ლიბერალი? ერთსა და იმავეზე ვსაუბრობთ?

 თუ გეგულებათ ინგლისურ ენაში უფრო მოქნილი სიტყვა, ვიდრე „ლიბერალია”?
თუ გეგულებათ უფრო უბოროტო, მაგრამ ბოროტად გამოყენებული სიტყვა - თავდასხმებისგან-დაცვა-რომ-სჭირდება - ვიდრე „ლიბერალია”?
ატლანტიკის ორივე ნაპირზე - სადაც ინგლისურად ლაპარაკობენ - ლიბერალი ნიშნავს იმას, რასაც მთქმელი ამბობს, რომ ნიშნავს, მაგრამ ხშირად არ ნიშნავს იმას, რასაც მსმენელი ფიქრობს, რომ ნიშნავს. და მეფობს გაუგებრობა.
ამერიკაში ნეოკონსერვატორები თავს ნეოლიბერალებს უწოდებენ, თუ საქმე ეკონომიკურ თეორიას ეხება. ისინი საგარეო პოლიტიკაში ლიბერალური ინტერვენციის მომხრენი არიან.
ბრიტანეთში ლიბერალებისთვის ფრაზა „ლიბერალური ინტერვენცია” ოქსიუმორონია და სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევის იდეა მათში ზიზღს იწვევს, იმის მიუხედავად, რამდენად დანაშაულებრივია იქ რეჟიმი.
ამერიკელისთვის რომ გეთქვა ორიოდე წლის წინ, ავსტრალიას ლიბერალური პარტია მართავსო, უკანასკნელი, რაც მას შეიძლება ეფიქრა, იყო ის, რომ ლიბერალი ლიდერი, ჯონ ჰაუარდი, კონსერვატორი იყო, ოდნავ მარჯვნივ გადახრილი რონალდ რეიგანისგან.
მაგრად დააბნევს რაშ ლიმბოს - ამერიკის გავლენიანი მემარჯვენე რადიოს მეტრის - გულშემატკივრებს იმაზე ფიქრი, რომ ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია - მარგარეტ ტეტჩერის პარტია - ლიბერალდემოკრატებთან არის კოალიციაში.

თავგზის აბნევა

პირველ რიგში, რაშისთვის ეს ტავტოლოგია იქნებოდა. მათთვის ლიბერალი = დემოკრატს.
მაგრამ იმის იქით, ლიბერალი = სოციალისტს და შეუძლებელია ტეტჩერის პარტიასა და სოციალისტებს შორის რამე კოალიციაზე ფიქრი.
და თუ შეახსენე, რომ მათი მეორე ჭეშმარიტი ბრიტანელი გმირი უინსტონ ჩერჩილი თავიდან კონსერვატორი იყო, მერე კი ლიბერალი გახდა, სანამ ისევ კონსერვატორთა ბანაკს დაუბრუნდებოდა, მათ ნამდვილად აუბნევ თავგზას.
ჩერჩილის ლოიალობის შეცვლის მიზეზი თავისუფალი ვაჭრობა იყო. იგი თავისუფალ ვაჭრობას ემხრობოდა, თუმცა მის კონსერვატორ კოლეგებს პროტექციონისტული ტარიფებისა სწამდათ, ამიტომ ჩერჩილი ლიბერალების მერხებზე გადასკუპდა თემთა პალატაში.
ეს თითქმის ერთი საუკუნის წინ მოხდა და კიდევ ერთი საუკუნით წინ თუ წავალთ, ლიბერალური გაუგებრობის ფესვებსაც მივადგებით.
სწავლულთა უმეტესობის მტკიცებით, სიტყვა „ლიბერალიზმი” ინგლისურ ენაში პირველად 1815 წელს გამოიყენეს.
იგი მოდის ლათინური სიტყვიდან - Liber, რაც თავისუფალს ნიშნავს. ამის გაგება ადვილია.
თუმცა, ძნელია, ზუსტად გაიგო, რას ნიშნავს იყო თავისუფალი და ასევე ძნელია, გაიგო ის მეთოდები, რომლებითაც ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების თავისუფლება.

