განხეთქილება ბერლუსკონის პარტიაში

უმბერტო ბოსი
 გასულ თვეს უმბერტო ბოსიმ, სილვიო ბერლუსკონის მოკავშირე პარტიის, ჩრდილოეთის ლიგის ლიდერმა, ფოტოგრაფებს შუა თითი უჩვენა. ეს ჟესტიკულაცია ზედმიწევნით ასახავს იტალიური პოლიტიკის დღევანდელ მდგომარეობას. მაშინ, როცა ევროპის წამყვანი ქვეყნები ეკონომიკურ დაღმასვლას ებრძვიან, იტალიას ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური კრიზისიც ემუქრება.
სილვიო ბერლუსკონიმ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა დაკარგა. თავისუფალი ხალხის პარტიას პარლამენტის ქვედა პალატის 33 და ზედა პალატის 10 დეპუტატი გამოეყო. კოალიციიდან გამოსულმა დეპუტატებმა, ჯანფრანკო ფინის ხელმძღვანელობით, ახალი ფრაქცია – მომავალი და თავისუფლება, დააარსეს. საპარლამენტო უმრავლესობის რღვევა შემოდგომაზე ახალი არჩევნების მომასწავებელია. კონსტიტუციის თანახმად, თუ მთავრობა პარლამენტის მხარდაჭერას დაკარგავს, იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ პარლამენტს ახალი კაბინეტი უნდა შესთავაზოს ან არჩევნები დანიშნოს.
ჯანფრანკო ფინი მმართველი პარტიის (თავისუფალი ხალხის პარტია) თანადამფუძნებელი და პარლამენტის ქვედა პალატის მოქმედი სპიკერია. ბერლუსკონის მთავრობაში იგი ადრე პრემიერ-მინისტრის მოადგილის და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობებსაც იკავებდა. სოციალურ საკითხებში ფინი ლიბერალია და იტალიელთა ცხოვრებაზე კათოლიკური ეკლესიის გავლენის შესუსტებას ცდილობს. იტალიის შედარებით ჩამორჩენილ სამხრეთში იგი პოპულარობით სარგებლობს. იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი მდიდარია და სწორედ მას უწევს ღარიბი სამხრეთის უზრუნველყოფა. უმბერტო ბოსი, ჩრდილოეთ ლიგის ლიდერი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჩრდილოეთ იტალიაში, ამ რეგიონისთვის ფისკალური ავტონომიის მოპოვებას ცდილობს. ფინისა და უმბერტო ბოსის ხშირად მოსდით უთანხმოება, ბერლუსკონის კი ამ ორ საპირისპირო ინტერესს შორის ლავირება არ გამოსდის. უმბერტო ბოსი ბერლუსკონის ახლო მოკავშირე და პირადი მეგობარია, პრემიერ-მინისტრს კი მდიდარი ჩრდილოეთის მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდება.
დაძაბულობა მმართველ კოალიციაში დიდი ხანია მომწიფდა. საბოლოო განხეთქილების ვაშლად კი ბერლუსკონის ახალი პროგრამა იქცა. პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი სასამართლო სისტემის რეფორმას ითვალისწინებს. ექსპერტთა ვარაუდით, თუ სამართლებრივ სფეროში დაგეგმილი ცვლილებები განხორციელდება, ბერლუსკონის შანსი ექნება ხელიდან დაუსხლტეს მართლმსაჯულებას. პრემიერ-მინისტრმა კრიზისის პირველი ეტაპი წარმატებით დაძლია, თუმცა შემოდგომაზე სიტუაცია სავარაუდოდ გართულდება. ბერლუსკონის მომხრეები ნაადრევ არჩევნებს ლობირებენ. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მკვლევარი წინასწარმეტყველებდა ბერლუსკონის პოლიტიკური კარიერის დასასრულს, მოქმედი პრემიერი ჯერ კიდევ ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია იტალიაში. არჩევნებში გამარჯვება მის მმართველობას კიდევ ერთხელ შესძენს ლეგიტიმურობას. მის პოლიტიკურ ოპონენტებს კი შედარებით სუსტი პოზიციები აქვთ: მემარცხენე ცენტრისტი პარტიების მხარდამჭერთა რიცხვი ბერლუსკონის მემარჯვენე კონსერვატორ პარტიას დაახლოებით 28%-ით ჩამორჩება. ამდენად, ფინის და დანარჩენ ოპოზიციას არჩევნები არ აწყობთ. ისინი ცდილობენ ტაქტიკური მოსაზრებებით „ჭრელი” ოპოზიციური ძალების გაერთიანებას. ეს ტექნიკური მთავრობის ფორმირების და არჩევნების შედარებით მოგვიანებით დანიშვნის წინაპირობა იქნება. თუმცა, ძალთა ბალანსის ამგვარი გადანაწილება ჯერჯერობით უპერსპექტივოა.
ერთი რამ ცხადია, იტალიას ცხელი შემოდგომა ელის. პოლიტიკური სიტუაციის გაუარესება ცუდად მოქმედებს ეკონომიკაზე, ამიტომ ბერლუსკონის, ხარჯვის შემცირებასთან ერთად, პოლიტიკური ბალანსის პოვნაც მოუწევს.

კომენტარები