ტეტჩერის რევოლუცია

მარგარეტ ტეტჩერი პრემიერ-მინისტრად არჩევას ზეიმობს
ბრიტანეთში ლეიბორისტთა 13-წლიანი მმართველობის ხანა დასრულდა. ქვეყნის სათავეში კონსერვატორები დაბრუნდნენ. ეკონომიკა ისეთივე მძიმე დღეშია, როგორც ტეტჩერის მოსვლისას. შრომის პარტია ნამდვილი ინგლისელი დენდივით იქცეოდა, ვალებს იღებდა და, პროვინციელი გოგონების თვალების ასაბმელად, ჯიბეზე ხელის გაკვრას არ იზარებდა. ბრიტანეთს ყოველ წელს 160 მილიონი გირვანქის სესხება უწევდა და მალე სამთავრობო ვალმა ტრილიონ გირვანქას მიაღწია.
კონსერვატორ დევიდ კამერონის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ეკონომიკური რეფორმები იყო, თუმცა იგი ცდილობდა, ამომრჩევლებისთვის ტეტჩერის მაგალითი არ შეეხსენებინა. ლეიბორისტებს კი პირიქით, კამერონის რკინის ლედისთან დაკავშირება სურდათ. მიუხედავად წარსული დამსახურებებისა, ტეტჩერი არ არის არჩევნებში წარმატების საწინდარი, პოპულარული პოლიტიკური ბრენდი. მაგრამ ბრიტანეთს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მისი რეფორმები სჭირდება მდგომარეობის გამოსასწორებლად.
1970-იან წლებში და 80-იანის დასაწყისში ბრიტანეთის ეკონომიკა ვერაფრით დაიკვეხნიდა - უკონტროლო ვითარება მრეწველობის სექტორში, გახშირებული გაფიცვები... 1979 წელს მარგარეტ ტეტჩერმა ჩაიბარა ევროპული სახელმწიფო, რომლისთვისაც უკვე დაესვათ არასახარბიელო დიაგნოზი, სახელად „ბრიტანული ავადმყოფობა”. ქვეყანა იმკიდა მეოცე საუკუნის დასაწყისში აღებულ სოციალისტურ კურსს, საყოველთაო კეთილდღეობის ქვეყნად გარდაქმნის წარუმატებელ მცდელობას. განვითარებული ქვეყნების რიგში მოწინავე ადგილებიდან ჩამოქვეითებულ და სადღაც უკან მოჩანჩალე ბრიტანეთს ტეტჩერმა 11 წელიწადში დაუბრუნა უწინდელი დიდება. „კუნძული” აღარ იყო დაკარგული. აღდგა პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა.
რკინის ლედიმ საფუძველი ჩაუყარა მეოცე საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენას - ტეტჩერიზმს - მმართველობის სტილს, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავდაჯერებული, ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა. ბრიტანული ორპარტიული პოლიტიკური სისტემა არცთუ ისე „ორპარტიულია”. არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას თავისუფალი მოქმედებისთვის ხელ-ფეხი გახსნილი აქვს, დამარცხებულებს კი საერთოდ არ აქვთ ბერკეტები, რითაც წინ აღუდგებოდნენ მმართველი პარტიის „ვერაგ ჩანაფიქრებს” და დააბრკოლებდნენ ცვლილებათა განხორციელებას. პრეტენზიულ ევროპაში ყველაფერი სხვაგვარადაა, მაგრამ ეს ხომ ბრიტანეთია. მედიდური კელტების შთამომავლებისთვის ოპოზიციური ჩრდილოვანი მთავრობა - დამარცხებული მთავრობაა. მას პრაქტიკულად არანაირი პოლიტიკური ძალა არ გააჩნია. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი იმას იზამს, რაც მოეპრიანება - თუ, რა თქმა უნდა, საკუთარი პარტია უდგას გვერდში. მას რადიკალური რეფორმების გატარება ძალუძს. ძირეული ცვლილებები პოლიტიკური კატაკლიზმების გარეშე ხერხდება, რადგან ბრიტანეთს ლიბერალური დემოკრატიის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს.
