭარა თავისი მშენებარე სასტუმროებით და ის იმედები, რომლებსაც უკავშირებენ ამ კუთხის ტურისტულ მექად გადაქცევას. საინტერესოა, რითი უნდა მიიზიდონ ეს ტურისტები ბათუმმა ან ქობულეთმა? განათებული ბულვარი და ხაჭაპური მარტო მლაშე წყალს მონატრებულ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქეებს თუ აღუძრავს მადას. უცხო ქვეყანაში ზღვაზე დასასვენებლად ჩასულ ჯანმრთელ, საშუალო სტატისტიკურ ადამიანს ორი რამ აინტერესებს - სექსი და გართობა რაც შეიძლება უფრო მეტად არაფხიზელ მდგომარეობაში. თუ პირველ კომპონენტზე მოთხოვნას, ავად თუ კარგად, აკმაყოფილებენ ადგილობრივი და უცხოეთიდან ჩამოსული პროფესიული სექსის მუშაკები, მეორე შემთხვევაში მოთხოვნა ბევრად აჭარბებს შემოთავაზებას. ცივილიზებული ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტს არაფერში სჭირდება დისკოთეკა, სადაც გათენებამდე თავდავიწყებით ცეკვის უნარის უზრუნველმყოფ საშუალებას ვერ მოიხმარს, ან ბუნგალო, რომელშიც ერთი მარიხუანიანი სიგარეტის მოწევისთვის დაიჭერენ და, ჯარიმის სახით, დასასვენებლად შეგროვებულ მთელ ფულს დაატოვებინებენ. არადა, აჭარას, საქმისადმი სწორად მიდგომის შემთხვევაში, აქვს პოტენციალი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ბიუჯეტის შევსებაში.

მარიხუანის ოფიციალური დეკრიმინალიზაცია, პირველ ეტაპზე, თუნდაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ე.წ. მაღალი ტოლერანტობის რეჟიმის გავრცელებით, ჩემი ღრმა რწმენით, უზრუნველყოფს გარე და შიდა ტურიზმის განვითარებას, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მძიმე ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვის მკვეთრ შემცირებას. ამის მაგალითი ბევრია იმ სახელმწიფოებში, რომლის მთავრობებმა გაბედეს ამ ნაბიჯის გადადგმა.

მგონი პირობა დავარღვიე და ისეთ თემას შევეხე, რომელიც კამათს გამოიწვევს. უკაცრავად, გავერთე. თუ ძალიან გვიან არ არის, შევეცდები, მშრალ ფაქტებს დავუბრუნდე.

რუსეთში 6 გრამი მარიხუანის ან 2 გრამი ჰაშიშის ფლობისთვის დაწესებულია ჯარიმა 500-1000 რუბლის ოდენობით. ამ რაოდენობაზე მეტის აღმოჩენის შემთხვევაში, სასჯელად განსაზღვრულია პატიმრობა. ჩეხეთში 2010 წელს მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს წინადადება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა რაოდენობები, რომელთა ფლობა კანონით არ ისჯება - 15 გრამი მარიხუანა და 5 გრამი ჰაშიში. მაშ, საით - რუსეთისკენ თუ ჩეხეთისკენ?

არგუმენტი - ჯერ ადრეა, იმ ხუმრობას მახსენებს, რომელიც 90-იან წლებში მოსკოვის ახალგაზრდობის სასახლის სცენიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლანდელმა ხელმძღვანელმა გააჟღერა: „Почему в Грузии не растут бананы? Народ ещё не готов...”

იმისთვის, რომ ბანანმა იხაროს, აუცილებელი პირობაა ამ თემაზე დისკუსიის დაწყება. მოტივაციის გასაზრდელად შეგახსენებთ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა და, თუნდაც დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა, სისხლის სამართლის კოდექსით არ ისჯება.

მე კი, შემოდგომიდან რომ შევძლო უფრო დეტალური და, რაც მთავარია, არგუმენტირებული საუბარი იმ ეკონომიკურ და არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელზე, რომლის მოტანა შეუძლია მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ჩვენი ქვეყნისთვის, ამ სტატიას ასე დავამთავრებ: როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, საქართველოში დეკრიმინალიზაციამდე არ ვეწევი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები