თურქეთის სამხედრო ბაზები აზერბაიჯანში

 აგვისტოში კავკასიაში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა: თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევს ეწვია. რუსეთის პირველმა პირმა დმიტრი მედვედევმა კი ერევანში სამხედრო ხელშეკრულება გააფორმა სომხეთის ლიდერ სერჟ სარგსიანთან. ოფიციალური ანკარა და მოსკოვი რეგიონში პოზიციების გამყარებას ცდილობენ. ამავდროულად, ჩნდება ინფორმაცია, თურქული სამხედრო შენაერთებისა და ბაზების აზერბაიჯანში შესაძლო განლაგების შესახებ.
17 აგვისტოს, გიულის აზერბაიჯანში ვიზიტისას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი დახმარების ხელშეკრულება დაიდო. გავრცელებული ცნობებით, დოკუმენტი ბაქოს თურქული სამხედრო ჯარებით მომარაგებას ითვალისწინებს.
პარალელურად, 20 აგვისტოს მედვედევისა და სარგსიანის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით კი, რუს სამხედროებს გიუმრის ბაზაზე დისლოკაციის ვადა 24 წლით გაუგრძელდათ. აღსანიშნავია, რომ გიუმრის სამხედრო ობიექტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, თურქეთის საზღვართან სულ რაღაც 20კმ-ში. ახალი ხელშეკრულებით რუსეთს უფლებებიც გაეზარდა: მან უნდა უზრუნველყოს სომხეთის უსაფრთხოება და დაიცვას ქვეყანაში რუსეთის ინტერესები. ამავე დროს ფედერაცია თავის თავზე იღებს სომხური არმიის მოდერნიზაციას.
ამ ფონზე, აშკარაა, რომ თურქი ლიდერის ბაქოში ვიზიტი რეგიონში რუსეთის სამხედრო პოზიციების გამტკიცების მცდელობების საპირწონედ დაიგეგმა. თურქულ-რუსული ურთიერთობები გარკვეული თავისებურებებით გამოირჩევა. ერთი მხრივ, ეს ორი ქვეყანა ერთმანეთის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია. თუმცა, მათ შორის მეტოქეობაც თვალსაჩინოა. ორივე მათგანი ცდილობს პოზიციები გაიმყაროს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. რუსეთისთვის საფრთხის შემცველია თურქული პანმოძრაობები: ნეოოტომანიზმი, პანთურქიზმი. ეს ყველაფერი ყოფილ ოსმალთა იმპერიის ტერიტორიებზე ანკარის გავლენის გაზრდას ისახავს მიზნად – ერთ-ერთ პოტენციურ სამიზნედ კი რუსეთის თურქულენოვანი მოსახლეობით დასახლებული ტერიტორიები გვევლინება.
თურქეთისთვის კავკასიაში ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი მისი „უმცროსი ძმა” – აზერბაიჯანია. მისთვის პრიორიტეტულია ბაქოსთან პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება. მოსკოვმა კი მოახერხა და ბაქოს S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა მიჰყიდა. საჭირო გახდა ანკარის ადეკვატურად პასუხი. „აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არ ნიშნავს, რომ თურქეთი სამხედრო ბაზებს მალე განათავსებს, მაგრამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას”, – განაცხადა აბდულა გიულიმ.
რუსული გაზეთის ნეზავისიმაია გაზეტას ცნობით, 17 აგვისტოს ხელშეკრულება თურქული სამხედრო ბაზის ნახიჩევანში აშენებას გულისხმობს. ეს ავტონომიური რესპუბლიკა თურქეთსა და სომხეთს შორის მდებარეობს. ბოლო დროს ანკარამ ამ რეგიონთან კავშირები გაააქტიურა. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ისიც კი განაცხადა, რომ ამ ანკლავს სომხეთისგან საფრთხე ემუქრება. სამხედრო ექსპერტების ნაწილი ნახიჩევანში თურქული სამხედრო ბაზის განთავსებას პერსპექტიულად მიიჩნევს. ამით ნატოს მონაცემთა ბაზას ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები გაეზრდება. მოსალოდნელია ნატოს დაზვერვის პოტენციალის მნიშვნელოვანი გაფართოებაც, რაც პირდაპირ ვნებს რუსეთის ინტერესებს.
თურქული სამხედრო ბაზის ნახიჩევანში განლაგება ძირფესვიანად შეცვლის 1921 წლის მოსკოვის შეთანხმების პირობებს: ამ ტერიტორიაზე აკრძალულია თურქეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების გარეშე თუნდაც ერთი ჯარისკაცის შეყვანა.

კომენტარები