დიდი რუსობა კავკასიაში

მედვედევი და ბაღაფში გუდაუთის სამხედრო ბაზაზე
 2010 წლის ზაფხულში უჩვეულო გვალვა და კოლოსალური მასშტაბის ტყის ხანძრები დაატყდა თავს რუსეთის ცენტრალურ ნაწილს. მარცვლეულის ნათესების მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა, პურის ბეღლები დაცარიელდა და მოსახლეობა უსახლკაროდ დარჩა. როგორც მანამდე სხვა არაერთ კრიზისულ სიტუაციაში, რუსეთის ხელისუფლებამ და ბიუროკრატიამ ჰუმანიტარულ კატასტროფასთან გამკლავება დაგვიანებით, ტლანქად, უსუსურად და არაეფექტიანად დაიწყო და დიდი დანაკარგებითაც დაასრულა. ამან კი ბევრ საერთაშორისო დამკვირვებელს იმწამსვე გაახსენა ნორდ-ოსტი, „კურსკი” და ბესლანი – მთელს მსოფლიოში კალაშნიკოვივით ჯერ ძნელად წარმოსათქმელი, შემდეგ კი ადვილად აღსაქმელი სახელები.
ის მექანიზმები, რომლებიც რუსულმა სახელმწიფო მანქანამ აამოქმედა ზემოაღნიშნული, ერთმანეთისაგან მეტად განსხვავებული კრიზისების ჩასაცხრობად, მრავლისმეტყველად მიანიშნებს დღევანდელი რუსეთის ჩამორჩენილობაზე, იქ გამეფებულ უკანონობასა და კორუფციაზე, ადამიანთა უუფლებობასა და უბედობაზე.
რუსეთს, ხანგამოშვებით თავსდატეხილი სტიქიური თუ არასტიქიური უბედურებების გარდა, სხვა ბევრი თავსამტვრევიც უღრღნის სახელმწიფო და საზოგადოებრივ სხეულს. ამათ შორის დემოგრაფიული პრობლემა, ბევრი მკვლევრის აზრით, ყველაზე შეუქცევადი და დამანგრეველია თუნდაც იმიტომ, რომ დემოგრაფიული კრიზისი ერთად კრავს და ერთიორად აძლიერებს ყველა იმ სოციალურ სენს, რომელიც რუსეთშია – ემიგრაცია იქნება ეს, ალკოჰოლიზმი, დაბინძურებული გარემო თუ არამდგრადი და დისფუნქციური ოჯახების სიმრავლე.
ამერიკულმა ორგანიზაციამ „აზიის კვლევათა ეროვნულმა ბიურომ” 2010 წლის მაისში გამოაქვეყნა ცნობილი პოლიტიკური ეკონომისტისა და დემოგრაფოსის ნიკოლას ებერსტადტის სქელტანიანი ნაშრომი „რუსეთის მშვიდობიანობის პერიოდის დემოგრაფიული კრიზისი”, რომელშიც ავტორი მიუთითებს მოსახლეობის კლების იმ „კატასტროფულ მასშტაბზე”, რომელიც დღევანდელ რუსეთში შეინიშნება და რომელიც „მშვიდობიანობის დროს სრულიად უპრეცედენტოა მსოფლიო ისტორიაში”.
ამ სერიოზული კვლევის ავკარგიანობის საფუძვლიანი განხილვა სხვა დროისათვის გადავდოთ. ჯერ კი მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ავტორი ფუნდამენტურ შეცდომას უშვებს, როცა რუსეთის დღევანდელ ყოფას „მშვიდობიანობის ხანას” უწოდებს. სინამდვილეში, დღეს რუსეთი ომიანობის პერიოდშია. უფრო მეტიც, რუსეთი სამკვდრო-სასიცოცხლო ომშია ჩაბმული თავის მეზობლებთან და მსოფლიოს დიდ ძალებთან, იმპერიის აღორძინებისა და საერთაშორისო ლეგიტიმაციისათვის. დიდი რუსობა კავკასიაში ამ ომში გამარჯვების მნიშვნელოვანი, უფრო სწორად კი განმსაზღვრელი, ნაწილია ისევე, როგორც თავის დროზე იყო დიდი თურქობა მუსლიმური ხალიფატისათვის.
ჩეჩნეთის წინააღმდეგ წარმოებული ორი დამანგრეველი ომი ჩრდილოეთ კავკასიაში შეიარაღებული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნის მიზეზად იქცა. მაგრამ, რაც უნდა პარადოქსული იყოს, იმის მაგიერ, რომ რუსეთის მთავრობას მთელი თავისი სახელმწიფო და ადამიანური რესურსები მოეკრიბა ჩრდილოეთ კავკასიაში დასადგურებული პრობლემების მოსაგვარებლად, მან გეოგრაფიული ესკალაციის გზა აირჩია და 2008 წელს საქართველოში შემოიჭრა. ამ მოვლენამ დაგვარწმუნა, რომ რუსეთის დიდი სტრატეგია პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ყველა ცალკეულ პრობლემას ერთი ტოტალური პრობლემის ნაწილად განიხილავს: კრემლისათვის, პრინციპში, სულ ერთია, სად ემუქრება საფრთხე იმპერიის მომავალს – ჩეჩნეთში, საქართველოში, დაღესტანში, სომხეთსა თუ აზერბაიჯანში, რომ არაფერი ვთქვათ ყაზახეთზე, ყირგიზეთზე, ბელარუსსა თუ უკრაინაზე.
