C11H15NO2 ფორმულა

 ადამიანები სასოწარკვეთილნი კვდებიან, ხოლო სულები - ექსტაზში.
ონორე დე ბალზაკი

სიტყვა ექსტაზი სასაუბრო ენაში მძაფრი, ეიფორიული გრძნობის აღსაწერად გამოიყენება. ფსიქოლოგების განმარტებით კი, ის განსაკუთრებული გონებრივი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი მთლიანად კონცენტრირებულია ინტერესის საგანზე და მის მიღმა ვერაფერს ამჩნევს. მიღმა, შესაძლოა, აღმოჩნდეს დრო, ტკივილი, დაღლილობა... თუმცა, ეს განმარტებაც პირობითია. საყოველთაოდ მისაღები მეცნიერული ახსნა ამ ფენომენს ჯერჯერობით ვერ მოუძებნეს. ექსტაზის მიღწევას ადამიანები სხვადასხვაგვარი მეთოდებით ცდილობენ, იქნება ეს რელიგიური რიტუალი, მედიტაცია, მუსიკა, ცეკვა, სუნთქვითი ვარჯიში, სექსი, თუ… უკანასკნელი ოცდაათი წელია ამფეტამინი, სახელად MDMA.
ამფეტამინის ეს ნაირსახეობა 1912 წელს შექმნა გერმანულმა ფარმაცევტულმა კომპანია MERCK-მა, სავარაუდოდ, როგორც მადის დამწევი პრეპარატი, მაგრამ ის 1970-იან წლებამდე არავის გახსენებია. ამ პერიოდში MDMA-ს გამოყენება ფსიქოთერაპევტებმა დაიწყეს. მიიჩნევდნენ რა, რომ ადამიანებს ბარიერების გარღვევასა და ერთმანეთის „სულში ჩაწვდომაში” ეხმარებოდა, MDMA-ს ხშირად სთავაზობდნენ პაციენტ წყვილებს ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. მაგრამ პრეპარატმა მალე გამოაღწია სამედიცინო წრიდან და რეკრეატიულ ნარკოტიკად - დისკოთეკებსა და მასობრივი წვეულებების, ე. წ. რეივების განუყოფელ ატრიბუტად იქცა.
საქმე ის არის, რომ MDMA გავლენას ახდენს სეროტონინის გამოყოფაზე ორგანიზმში. სეროტონინი ცნობილია, როგორც კარგი გუნება-განწყობისა და სასიამოვნო შეგრძნების ხელშემწყობი ნერვული გადამცემი, რომელიც ნაწლავებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაშია განთავსებული. MDMA-ს მიღების შემდეგ ადამიანებს დადებითი დამოკიდებულება უჩნდებათ როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფთა მიმართ. ენერგია მატულობს, თვითშეზღუდვები მცირდება, ეგო რბილდება და ემოციური კავშირის - ემპათოგენეზისის - დამყარება, თუნდაც უცხო ადამიანთან, ადვილდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ მყოფთა დიდი ნაწილი ეიფორიულად ბედნიერია, შესაბამისად, გახსნილი და კეთილგანწყობილი გარე სამყაროს მიმართ.
MDMA-ს ბევრი აფროდიზიაკად ანუ იმგვარ ნივთიერებად მიიჩნევს, რომელიც სექსუალურ ლტოლვას აძლიერებს. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ის გარშემომყოფთა მიმართ თბილ დამოკიდებლებას უფრო იწვევს, ვიდრე ვნებას. მეტიც, მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფ მამაკაცებს ხშირად ერექციის უნარი ეზღუდებათ. თუმცა, დაქვეითებული სირცხვილისა და მკვეთრად გაზრდილი სიახლოვის გრძნობის გამო ექსტაზის ზემოქმედებამ, შესაძლოა, ისეთი სექსუალური ექსპერიმენტისკენ უბიძგოს ადამიანს, რაც უფრო მძაფრ შთაბეჭდილებას დატოვებს, ვიდრე ტრადიციული სქესობრივი აქტი - იქნება ეს, უბრალოდ, გულითადი საუბარი თუ სვინგერთა კლუბში გატარებული ღამე. 1970-იანი წლების პრესა ექსტაზის პოპულარობას უპირველესად სწორედ ამ ეფექტით ხსნის.
MDMA, იგივე მეთილენდიოქსიმეთამფეტამინი, ქუჩურად - იგივე ექსტაზი ან, უბრალოდ, „E” ძირითადად აბის ფორმით გვხვდება, რომელიც, ერთი შეხედვით, საბავშვო ვიტამინს ჰგავს. ზოგი ვარდისფერია, ზოგი - ცისფერი, ზოგი - ყვითელი ან იასამნისფერი. მათზე ან მოღიმარი სახეა გამოსახული, ან - მერსედესის ნიშანი, ან - მწარმოებლის ფანტაზიის სხვა ნაყოფი. აბი ხან სამკუთხედია, ხან - მრგვალი, ხან - გულის ფორმის. გაგიკვირდებათ და, ცოტა ხნის წინათ ტექსასის შტატის პოლიციამ ქუჩის დილერების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ამოღებულ ექსტაზის აბებზე პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამოიცნო.
ექსტაზის მოქმედება 20-40 წუთში იწყება, პიკს 60-90 წუთში აღწევს და დაახლოებით 6 საათს გრძელდება. გვერდითი მოვლენები - დაღლა და უგუნებობა - შესაძლოა, ორ-სამ დღეს გაგრძელდეს.
ამერიკის ნარკოდამოკიდებულების ეროვნული ინსტიტუტის (NIDA) მონაცემებით, მხოლოდ 2010 წლის ივნისში ექსტაზი 550 000 ამერიკელმა მიიღო. ევროკავშირის ანგარიში ამფეტამინის, ექსტაზისა და ჰალუცინოგენების შესახებ მიუთითებს, რომ 2007 წელს მარტო ჰოლანდიაში სამართალდამცველებმა 8,4 მილიონი აბი ექსტაზი ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქართველოში ექსტაზი ძირითადად ევროპიდან შემოაქვთ. როგორც წესი, არა გასაყიდად, არამედ პირადი მოხმარებისთვის. თუმცა, ჩვენს თანამემამულეებს შორისაც არიან ისეთები, ვისაც, განსაკუთრებული ძალისხმევის შედეგად, ერთი აბი ექსტაზის სანაცვლოდ 50 დოლარი გადაუხდია. ევროპაში კი ერთი აბი ექსტაზი 4-10 ევრო ღირს. გასაგებიცაა - ექსტაზის 80% ევროპაში მზადდება. წარმოების კუთხით, ჰოლანდია და ბელგია ლიდერობენ. მათ მოსდევს დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და გერმანია. თუმცა, მოხმარებით მოწინავე ადგილზე დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი და ესტონეთია. ევროპის შემდეგ, ექსტაზის დიდი წილი შეერთებულ შტატებსა და ისრაელში იწარმოება. მედია იმაზეც საუბრობს, რომ ისრაელში ექსტაზის ბიზნესს აკონტროლებენ რუსი იმიგრანტები, რომლებიც, თავის მხრივ, რუსულ ორგანიზებულ დანაშაულთან არიან კავშირში.
ბარსელონის, ამსტერდამის, ნიუ იორკის, ლოს ანჯელესის, ლონდონის, პრაღის, ბუდაპეშტისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, გონიოს ან ბეთანიის დისკოთეკებზეც კი, ხშირად ნახავთ თავდავიწყებით მოცეკვავე კრიჭაშეკრულ ახალგაზრდებს, რომლებიც პერიოდულად ერთმანეთს ეხუტებიან, ესაუბრებიან, კოცნიან, მასაჟით უმასპინძლდებიან - ეს სულ ექსტაზის „ბრალია.”
როგორც ჩანს, ზოგიერთს მსგავსი მდგომარეობა იმდენად სიამოვნებს, რომ ეგუება ყველა სხვა დისკომფორტს, რაც MDMA-ს მოხმარებას ახლავს თან - სხეულის ტემპერატურის მომატება, წნევისა და გულისცემის მკვეთრი ცვლილება, პირის სიმშრალე და შემცივნება, ბუნდოვანი მხედველობა, კუნთების უნებლიე მოძრაობა - განსაკუთრებით, ქვედა ყბის კუნთის - რაც კრიჭას კრავს და კბილებს აზიანებს, პანიკის შეტევა, ზოგიერთ შემთხვევაში ჰალუცინაციაც. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოფხიზლებას, როგორც წესი, თან ახლავს უგუნებობა ან დეპრესია, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, MDMA-ს ზემოქმედების ქვეშ დიდი რაოდენობით სეროტონინი იხარჯება და გამოფხიზლებისას ორგანიზმი მის ნაკლებობას განიცდის.
