ქონებრივი თამაშები სოხუმსა და მოსკოვს შორის

რუსეთი საკუთარი მოქალაქეებისთვის აფხაზეთის ქონების ოფიციალურ გაფორმებას ჩქარობს. სოხუმი ერთკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ მხოლოდ 200-300 ადამიანის ქონებრივი დავის განხილვას თანხმდება. ბოლო პერიოდის მოვლენებმა აფხაზეთში ქონების გადანაწილების თემა ისევ აქტუალური გახადა.

„პირველი ჩვენებით” “რუსეთის მოქალაქეებისთვის ქონებრივი უფლებების აღდგენის შესახებ” კონცეფციაზე სოხუმის მარიონეტულმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა. კონცეფცია მიუთითებდა: საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ „კოორდინაცია უნდა გაუწიოს რუსეთის იმ მოქალაქეთა ქონებრივი უფლებების აღდგენის საკითხებს, რომლებმაც აფხაზეთი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დატოვეს”. შესაბამისად, რუსული მოთხოვნა სპეციალურად რუსეთის მოქალაქეებისთვის რესტიტუციის კანონის მიღებას ისახავს მიზნად. თუმცა საქართველოს ჩრდილოელ მეზობელს, სავარაუდოდ, მხოლოდ კონფლიქტამდე არსებულ ქონებაზე როდი აქვს პრეტენზია.

თემა აფხაზური ოპოზიციური გაზეთის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ იქცა საყოველთაო განხილვის საგნად. გაზეთმა ნუჟნაიამ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, არც მეტი, არც ნაკლები – „ანტისახელმწიფოებრივ და ანტიაფხაზურ” ქმედებებში დაადანაშაულა. ამას დე ფაქტო პრემიერის, სერგეი შამბას კომენტარი და კონცეფციის განხილვაზე უარის თქმა მოჰყვა. თავდაპირველი განმარტება თამამი და თავხედურიც კი გახლდათ. შამბა აცხადებდა, რომ წინადადება „მაშინვე უარყო, ვინაიდან განხილვის ღირსადაც არ ცნო”.

ბუნებრივია, ამ თვალსაზრისს რუსული მედიის მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. პირველი განცხადებიდან სამი დღის თავზე, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შინაარსის „დაზუსტება” მოუხდა. 23 აგვისტოს შამბამ განაცხადა, რომ სოხუმს საკითხის მოგვარების აუცილებლობა ესმის, თუმცა ამავდროულად იგი დეტალურ განხილვას საჭიროებს. აფხაზებს სურთ, თავიდან აირიდონ რუსული პასპორტების მქონე ეთნიკური ქართველების დაბრუნება.

„ომის დროს ძალიან ბევრი სახლი განადგურდა. საკუთარი ჭერის გარეშე დარჩენილი ხალხი ცარიელ შენობებს შეეხიზნა. ახლა სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას ვცდილობთ. ჩვენ შევისწავლით საკითხებს ყოფილი მფლობელებისთვის ზოგიერთი დაკავებული საცხოვრებლის დაბრუნების თაობაზე. ცხადია, ამ საკითხების უცებ მოგვარება შეუძლებელია, რადგანაც რუსეთის მოქალაქეობა არა მხოლოდ რუსებს, არამედ ომში მონაწილე ბევრ ქართველ დევნილსაც აქვს. არსებობს ხალხი, რომელთათვის აფხაზეთის კარი დახურულია” – ასეთი იყო სოხუმის რეჟიმის განმარტება. ერთი შეხედვით, ეს მიზნად მხოლოდ ქართული ეროვნების მოსახლეობის დისკრიმინაციას ისახავდა. (სხვათა შორის, თავის დროზე შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც გალის ქართული მოსახლეობისთვის აფხაზური მოქალაქეობის მიღების უფლებას შეეხებოდა. აფხაზეთში ამას შიდა დაპირისპირება და თვითმარქვია უშიშროების საბჭოს მდივნის სტანისლავ ლაკობას გადადგომის შესახებ განცხადებაც კი მოჰყვა. მაშინ ბაღაფშმა ადგილობრივ პარლამენტს მიღებული კანონი გააუქმებინა).