ამ „მაგარი” დოქტრინის „რბილი” ანალოგი კი ასე ჟღერს: მოსკოვი ჩრდილოეთ კავკასიაში პრობლემებს იმიტომ აწყდება, რომ ვერ აკონტროლებს სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში და, საერთოდ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში; საკუთრივ რუსეთში უფრო მეტი წესრიგი და სიმშვიდე იქნება, თუ მოსკოვს საშუალება მიეცემა, თავისი პირდაპირი გავლენა გაავრცელოს უკლებლივ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაზე; რუსეთი არ შეეგუება ურჩობასა და დაუმორჩილებლობას პოსტსაბჭოთა სივრცეში.
მოსკოვის პროპაგანდა ბრეჟნევის დოქტრინის ამ ახალი ვარიანტის მართებულობაში მიზანმიმართულად არწმუნებს თავის შიდა აუდიტორიასაც და მსოფლიო თანამეგობრობასაც. სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსულ ტერმინოლოგიასა და ტოპონიმიკაში მორიგი გარდატეხა მოხდა. ვგულისხმობ მარტო იმას კი არა, რომ ცხინვალი „ცხინვალ”-ად იქცა, ხოლო ახალგორი – „ლენინგორ”-ად, არამედ იმასაც, რომ რუსეთის ოფიციალური პირები და პრესა სამხრეთ კავკასიას ისევ ძველებური ტერმინით „იმიერკავკასიით” (ზაკავკაზიე) მოიხსენიებენ.
რუსეთის სტრატეგიული მიდგომა მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიისაგან პოსტსაბჭოთა სივრცისადმი. ვაშინგტონი მკვეთრად მიჯნავს ერთმანეთისაგან ჩეჩნეთს, რომელსაც რუსეთის სუვერენულ ტერიტორიად აღიქვამს, და საქართველოს, რომელსაც სუვერენული უფლებების მატარებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს. ერთი მხრივ, ეს კარგია და საერთაშორისო სისტემის მოწყობიდან გამომდინარე მართებულიცაა, მაგრამ, მეორე მხრივ, შეერთებული შტატების „დაქსაქსული” ხედვა კავკასიისა რუსეთს თავდაჯერებასა და გაბედულობას მატებს და თავისი იმპერიული (ტოტალური) სტრატეგიის რეალისტურობაში არწმუნებს.
სანამ შეერთებული შტატები და კოლექტიური დასავლეთი თვალს არიდებს რუსეთის ულმობელ პოლიტიკას ჩრდილოეთ კავკასიაში და იქ დატრიალებულ ტრაგედიას, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ხანგრძლივი სტაბილურობა და მშვიდობა ტკბილ ოცნებად დარჩება. რუსეთის ტოტალური გაფართოების სტრატეგიას მხოლოდ ტოტალური შეკუმშვის სტრატეგია თუ შეაჩერებს. რა თქმა უნდა, ბევრი წყალი ჩაივლის იმ დრომდე, სანამ აშშ და თავისუფალი სამყარო გადასინჯავს თავის პოლიტიკას რუსეთისა და კავკასიის მიმართ და ახალ დოქტრინას შეიმუშავებს. მანამდე კი მოსკოვისათვის კავკასია სამხედრო-პოლიტიკურ არეალად დარჩება, ვაშინგტონისათვის კი მხოლოდ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ დერეფნად.
ამასობაში დიდი რუსობა მთელი თავისი სიგრძე-სიგანით იკრებს ძალას კავკასიაში: თანამედროვე S-300 რაკეტების დაყენება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებული სამხედრო, საზღვაო და საჰაერო ბაზების თანხლებით; ახალი შეთანხმების ხელმოწერა სომხეთთან და გიუმრის სამხედრო ბაზის ფუნქციების, დანიშნულებისა და ზომის გაზრდა (ზოგი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ რუსეთ-სომხეთის შეთანხმების ახალ ვარიანტს საიდუმლო ოქმიც ერთვის); და იდეოლოგიური და პროპაგანდისტული წნეხის ქვეშ საქართველოს მოქცევა მისი დისკრედიტაციისა და იზოლირების მიზნით. აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთს მძლავრი და სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვანი გაბალის სარადიოლოკაციო სადგური აქვს აზერბაიჯანში არენდით აღებული 2012 წლამდე. სადგურის ტერიტორიაზე 1 000-მდე რუსი ჯარისკაცი მსახურობს.
გასაკვირი არ არის, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერება დროში დაემთხვა გიუმრის ბაზასთან დაკავშირებით ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, თუ როგორი გაფაციცებით ცდილობს რუსეთი მსოფლიოს თვალში მშვიდობიანი და მშვიდობის მომტანი სახელმწიფოს იმიჯის დამკვიდრებას (რაც, სხვათა შორის, ყველა იმპერიის ისტორიული ოცნებაა). რუსული პროპაგანდის მიხედვით, აფხაზეთში რაკეტებს იმისათვის აყენებენ, რომ თბილისს ხელი ააღებინონ ახალ ომზე, სომხეთში კი იმ მიზნით, რათა არ დაუშვან ახალი სამხედრო კონფრონტაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. დასავლეთში ბევრი მშვიდობისმოყვარე მემარცხენე დარჩა კმაყოფილი რუსეთის ამ „შორსმჭვრეტელური და სამშვიდობო მანევრებით”.
სინამდვილეში კი დასავლეთის პასიურობის ფონზე რუსეთმა მკვეთრად გაიძლიერა გავლენა კავკასიაში, ფაქტობრივად ჩაშალა თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობათა დათბობის პროცესი, კიდევ უფრო გაურთულა გეოპოლიტიკური მდგომარეობა აშშ-ს მეგობარ საქართველოს და საფრთხის ქვეშ დააყენა არსებული და სამომავლო ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები რეგიონში. რუსული სამხედრო ექსპანსია, ერთი წინადადებით, კავკასიიდან აშშ-ს, თურქეთისა და დასავლეთის გაძევებას და მოსკოვის ჰეგემონიის დამყარებას ემსახურება.
ზემოთ რუსეთის წინაშე მდგარი დემოგრაფიული პრობლემები ვახსენეთ, აქ კი დავამატებთ, რომ ახლანდელი დიდი რუსობა ადრეული შუა საუკუნეების დიდ თურქობას დემოგრაფიული კომპონენტითაც ემსგავსება – ოღონდ თავისებური რუსული ნიუანსებით. შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ კვლავწარმოებისა და თვითგანახლების შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მოსკოვის სურვილია არა იმდენად ეთნიკური რუსული კომპონენტის გაბნევა ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში ან სხვა ტერიტორიებზე (თუმცა, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, მეტადრე აფხაზეთსა და ცხინვალში), რამდენადაც რუსეთის ფუნდამენტური დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება საშუალო და შორეულ პერსპექტივაში პოსტსაბჭოთა სივრცის ამა თუ იმ ფორმით ასიმილაციის გზით. დიდ და ძლევამოსილ იმპერიას – მით უმეტეს მრავალ ასეულმილიონიანი სახელმწიფოების მეზობლად – 140-მილიონიანი, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარი მოსახლეობით ვერ ასულდგმულებ. იმპერიას ათეულ მილიონობით ახალი ნატურალიზებული ქვეშევრდომი სჭირდება.
ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან რუსული ბაზების ალყაში მოქცეული და ტერიტორიებოკუპირებული საქართველოს წინაშე სერიოზული გამოწვევებია, რომელთა დაძლევაც დიდ შრომასა და თავდადებას მოითხოვს. ნატოში გაწევრიანების გადავადების გამო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მოდერნიზაციის პროცესის დაჩქარება და ამის პარალელურად საქართველოს საერთაშორისო ჩართულობის გაღრმავება. თავდაცვის სისტემის გაძლიერება ამ პროცესის თანმდევი ელემენტია ისევე, როგორც ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის გაფართოება და ქვეყნის ყველა სახის სატრანზიტო შესაძლებლობის გაზრდა. რუსეთის შემაკავებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის, მანამდე კი, აშშ-ს როლისა და ჩართულობის გაფართოებას საქართველოსა და მთელს რეგიონში, განსაკუთრებით აზერბაიჯანში, სათანადო ძალისხმევა სჭირდება.
რუსეთის გეგმის ჩაფუშვის ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზად შეიძლება იქცეს თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ღერძის შემდგომი გაძლიერება და სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარება თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, რის შედეგადაც, სხვა საკითხების გადაწყვეტასთან ერთად, უნდა მოხდეს გაბალის სარადიოლოკაციო სადგურის გამოყვანა რუსეთის დაქვემდებარებიდან. რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიას, საქართველო, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, გამუდმებით უნდა ახდენდეს იქ არსებული პრობლემების ლობირებას საერთაშორისო დონეზე.
საქართველო, აგრეთვე, უნდა ეწეოდეს შეერთებულ შტატებსა და მთლიანად დასავლეთში იმ იდეის პოპულარიზაციას, რომ ჩრდილოეთი და სამხრეთი კავკასია ერთიანი გეოსტრატეგიული სივრცეა და სამხრეთ კავკასიის პარალელურად უნდა იზრდებოდეს დასავლეთის ინტერესი და ჩართულობა ჩრდილოეთ კავკასიაში. დიდი რუსობის დასრულებას დრო და ენერგია სჭირდება. საქართველო მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ ამ პროცესს რაც შეიძლება ბევრმა ძალამ დაუჭიროს მხარი.

 

კომენტარები