ექსტაზი მძიმე ნარკოტიკად ითვლება და მისი წარმოება, შენახვა ან რეალიზება, 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, აიკრძალა. საერთაშორისო დონეზე მას გაეროს ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ კონვენცია არეგულირებს. თუმცა, გასულ თვეში ამერიკულმა გამოცემამ „Journal of Psychopharmacology” გამოაქვეყნა ფსიქოდელური კვლევების მულტიდისციპლინური ასოციაციის (Multidisciplinary Association of Psychedelic Studies) მიერ დაფინანსებული კვლევა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კლუბების ნარკოტიკი, შესაძლოა, პოსტტრავმული სტრესისგან შეწუხებული პაციენტების სამკურნალოდ გამოდგეს. ეს კვლევა მხოლოდ 20 ადამიანზე ჩატარდა, მაგრამ სამეცნიერო ჯგუფმა უკვე მიიღო ამერიკის საკვებისა და წამლის მაკონტროლებელი ორგანოსგან (FDA) უფრო მსხვილმასშტაბიანი კვლევის ომის ვეტერანებზე ჩატარების ნებართვა. პაციენტების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი იყო პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, რომლის განკურნება ტრადიციული მეთოდით ვერ მოხერხდა. პაციენტებს, რომელთაც ფსიქოზი ან ნარკოდამოკიდებულება აღენიშნებოდათ, კვლევაში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ. მონაწილე 20 პაციენტიდან 12-მა დალია MDMA, ხოლო 8-მ - „მატყუარა” აბი (პლაცებო), რის შემდეგაც მათ ჩაუტარდათ ფსიქოთერაპია. ორი თვის შემდეგ გაირკვა, რომ თორმეტიდან ათი პაციენტი, რომელთაც ექსტაზი მიიღეს, მკურნალობას დაექვემდებარა, მაშინ, როდესაც „მოტყუებულთაგან” მხოლოდ ორს გამოუსწორდა მდგომარეობა.
ბევრი სპეციალისტი ამერიკელი ექიმების კვლევის შედეგებს სკეპტიკურად შეხვდა. ლონდონის სამეფო კოლეჯის (King’s College of London) პროფესორმა და ბრიტანეთის არმიის კონსულტანტმა ფსიქიატრიის საკითხებში, საიმონ უესლიმ BBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ, კვლევის მცირე მასშტაბის გამო, ამ ეტაპზე დასკვნის გაკეთებისგან თავს შეიკავებდა.
ექსტაზის მიღებასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა მაინც ისაა, რომ MDMA სინთეტური ანუ შედგენილი ნარკოტიკია და მომხმარებელმა არ იცის, რას ყიდულობს. ხშირად ექსტაზის აბი MDMA-სთან ერთად ანტიჰისტამინურ ნივთიერებებს და კოფეინს, უარეს შემთხვევაში კი, კოკაინს ან კეტამინს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ კეტამინი თავდაპირველად ცხენების ტრანკვილიზატორად გამოიყენებოდა. ამერიკულმა გამოცემამ „Drug and Alcohol Dependence” 2006 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც 1124 აბიდან, რომელიც 1999-2005 წლებში გაიყიდა, მხოლოდ 39% შეიცავდა MDMA-ს, როგორც აქტიურ ინგრედიენტს, 15% MDMA-სა და სხვა ნივთიერებებისგან შედგებოდა, ხოლო 46%-ში MDMA-ს ნასახიც არ იყო. კვლევებით დასტურდება, რომ MDMA სხვა ნარკოტიკთან ერთად უფრო სახიფათოა, ვიდრე სუფთა სახით. ხშირად ნარკოდილერებს მყიდველი შეცდომაში შეჰყავთ და არწმუნებენ, რომ შემადგენლობა აბის ფერით ან მასზე გამოსახული სიმბოლოთი შეიძლება განსაზღვრო, მაგრამ ეს სისულელეა - აბის ფერს მწარმოებელი საკვები საღებავით ქმნის.
შესაძლოა, ბალზაკი მართალია და ექსტაზში მხოლოდ სულები კვდებიან, მაგრამ ექსტაზით სიცოცხლეს გამოსალმებულ მოკვდავებს გვერდს ვერ ავუვლით. ექსტაზის მიმღებთათვის განსაკუთრებით სახიფათოა სხეულის ტემპერატურის მკვეთრი მატება (ჰიპერთერმია). ექიმებს ამ მოვლენის ზუსტი მიზეზის დადგენა უჭირთ, თუმცა, ერთი რამ ცხადია: დისკოთეკისა და „რეივის” პირობებში ჰიპერთერმიის შანსი მატულობს. ენერგიული ცეკვა, ბევრი ხალხი, ცუდი ვენტილაცია და… სხეულის ტემპერატურა, შესაძლოა, 42 გრადუსამდე ავიდეს, სისხლის შედედება დაიწყოს და სიკვდილი დადგეს. ხშირია გულთან დაკავშირებული ინციდენტებიც, რაც, ძირითადად, გულისცემის მკვეთრ მატებას უკავშირდება. მაღალია დეჰიდრაციის საფრთხეც, რის გამოც ექსტაზის ზემოქმედების ქვეშ მყოფნი ბევრ წყალს ეტანებიან. ეს, რაც შეეხება მყისიერ საფრთხეს. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ექსტაზის მავნე გავლენის დადგენა უჭირთ, რადგან ექსტაზის მომხმარებელი, როგორც წესი, სხვა ნარკოტიკსაც (მარიხუანას, კოკაინს) მოიხმარს. ასე რომ, საკუთრივ ექსტაზის მიღებისგან მიყენებული ზიანის განსაზღვრა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თუმცა, მაიმუნებზე ჩატარებული კვლევები საფუძვლიანს ხდის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მთავარი დაზარალებული ექსტაზის მიღების შემთხვევაშიც ტვინია!




კომენტარები