აფრიკა ჩვენს შიგნით

0 კომენტარი

 ამ სვეტის წერა სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში დავიწყე, სადაც მეგობრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის საყურებლად წავედი. თავისთავად, ის ფაქტი, რომ ჩემპიონატი კარგად იყო ორგანიზებული, სამხრეთ აფრიკის, ამ დიდი ქვეყნის (მოსახლეობა - 49 მილიონი ანუ საქართველოზე 11-ჯერ მეტი, ფართობი - 1.2 მილიონი კვადრატული კმ ანუ საქართველოზე 17.5-ჯერ დიდი) შესაძლებლობებსა და პოტენციალზე მეტყველებს. სამხრეთ აფრიკაზე წერა ძნელია იმიტომ, რომ შეუძლებელია კლიშეების გარეშე დაწერო ამ საოცრად ლამაზ (ესეც ერთი კლიშე), საინტერესო და მძიმე წარსულის (აპარტეიდის მემკვიდრეობა - ესეც კიდევ ერთი კლიშე) ქვეყანაზე.

მთავარი კლიშე კი, ალბათ, ის არის, რომ სამხრეთ აფრიკა უკიდურესი კონტრასტების ქვეყანაა. ეს თქვა, იმის ტოლფასია, რომ არ თქვა არაფერი. ბუნებრივი რესურსების საოცარი სიმდიდრე (მაგალითად, პლატინის მსოფლიო მარაგების 90%, მანგანუმის 80%, ქრომის 70%, ოქროს 40% და ა.შ. Citi-ს ამასწინანდელი ანალიტიკური კვლევით, მინერალური რესურსების სიმდიდრით სამხრეთ აფრიკა თვით რუსეთსაც კი უსწრებს!) და მოსახლეობის ნახევარზე მეტის უკიდურესი სიღარიბე (2 დოლარამდე დღიური შემოსავალი), რომლის სადარი პირადად მე არსად მინახავს (აფრიკის ერთი-ორი სხვა ქვეყნის გარდა). თანამედროვე, შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურა კეიპტაუნში, დურბანში, იოჰანესბურგში და სხვაგან, და ამავდროულად, მოსახლეობის 40%-ს კანალიზაცია არ აქვს, 30%-ს - დენი, ხოლო ვისაც დენი აქვს, ხშირად ეთიშება (და ეს, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 6 000 აშშ დოლარამდეა, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში). გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია ისტორიაში (1967 (!) წელს) და ისეთი სავალალო მდგომარეობა ჯანდაცვის სფეროში, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ 65 წლიდან (1990-ანების დასაწყისში) დაიკლო 50 წლამდე (და ეს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ჯანდაცვაზე მშპ-ს 3.7%-ს ხარჯავს, ჯამში კი - კერძო დაზღვევასთან ერთად - ჯანდაცვაზე ეკონომიკის 8.6% მოდის). კატასტროფული სიტუაცია განათლების სფეროში, აქედან გამომდინარე, კვალიფიციური კადრების უკიდურესი დეფიციტი და, ამავდროულად, უმუშევრობის დონე 25% (ოფიციალური მონაცემებით). სხვათა შორის, სოფლის მეურენობაში მოსახლეობის სულ 5%-ია ჩართული, ამ სექტორზე (მიუხედავად მისი განვითარების მაღალი დონისა) კი ეკონომიკის სულ 2.2% მოდის. სამხრეთ აფრიკაში ტურიზმი საკმაოდ განვითარებულია (10 მილიონი ტურისტი წელიწადში, ანუ, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, დაახლოებით იმდენივე, რაც საქართველოში 2007 წელს), თუმცა, შესაძლოა, ბევრად მეტი ყოფილიყო, რომ არა ძალიან მძიმე კრიმინალური ფონი (უნდა ნახოთ, რა ციხესიმაგრეებში ცხოვრობს არა მარტო შეძლებული ფენა, არამედ საშუალო კლასიც კი - იქ უსაფრთხოებაზე დანახარჯები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა).

რაშია საქმე? რატომ მოხდა ისე, რომ რესურსებით საოცრად მდიდარი ქვეყანა, რომელმაც უკვე 20 წელია, რაც საერთაშორისო იზოლაციას თავი დააღწია და თითქოს ყველა წანამძღვარი ჰქონდა, რომ ძალიან სწრაფად განვითარებულიყო (თუნდაც ისეთი ტემპით, როგორც საქართველოს ეკონომიკა ვითარდებოდა 2004-2008 წლებში), თითქოსდა ერთ ადგილს ტკეპნის? კეიპტაუნში გატარებული ერთი კვირა, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი საკითხის სიღრმისეულად შესასწავლად, თუმცა პრობლემის ძირითადი კონტურები ნათელია.