ტეტჩერს საკუთარი პარტია გვერდში არ ედგა. მემარცხენე წინააღმდეგობა კონსერვატორებმაც გასწიეს. ტორების მემარცხენე ფრთა ემხრობოდა ე.წ. „ერთი ერის კონსერვატიზმის” იდეას. ეს მიმდინარეობა სათავეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან იღებს და გულისხმობს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის კონსენსუსის მიღწევას, სოციალური პოლარიზაციის შემცირებას. ეკონომიკური თვალსაზრისით, ერთი ერის კონსერვატიზმი მოითხოვს ფართომასშტაბიან სოციალური უზრუნველყოფის სისტემას, რაც 1970-იანი წლების ბოლოსთვის ისედაც მძიმე ტვირთად აწვა ბრიტანეთს. თანაც, მოსახლეობის გათქვეფა ერთ ბლანტ მასად, იძულება, რომ ბევრნი „ერთად” იქცნენ, დიდი ვერაფერი პერპექტივაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა 1984 წელი ახლოვდება. თუმცა, „ხალხზე მზრუნველებს” რა გამოლევს: მაიკლ ჰესელტაინი და სხვა რეფორმატორი კონსერვატორები ეწინააღმდეგებოდნენ სოციალური დახმარების სისტემის შეკვეცას, ეწინააღმდეგებოდნენ პრივატიზაციას, ეწინააღმდეგებოდნენ ხარჯების შემცირებას... მერე რა, თუ მათმა იდეებმა 1970-74 წლებში, ედვარდ ჰითის პრემიერობის დროს, ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოიყვანეს და არც ტეტჩერისთვის შეეძლოთ ჯეროვანი გეგმის შეთავაზება. ტეტჩერის პოლიტიკა მემარცხენე კონსერვატორებში უფრო მეტ კრიტიკასა და წინააღმდეგობას აწყდებოდა, ვიდრე ლეიბორისტებში.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანეთი დაახლოებით იმდენივეს აწარმოებდა, რამდენსაც საფრანგეთი და გერმანია, ერთად აღებული. და ოციოდე წელიწადში მას ორივე ქვეყანამ გაუსწრო... ცალ-ცალკე. 1970-იანი წლების ბოლოსთვის ბრიტანეთი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებში მე-19 ადგილს იკავებდა ეკონომიკური განვითარების მიხედვით. პრემიერის თანამდებობის ჩაბარებისთანავე, ტეტჩერი საყოველთაო გაფიცვებს შეეჩეხა. პორტებზე, ენერგოსექტორზე, ინდუსტრიაზე საუბარი აღარ არის, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები და მესაფლავეებიც კი გაფიცულიყვნენ. ინფლაცია, საშუალოდ, 16%-ს შეადგენდა, ხოლო უმუშევრობა 10%-ს აჭარბებდა.
ეკონომისტი ირვინ სტელცერი აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის მოსახლეობა თითქოს შეეგუა ქვეყნის ეკონომიკურ დაკნინებას. მთავრობა ფერად სიზმრებშიც აღარ ოცნებობდა ვითარების გამოსწორებაზე. ისინი, უბრალოდ, ცდილობდნენ, დეგრადაცია გაეკონტროლებინათ, კატასტროფა გადაევადებინათ. მთავრობა თითქოს მძევლად აეყვანათ გავლენიან პროფკავშირებს. აიძულებდნენ, შეენახა არამოგებიანი საწარმოები და ხელოვნურად შეენარჩუნებინა არაპროდუქტიული სამუშაო ადგილები. ფართო სამთავრობო სუბსიდიებმა და უყაირათო ხარჯვამ ბოლოს და ბოლოს გაარღვია ბიუჯეტი. როგორღა უნდა დაეფარათ დეფიციტი და შეენახათ ნაფერები სოციალური უზრუნველყოფის სისტემა? გადასახადების გაზრდით. 1979 წლისთვის მინიმალური საშემოსავლო გადასახადი 33%, ხოლო უმაღლესი - 98% იყო. ასეთი ტარიფის პირობებში ძნელია, დოვლათის დაგროვებაზე იფიქრო. ბრიტანული პრესა ხშირად გადმოსცემდა, რომ უდიდესი კორპორაციების წამყვანი მენეჯერები უარს ამბობდნენ დაწინაურებაზე. შეძლებული ადამიანები ცდილობდნენ, საკუთარი სიმდიდრე და საქმიანობა სხვა ქვეყნებში გადაეტანათ.
