პუტინი აშშ-ს საქართველოს გამო საყვედურობს

 აშშ-ს ხელისუფლების მიერ რუსეთთან დაახლოების მცდელობა და ე.წ. „გადატვირთვის პოლიტიკა”, რომელიც მის მოკავშირეთა ნაწილს, მათ შორის საქართველოსაც, გარკვეულწილად აზარალებს, კრემლისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ტრადიციისამებრ, რუსეთმა აშშ-ს ადმინისტრაციის სიფრთხილე სისუსტედ აღიქვა. პუტინის მთავრობამ აგვისტოს ომიდან ორი წლის თავზე, დამატებითი პრეტენზიები წამოაყენა. აშშ-ს მიერ საქართველოსთვის იარაღის მიწოდების ფაქტობრივი შეჩერების პარალელურად, მოსკოვმა კვლავ გაიმეორა ქვეყნისთვის „ფართო საერთაშორისო ემბარგოს” დაწესების მოთხოვნა. არგუმენტს გასამყარებლად სავარაუდო ომის მუქარა მოჰყვა.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გადაიარაღებას აწარმოებს და ეს აშშ-რუსეთის ურთიერთობის გადატვირთვის ფარგლებში არ თავსდება”, – განაცხადა რუსეთის პრემიერმა, გამოცემა კომერსანტისთვის აგვისტოს მიწურულს მიცემულ ინტერვიუში.
“პირველი – ძალიან მინდა მჯეროდეს გადატვირთვის პოლიტიკის; მეორეც, მე ის ძალიან მსურს; მესამეც, მშვენივრად ვხედავ, რომ აშშ-ს ამჟამინდელ ადმინისტრაციას რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების განზრახვა ამოძრავებს. მაგრამ არსებობს პრობლემებიც. მაგალითად, მიმდინარეობს საქართველოს ხელახალი გადაიარაღება. სწორედ ორი წლის წინ წინანდელ შეიარაღებას მოჰყვა ცნობილი აგრესია და სისხლისღვრა. ჩვენ, სხვათა შორის, ხშირად ვაფრთხილებდით ჩვენს ევროპელ მეგობრებს, პარტნიორებს. თუმცა ყველა დუმდა. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა ომამდე და აი, ახლაც აგრძელებენ მილიტარიზაციას”, – განაცხადა რუსეთის პრემიერმა. პუტინის საყვედური ევროპაში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების დანადგარების განთავსების თემასაც ეხებოდა, თუმცა მთავარი აქცენტი საქართველოზე გაკეთდა.
რუსეთის ფაქტობრივმა ლიდერმა ეს პრეტენზია აფხაზეთის ტერიტორიაზე ფედერაციის მიერ ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარების, S-300-ის განთავსების ფონზე წარმოთქვა. ამ ყველაფერმა აშშ-ს მწვავე რეაქციის გარეშე ჩაიარა. ზუსტად ამ დროს ორი წელი შეუსრულდა ე.წ. სარკოზის შეთანხმებას, რომლის პირობებსაც რუსეთი დღემდე არღვევს.
აშშ-ს საქართველოსთან მიმართებაში, ბოლო ორი წელია, იარაღის მიწოდებაზე „გამოუცხადებელი ემბარგო” აქვს დაწესებული. რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს: „მიუხედავად საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილისა ავღანეთის ოპერაციაში, დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმას, რომ ადმინისტრაციას [ავღანეთში] საბრძოლო მოქმედებებში მიმავალი ქართული სამხედრო ნაწილებისთვის ძირითადი აღჭურვილობა, ჯავშანმანქანები და სათადარიგო ნაწილები მიეცა. გარდა ამ მოკლევადიანი დახმარებისა, საქართველო თავდაცვის უზრუნველყოფისთვის უფრო გრძელვადიან დახმარებას საჭიროებს. ეს ტანკსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის და ადრეული შეტყობინების სარადარო სისტემებს, ასევე თავდაცვის სხვა სისტემებით მომარაგებას გულისხმობს. არ უნდა აღვიქვათ ისე, რომ ამ ყველაფრით აშშ სეპარატისტული რეგიონების წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად ვინმეს მწვანე შუქს უნთებს. საქართველო ყოველთვის ნაკლებად ძლიერი იქნება, ვიდრე რუსეთი, თუმცა მისი დაუცველად დატოვება არ შეიძლება”.
აშშ-ს ადმინისტრაცია კი საქართველოს იარაღით მხარდაჭერის გარეშე დატოვებას „დაძაბულობის შემცირების” სურვილით ხსნის. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვაშინგტონის პრიორიტეტი რუსეთის მიერ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიღწევაა. “არ გვგონია, რომ იარაღის მიყიდვა და სამხედრო აღჭურვილობა არის გზა იმ ვითარებისკენ, რომლის მიღწევასაც ჩვენ ვცდილობთ საქართველოში”, – განაცხადა გორდონმა.
ამ დღეებში ნათელი გახდა, რომ აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ „დაძაბულობის შემცირებისკენ” მიმართული ძალისხმევა და მცდელობა – გადატვირთვის პოლიტიკის კონტექსტში კრემლის კეთილგანწყობა მოეპოვებინა, უშედეგოდ სრულდება. რუსეთის პრემიერი კვლავ უკმაყოფილოა და პროცესის ომით დასრულების გამოცდილებაზე საუბრობს. პუტინის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე კი, იტარ-ტასსთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა კრემლის მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაახმოვანა: მოსკოვი საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე „ფართო საერთაშორისო ემბარგოს” დაწესებას დაჟინებით ითხოვს.

კომენტარები