ნიუ იორკში მეჩეთის მშენებლობის იდეა მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს

იმამი ფეიზალ აბდულ რაუფი
ამერიკისათვის ჩვეული ზაფხულის სიწყნარე წელს კამათმა დაარღვია იმ გეგმის შესახებ, რომელიც მეჩეთის აგებას ითვალისწინებს ორიოდ კვარტალში ნიუ იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრიდან, ანუ ადგილიდან, 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტებმა მიწასთან რომ გაასწორეს და ხალხმა „გრაუნდ ზერო” შეარქვა. აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ნიუ იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი მეჩეთის აგებას ემხრობიან, ამერიკელთა 70% კი, CNN-ის გამოკითხვის თანახმად, წინააღმდეგია. დებატები და მათი შედეგი მნიშვნელოვანია არა მარტო ნიუ იორკის, არამედ ამერიკელებისა და მთელი მსოფლიოსათვის.

ნიუ იორკული სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი შარიფ ელ-გამალი და ისლამური ჯგუფი „კორდობის ინიციატივა”, რომლის მიზანი – საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად – „მუსლიმურ და დასავლურ სამყაროებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაა”, პარკ პლეისზე გამოთავისუფლებული სივრცის ათვისებას აპირებენ. 100 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტით იგეგმება 13-სართულიანი ისლამური კულტურის ცენტრის მშენებლობა 500-ადგილიანი დარბაზით, რესტორნითა და სპორტული კომპლექსით, და მეჩეთის აგება „კორდობის ინიციატივის” აღმასრულებელი დირექტორის, იმამ ფეიზალ აბდულ რაუფისათვის.

როდესაც პროექტის მესვეურები ბიუროკრატიულ ლაბირინთებში მიიკვლევდნენ გზას საჭირო ნებართვების მისაღებად, წინააღმდეგობა გაძლიერდა. მეჩეთის სავარაუდო მშენებლობის ადგილი ერთი უსახური შენობაა, რომელშიც ბოლოს იაფი მაღაზია იყო განთავსებული. შორიახლო არის მეორე მეჩეთი. ამ მიდამოებშივეა ოფისები, რესტორნები, აზარტული თამაშების კლუბი და სტრიპტიზბარი.

ხმაური რატომ ატყდა? იმიტომ, რომ მეჩეთის აგება ასე ახლოს იმ ადგილთან, სადაც ტერორისტებმა 2 967 ადამიანი მოკლეს, მუსლიმური და დასავლური სამყაროების ურთიერთობასთან დაკავშირებით მტკივნეულ საკითხებს აყენებს.

იმის ნაცვლად, რომ ამ საკითხების განხილვის გზით კომპრომისის მიღწევა ეცადათ, ობამამ და ბლუმბერგმა მეჩეთის მშენებლობის ადვოკატობა არჩიეს. „როგორც მოქალაქესა და პრეზიდენტს, მიმაჩნია, რომ მუსლიმებს ისეთივე უფლებები აქვთ, მისდევდნენ თავიანთ რელიგიას, როგორც ნებისმიერ სხვას ამ ქვეყანაში”, – უთხრა ობამამ თეთრ სახლში გამართულ რამადანის სადილზე – იფტარზე – მიწვეულ სტუმრებს.

„ხალხის განწყობას თუ დავემორჩილეთ, ამით ტერორისტებს გამარჯვებას დავუთმობთ”, განაცხადა ბლუმბერგმა თავისუფლების ქანდაკების ფონზე.
ვერც ობამა მიხვდა მთავარს და ვერც ბლუმბერგი. ამერიკა ყველაზე ტოლერანტული ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ყველა აღმსარებლობის მილიონობით ადამიანი წარმატებულად ცხოვრობს, მათ შორის მილიონობით მუსლიმი, რომელთა განკარგულებაში 2000 მეჩეთია ამ ქვეყანაში, მათ შორის 100 მხოლოდ ნიუ იორკში. არც ისეთი სულელები უნდა ვიყოთ, რომ დავიჯეროთ, ტერორისტები უცბად იტყვიან უარს თავიანთ ბოროტ ზრახვებზე იმიტომ, რომ ამერიკა საკუთარ ტოლერანტობას კიდევ ერთი ჟესტით დაადასტურებს.

„ეს ამერიკული ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულების ტესტია”, განაცხადა ბლუმბერგმა 24 აგვისტოს ნიუ იორკის მერის ოფიციალურ რეზიდენციაში, გრეისი მენსონში, გამართულ იფტარზე.