თუმცა ამჯერად აფხაზური მხარის შეტყობინება რუსეთში არაერთგვაროვნად აღიქვეს. ერთკვირიან ვაჭრობას შედეგიც მოჰყვა – აფხაზეთის საოკუპაციო ადმინისტრაცია მზადაა ახალი რუსულ-აფხაზური კომისია შექმნას. ეს სტრუქტურა ქონებრივ დავებს „ინდივიდუალურად” განიხილავს. გადაწყვეტილება აფხაზეთში თვითმარქვია უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. შამბას თქმით, შეკრებას რუსეთის ელჩიც ესწრებოდა. მარიონეტული რეჟიმის პრემიერ-მინისტრი აზუსტებს, რომ „საკითხი 200-300 ადამიანს ეხება. მათ ომის ან შემდგომ პერიოდში დატოვეს აფხაზეთი და ახლა საკუთარი ქონების დაკანონებას ცდილობენ”. ამით რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის უპირატესი ინტერესი დადასტურდა. ცხადია, რომ აქ კონკრეტული პერსონების ქონებრივი ინტერესების დაცვა იგულისხმება.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ „დროებით უარყოფილი” კონცეფციიდან არ ჩანს, კონკრეტულად რომელი ქონების დაბრუნებაზეა საუბარი. კონცეფციის პირველი მუხლი ეხება იმ ადამიანებს, ვინც „აფხაზეთი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დატოვა”. რუსულ მედიაში უკვე გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ხელისუფლებას საკუთარი ინტერესების დაცვას მარიონეტული რეჟიმის არსებობის პერიოდში აღმოცენებული მესაკუთრეები სთხოვენ. საუბარია მათზე, ვინც აფხაზეთში ქონება 1993 წლის შემდეგ, საერთაშორისო კანონმდებლობის აშკარა დარღვევით, თუმცა რუსეთის პოლიტიკით „წახალისების” პირობებში შეიძინა.

ოკუპირებული რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა.

ტაბულა უკვე წერდა, რომ „2009 წლის მონაცემებით, რუსი ეროვნების მოქალაქეები უცხოელთა შორის აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის მაჩვენებლის მიხედვით პირველ ადგილზე არიან – მათმა წილმა უცხოელი მყიდველების საერთო რაოდენობიდან 85% შეადგინა” (უძრავი ქონების საერთაშორისო სააგენტო Gordon Rock-ისა და სეპარატისტული აფხაზეთის უძრავი ქონების ერთ-ერთი სააგენტოს ანგარიშის მონაცემები).

ახალი დეტალები ხსენებული ანგარიშიდან – რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში უმეტესწილად საცხოვრებელ კერძო სახლებს ყიდულობენ. კერძო სახლებზე მოთხოვნის მაჩვენებელმა 45% შეადგინა. მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნამ – 28%; კომერციულ უძრავ ქონებაზე – 19%. ამავე დროს, ბინების ყიდვის მსურველთა პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 9%-ია. ზემოთ აღნიშნულ რუსეთის მოქალაქეთა თითქმის ნახევარი (47%) აფხაზეთში საცხოვრებელ სახლს ზღვაზე დასვენებისათვის ყიდულობს. 15%-ს აფხაზეთში კერძო საკუთრება ბიზნესის წარმოებისათვის სჭირდება. რუსეთის მოქალაქეთა 23% კი აფხაზურ უძრავ ქონებაში ფულს სამომავლო სარგებლის მიღების იმედით დებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ აფხაზეთში უძრავი ქონების მესაკუთრე რუსეთის მოქალაქეების 15% აცხადებს, რომ ისინი მზად არიან აფხაზეთში საცხოვრებლად სამუდამოდ გადავიდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ 80 ათასი რუსულ რუბლამდე ღირებულების უძრავი ქონება აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეთა 46%-ს აქვს. 1,5 მილიონ რუსულ რუბლამდე ღირებულების ქონება 35%-მა შეიძინა. 3 მილიონი რუსული რუბლი აფხაზეთში არსებულ უძრავ ქონებაში რუსეთის მოქალაქეთა მეოთხედმა გადაიხადა, ხოლო 3 მილიონ რუსულ რუბლზე მეტი – 12%-ს აქვს გადახდილი.

