დავეწიოთ ისრაელს

რაც უფრო ვუკვირდები, მით უფრო მეტ ანალოგიას ვპოულობ საქართველოსა და ისრაელს შორის.

უპირველესად ზომა: ორივე ქვეყანა, ტერიტორიითა და მოსახლეობის რაოდენობით, თავის მეზობლებზე პატარაა (ისრაელის მოსახლეობა 7.5 მილიონია, ჩვენი - 4.5 მილიონი). შემდეგ თვითონ მეზობლები, რომლებიც ორივე ქვეყანას მუდმივ საფრთხეს უქმნიან. ჩვენ - რუსეთი, ისრაელს - სირია. მართალია, ისრაელის სხვა მეზობლებიც მაინცდამაინც მეგობრულნი არ არიან (ჩვენგან განსხვავებით), მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენი დიდია, ველურია და სირიაზე უფრო გაბედული.

საწყისი ეკონომიკური პოტენციალიც მსგავსი გვაქვს: ისევე როგორც ჩვენ, ისრაელს არ გააჩნია დიდი რაოდენობით ექსპორტისათვის გამოსადეგი ბუნებრივი რესურსები. შეიძლება ითქვას, რომ რესურსების თვალსაზრისით, საქართველო ოდნავ უკეთეს მდგომარეობაშია: ჩვენ გვაქვს ჭარბი ჰიდროელექტროენერგია და სტრატეგიული ადგილმდებარეობა, რომელიც სატრანსპორტო კორიდორის ფუნქციის შესრულების საშუალებას გვაძლევს.

ისრაელის ეკონომიკის სწრაფი ზრდა, ისევე როგორც საქართველოსი, დაიწყო ლიბერალიზაციითა და მკაცრი ფისკალური პოლიტიკით, რომელმაც მოთოკა ინფლაცია და შექმნა ქვეყნის ეკონომიკის შედარებით თავისუფალი განვითარების პირობები. 1990 წლამდე ისრაელის ეკონომიკა ითვლებოდა ყველაზე სოციალისტურ ეკონომიკად, კომუნისტური ბლოკის ქვეყნების შემდეგ. დღეს ის ყველაზე თავისუფალი და დივერსიფიცირებული (შესაბამისად, სტაბილური) ეკონომიკაა რეგიონში.

ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 200 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება, რომლის 46% სერვისზე მოდის, 25% - მრეწველობაზე და დანარჩენი - სოფლის მეურნეობაზე. ქვეყანა საზღვარგარეთ ყიდის ციტრუსებს, კვერცხს, ყვავილებს, კომპიუტერულ პროგრამებს, ფარმაცევტულ ნაწარმს, ქიმიკატებს, დამუშავებულ ალმასებსა და, რაც მთავარია, სამხედრო ტექნოლოგიებს. სწორედ ეს უკანასკნელია ის, რამაც, ჩემი აზრით, უდიდესი როლი ითამაშა ისრაელის განვითარებაში და საშუალება მისცა მას, ჩამოყალიბებულიყო მაღალტექნოლოგიურ ეკონომიკად.

სამხედრო ინდუსტრია მეცნიერებატევადი, კომპლექსური საქმეა. არც ერთი სხვა ინდუსტრია არ ქმნის იმდენ მოთხოვნილებას კვალიფიციურ კადრებზე და ეკონომიკის ინოვაციურ პოტენციალს, რამდენსაც სამხედრო ინდუსტრია. წარმოიდგინეთ, რამდენი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი და ექსპერტი სჭირდება, მაგალითად, მაღალი სიზუსტის, ე.წ. ჭკვიანი ბომბის შექმნას და შემდეგ მის გაყიდვას: პროექტის მენეჯერები, ინჟინრები, პროგრამისტები, ქიმიკოსები, ელექტრონული ინჟინრები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები, მარკეტინგის სპეციალისტები, იურისტები, ფინანსისტები და ა.შ... ეს ხალხი უნდა აღვზარდოთ, ამას სწავლება სჭირდება. გასაკვირი არ არის, რომ ისრაელი, რომელიც იარაღის მსოფლიო ბაზრის 10%-ს აკონტროლებს, მთლიან მოსახლეობასთან შეფარდებით, მეცნიერების რაოდენობით დღეს პირველ ადგილზეა. რაკი მოთხოვნა არის, მიწოდებაც იქნება - ეს თავისუფალი ბაზრის ფუნდამენტური კანონია.

ცხადია, რომ ამ კვალიფიციური მუშახელის გარეშე თანამედროვე, ტექნოლოგიურად განვითარებული ეკონომიკა შეუძლებელია. სამხედრო ინდუსტრიის განვითარება კი ასეთი მუშახელის გაჩენის ნატურალური საშუალებაა. მეტიც, ეს ერთადერთი ინდუსტრიაა, რომლის განვითარება სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა და პრეროგატივაა, რადგან სახელმწიფო სამხედრო დანიშნულების ტექნოლოგიების ექსკლუზიური მომხმარებელია და, შესაბამისად, დამკვეთიც უნდა იყოს.

ისრაელთან შედარებით, ჩვენ ეკონომიკური ზრდა დავიწყეთ 20 წლით გვიან, მაგრამ თუ დეტალებს ძალიან არ ჩავუღრმავდებით, შეიძლება ითქვას, რომ საწყისი პირობები თანაბარი გვქონდა - რთული გარემოცვა და არაფერი გასაყიდად, გარდა საკუთარი ტვინისა და ცოდნისა.

საქართველოს ბოლო წლების ეკონომიკური წარმატება საწყისი ლიბერალიზაციით, ინფრასტრუქტურისა და სერვისის (ტურიზმის) განვითრებით განპირობებული ბუნებრივი მოვლენა იყო. მაგრამ თუ გვინდა, რომ არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო წინ წავიდეთ, საჭიროა ზრდის მეორე, ინოვაციური, ტექნოლოგიური ეტაპი. მთავრობას ეს ეტყობა ესმის და ამიტომაც გამოვიდა ინიციატივით - საგადასახადო შეღავათების გზით საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრია განავითაროს. ინიციატივა ძალიან კარგია, მაგრამ საინფორმაციო ტექნოლოგიები დიდი სურათის მხოლოდ მცირე ნაწილია.

კომენტარები