პირველი - მმართველმა პარტიამ (ANC, რომელმაც ოთხივე არჩევნები მოიგო 1994 წლის შემდეგ) ვერ მოახერხა სახელმწიფო მმართველობაში მერიტოკრატიის პრინციპის დანერგვა. სახელმწიფო პოსტები ურიგდებათ (და უნარჩუნდებათ) აპარტეიდის რეჟიმთან ბრძოლაში ღვაწლმოსილ ფუნქციონერებს. ფინანსთა მინისტრისა და რამდენიმე სხვა გამონაკლისის გარდა, ტექნოკრატები მთავრობაში თითქმის არ არიან. მეორე - მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო ენდემური კორუფციის აღმოფხვრა, მათ შორის, თავის რიგებში. მესამე - იდეოლოგიური ხერხემლის ან დისციპლინის არქონა - იმიტომ, რომ მმართველი პარტია ძალიან განსხვავებულ დაჯგუფებათაგან შედგება (აქ არიან როგორც თავისუფალი ბაზრების მიმდევარნი - ცხადია, უმცირესობაში - ასევე პროფკავშირული მოძრაობის წიაღიდან წამოსული ან სულაც კომუნისტური იდეებისადმი სიმპათიით განწყობილი ხალხი). და ბოლოს - მცდარი წარმოდგენა იმაზე, რომ ბუნებრივი რესურსების სიმდიდრის გამო, ქვეყანა ეკონომიკური მართვის ნებისმიერ ხარვეზებს აიტანს და მაინც გაიზრდება. ამას რამდენჯერმე მე თვითონ შევესწარი სხვადასხვა ტიპის ეკონომიკურ ფორუმსა და კონფერენციაზე.

წარმოვიდგინოთ, ფეხბურთის მაგივრად, მსოფლიო ჩემპიონატი ფისკალურ დისციპლინაში რომ ჩატარებულიყო, რა შედეგს მივიღებდით? ესპანეთი, მოულოდნელად, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაშიც ლიდერობს - მოულოდნელად იმიტომ, რომ ქამრების ესოდენ რადიკალურ შემოჭერას ესპანეთის დღევანდელი, სოციალისტური მთავრობისგან არავინ ელოდა - საბერძნეთის დე ფაქტო გაკოტრებამ ბევრი ევროპული ქვეყანა გამოაფხიზლა. გერმანია თავის მეზობლებსა და პარტნიორებს უკიჟინებს დეფიციტის მაქსიმალური შემცირებისკენ, თვითონ კი კონსტიტუციაში ცვლილება შეაქვს (ჩვენი თავისუფლების აქტის მსგავსი), რომელიც, ფაქტობრივად, კრძალავს ბიუჯეტის დეფიციტს 2016 წლიდან. ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების აუცილებლობაზე საუბრობენ საფრანგეთსა და იტალიაში - აი, ამას კი ნამდვილად ვეღარ იფიქრებდა კაცი. კარგად გამოვიდოდა უნგრეთიც, სადაც ახალმა მთავრობამ ივნისში 16%-იანი საშემოსავლო გადასახადის შემოღების შესახებ განაცხადა.

ცუდად ამ ფისკალურ ჩემპიონატზე გამოვიდოდა აშშ. ობამას ადმინისტრაცია კვლავაც კეინსიანურ პოზიციებზე რჩება და ევროპის შეშფოთებას - დეფიციტების გამო - არ იზიარებს. ეს კარგად გამოჩნდა G20-ის ბოლო სამიტზეც. ხარჯავს ამერიკის მთავრობა მომავალი თაობის გადასახადის გადამხდელთა ფულს და ფისკალური სტიმულირების გაგრძელების აუცილებლობაზე ესაუბრება საკმაოდ შეთხელებულ აუდიტორიას, იმის მოლოდინში, რომ ეს-ესაა კერძო სექტორი დაიწყებს საინვესტიციო საქმიანობას და სახელმწიფოს ჩაენაცვლება ამ კუთხით. ოღონდ, რატომღაც, ეს არა და არ ხდება. არადა, ამერიკულმა კომპანიებმა თავიანთ ბალანსებზე რეკორდული 1.8 ტრილიონი დოლარი დააგროვეს. ფარიდ ზაქარიამ Newsweek-ში შესანიშნავი სვეტი დაწერა ამ თემაზე - ამერიკული კომპანიები არ ხარჯავენ ფულს იმიტომ, რომ ა(ღა)რ ენდობიან თავიანთ მთავრობას. ჯანდაცვის სექტორის სოციალიზაცია, ფინანსური სექტორის ჭარბი რეგულირება, სახელმწიფოს როლის გააქტიურება ეკონომიკის, პრაქტიკულად, ყველა სექტორში, გადასახადების მოსალოდნელი მატება - თქვენ ამ ფონზე ჩადებდით ფულს? მე - არა.