თუმცა, ვინ თქვა, რომ „რკინის ლედის” მსგავსი მეტსახელის მოპოვება ადვილია. კატასტროფასთან გამკლავებისას, ტეტჩერი ისეთი მშვიდი და უშფოთველი იყო, რომ მასთან შედარებით თვით დალაი ლამაც ნევროზიანად მოგეჩვენებოდათ. მდგომარეობა ზედმეტად რთული იყო ცვლილებების ყველა მიმართულებით ერთდროულად განსახორციელებლად, ამიტომ გადაწყვიტა, უპირველეს ყოვლისა, ინფლაციისთვის მიეხედა. ამას მოჰყვა საგადასახადო და პროფკავშირების რეფორმა, პრივატიზაცია და დერეგულაცია. თავიდანვე გაუქმდა თანხის გადაცვლის რეგულაციები, გაადვილდა მრეწველობისა და მომსახურების სფეროში საქმიანობისათვის საჭირო ნებართვების აღება. ფულის მიწოდება მთავრობის კონტროლს დაექვემდებარა, რაც სამთავრობო ხარჯების შეზღუდვასაც გულისხმობდა. ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ თვეში ტეტჩერმა საშემოსავლო გადასახადი შეამცირა. რამდენიმე წელიწადში ყველაზე დაბალი გადასახადი 25%-ს, უმაღლესი კი 40%-ს შეადგენდა.
მოსახლეობა რეფორმებს მხარს არ უჭერდა. ტეტჩერს აკრიტიკებდნენ. პარლამენტიც ლამის აუმხედრდა. ერთხელ, საპარლამენტო დებატებისას, ლეიბორისტმა მაიკლ ფუტმა ტეტჩერს სთხოვა, თუნდაც ორი ადამიანი დაესახელებინა, ვინც მის ეკონომიკურ გეგმას ემხრობოდა. რკინის ლედიმ პატრიკ მინფორდსა (ბრიტანელი ეკონომისტი, რომელიც იცავდა ტეტჩერის ეკონომიკურ პოლიტიკას) და ალან უოლტერსზე (ტეტჩერის ეკონომიკური მრჩეველი 1981-1983 და 1989 წლებში) მიუთითა, მოგვიანებით კი ჟურნალისტებს გაანდო: გამიმართლა, სამის დასახელება რომ არ მთხოვესო.
საინტერესოა საჯარო საცხოვრებლების რეფორმა. ბინები მასში მცხოვრებ ოჯახებს მიჰყიდეს საბაზრო ფასზე იაფად და გარკვეული შეღავათებით. დაიზოგა საბიუჯეტო თანხები, რომლებიც ბინების მომსახურებას ხმარდებოდა. საკუთარი საცხოვრებლის მქონე ბრიტანელთა რიცხვი კი 53-დან 71%-მდე გაიზარდა.
ტეტჩერის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი პატარა ბავშვივით ჭირვეული და ჯიუტი პროფკავშირების მორჯულება იყო. ზოგიერთები, ჩანს, ვერ ხვდებოდნენ, რომ ამ ქალის გადამტერება არ ღირდა. 1990 წლის ნოემბრისათვის, როდესაც რკინის ლედი გადადგა პრემიერის თანამდებობიდან, პროფკავშირებში გაწევრიანებული მუშების რაოდენობა თითქმის სამჯერ - 20%-მდე შემცირებულიყო. გაფიცვების გამო წლის განმავლობაში დაკარგული დღეების რაოდენობა 30 მილიონიდან ნახევარ მილიონამდე შემცირდა.
ეკონომიკურ რეფორმებში საკვანძო ადგილი პრივატიზაციას ეკავა. სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ საწარმოებს მოგებაზე გასვლის სურვილი არ ამოძრავებდათ. აბა, რა მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის, როგორ იმუშავებდნენ? მთავრობა ხომ ხელფასებს ისედაც დაარიგებდა. ამჯერად არ გაუმართლათ.
კერძო მფლობელობაში გადასვლის შემდეგ ბრიტანული ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობა გაიზარდა. საწარმოები კი მსოფლიო ბაზარზე დაბრუნდნენ და საკუთარი დაკარგული ნიშა დაიბრუნეს. წარმატებული პრივატიზაციის მაგალითია ნეიშენელ ფრეით კონსორციუმი. მისი თითოეული აქცია თანამშრომლებმა ერთ გირვანქად იყიდეს 1982 წელს, ხუთ წელიწადში კი აქციების ფასი 22-ჯერ გაიზარდა. პრივატიზებული საწარმოებიდან გამოსარჩევია: ბრიტანეთის პორტების ასოციაცია, ბრიტანეთის აეროპორტების ასოციაცია, ბრიტიშ პეტროლიუმი (სახელმწიფოს წილი), ბრიტოილი, ბრიტიშ ტელეკომი, ბრიტიშ ეარვეისი, აგრეთვე მანქანათმშენებლობის გრანდები: როლს-როისი, ლენდ-როვერი და იაგუარი.
