ბოშათა ბანაკი ზეცას მიემგზავრება

ფრანგული პოლიცია ექს ან პროვანსის ბოშათა არალეგალურ ბანაკში
 ბორატი: ამ მანქანით ბოშებს რომ დავეჯახო, მანქანა დაზიანდება?
მანქანის დილერი: მაგრად თუ დაეჯახები…
ბორატი: ჰო, მაგრად.
მანქანის დილერი: შეიძლება “პარბრიზი” გატყდეს…
ბორატი: და რა სიჩქარით უნდა შევასკდე, რომ დავხოცო?
მანქანის დილერი: 35-40 მილი საათში, საკმარისი იქნება…
ბორატი: გადასარევია!
დიალოგი ფილმიდან: “ბორატი”

ცხელი ზაფხული საფრანგეთში დაბანაკებულ ბოშებს ცუდად დაუმთავრდათ – პრეზიდენტმა სარკოზიმ წლის ბოლომდე უკანონოდ დაცემული ბანაკების აღება და მობინადრეთა დეპორტაცია გადაწყვიტა. ფრანგული პოლიცია პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესრულებას გულმოდგინედ შეუდგა – ბანაკებს მიადგა, ასობით წვრილშვილიან ოჯახს ნახევარი საათი მისცა პირადი ნივთების მოსაგროვებლად, ხოლო შემდეგ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და საცხოვრებელ ვაგონებს ბულდოზერებით გადაუარა.
ოფიციალური მონაცემებით, სულ საფრანგეთში 115 ათასი ბოშა ცხოვრობს. აქედან 100 ათასი საფრანგეთის მოქალაქეა, ხოლო 15 ათასი უკანონოდ მაცხოვრებელი. ეს უკანასკნელნი, ძირითადად, რუმინეთის და ბულგარეთის მოქალაქეები არიან. დღეისათვის ასამდე უკანონო ბანაკი აღებულია და ათას ადამიანზე მეტი რუმინეთსა და ბულგარეთში დეპორტირებული. სარკოზის მთავრობა მცირე ფულად კომპენსაციას სთავაზობს მათ, ვინც ნებაყოფლობით დატოვებს ქვეყანას. ქვეყნის ხელისუფლება ახალ წლამდე კიდევ ორასი უკანონო ბანაკის მოშლას აპირებს. საფრანგეთში სულ ექვსასი უკანონო ბანაკია.
ნიკოლა სარკოზის გადაწყვეტილებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტთა პანელმა მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთი ბოშების გასახლების გამო და ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა მეტი იღონოს საჯარო სივრცეში ქსენოფობიური და რასისტული რიტორიკის შესამცირებლად; რომის პაპმა, ბენედიქტ XVI, ფრანგულად ისაუბრა, რათა უფრო მკაფიო ყოფილიყო მისი გზავნილი, და კათოლიკეებს მოუწოდა ადამიანური მრავალფეროვნებისთვის მეტი პატივი ეცათ; ტულუზის არქიეპისკოპოსი რობერ ლე გალი უფრო შორს წავიდა და სარკოზის გადაწყვეტილება შეადარა ნაცისტური ოკუპაციის დროს ვიშის მთავრობის მიერ ებრაელების დეპორტაციას. საფრანგეთის ქალაქ ლილში მოღვაწე კათოლიკე მღვდელმა, სარკოზის გულის შეტევა უსურვა, რათა ამ უკანასკნელს დეპორტაცია შეეწყვიტა.
ბოშათა ბანაკების აღებას “საფრანგეთის სირცხვილი” უწოდა სოციალისტმა მარტინ ობრიმ, რომელიც პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება; პრეზიდენტს კრიტიკა არც მარჯვენა ფლანგიდან დააკლეს – ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დომინიკ ვილპანმა, ყოფილი ხელქვეითის – ნიკოლა სარკოზის გადაწყვეტილება ფრანგული დროშის შავ ლაქად შერაცხა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ მოკავშირეებიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სოციალისტმა ბერნარ კუშნერმა საზოგადოებას გაუმხილა, რომ გადადგომაზეც კი იფიქრა, მაგრამ გადაიფიქრა იმ მიზეზით, რომ “გადადგომა დანებების ტოლფასი იქნებოდა”. აღშფოთება არც თავდაცვის მინისტრს დაუმალავს – ცენტრისტული პარტიის ლიდერმა, ერვე მორანმა განაცხადა, რომ ბოშების სახით, სარკოზიმ განტევების ვაცი იპოვა. პრემიერ-მინისტრი ფიიონი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს “გაუწყრა”, მაგრამ აღნიშნა, რომ პროცესის ადმინისტრირება უკეთაც შეიძლებოდა.
საყურადღებოა, რომ მთავრობის წევრთა განცხადებებს წინ უძღოდა სპეკულაციები კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. წამსვლელთა შორის ბერნარ კუშნერიც მოიაზრება.
ბოშების დეპორტაციის ოფიციალურ მიზეზად მათი დანაშაულებრივი ცხოვრების წესი დასახელდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ბოშათა ბანაკებს პროსტიტუციისა და მცირეწლოვანთა ექსპლუატაციის წყარო უწოდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრის ორტეფუმ განაცხადა, რომ დეპორტაცია “კანონიერი და აუცილებელი” იყო. მან, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრმა ფიიონმა, გასახლების პროცესსა და ფაშისტების ბარბაროსობას შორის გავლებულ პარალელებს სამარცხვინო უწოდა. მართლაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვიშის მთავრობის მიერ გასახლებული ებრაელების უმრავლესობამ სიცოცხლე წამებით დალია საკონცენტრაციო ბანაკებში, მათი ამ ზაფხულს საფრანგეთიდან გასახლებულ ბოშებთან შედარება, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია. შოასთან (ჰოლოკოსტი) პარალელები დაგმო საფრანგეთის ებრაული ინსტიტუტების წარმომადგენლობითმა საბჭომაც (CRIF) – “როგორი აზრისაც არ უნდა ვიყოთ საფრანგეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებსა და განცხადებებზე, არავის აქვს ისტორიით მანიპულირების უფლება”, – განაცხადა ებრაულმა ორგანიზაციამ გასულ კვირას.
ბოშათა უკანონო ბანაკების აყრა პოლიციასა და 22 წლის ბოშას, ლუიჯი დუკენეს შორის 16 ივლისს მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიწყო. ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, არ დაემორჩილა პოლიციის ბრძანებას და მანქანის გაჩერების ნაცვლად, პოლიციელს დაეჯახა, რასაც პოლიციის მხრიდან გასროლა მოჰყვა. შედეგად ლუიჯი დუკენე დაიღუპა. ინციდენტმა ქალაქ სან-ეინანში ბოშებსა და პოლიციას შორის შეტაკება გამოიწვია. კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ შეტაკებაში არა რუმინეთის, ან ბულგარეთის, არამედ საფრანგეთის მოქალაქე ბოშები მონაწილეობდნენ. ამას გარდა, პოლიციას მსგავსი დაპირისპირება, სხვა უმცირესობათა წარმომადგენლებთანაც ხშირად მოსდის.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მტკიცებით, არც ერთი ეთნიკური ჯგუფის სტიგმატიზებას ადგილი არ ჰქონია. ბრის ორტეფუმ განმარტა, რომ ბოშებს, როგორც რუმინეთის და ბულგარეთის მოქალაქეებს, ისე მოექცნენ და რომ საფრანგეთის ხელისუფლების მოქმედება სრულ შესაბამისობაშია ფრანგულ და ევროპულ საიმიგრაციო კანონმდებლობასთან. კანონი ისევე უნდა დაიცვას ბოშამ, როგორც ყველა სხვამ, “რომა (ბოშები) არც კანონზე მაღლა დგას და არც კანონზე დაბლა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაც დავთქვით, შესრულდება – ქვეყნის ტერიტორიის ნახევარი, ბოშათა უკანონო ბანაკებისგან, შემდეგ სამ თვეში გაიწმინდება”, – განაცხადა მინისტრმა. ფრანგული კანონმდებლობით, ვისაც საფრანგეთში სამ თვეზე მეტხანს დარჩენა სურს, მაცხოვრებლის მოწმობა უნდა აიღოს, ამისთვის კი უნდა დაამტკიცოს, რომ ქვეყანას ტვირთად არ დააწვება და თავის შენახვას შეძლებს.