კეიპტაუნამდე რამდენიმე დღე ლონდონში გავატარე. ბოლო ორიოდე თვეა - მაისის არჩევნების შემდეგ - ბრიტანეთში უაღრესად საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. დავიწყოთ იმით, რომ კონსერვატორებისა და ლიბერალ-დემოკრატების კოალიცია სიცოცხლისუნარიანი და ქმედითი აღმოჩნდა, მიუხედავად მისი იდეოლოგიური სიჭრელისა (ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიაში წარმოდგენილი არიან როგორც კლასიკური ლიბერალები, მცირე სახელმწიფოსა და ინდივიდუალურ თავისუფლებას რომ განიხილავენ თავიანთი მრწამსის ქვაკუთხედად, ისევე „ჩვეულებრივი”, ევროპული ყაიდის სოციალ-დემოკრატები, და ეს უკანასკნელნი უფრო მეტნი არიან).

ლეიბორისტების მთავრობა, რომელიც 13 წლის განმავლობაში მართავდა ბრიტანეთს, ყველაფერს აკეთებდა (განსაკუთრებით კი გორდონ ბრაუნის პრემიერმინისტრობის დროს) რომ „ჩაეცემენტებინა” ლეიბორისტებისთვის სასარგებლო სოციალური კონსენსუსი და ამას, რასაკვირველია, გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე აკეთებდა. გორდონ ბრაუნის მთავრობამ 700.000 ახალი სახელმწიფო მოხელის პოსტი შექმნა ქვეყანაში და მილიონობით ადამიანს სხვადასხვა შემწეობა ჩამოურიგა - შედეგად, შემწეობათა წილი ბიუჯეტში 28%-მდე გაიზარდა, ასეულათასობით ჯანმრთელ ახალგაზრდა ადამიანს კი სამსახურის პოვნის სტიმული დაეკარგა. ამ წლების განმავლობაში სახელმწიფოს წილი მშპ-ში 36%-დან 46%-მდე გაიზარდა. ყველაფერი, ცხადია, დამთავრდა ისე, როგორც ეს ყოველთვის მთავრდება ხოლმე ასეთ შემთხვევებში - 2010 წლის მარტისთვის ბრიტანეთის ბიუჯეტის დეფიციტი 11%-ს შეადგენდა და ქვეყანა სულ უფრო ემსგავსებოდა ფაქტობრივად გაკოტრებულ საბერძნეთს.

22 ივნისს ახალმა კოალიციურმა მთავრობამ განსაკუთრებული, „ანტიკრიზისული” ბიუჯეტი წარმოადგინა. რიგი ხარვეზების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, ეს რევოლუციური ბიუჯეტია, იმიტომ, რომ ის შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მშპ-ს 6.3%-ის ტოლფას ფისკალურ კონსოლიდაციას უქადის ბრიტანეთს, აქედან „ქამრების შემოჭერაზე”, დაახლოებით, ¾ მოდის. სახელმწიფო დეპარტამენტთა უმეტესობის ხარჯები (გარდა ჯანდაცვისა და საერთაშორისო დახმარებისა) 25%-ით შემცირდება ოთხი წლის განმავლობაში. მეტიც, ახალი ბიუჯეტი კომპანიების მოგების დაბეგვრის განაკვეთის ყოველწლიურ 1%-იან შემცირებას მოიცავს, 28%-დან 24%-მდე ოთხი წლის შემდეგ. ერთი სიტყვით, ბრიტანეთი ნელ-ნელა გამოდის ფისკალური ჭაობიდან და ეკონომიკური ოპტიმიზმი ბრუნდება.

საინტერესო რეფორმები იწყება განათლების სისტემაში, სადაც კოალიციური მთავრობა აპირებს, ნება დართოს კერძო პირთა ფართო ჯგუფებს (მშობლები, მასწავლებლები, არასამთავრობოები და ა.შ.), დააარსონ ახალი, დამოუკიდებელი სკოლები, რომელთაც ბიუჯეტი ისევე დააფინანსებს, როგორც სახელმწიფო სკოლებს. ალბათ, პირველად ბოლო ათწლეულების მანძილზე, ევროპაში განათლების დებიუროკრატიზაციის პროცესი იწყება (გამონაკლისი მხოლოდ შვედეთია, სადაც ამგვარი „თავისუფალი” სკოლები დიდი ხანია არსებობს).

მართალია, ქამრების შემოჭერა ჯანდაცვას (ჯერჯერობით) არ ეხება, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება. მთავრობამ გამოაცხადა სახელმწიფო ჯანდაცვის სექტორის რადიკალური დებიუროკრატიზაციის შესახებ, გაიზრდება ოჯახის ექიმის როლი და, შესაბამისად, შემცირდება სხვადასხვა ბიუროკრატიული რგოლის გავლენა და დაფინანსება (მილიარდობით გირვანქა სტერლინგით).

და ბოლოს, კოალიციურმა მთავრობამ ივნისში მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ დაეხმაროს მას არასაჭირო, დრომოჭმული და პირადი თავისუფლების შემზღუდავი კანონების იდენტიფიკაციაში (http://yourfreedom.hmg.gov.uk/). მშვენიერი დემოკრატიული ინიციატივაა მათ გასაუქმებლად. მოკლედ, საინტერესო ამბები ხდება ბრიტანეთში.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები