დაფა

როგორც ბევრი თბილისელი, წელს მეც გახლდით ბათუმში. მეც ვნახე, რომ ქალაქი მართლაც დღითი დღე უმჯობესდება. მაგრამ ამ სვეტში სულ სხვა რამეზე მინდა მოგახსენოთ. კერძოდ – მემორიალურ დაფებზე.

სულ არ გავამახვილებდი ამაზე ყურადღებას, რომ არა ერთი დეტალი. ბათუმის სამშობიარო სახლის წინ შემთხვევით საცხოვრებელი კორპუსი აღმოვაჩინე, ფასადზე მემორიალური დაფით, სადაც ვკითხულობთ: „ამ ადგილზე არსებულ სახში (აქ „სახში” ჟურნალის კორექტურა არ გეგონოთ) 1907-1908 წლებში ცხოვრობდა ქართული ლიტერატურის კლასიკოსი დავით კლდიაშვილი”.

მაშინ დავფიქრდი იმაზე, რომ თბილისში ძნელად თუ მოიძებნება შენობა, რომელზეც მემორიალური დაფა არაა მიმაგრებული, იმის მითითებით, რომ ამა და ამ წლებში აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, სპორტის ოსტატი, სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, და ა.შ. ერთი შეხედვით, თითქოს როგორი გულის ამაჩუყებელი და სასიამოვნო ფაქტია, რომ ვიღაცას ამაგი არ დაუკარგეს და მისი მოკლე ბიოგრაფიული ცნობები საქვეყნოდ გამოფინეს. თუმცა, მეორე შეხედვით, ეს ერთგვარი მატრაკვეცობაა, მგონი. ყოველ შემთხვევაში, ამდენი სასახელო მამულიშვილის არსებობა ცოტა საეჭვოდ მეჩვენება.

მემორიალურ დაფებზე ხომ მათი სახელები იწერება, ვინც წვლილი შეიტანა ქვეყნის ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, მაინტერესებს, შეიძლება თუ არა დაიკიდოს დაფები, სადაც ეწერება, რომ აქა და აქ ამა და ამ წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გამოჩენილი ქართველი ნარკოდილერი, სტაჟიანი ბოზი, ცნობილი განაბი, და ა.შ. მით უფრო, რომ ამათაც არანაკლები წვლილი შეაქვთ ქვეყნის ცხოვრებაში, როგორც ქორეოგრაფებს, სპორტსმენებს, დირიჟორებს, და ა.შ. ეს ისე, ხუმრობით.

ხუმრობის გარეშე კი ვფიქრობ, რომ მემორიალურ დაფებზე მათი სახელები უნდა იწერებოდეს, ვინც ქვეყნის ცხოვრებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა და არა, მიაქციეთ ყურადღება, რაღაც წვლილი. თორემ, საკითხავია, რა დააშავეს, მაგალითად, ტაქსისტებმა, ლიფტიორებმა, მეეზოვეებმა, მუშებმა, და ა.შ. იქნებ, ვინმე თვლის, რომ ეს უფრო დაბალი ღირსების პროფესიებია?

ცალკე საუბრის თემაა თბილისელობა. შეამჩნევდით ალბათ, არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად ხაზს უსვამენ თავიანთ ქალაქურ წარმომავლობას, თვლიან რა თბილისელობას პროფესიად. პრინციპში, ისინი მარტო ამის გამოც კი იმსახურებენ დაფას. რომ არაფერი ვთქვათ „ქუჩის აკადემიკოსებზე”. ზოგიერთის აზრით, „ქუჩის აკადემია” ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ყველა კაცურ კაცს უნდა ქონდეს დამთავრებული.

თუმცა დავუბრუნდეთ დაფებს. ზოგს პირდაპირ შუბლზე აწერია, რომ მას ცხოვრებაშივე განაღდებული აქვს მემორიალური დაფა. თქვენი არ ვიცი, მე კი შემიძლია შევხედო ბევრ ქართველს და ვთქვა, დაკიდებენ თუ არა ოდესმე მისი სახლის ფასადზე დაფას. კიდევ მეტი, ზოგიერთი თვითონვეა მოსიარულე მემორიალური დაფა.

ცხადია, სხვა რანგის მოღვაწეებიც არიან. ისინი, ვინც დაფებზე მაღლა დგანან. ესენი პირდაპირ საპანთეონე მასალაა. ყოველ შემთხვევაში, თვითონ დარწმუნებულნი არიან, რომ უთუოდ, ყოველ მიზეზს გარეშე იმსახურებენ პანთეონს. როგორც წესი, ასეთები ბევრს არ ითხოვენ – მხოლოდ უკვდავებას. წარმოგიდგენიათ, რამდენი ქართველი ოცნებობს პანთეონში დაკრძალვაზე? ან რამდენი იბოღმება გულის სიღრმეში, როცა ვინმეს კრძალავენ იქ? მათი ბოღმა ადვილი გასაგებია, ყოველი ახალი მკვდარი ხომ კიდევ უფრო ავიწროებს პანთეონში მიწის ფართს, რომელიც ისედაც ცოტაა. წარმოგიდგენიათ, რამდენი ქართველი პოეტი ფიქრობს: „თუ პანთეონის ცვრიან ბალახში არ დავიმარხე, რაა მამული?” თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა. პირადად მე, ძალიან ცოტა ვინმე თუ მეგულება, ვინც უარს იტყოდა, მისი სახლის ფასადზე დღესვე ანუ ცხოვრებაშივე დაფის დაკიდებაზე წარწერით: „აქ ცხოვრობს და მოღვაწეობს გამოჩენილი ქართველი...” და ა.შ.

დაბოლოს, მგონი, თავშეკავება არ გვაწყენდა. ვფიქრობ, რაც მალე შევეშვებით პანთეონებზე და დაფებზე ოცნებას, მით უკეთესი. მით უფრო, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ოცნება კაცს კლავს. ყოველ შემთხვევაში, ცოცხალ კაცს მკვდარს ამსგავსებს, ქალაქს კი – სასაფლაოს. მგონი, ურიგო არ იქნებოდა, ჩვენი ცხოვრება როგორმე უდაფოდ მოგვეწყო.

თუ არადა, ამდენ გაუგებრობას და გულში ბოღმის ჩახვევას, ბარემ პირდაპირ აეროპორტებში და საზღვრებზევე დავკიდოთ დაფები წარწერით: „აქ ცხოვრობს და მოღვაწეობს ქართველი ერი”.

კომენტარები