„ლიბერალური” აჯანყებები

პირველ ხანებში ლიბერალი იყო სიტყვა, რომელსაც იმ დროის ახალი ფენომენი - კაპიტალისტი, ბიზნესმენი თუ მეწარმე - იყენებდა.
ამ ბიზნესმენებს სურდათ თავისუფლება, რათა სხვა ქვეყნებთან ევაჭრათ ტარიფების გადაუხდელად - იმ გადასახადების გადაუხდელად, რომლებიც ხშირად ფეოდალური არისტოკრატიის შენახვას ხმარდებოდა, ისევ რომ მართავდა კონტინენტის უდიდეს ნაწილს.
დემოკრატია - და არა მემკვიდრეობით მიღებული პრივილეგიები - იყო ლიბერალური მიზანი.
მე-19 საუკუნის ევროპა სამეფოებად და საჰერცოგოებად იყო დაყოფილი. ამ უძველესი წყობის წინააღმდეგ ქვეყნის მოსახლეობის გაერთიანება - ნაციონალიზმის - გახდა ლიბერალური მიზანი.
ბევრი ადამიანი მეორეხარისხოვან მოქალაქედ ითვლებოდა, უძველესი რელიგიური ანტაგონიზმის მიხედვით. ყველა მოქალაქის თანასწორობა გახდა ლიბერალური მიზანი.
როგორ მიეღწიათ ლიბერალური მიზნებისთვის? 1848 წელს ევროპას რევოლუციებმა გადაუარა.
მათი მიზნები - ზოგადად - ლიბერალური იყო. ხალხს მკაფიო ეროვნული საზღვრები და ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობა სურდა.
ეს რევოლუციები თავიდან სისხლიანი იყო და ამიტომ ზოგმა ლიბერალი მჭიდროდ დაუკავშირა რადიკალს.
რევოლუციები წარუმატებლად დასრულდა, თუმცა ოც წელიწადში იმ ლიბერალური პრინციპების უმეტესობა, რისთვისაც იბრძოდნენ, საყოველთაო გახდა.
შეიქმნა თანამედროვე გერმანია და იტალია.
მძლავრობდა ნაციონალური მოძრაობები პატარა ქვეყნებში.
თუმცა, რაც მთავარია, მე-19 საუკუნის შუა პერიოდისთვის, ლიბერალიზმი თავისუფალ ვაჭრობას ნიშნავდა.
სწორედ ამას ნიშნავდა ის ბრიტანეთის ლიბერალური პარტიისათვის, რომელიც კონსერვატიულ პარტიაში (ტორი) 1848 წლის მოვლენების შემდეგ მალევე ჩამოყალიბდა.

არასაკმარისი სინატიფე

ატლანტიკის მეორე მხარეს ეს სიტყვა ჯერ არ გამოიყენებოდა, როდესაც ამერიკას ევროპელი იმიგრანტების დიდი ტალღა მიაწყდა; ისინი იმ ეკონომიკურ პირობებს გაექცნენ, რომელთა მოგვარების ძალა ლიბერალიზმს ჯერ კიდევ არ შესწევდა.
ისინი პიროვნული თავისუფლების ლიბერალური იდეების მხარდამჭერნი იყვნენ და ეს იდეები ამერიკას გადაუსხეს.
1854 წელს ახალი პარტია - რესპუბლიკური პარტია - დაფუძნდა და უმალვე მოიპოვა ამ იმიგრანტების მხარდაჭერა.
რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებოდნენ მონობას, რაზეც ამერიკის სამხრეთის ეკონომიკა იდგა.
აი, აქ არის თანამედროვე გაუგებრობის თავი დამარხული.
სამხრეთი ტარიფების წინააღმდეგი იყო - რაც ლიბერალური პოზიციაა - მაგრამ მზად იყო, თავგანწირვით ებრძოლა მონობის უფლების შენარჩუნებისთვის - რაც ყველაზე არალიბერალური პოზიციაა, რომელიც კი შეიძლება წარმოიდგინო.
ასეა თუ ისე, მას შემდეგ ამ სიტყვაზე კამათი არ შეწყვეტილა.
ნაციონალიზმი ახლა არალიბერალურად ითვლება. ამერიკაში ლიბერალები თავისუფალ ვაჭრობას ეჭვით უყურებენ, ვინაიდან ეს ამერიკელ მშრომელებს სამუშაო ადგილებად უჯდებათ.
ეგებ სიტყვა ლიბერალი - ცალკე აღებული - აღარაფერს ნიშნავს. ეგებ ეს ინგლისური ენის სისუსტეა. ჩვენი ენა მშვენიერია ყველანაირი აზრის გამოსახატავად, მაგრამ მაინცდამაინც აქ აკლია სინატიფე.

პროგრესული
კონსერვატორი?

აქ, შესაძლოა, გერმანული ენა უფრო გამოდგეს. ჩვენ რამდენიმე არსებითი სახელის გამოყენება შეგვიძლია იმ ერთი სიტყვის საწარმოებლად, რომელიც ჩვენთვის საჭირო სპეციფიკურ მნიშვნელობას გამოხატავს: სოციალლიბერალმა ან თავისუფალვაჭრობალიბერალმა, შესაძლოა, სიცხადე შემატოს.
უკეთესი შეიძლება - იყო სოციალლიბერალისანამესჩემიეთნიკურიჯგუფისინტერესებსადგება ანდა თავისუფალვაჭრობალიბერალისანამესმამდიდრებსთუარადაპროტექციონისტივარ.
მიყვარს გერმანული ენა.
ასეა თუ ისე, ტრანსატლანტიკური გაუგებრობა ახლო მომავალში არსად გაქრება.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი, ლიბერალია - ამ სიტყვის დღევანდელი ამერიკული მნიშვნელობით.
იგი აღიარებს კლიმატური ცვლილების თეორიებთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ მეცნიერებას და იცავს გეების უფლებებს. იგი თავს პროგრესულსაც კი უწოდებს.
ამერიკაში სიტყვა ლიბერალი მემარჯვენე დემაგოგებმა იმდენად გააუფასურეს, რომ ლიბერალებს - აგერ უკვე, სულ მცირე, ოცი წელია, ურჩევნიათ, თავს პროგრესულები უწოდონ.
მართლაც ძალზე დამაბნეველია - თუმცა, ნამდვილ ტრანსატლანტიკურ დაბნეულობას ეგებ სიტყვა „ლიბერალის” კი არა, სიტყვა „კონსერვატორის” მნიშვნელობა იწვევს.

სტატია უსასყიდლოდ მოგვაწოდა bbc.co.uk


 

კომენტარები