რეფორმების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, 1982-1990 წლებში, ბრიტანეთის ინდუსტრიის პროდუქტიულობა წლიურად, საშუალოდ, 4.9%-ით იზრდებოდა. 1973-1979 წლების 1.9%-თან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი ყოველწლიურად 3.3%-ით მეტი იყო (1.3% 1973-1982 წლებში). უმუშევრობა თითქმის ორჯერ შემცირდა და ტეტჩერის წასვლის დღეს 6.2%-ს შეადგენდა. მაშინ ეს საუკეთესო მაჩვენებელი იყო ევროპის უდიდეს ეკონომიკებს შორის (გერმანია - 6.7%, საფრანგეთი - 9%, იტალია - 11%).
გადასახადების შემცირებამ მოსალოდნელზე დიდი შედეგი გამოიღო. ბრიტანეთის ეკონომიკაში თვითდასაქმებულთა რაოდენობა ორჯერ - 14%-მდე გაიზარდა. იმატა სხვადასხვა კორპორაციის აქტივებმაც მოსახლეობის საკუთრებაში. თუ ადრე 7% იყო, პრივატიზაციის შემდეგ ეს მაჩვენებელი 23%-ს გაუტოლდა. ბრიტანეთში კატასტროფულად დაეცა მოუქნელი ბიუროკრატიისადმი მიძღვნილი ანეკდოტების რიცხვი. დიდ ქალაქებში საჯარო მომსახურება კერძო ფირმებს გადაეცათ. დროთა განმავლობაში ამ სფეროში კერძო ბიზნესის წლიურმა ბრუნვამ 30 მილიარდ გირვანქას მიაღწია, ხოლო მოსახლეობას 20 მილიარდი გირვანქით ნაკლების გადახდა უწევს აღნიშნული მომსახურებებისთვის. შემცირდა სამთავრობო რეგულაციები ეკონომიკაში (მათი რაოდენობა ამჟამად კვლავ იზრდება. ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის ეკონომიკური საკითხების ინსტიტუტის მონაცემებით, ბრიტანეთი წლის განმავლობაში ევროკავშირისგან, საშუალოდ, 2 ათას რეგულაციას იღებს).
ტეტჩერის რეფორმები ეკონომიკითა და პოლიტიკით არ შემოფარგლულა. ბრიტანელი ჟურნალისტის, საიმონ ჯენკინსის თქმით, ტეტჩერმა შეცვალა არა მხოლოდ მოსახლეობის მოლოდინი მთავრობისადმი, არამედ თავად ხალხის შეხედულება საკუთარი თავის, როგორც ეკონომიკური სუბიექტის მიმართ.
ბრიტანეთმა „ავადმყოფობის” წინააღმდეგ ვაქცინა გამოიგონა და საკუთარ თავზე გამოსცადა. არ უძუნწია. ფორმულა ყველას გაუზიარა. განკურნებამ მსოფლიო კვლავ ლიბერტარიანულ ტალღაზე მოაქცია. ყველა კონტინენტზე გეზი აიღეს ეკონომიკაში მთავრობის როლის შემცირებისაკენ. ტეტჩერის რეფორმებმა ჩინეთიც კი შთააგონა. ამ უკანასკნელმა 1980-იანი წლებიდან საკუთარი ეკონომიკის ლიბერალიზაცია დაიწყო, რაც მისი სწრაფი ზრდის უმთავრეს წინაპირობად იქცა. მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სესხების გაცემის ერთ-ერთ პირობად ეკონომიკაზე სახელმწიფო კონტროლის შემცირება მიიღეს.
