ბიუროკრატია ეკონომიკური ზრდის წინააღმდეგ

0 კომენტარი

 საქართველოს წინაშე არსებულ პრობლემათა შორის ყველაზე მწვავეა რუსული ოკუპაცია და უმუშევრობა. უმუშევრობის პრობლემა პირდაპირ კავშირშია საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასთან, ანუ დაიძლევა იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვექნება. ეკონომიკური ზრდა ნიშნავს წინა პერიოდთან შედარებით რაოდენობრივად მეტი საქონლის და მომსახურების შექმნას, რასაც მეტი სამუშაო ძალა სჭირდება. ხელისუფლებას შეუძლია პოზიტიური როლი ითამაშოს უმუშევრობის შემცირებაში, თუ მისი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევისაკენ, ანუ საქონლისა და მომსახურების წარმოების ზრდას არ შეუქმნის ხელოვნურ პრობლემებს პოპულისტური მიზნების და პირადი ინტერესების დაკმაყოფილებისათვის.
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ქართულ სახელმწიფოში მშვიდობიანი გზით რეინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საქართველოს ეკონომიკური განვითარება ანუ სწორედ ზემოთ ნახსენები ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი.
აფხაზებისთვის და ოსებისთვის ეკონომიკურად მიმზიდველი უნდა გახდეს საქართველოში ცხოვრება. რთული წარმოსადგენია, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის მართლა სინგაპური უღებდეს კარს, რომელიც მსოფლიოში მე-4 ადგილზეა (საქართველო 94-ეზე) ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით (ანუ ფასების დონის და ვალუტის კურსს შორის სხვაობის იგნორირებით) გამოთვლილი შემოსავლით, მე-3 ადგილზე (საქართველო 66-ეზე) კორუფციის დაბალი დონით და აფხაზ და ოს ხალხს (კორუმპირებული პოლიტიკური ელიტის გარდა) მაინც საშუალო შემოსავლის მქონე, კავკასიურ ერებზე გენოციდის მომწყობი, ოლიგარქების რუსეთი ერჩიოს, ანუ ათასობით აფხაზი და ოსი იღებდეს რუსეთის მოქალაქეობას და გადადიოდეს საცხოვრებლად რუსეთის ტერიტორიაზე.
მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნაწილი კი არა, დღევანდელი დამოუკიდებელი საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილიც მისტირის რუსეთს მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობის გამო. ქვეყნის მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობის მაჩვენებელია მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ანუ ქვეყნის ტერიტორიაზე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების ჯამი გაყოფილი მოსახლეობის რაოდენობაზე. სწორედ მთლიანი შიდა პროდუქტის წინა წელთან შედარებით ზრდას ეწოდება ეკონომიკური ზრდა. მსოფლიო ბანკის 2009 წლის მონაცემებით, საქართველოში მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის მიხედვით დათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის 4 920 აშშ დოლარი, ხოლო ნომინალურ გამოსახულებაში – 2 520 აშშ დოლარი. რუსეთში ანალოგიური მაჩვენებელი მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის მიხედვით არის 18 945 აშშ დოლარი, ნომინალურ გამოსახულებაში – 8 676 აშშ დოლარი. რუსეთის ეკონომიკა წელიწადში 2 პროცენტით რომ გაიზარდოს, საქართველოს ეკონომიკა კი წელიწადში 10 პროცენტით, ორივე ქვეყანაში მოსახლეობის დღევანდელი რაოდენობის შენარჩუნების შემთხვევაში, 17 წელი დაგვჭირდება, რომ რუსეთს ამ მაჩვენებლით დავეწიოთ. აღარაფერს ვამბობ სინგაპურის დონეზე, რომელიც 4-ჯერ უსწრებს რუსეთს.
პრიორიტეტი რომ ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს, ამას ყოველდღე ამბობს პრეზიდენტი ან ხელისუფლების მინიმუმ ერთი წევრი, მაგრამ ბოლო პერიოდის სახელმწიფო ეკონომიკურ პოლიტიკას თუ გადავხედავთ, ბევრი რამ ეკონომიკური ზრდის, ან მაღალი ეკონომიკური ზრდის საწინააღმდეგოდ კეთდება. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი თავად პრეზიდენტმა გასცა ყვარელში გამართულ მთავრობის სხდომაზე – „გაქსუებული ბიუროკრატი” რუსეთზე მეტად საშიშია. ბევრ “გაქსუებულ ბიუროკრატს” თუ ერთად განვიხილავთ, მივიღებთ „გაქსუებულ ბიუროკრატიას”, რომლის სიმძიმე ეკონომიკისთვის იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა დონეზე და რამდენად ხშირად ერევა ბიუროკრატია ეკონომიკის თავისუფლად ფუნქციონირებაში, ანუ რამდენად ზღუდავს ეკონომიკის სუბიექტების მცდელობას, შექმნან მეტი პროდუქტი და მიიღონ მეტი შემოსავალი, რამდენად უკარგავს მეწარმეებს სტიმულს აწარმოონ საქართველოში, ანუ რამდენად აფერხებს ეკონომიკურ ზრდას.
გლობალიზაციის დღევანდელი მაღალი დონე და თავისუფალი საგარეო ვაჭრობა ქვეყნებს ხელსაყრელ პირობებს უქმნის, იმ პროდუქციის წარმოებაში დასპეციალდნენ, რომლის წარმოებაშიც შედარებითი უპირატესობა აქვთ სხვა ქვეყნებთან და ამ პროდუქციის საერთაშორისო გაცვლის შედეგად მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა მიიღონ. ჩვენთან კი ბოლო წლებში სახელმწიფოს ხარჯები იზრდება, ახალ სამინისტროებს ვქმნით და ამის გამო, ახალი საგადასახადო კოდექსით გადასახადების გაზრდას ვაპირებთ. ბიზნესს ვუზრდით გადასახადებს, რომ ახალი სამინისტროები შევქმნათ? ბიზნესმა ნაკლები პროდუქცია აწარმოოს და მეტი სამინისტრო გვქონდეს? საქართველოს შედარებითი უპირატესობა სამინისტროების შექმნა და ბიუროკრატების აღზრდაა? ბიუროკრატებს გავიტანთ საერთაშორისო ბაზარზე? შესაძლებელია, მაგრამ არა მგონია, ვინმემ შეიძინოს, ყველა საქართველოში დაგვრჩება. ერის კეთილდღეობას კი ეკონომიკური ზრდა და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი განაპირობებს და არა ის, თუ რამდენი ბიუროკრატი მოდის ერთ სულ მოსახლეზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები