101 მიზეზი ზაფხულის კინოში გასატარებლად

 5 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით კინოთეატრები ამირანი და რუსთაველი სამოთხის ფუნქციებს შეითავსებს. თბილისის კინოთეატრებში 101 (სიქველების გარდა) ფილმი გავა. ეს უბრალო ნამუშევრები არ გეგონოთ. ეს არის ფილმები, რომლებმაც კინო შეცვალეს. თქვენ გელით კუბრიკის, სკორსეზეს, ჰიჩკოკის, სპილბერგისა და ქემერონის ნამუშევრების დიდ ეკრანზე ნახვის სიამოვნება.
თითო სეანსზე დასწრება 5-7 ლარი ეღირება. აბონემენტი კი, რომლის საშუალებითაც ყველა ფილმის ნახვა შეგიძლიათ, საკმაოდ იაფი - 50 ლარი დაგიჯდებათ. სეანსები კინოთეატრების დარბაზებში ჩატარდება. დღეში 10-11 ფილმს აჩვენებენ, თითოეული 2-3 დღეს გავა, შემდეგ კი სხვა ნამუშევრით ჩანაცვლდება.
სია შესანიშნავი ფილმებითაა დაკომპლექტებული. კარგი იქნება, თუ ყველას ნახავთ, თუმცა, ტაბულა მაინც გირჩევთ იმ 9 ფილმს, რომლებიც უთუოდ დიდ ეკრანზე უნდა დააგემოვნოთ.

მაგნოლია
ძალიან ცოტაა სამსაათიანი ფილმი, რომელიც მაყურებელს არ ღლის. ძალიან ცოტაა ისეთი ნამუშევარი, რომლისთვისაც სიტყვა სრულყოფილება სასაცილო, არასაკმარისი დახასიათებაა. პოლ ტომას ანდერსონის მაგნოლია თავის ფოთლებზე იტევს რამდენიმე პერსონაჟის უცნაურ, გომბეშოებით სავსე ისტორიას. ეს არის ფილმი, რომელიც უზარმაზარ ტრეკს ჰგავს და სულ გინდა, რომ უსმინო. 1999 წლის და, საერთოდ, თანამედროვე კინოს მშვენება.

მებრძოლთა კლუბი
შენ არ ხარ შენი სამსახური, არც ფული ხარ, რომელიც საბანკო ანგარიშზე გაქვს, შენ არც შენი მანქანა ხარ და არც საფულის შემადგენელი ნაწილი. შენ ხარ… იმისთვის, რომ გაიგო შენი ცხოვრების მიზანი, ტაილერ დერდნერს უნდა მიჰყვე. ის მოგიყვება წარმოუდგენელ ამბავს, რომლის დასასრულს ხელებს ცაში აღაპყრობ და Pixies “WHERE IS MY MIND”-ის სიმღერას დაიწყებ. აუცილებლად. ჩაკ პალანიუკის ამავე სახელწოდების ნოველის დევიდ ფინჩერისეული ეკრანიზაცია, რომელიც პინგვინთან ერთად ყინულზე სრიალს ჰგავს. რატომ? ამას კინოთეატრში ნახავთ.

უცხო
ამ ფილმის დიდ ეკრანზე ხილვის შემდეგ მიხვდებით, რა არის ნამდვილი ჰორორი. ეს არის კოსმოსური ოდისეა, სადაც საშინელი უცხოპლანეტელისგან ვერაფერი გიხსნით. ელენ რიპლი არ ითვლება. ამ ქალს ყველაფერი შეუძლია. რიდლი სკოტის გენიალური ფილმი, რომელიც სამი ათეული წლის შემდეგაც არ დაძველებულა.

ინდიანა ჯონსის ტეტრალოგია
ოთხი ფილმი კინოს უდიდეს არქეოლოგზე. ამ ფილმებზე ბევრი საუბარი არ არის საჭირო. სტივენ სპილბერგის ნამუშევრები არის კინოკლასიკა, რომლის დიდ ეკრანზე ნახვის შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა. ჯონ უილიამსის დაუვიწყარი მუსიკალური თემები, ჰარისონ ფორდის დიდებული პერსონაჟი და, უბრალოდ, არაჩვეულებრივი სიუჟეტების მქონე სათავგადასავლო ფილმები.