მაგრამ რა ვუყოთ ევროკავშირის სამართალს? საგულისხმოა, რომ ბულგარეთიცა და რუმინეთიც ევროკავშირის წევრია და მათ მოქალაქეებს აქვთ ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლება. შესაბამისად, ბოშებს, რომლებსაც მთავრობამ კომპენსაციის სახით სამასი ევრო გადაუხადა და თვითმფრინავით შინ გაისტუმრა, ევროკავშირის კანონმდებლობა საშუალებას აძლევს, ფრანგი გადასახადის გადამხდელთა ფული უკან დასაბრუნებლად გამოიყენონ. როგორც ჩანს, ისინი ასეც იქცევიან. ეს დეტალი მიმდინარე პროცესის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს, თუმცა პრეზიდენტი სარკოზი ირწმუნება, რომ ბოშათა უკანონო ბანაკს საფრანგეთის ტერიტორიაზე აღარ დაუშვებს.
პოლიტიკური ოპოზიცია, ისევე როგორც კომენტატორთა დიდი ნაწილი, ოფიციალურად დასახელებულ მიზეზს არად დაგიდევთ და ბოშების აყრას სარკოზის წინასაარჩევნო ნაბიჯად მიიჩნევს – “ეს სამარცხვინო პოლიტიკა ელექტორალური სტრატეგიის ნაწილია. ამ პროცესს საფრანგეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან საერთო არაფერი აქვს”, – განაცხადა დომინიკ ვილპანმა.
დღეს ნიკოლა სარკოზის რეიტინგი 30%-ის გარშემო მერყეობს, წინ კი რთული გზაა: 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საფრანგეთს მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-იანი საბიუჯეტო დეფიციტი 3%-მდე აქვს შესამცირებელი, იმისთვის რომ ევროკავშირის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ეს კი საჯარო ხარჯების 100 მილიარდი ევროთი შემცირებას გულისხმობს, რაც წინასაარჩევნო პერიოდში, სარკოზისთვის ხარაკირის ტოლფასი შეიძლება აღმოჩნდეს. ოპონენტები თვლიან, რომ ამ ნაბიჯით, ეკონომიკური საკითხებიდან ყურადღების გადატანასთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტი მემარჯვენე ამომრჩევლის მხარდაჭერის განმტკიცებას ცდილობს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები კი არაერთგვაროვანია:
მემარცხენე ფრანგულ გამოცემა ლიბერასიონში გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 48% მხარს უჭერს ბოშების გასახლებას, 42% – წინააღმდეგია. ლიბერასიონი იმასაც აზუსტებს, რომ მემარჯვენეთა 70% გასახლების მომხრეა, ხოლო მემარცხენეთა შორის 29% უჭერს მხარს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.
უფრო ოპტიმისტურ სურათს ხატავს სარკოზისადმი შედარებით ლოიალური გამოცემა ფიგარო. მას თუ დავუჯერებთ, დეპორტაცია ამომრჩეველთა 69%-ის მხარდაჭერით სარგებლობს.
ბრალდებას, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მოსახლეობის რასისტულ განწყობებზე კაპიტალიზაციას ცდილობს, გარკვეულწილად ამყარებს გასახლების პროცესის ხაზგასმული დემონსტრაციულობა. როგორც ირკვევა, ეს არ არის ბოშათა გასახლების პირველი შემთხვევა – “დიახ, ჩვენ 2009 წელს დაახლოებით 11 ათასი რომა გავასახლეთ, ხოლო 2008 წელს – 8 ათასი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ფიიონმა.
ამ კუთხით ასევე საყურადღებოა საფრანგეთის ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც იმიგრანტების შვილებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიციას დაუპირისპირდებიან. საგულისხმოა, რომ იმიგრანტთა საფრანგეთში დაბადებული შვილები, ავტომატურად იღებენ საფრანგეთის მოქალაქეობას, მშობლების საიმიგრაციო სტატუსის მიუხედავად. კრიტიკოსები ამბობენ, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის ინიციატივას სასამართლო არაკონსტიტუციურად ჩათვლის – საფრანგეთის კონსტიტუციით ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანაბარია. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონსტიტუცია ყოველთვის არ ასახავს უმრავლესობის განწყობას – საზოგადოებრივი აზრის კვლევები მოწმობს, რომ ინიციატივა მოსახლეობის 80%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს.


კომენტარები