ტეტჩერის მტკიცე ხასიათი და თავდაჯერებული მმართველობის სტილი საგარეო პოლიტიკაშიც გამომჟღავნდა. პროფკავშირების წინააღმდეგ შეურყევლობამ, ფოლკლენდის დასაცავად ფლოტის გაგზავნამ, ევროგაერთიანებაში ბრიტანეთის პოზიციების დაცვამ და კომუნიზმთან შეურიგებელმა ბრძოლამ ტეტჩერს პრინციპული პოლიტიკოსის სახელი მოუტანა. „რკინის ლედის” სახელით იგი პირველად სწორედ საბჭოთა პრესამ მოიხსენია. ტეტჩერის პოლიტიკამ დაანახა ფოლადის ხელის მოყვარულ საბჭოთა კავშირს, რომ ევროპაში ანგარიშგასაწევი და უკომპრომისო მოწინააღმდეგე ჰყავდა. ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა ბრიტანეთს აღარ უტოვებდა თბილი საუბრების ფუფუნებას.
1982 წელს ბრიტანეთმა დაიცვა ქვეყნის ძირითადი ნაწილისაგან 15 ათასი კილომეტრით დაშორებული ფოლკლენდის კუნძულები. ამგვარად, ამაღლდა როგორც ქვეყნის, ისე დასავლური დემოკრატიების საერთაშორისო ავტორიტეტი. ფოლკლენდის ომში ბრიტანეთთან დამარცხებამ არგენტინის სამხედრო ხუნტას ლეგიტიმურობა გამოაცალა.
ტეტჩერმა გაამყარა ბრიტანეთის პოზიციები ევროგაერთიანებაში. ევროსკეპტიციზმის მიუხედავად, მას არ სურდა ქვეყნის გამოყვანა ამ ორგანიზაციიდან, მაგრამ ეწინააღმდეგებოდა შემდგომ ინტეგრაციასაც. იგი ევროკავშირს „უკანა კარიდან მომავალ სოციალიზმს” უწოდებდა. ტეტჩერის აზრით, ევროგაერთიანების როლი უნდა შემოფარგლულიყო თავისუფალი ბაზრის ხელშეწყობითა და თანასწორი კონკურენციის უზრუნველყოფით. მას არ სურდა ერთიანი ევროპული მონეტარული კავშირის შექმნა, არ სწყალობდა ევროგაერთიანებისგან მომავალ ურიცხვ რეგულაციებს. თქვა კიდეც - ბრიტანეთის მთავრობა იმისთვის არ შემიკვეცავს, რომ პასუხისმგებლობები ევროსტრუქტურებისათვის გადამეცაო.
ბრიტანეთი წლების მანძილზე არ იშურებდა მსუყე გადარიცხვებს ევროგაერთიანების სოფლის მეურნეობისათვის. თუმცა, ფული უკან არ უბრუნდებოდა. ასეთი თავნებობა ევროპელებს ტეტჩერთან აღარ გაუვიდათ. ორგანიზაცია რამდენიმე წლის განმავლობაში ბრიტანეთს თანხებს უბრუნებდა - პროექტების სახით, რომლებიც გათვალისწინებული იყო ინდუსტრიული ცენტრების პრობლემების (მაგალითად, საწარმოო ნარჩენებით დაბინძურება) მოგვარებისა და ნაკლებად დასახლებული ტერიტორიების განვითარებისთვის.
ტეტჩერის დროს გაღრმავდა ურთიერთობები ამერიკასთან. პრეზიდენტ რონალდ რეიგანის სახით, რკინის ლედის გავლენიანი პოლიტიკური მოკავშირე ჰყავდა. ფოლკლენდის ომში დახმარებისთვის ტეტჩერმა ამერიკულ სამხედრო ძალებს ბრიტანული აეროდრომები დაუთმო ლიბიის დასაბომბად. ორივე პოლიტიკოსმა მნიშვნელოვნად შეასუსტა საბჭოთა კავშირის გავლენა.
წარმატებული პრემიერის იდეები ახლაც არ კარგავენ აქტუალობას. 2009 წელს, ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ჟურნალმა პროსპექტმა ჩაატარა გამოკითხვა. გამოკითხულთა 49% თვლიდა, რომ მარგარეტ ტეტჩერი უკეთ შეძლებდა ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას, ვიდრე ახლანდელი პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი (24%). მართალია, ბრიტანეთს ტეტჩერი აღარ ჰყავს, სამაგიეროდ, ახსოვს მისი რეფორმები, რომლებსაც სხვა ქვეყნებიც აქტიურად იყენებენ სტაბილური ეკონომიკური განვითარების მისაღწევად.

 

კომენტარები