ვარსკვლავური ომები (ორივე ტრილოგია)
1977 წელს ჯორჯ ლუკასმა კინოში რევოლუცია მოახდინა. სწორედ ამ წელს მსოფლიომ გაიცნო ლუკ სკაიუოკერი, დარტ ვეიდერი, ჰანს სოლო, ობი ვან კენობი და მაგისტრი იოდა. ეს პერსონაჟები ნამდვილები რომ იყვნენ, აშშ-ს პრეზიდენტობაზე თავისუფლად იყრიდნენ კენჭს. დარტ ვეიდერის სიტყვები „ლუკ, მე მამაშენი ვარ”, ისეთივე ეპოქალურია, როგორც ნილ არმსტრონგის სიტყვები: „ეს იყო პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, მაგრამ დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის”.

2001: კოსმოსური ოდისეა
ვიზუალური ოდისეა კუბრიკის თავში, რომელიც 1968 წელს დაიწყო და მას შემდეგ არ გაჩერებულა. თქვენ აუცილებლად გაგეყინებათ სისხლი HAL 9000-ის წინაშე, აუცილებლად აკანკალდებით ფილმის ფინალზე და აუცილებლად მქუხარე ტაშით დააჯილდოებთ სტენლი კუბრიკს - რეჟისორს, რომელმაც წარმოუდგენლად დიდი კვალი დატოვა კინოში.

მატრიცა (ტრილოგია)
1999 წლის კიდევ ერთი შედევრი. ვაჩოვსკების სამნაწილიანი სექსუალური აქტი მაყურებლის გონებასთან. რა არის მატრიცა? კითხვა ფილმის დასაწყისში ჩნდება და სრულ პასუხს ტყუილად დაელოდებით. სანამ კინოში წახვალთ, კარგად დაფიქრდით. თქვენ წინაშე ორი აბია: ლურჯი და წითელი. პირველს აირჩევთ, არ წახვალთ ფილმის დიდ ეკრანზე სანახავად და თქვენს ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება, ალისას საოცრებათა სამყაროში ვერ მოხვდებით. წითელი აბის არჩევის შემთხვევაში, უკან დასახევი გზა მოჭრილია. თქვენ სიმართლეს გაიგებთ და ნახავთ, თუ როგორი ღრმა ყოფილა კურდღლის სორო, სადაც ქეროლის ალისა ჩაძვრა და სადაც თქვენ არანორმალური ამბავი გელოდებათ.

ძველი ბიჭი
ტაბულას სიაში ყველაზე ნაკლებად ცნობილი ფილმი. სამაგიეროდ, ბოლო ათი წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი. ჩან ვუკ პარკის მიერ შექმნილი ყველაზე უცნაური შურისძიების ამბავი, რომელიც რეჟისორის, ოპერატორის, მსახიობებისა და კომპოზიტორის წყალობით, უზადოდაა გადმოცემული. „თუ მე მონსტრზე უკეთესი არ ვარ, არ მაქვს სიცოცხლის უფლება?” ესაა ფრაზა, რომელიც დიდხანს, ძალიან დიდხანს არ დაგავიწყდებათ.

ბეჭდების მბრძანებელი (ტრილოგია)
დიდ ეკრანზე დასაგემოვნებელ ფილმებში „ბეჭდების მბრძანებელზე” უკეთესი, ალბათ, არაფერი გადაუღიათ. პიტერ ჯექსონის სრულყოფილი ტრილოგია. იშვიათია, ფილმი სამი ნაწილისგან შედგებოდეს და სამივე ერთმანეთზე უკეთესი იყოს. ჯონ რუალ რონალდ ტოლკიენის ნაწარმოების ეკრანიზაცია, რომელსაც, მნიშვნელობა არ აქვს, სად ნახავთ - დიდ ეკრანზე, ტელევიზორში, ლეპტოპსა თუ MP4-ის პაწაწინა ეკრანზე. ის ყველგან ერთნაირად ეპიკური და გენიალურია.

კომენტარები