რთული გზა განვითარებისკენ

შრი ლანკის პრეზიდენტი რაჯაპაკსა
 2009 წლის მაისში შრი ლანკის მთავრობამ მოახერხა მეამბოხე თამილების დამარცხება და ტერორისტული ორგანიზაციის, თამილელი ვეფხვების განადგურება. 30-წლიანი ეთნიკური კონფლიქტი, რომლის დასრულებისთვის ხელი ეკონომიკურ განვითარებასაც უნდა შეეწყო, ამით თითქოს ამოიწურა, თუმცა ამას პრეზიდენტ რაჯაპაკსას ავტორიტარული მმართველობის სტილმა შესაძლოა ხელი შეუშალოს.
პოლიტიკური სიტუაცია 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაიძაბა. პრეზიდენტ მაჰინდა რაჯაპაკსას კონკურენტი გენერალი სარათ ფონსეკა იყო, რომელმაც წარმატებით უხელმძღვანელა მეამბოხეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს. საბოლოოდ რაჯაპაკსა მეორე ვადით აირჩიეს, ხოლო გენერალი ფონსეკა სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს, რასაც სახალხო მღელვარება მოჰყვა. დააკავეს ფონსეკას თანაპარტიელებიც, საპროტესტო აქციები კი ძალადობრივი მეთოდებით დაშალეს. ამას გარდა რაჯაპაკსამ მთავრობაში საკუთარი ნათესავები მოიყვანა. მისი ძმა ბასილ რაჯაპაკსა ეკონომიკური განვითარების მინისტრია და ქვეყანაში შემოსულ დიდძალ ეკონომიკურ დახმარებასა და ინვესტიციებზე ხელი მიუწვდება. პრეზიდენტის მეორე ძმა გოტაბაია რაჯაპაკსა კი თავდაცვის მინისტრია.
2009 წლის სამხედრო ოპერაციების შედეგად ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში ინფრასტრუქტურა განადგურდა. რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი კი ახლაც საცხოვრებელი ადგილების გარეშეა დარჩენილი. რამდენიმეათასიანი სამოქალაქო მსხვერპლის გამო შრი ლანკა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა გააკრიტიკეს და სავაჭრო და ფინანსური თავისუფლებები შეუზღუდეს.
გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის ინიციატივით, სამი ექსპერტისგან შეიქმნა პანელი, რომელსაც ინფორმაცია უნდა მოეგროვებინა შრი ლანკის სამთავრობო ძალების მიერ სამხედრო ოპერაციების დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე. ამ ნაბიჯმა გააღიზიანა კოლომბო. გაეროს წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქციებიც გაიმართა. საპასუხოდ გაერომ კოლომბოში მსოფლიო საკვების პროგრამის რეგიონული წარმომადგენლობა დახურა.
თუმცა, დასავლეთთან ურთიერთობების გართულების პარალელურად, სწრაფად ვითარდება ურთიერთობები ჩინეთთან. 2009 წელს შრი ლანკამ დახმარებების სახით მიიღო 2.2 მილიარდი დოლარი, საიდანაც ნახევარზე მეტი ჩინეთს ეკუთვნოდა. ჩინეთი დაინტერესებულია როგორც კუნძულოვანი სახელმწიფოს მზარდი ბაზრით, ისე მისი სტრატეგიული მდგომარეობით ინდოეთის ოკეანეში. მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა დიდწილად დამოკიდებულია სპარსეთის ყურიდან და აფრიკიდან იმპორტირებულ ნავთობზე, რომელიც ქვეყნამდე საზღვაო გზებით აღწევს. ინდოეთის ოკეანეში მთავარ მოთამაშეებად ამერიკისა და ინდოეთის საზღვაო ძალები რჩებიან, რაც პოტენციურ საფრთხეს შეიცავს ჩინეთისათვის. ის საკუთარი გავლენის განვრცობას ცდილობს. ამის მაგალითია ინდოეთის ოკეანეში სხვადასხვა პორტების აგება. მაგალითად, გვადარი პაკისტანში, ჩიტაგონგი ბანგლადეშში და ჰამბანტოტა შრი ლანკაში. თითოეული პროექტის ღირებულება რამდენიმე მილიარდი დოლარია. ნაკლებ მოსალოდნელია ამ პორტებში სამხედრო-საზღვაო ბაზების შექმნა, როგორც ფინანსური ისე პოლიტიკური სიძნელეების გამო, თუმცა ჩინელებს შეეძლებათ პორტების გამოყენება მოკლევადიანი სამხედრო ოპერაციებისათვის. ამას გარდა, ახალი ნავსადგურები ხელსაყრელი მდებარეობის გამო კონკურენციას გაუწევენ რეგიონის სხვა საგზაო კვანძებს, მათ შორის სინგაპურსაც.
ჩინეთთან ურთიერთობა შრი ლანკას შიდა ეთნიკურ და რელიგიურ პრობლემებს ვერ მოუგვარებს. მიუხედავად სტაბილური სიტუაციისა და ეკონომიკური ზრდისა, გარკვეული დაპირისპირება მაინც არსებობს სინჰალელებსა და თამილებს, ინდუსებსა და მუსლიმებს შორის. დემოკრატიული მმართველობის შესუსტებამ კი შესაძლოა ხელი შეუწყოს იმ კონფლიქტის ესკალაციას, რომელსაც შრი ლანკამ შარშან დააღწია თავი.

კომენტარები