„პირიქით”, წერილობით გამოეხმაურა ბლუმბერგის განცხადებას ნიუ იორკ პოსტის კომენტატორი მაიკლ გუდვინი, „ეს ტესტია, მაგრამ არა ამერიკული ფასეულობების გამოსაცდელად. ეს ისლამური ფასეულობების ტესტია”.

კეთილი ნების ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ ის საზარელი რეალობა, რომელიც აღწერა დოქტორმა ტოფიკ ჰამიდმა, ერთ დროს ტერორისტული ორგანიზაციის წევრმა, ახლა კი ისლამური რადიკალიზმის კვლევის ხელმძღვანელმა ვაშინგტონის პოტომაკის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. „გრაუნდ ზეროზე” მეჩეთის აგების დაშვება”, წერს ჰამიდი, „ჯიჰადისტებს შეაგულიანებს, განავრცონ თხრობა თავიანთი წარმატების შესახებ: „ჯერ 9 სექტემბერს გავანადგურეთ ამერიკის სიძლიერის სიმბოლო – მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, ახლა კი ეს მეჩეთი ამერიკაში ისლამის გაძლიერების მაჩვენებელია”.

ამ ვითარებაში ამერიკელები ინტუიციით მიხვდნენ, რომ რაღაც არასწორი იყო ამ პროექტში – ასეთ გრანდიოზულში, მაინცდამაინც ამ ადგილზე, თანაც ბურუსით მოცული დაფინანსებით.

ამ შეშფოთებამ ეჭვი გააძლიერა. მეჩეთებს ხშირად იყენებენ ბოროტი განზრახვის შესასრულებლად – 1993 წელს მსოფლიო სავაჭრო ცენტრში აფეთქების იდეა ჯერსი-სიტიში, ალ-სალამის მეჩეთში დაიბადა. ომარ აბდელ რაჰმანს, რომელიც იმ დროს იქ ქადაგებდა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ნიუ იორკში ხუთი სტრატეგიული ობიექტის დაბომბვის დაგეგმვისათვის.

ჯერსი-სიტის მეჩეთს ახლო კავშირი ჰქონდა მეჩეთთან ედვარდ ჯენერის ქუჩაზე მილანში, რომლის დახურვასაც იტალიის ხელისუფლება ცდილობს და რომლის ყოფილი იმამიც დაპატიმრებულია თვითმკვლელი ტერორისტების მეშვეობით აფეთქებების დაგეგმვისა და ავღანეთში ჯიჰადისტების მოსამზადებლად მოხალისეების რეკრუტირებისათვის. რამდენიმე კვირის წინ კი ჰამბურგის ხელისუფლებამ ტაიბას მეჩეთი დახურა, „რადგან იგი იყო იმ რადიკალი ისლამისტების რეკრუტირებისა და შეხვედრის ადგილი, რომლებსაც ეგრეთ წოდებულ ჯიჰადში მონაწილეობა სურდათ”.

„დასავლეთში გვავიწყდება ხოლმე, რომ შეერთებულ შტატებს მეტი მუსლიმის სისხლით აქვს ხელები დასვრილი, ვიდრე ალ-ყაიდას უდანაშაულო არამუსლიმების სისხლით”, უთხრა ახალი მეჩეთის მომავალმა იმამმა, ჰაუფმა, ავსტრალიელებს 2005 წელს.

ეს სახიფათო რამ არის, რომელიც პოლიტკორექტულობის ფარგლებს სცდება და ბოჭავს თანამედროვე დასავლურ დისკურსს. მიუხედავად ამისა, ეს რეალობაა, ისლამური ფასეულობების ტესტი, რაზეც გუდვინი წერს. გლობალიზაციამ, მათ შორის უპრეცედენტო მიგრაციამ, იუდეო-ქრისტიანული დასავლეთი ისლამის პირისპირ დააყენა. ჩვენ ისლამის მახინჯი სახე გვინახავს. მაგრამ ასევე გვინახავს მისი კეთილშობილი, მეზობლური სახე – სახე ოჯახისა, რომელსაც კუთხის მაღაზია აქვს ნიუ ჯერსის პატარა ქალაქში; სახე უამრავი მუსლიმისა როგორც ამერიკაში, ასევე მთელ მსოფლიოში. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი სახე ერთმანეთში არ აგვერიოს. გულახდილი საუბარი ახალ მეჩეთზე კარგი დასაწყისი იქნებოდა.

კომენტარები