თუ 2009 წლის სტატისტიკა მეტ-ნაკლებად ცნობილია, აღურიცხავია 1993-2008 წლებში შეძენილი ქონება, რის შესახებაც სხვადასხვა წყაროებში განსხვავებული „ინფორმაცია” გვხვდება. მაგალითად, აგვისტოს ომამდე და რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარებამდე, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გამოაქვეყნა 31 ობიექტის სია. ამ შენობათა მეპატრონეები რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები და რამდენიმე კერძო პირი არიან. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ სოხუმში, გაგრასა და გუდაუთაში სამი ვილა შეიძინა, როსატომს ბიჭვინთაში ყოფილი ლიტფონდის სახლი იჯარით ჰქონდა აღებული. ამ ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა, რუსეთის ყოფილმა პრემიერმა სერგეი კირიენკომ ორი ღვინის ქარხანა შეისყიდა. ლავრენტი ბერიას ყოფილი აგარაკის ყიდვას კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ალექსანდრ ტკაჩოვს უკავშირებენ. მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის ინტერესებზე ყველასთვის ცნობილია.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ოფიციალური რეესტრი ახლაც არ არსებობს. შესაბამისად, საეჭვოა ბოლო წლების სტატისტიკაც. რუსეთის მოქალაქეების მიერ აფხაზეთის ქონების შეძენასთან დაკავშირებით საინტერესოა ერთი დეტალი: აფხაზეთში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, უძრავი ქონების შეძენა მხოლოდ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობის მქონე პირებს შეუძლიათ, რუსეთის მოქალაქეებს კი – არა. ამ წინააღმდეგობის გადალახვა კი შემდეგი მეთოდებით ხდება – უძრავი ქონება აფხაზეთის მოქალაქეზე ან იურიდიულ პირზე ფორმდება. თუმცა, ამ შემთხვევებში უძრავი ქონების დაკარგვის საფრთხე არსებობს. სწორედ ამ საშიშროებიდან გამომდინარე, რუსეთი „აფხაზეთის რესპუბლიკის” აღიარების სამართლებრივი ბაზის შექმნას ლობირებს. ეს საკითხი აქტუალური 2010 წლის იანვარ-თებერვალში იყო. მაშინ აფხაზეთის ბიუჯეტისთვის რუსული თანხების გამოყოფის ბედი წყდებოდა. მოსკოვში ვიზიტისას თავად ბაღაფშმა განაცხადა, რომ “მზადდება კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენა რუსეთის მოქალაქეებს შეეძლებათ”. მიუხედავად შეპირებისა, დღემდე აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს მსგავსი ცვლილება კანონმდებლობაში არ მიუღია. თუმცა აგვისტოში Newsweek-თან საუბრისას ბაღაფშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მან რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმებას მიაღწია.

პარალელურად კი რუსულ მედიაში გახშირდა ინფორმაცია აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი ინტერესების შელახვის შესახებ. მიმდინარე წლის ივნისში მოსკოვში სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე დაზარალებულების ადვოკატმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი, ევროსასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, პასუხისმგებელია იმ ყველაფერზე, რაც აფხაზეთში ხდება. სწორედ მოსკოვი უზრუნველყოფს აფხაზეთის ხელისუფლების არსებობას – ეხმარება როგორც პოლიტიკურ და სამხედრო, ასევე ეკონომიკურ სფეროში. სხვათა შორის, ევროსასამართლომ ანალოგიური პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთს, როცა დნესტრისპირეთში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხი განიხილა. მსგავსი გადაწყვეტილება გამოიტანეს ჩრდილოეთ კვიპროსში მომხდარი დარღვევისას – ამჯერად პასუხისმგებელი თურქეთი აღმოჩნდა. ორივე შემთხვევაში საქმე სწორედ ქონების დაბრუნებას ეხებოდა.

რუსეთის გააქტიურება მსგავს დავებს უკავშირდება, რომელთა რაოდენობა, სხვადასხვა მონაცემებით, 2000-მდე აღწევს. თუ კომპრომისულ გადაწყვეტილებას (200-300 ადამიანი) გავითვალისწინებთ, ცხადი ხდება, რომ პუტინის მმართველობისთვის უმჯობესია, საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ჩამონათვალში მოხვედრილ მესაკუთრეთა ინტერესი დაიცვას.

ფაქტია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ყოყმანი და ვაჭრობა ან მეტი სარგებლის მიღებას, ანაც უმცირესობაში აღმოჩენის რეალურ შიშს ეფუძნება. ეს მით უფრო მტკივნეულად აღიქმება აფხაზურ პოლიტიკურ ელიტაში. წლებია, ამ წრისთვის „ეთნოკრატია” პოლიტიკური არსებობის ერთადერთი ფორმაა. აფხაზეთში, კომუნისტური რეჟიმის დროსაც და შემდეგაც, ეთნოკრატიული მმართველობა იყო დამყარებული. აფხაზური უმცირესობა ზღუდავდა უმრავლესობის უფლებებს. აღმასრულებელ ხელისუფლებაში უმეტესად დღესაც აფხაზი ეროვნების ადამიანები არიან. აფხაზებივე წარმოადგენენ ადგილობრივი პარლამენტის უმრავლესობას.

შესაბამისად, დე ფაქტო ხელისუფლების შიშის საფუძვლად სწორედ დემოგრაფიული ვითარება იქცა. ზოგიერთი კვლევა აფხაზეთში აფხაზი ეროვნების ადამიანების შემცირების ტენდენციაზე მიგვითითებს.

2003 წლის აღწერის თანახმად, რომელიც სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ ჩაატარა და მათ სასარგებლოდაა გაყალბებული, მოსახლეობა 215 272-ს შეადგენდა. ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი აფხაზები (94,606, 44 პროცენტი), შემდეგ ქართველები (45,956, 21.3 პროცენტი) და სომხები (44,870, 20.8 პროცენტი) იყო. ამ მონაცემებითაც კი აფხაზი ეროვნების ადამიანები მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები გამოდიოდა. ომის შემდგომი, თუმცა არაოფიციალური სტატისტიკით, დღეს აფხაზეთში 167 ათასამდე მცხოვრებია. აქედან უმეტესობას სომეხი ეროვნების მოსახლეობა წარმოადგენს – 57 ათასი ადამიანი, მეორე ადგილზე 46 ათასამდე ქართველია; ჩამონათვალს კი 34 ათასი აფხაზი და 23 ათასი რუსი მოსახლე აგრძელებს. ამას ემატება აფხაზეთში განთავსებული ოკუპანტთა სამხედრო ძალები.

ბოლო მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, აფხაზები თანდათან იწყებენ გაცნობიერებას, რომ საქართველოსგან გამოყოფით და რუსეთის ინტერესის სფეროში გადასვლით სრული ასიმილირების საფრთხის წინაშე დადგნენ.

რუსულ-აფხაზურ ქონებრივ ისტორიასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლებას ცალსახა პოზიცია აქვს. თბილისს არასდროს არ სჯეროდა, რომ საოკუპაციო რეჟიმი შეძლებდა რუსეთის რეალურ სურვილებთან დაპირისპირებას. თბილისი არ ცნობს ოკუპირებულ აფხაზეთში წარმოებულ პრივატიზაციის პროცესს. ამ მოსაზრებაში ქართული მხარე არსებულ საერთაშორისო კანონმდებლობას ეყრდნობა. გარდა ამისა, საქართველოში მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი. თბილისი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებულ გადაწყვეტილებებს ცნობს კანონიერად.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2006-2007 წლებში საქართველოში საპრეზიდენტო პროექტი „ჩემი სახლი” განხორციელდა, რომლის მეშვეობითაც დევნილ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა საკუთარი ქონების რეგისტრაცია მოეხდინა. კოსმოსიდან გადაიღეს შესაბამისი ფოტოები. ასე რომ, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ქონების რეესტრი, შესაძლოა არასრული ფორმით, მაგრამ თბილისში მაინც არსებობს.

რა პერსპექტივა აქვს აფხაზეთში დევნილი მოსახლეობის ქონებრივი უფლებების დაცვას საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე?
ხშირ შემთხვევაში, საქართველოს კონფლიქტებთან მიმართებაში, პრეცედენტად მოჰყავთ რესტიტუციის გამოცდილება ბალკანეთში, კონკრეტულად კი ბოსნია-ჰერცოგოვინაში. ბოსნია-ჰერცოგოვინას, ხორვატიასა და იუგოსლავიის ფედერალურ რესპუბლიკას შორის 1995 წელს დადებული ჩარჩო ხელშეკრულება პირდაპირ ეხებოდა მრავალრიცხოვან კერძო პირს, რომლებმაც ქონება დაკარგეს კონფლიქტის შედეგად. პროცესი რეალურად 1999 წლიდან დაიძრა. ბოსნია-ჰერცოგოვინაში შექმნილი სპეციალური კომისია განიხილავდა დაზარალებულების სარჩელებს საკუთრების რესტიტუციაზე ან – სამართლიან კომპენსაციაზე. გადაწყვეტილებებს შორის, რომელიც კომისიას შეეძლო მიეღო, იყო იმ ხელშეკრულებების გაუქმებაც, რომელიც ქონების მფლობელებს საომარი მოქმედებების დროს იძულებით დაადებინეს. პარალელურად, გაეროს ლტოლვილთა კომისარიატისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით დაფუძნდა ფონდი, რომელსაც კომპენსირების პროცესის მხარდაჭერა უნდა განეხორციელებინა. სხვადასხვა მონაცემებით, 2 მილიონი დევნილიდან სახლები ჯერჯერობით მხოლოდ 250 ათასს არ დაუბრუნებია. ზოგიერთი მონაცემით, მათმა არცთუ მცირე ნაწილმა სახლების გასხვისება და საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გადაწყვიტა. თუმცა ეს უკვე ამ ადამიანების თავისუფალი არჩევანი გახლდათ.

ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში რესტიტუციის შესახებ კანონი მიიღო ხორვატიამ. ეს კანონი 90-იანი წლების ომების შედეგად დაზარალებული ეთნიკური სერბების ქონებრივი ინტერესების დაცვას და საკუთარ სახლებში დაბრუნებას ითვალისწინებდა.

რესტიტუცია განხორციელდა ჩერნოგორიაშიც, სადაც სარეკლამო განცხადებებიდანაც კი ნათელი ხდება, რომ თავისუფლად შეგიძლიათ შეიძინოთ სახლი იაფად. ამის პარალელურად არსებობს კანონი რესტიტუციის შესახებ, რომელიც ამ ბინის ადრინდელ მფლობელს იცავს და მისი გამოჩენის შემთხვევაში ახალ მესაკუთრეებს პრობლემებს შეუქმნის.

ცხადია, არის მაგალითები, როცა ქონებრივი უფლებების აღდგენა არ მომხდარა. მაგალითად, იმავე ბალკანეთზე, კოსოვოს შემთხვევაში, სერბებმა დაკარგული ქონების სანაცვლოდ კომპენსაცია ვერ მიიღეს.

ასევე ცნობილია ჩეხეთის პრეცედენტი, სადაც სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ რესტიტუცია განხორციელდა. თუმცა ეს პროცესი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნიდან გასახლებულ სუდეტელ გერმანელებს არ შეეხო. ისინი დღემდე დავობენ საკუთარი ქონებრივი უფლებების თაობაზე.

თუმცა, ამ ორივე შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიებზე დადასტურებული გახლდათ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებები, ქონების რესტიტუციაზე მოდავე პირთა ხელისუფლებები კი – გასამართლებული.

კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ისეთი დანაშაულებები, როგორიცაა მაგალითად ეთნიკური წმენდა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სწორედ ქართული ეროვნების ადამიანების წინააღმდეგ იყო მიმართული. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთიდან გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ რეზოლუციები გაერომ ბოლო ორი წლის მანძილზე ორჯერ უკვე მიიღო. მსგავსი დოკუმენტი ეუთოს, ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც აქვთ მიღებული. ამ რეზოლუციებში ხაზგასმულია დევნილი მოსახლეობის ქონებრივი უფლებების დაცვის აუცილებლობა.

ამჟამადაც – 2010 წლის აგვისტოში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ვიზიტით იმყოფებოდა ნიუ იორკში. მან აშშ-ში საქართველოს მიერ ინიცირებული გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტის – “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ” – თაობაზე გამართა შეხვედრები. საქართველო ცდილობს გაეროს წევრ სახელმწიფოებში მხარდამჭერთა რიცხვის გაზრდას.

შესაბამისად, აფხაზეთის ტერიტორიაზე რესტიტუციის განხორციელება, მათ შორის ქართული ეროვნების მოსახლეობისთვის, საერთაშორისო პრაქტიკიდან და უკვე მიღწეული საერთაშორისო რეაგირებიდან გამომდინარეც, პერსპექტიულია. ცხადია, პრობლემა ვადებშია. მანამდე კი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისა და ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების ერთობლივი კომისიის მუშაობის შედეგები წარმოაჩენს, ვინ მოხვდება რჩეულთა 300-კაციან სიაში, რომელთა საკუთრების უფლებაც რუსეთს განსაკუთრებით უღირს.

კომენტარები