ბათუმის კინოფესტივალი მეხუთედ!

 ყველამ დიდი ხანია ვიცით, რომ ქართული კინო დიდად არ გვანებივრებს და ბოლო ათწლეულის ეროვნული კინემატოგრაფით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით. ამ ყველაფრის მიუხედავად, არის ერთი რამ, რაც ქართველი კინომანებისთვის, ცოტათი მაინც, შვების მომგვრელი შეიძლება იყოს - ფესტივალი.
კინოფესტივალი - სივრცე, სადაც იკრიბებიან კინოს მოყვარულები, სადაც თანამედროვე ევროპული თუ აზიური კინოს გაცნობის საშუალება გეძლევა; სადაც, ცოტა ხნით მაინც, კინოს სამყაროში გადადიხარ, იქ, სადაც სხვადასხვა ამბავს სხვადასხვა ენაზე გიყვებიან... სადაც ახალ „მეგობრებს” იძენ, ახალ სუნთქვას სწავლობ და ეკრანული ცხოვრების დიდ წიგნში პატარ-პატარა აღმოჩენებსაც აკეთებ.
საქართველოს კინორუკაზე 2006 წლამდე მხოლოდ ერთი ფესტივალი არსებობდა - თბილისის საერთაშორისო ფესტივალი პრომეთე. ღონისძიება, რომელიც ერთი კვირის მანძილზე უამრავ სტუმარს კინოსამყაროში მოგზაურობას სთავაზობდა და რომელმაც შარშან ათი წლის იუბილე იზეიმა. 2006 წელს რუკას კიდევ ერთი ადგილი და სახელი შეემატა - ბათუმი.
ბათუმის კინოფესტივალი წელიწადის ყველაზე კარგ დროს ტარდება - სექტემბერში. აბა, რა უნდა ინატრო ამაზე უკეთესი? სექტემბერი, თბილი ზღვა, სასიამოვნო მზის სხივები და კინო! ბევრი კინო! არა, ამინდზე თავს ვერ გამოიდებ - აჭარაა მაინც! მაგრამ კინო?!
ფესტივალის ისტორია 2006 წელს დაიწყო, როდესაც მონდომებული ახალგაზრდების იდეას ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი” და ქალაქის მერია შეუერთდა და მათი მხარდაჭერით დაარსდა ბათუმის კინოფესტივალი. წლევანდელ ფესტივალს, როგორც ყოველთვის, პროგრამ-კონსულტანტობას გაუწევს ჩიკაგოს დოკუმენტური კინოფესტივალის დირექტორი ქრისტოფერ კამიშევი. ისევე როგორც წინა წლებში, ფესტივალს სხვადასხვა ქვეყნის კინომცოდნეები, რეჟისორები და ახალგაზრდა შემოქმედები ეწვევიან.
ფესტივალის პროგრამებში - ძირითადი კონკურსი, ახალგაზრდა რეჟისორების ფილმები, რეტროსპექტივები და სპეციალური ჩვენებები - 22 ქვეყნის კინო იქნება წარმოდგენილი, ხოლო სპეციალურ პროგრამაში - აბრეშუმის გზის ქვეყნების ფილმები - წელს ირანულ კინოზე გაკეთდება აქცენტი. ასე რომ, ირანული კინო ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი „სტუმარი” იქნება.
წელს ძირითადი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე და ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ცნობილი პოლონელი კინორეჟისორი ზბიგნევ რიბჩინსკი, ჟიურის წევრები - ნინო კირთაძე, რეჟისორი (საქართველო), სიდიქ ბარმაკი, რეჟისორი (ავღანეთი) და კინომცოდნე ბოჟიდარ მანოვი, ბულგარეთის კინოცენტრის წარმომადგენელი.
პერიოდულად სიახლეები განთავსდება კინოფესტივალის ვებგვერდზე (www.biaff.org) და კინოფესტივალის FACEBOOK ჯგუფში, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრიანება.
ასე რომ, 12-19 სექტემბრამდე!

კომენტარები