დეიმონ უილსონი: საქართველო და უკრაინა მზად იყვნენ მაპისთვის

ტაბულა გთავაზობთ ამონარიდს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, დეიმონ უილსონის ინტერვიუდან. დეიმონ უილსონი 2007-09 წლებში იყო ჯორჯ ბუშის საგანგებო თანაშემწე და უშუალოდ მონაწილეობდა ნატოს გაფართოების, კერძოდ, ალიანსში საქართველოსა და უკრაინის ინტეგრირების პროცესში.  

- რა ფაქტორებმა განაპირობეს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზე უარის თქმა?

ზოგიერთისთვის რუსეთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო. ალბანეთი ნათელი მაგალითია, რომ მაპი სწორედ ის პროცესია, რაც ეხმარება ქვეყნებს, მოემზადონ ალიანსის წევრობისთვის. ჩვენს გუნდს მიაჩნდა, რომ საქართველო და უკრაინა მზად იყვნენ მაპისთვის. ამის საწინააღმდეგო ორი არგუმენტი არსებობდა: ერთი იყო რუსეთი - არ გავაღიზიანოთ რუსეთი. ამ არგუმენტს ჩვენ არ ვეთანხმებოდით, არ მიგვაჩნდა მსჯელობის ლეგიტიმურ საკითხად. მეორე კი საქართველოსა და უკრაინაში არსებული მდგომარეობა იყო. ჩვენ არ უარვყოფდით, რომ საქართველოსა და უკრაინას ჰქონდა პრობლემები, რომელთა მოგვარება იყო საჭირო, მაგრამ მიგვაჩნდა, რომ მაპი საუკეთესო საშუალება იყო ვითარების გაუმჯობესებისათვის და ასევე, მხარდაჭერის კონსოლიდირებისათვის. თუმცა, ბევრი ისეთიც იყო, ვინც რუსეთის გამო ერიდებოდა ამ ნაბიჯის გადადგმას და ამას პირდაპირ, დაუფარავად ამბობდა, მაგალითად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

- ხომ არ იყო საქართველოსა და უკრაინის ერთად განხილვა შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოსთვის?

რეალურად, საქართველოს მხარდასაჭერად უფრო ძლიერი არგუმენტები არსებობდა. ნატოში შესვლას მყარი სახალხო მხარდაჭერა ჰქონდა. ქართველების დასავლურ ორიენტაციაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქმე, უბრალოდ, სამხედრო ალიანსს კი არ ეხება, არამედ იმ ფასეულობებს, რომლებზეც ეს ალიანსი დგას. თუმცა, ბუქარესტში შევნიშნეთ, რომ ზოგი ლიდერი უკრაინისკენ უფრო იხრებოდა. მოგვეჩვენა, რომ ანგელა მერკელი შეიძლება დათანხმებოდა უკრაინისთვის მაპის მინიჭებას, საქართველოს შემთხვევაში კი ამას აშკარად არ გააკეთებდა. მაგრამ პრეზიდენტი ბუში ამ ორი ქვეყნის განცალკევების წინააღმდეგი იყო. მიაჩნდა, რომ მიუხედავად ამ ქვეყნებს შორის დიდი განსხვავებებისა, ორივე ახალგაზრდა დემოკრატია იყო და დახმარება ორივესთვის უნდა გაეწია. ბუშს არ სურდა მერკელთან გარიგება - გავჩუმდებით საქართველოზე, თუ უკრაინისთვის მაპის მინიჭებას დათანხმდებით. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინასთან ერთად ყოფნა იმ დროს საქართველოსთვის, გარკვეულწილად, მოგებიანიც კი იყო.

- ბოლო კითხვა რუსეთისთვის შეიარაღების მიყიდვას ეხება - მისტრალს ვგულისხმობ. შეიარაღების ისეთი ქვეყნებისთვის მიყიდვა, რომლებიც ადამიანის უფლებებს პატივს არ სცემენ, ევროკავშირის ქცევის კოდექსის დარღვევაა. ეს უპრეცედენტო რამ არის - ნატოს არც ერთ წევრ ქვეყანას არ მიუყიდია მსგავსი იარაღი რუსეთისთვის.

ეს სამარცხვინო ნაბიჯი ძირს უთხრის ალიანსის სოლიდარობას და სიგნალია რუსებისთვის, რომ მათ აპატიეს საქართველოში შეჭრა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. როდესაც ფრანგების შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ირღვევა და პარიზი ასეთ გარიგებას დებს კრემლთან, ეს აჩვენებს, რომ მოსკოვისგან რეალურად არავინ ელის ამ ხელშეკრულების შესრულებას და მიანიშნებს რუსეთს, რომ ამ დარღვევისთვის მას დიდი ჯარიმა არ დაეკისრება.

 

 

კომენტარები