ევასთან ერთად და ტონის გარეშე

რუდი ფერნანდესი ( ბურთით)
 თურქეთში ყველაფერი თურქულადაა. ანუ დიდი დოზით ღიმილი, საშინელი ინგლისური, გამართული თურქული და უფრო მეტი მონდომება, ვიდრე პროფესიონალიზმი. იზმირში ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ჩატარება თავისთავად კარგი იდეა იყო. ულამაზესი ქალაქი, უამრავი საინტერესო და ტურისტისთვის დასამახსოვრებელი ადგილი, სიმშვიდე სანაპირო ზოლზე და არადამღლელი ფუსფუსი ქალაქის ცენტრში. ამ მხრივ ყველაფერი ნორმაშია. უბრალოდ, თუ არ იცი, რომ ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატი მიდის, მაგრად გაგიჭირდება ამის გაგება. პრინციპში, ვერც გაიგებ. მთელ ქალაქში საკალათბურთო ფორუმთან დაკავშირებით, სამი ბანერი შევნიშნე და ორი იმდენად პატარა იყო, რომ არ დააკვირდე, ვერც გაიგებ რატომ და რისთვის დაიკიდა.
იზმირში საფრანგეთი, ლიბანი, ახალი ზელანდია, კანადა, ლიტვა და მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი, ესპანეთი არიან. ყველა გუნდი ერთ სასტუმროში შეტენეს. სვისი იზმირში უფრო პრესტიჟული და ტევადია, ვიდრე ჰილტონი, მაგრამ ჩემპიონატის მონაწილეებს მაინც დიდი დისკომფორტი ექმნებათ. წარმოიდგინეთ, დილით ერთ-ერთი ნაკრების ადმინისტრატორი თავისი მოთამაშეებისთვის ლანჩპაკეტების წამოსაღებად ადის და სამზარეულოსთან რიგში დგომა უწევს. მანამდე სენდვიჩები და ფახლავა ლიბანელებს უნდა გაატანონ, მაგრამ სამზარეულოში ყველაფერი ნელა კეთდება და ის გუნდი უკვე ვარჯიშზე აგვიანებს. მერე მიდის ადმინისტრატორის და მზარეულის ჩხუბი, ბიჭო, იცი ვინ ვარ და ასე შემდეგ...…მოკლედ, ნაკრები ვარჯიშზე აგვიანებს, მერე, იმავე საღამოს ის ნაკრები საფრანგეთთან აგებს და ფრანგებთან წაგების შემდეგ, მარკ გასოლი და რიკი რუბიო უარს ამბობენ მასმედიასთან აუცილებელ, რეგლამენტით გათვალისწინებულ ინტერვიუზე. ალბათ მიხვდით, რომ დაზარალებული ნაკრები ესპანეთია.
ფრანგების დელეგაციას თან ახლავს ევა ლონგორია და არ ჩანს ტონი პარკერი. ყოველ შემთხვევაში, სან ანტონიოს ვარსკვლავი დარბაზში და სასტუმროში არ გამოჩენილა და ლონგორიას გვერდით ყოველთვის ძალიან მაღალი და განიერი, უშნო ულვაშში ჩაფლული ვიღაც პირადი მცველია. ევასთან გასაუბრება არარეალურია. ისევე, როგორც პირველ სამ მატჩში საფრანგეთის დამარცხება. ფრანგები წვალობენ, ყოველთვის „ნაკლებს აჯენენ” და ბორის დიაოს თურქეთში პირადი დიეტოლოგი, მასაჟისტი, მრჩეველი, მეგობარი გოგონა და ორი შვილი ჰყავს ჩაყვანილი. თან სულ იცინის. ძალიან საყვარელი პერსონაა ფრანგების კაპიტანი.
ყველაზე უკომპლექსო და კოლორიტული ნაკრები ახალ ზელანდიას ჰყავს. დილით, იქვე, მედიაკომპლექსთან გამოდიან, ცელქობენ, საშინელ თურქულ შაურმას მიირთმევენ, გამვლელებსაც დაპატიჟებენ კულინარიის ანტიშედევრზე და იქვე რჩებიან. ერთადერთი, ვინც ცოტა სოლიდურად იქცევა, ნაკრების ლიდერი კირკ პენია. ამ კაცმა ლიტვას 37 ქულა გაუკეთა, ესპანეთთან ხუან კარლოს ნავაროს შეუსრულა და რიკი რუბიო ორჯერ ქროსოვერით კინაღამ უახლოეს ტრავმატოლოგიურში გაუშვა. პენი სერიოზული მოთამაშეა, მაგრამ მხოლოდ ახალ ზელანდიაში და მაქსიმუმი, სადამდეც თურქეთში გააღწევს, მერვედფინალი იქნება.
ახალ ზელანდიას ისე ვეღარ გაუმართლებს, როგორც 2002-ში. მაშინ ყველა გრანდი ერთმანეთს შეასკდა, მანუ ჯინობილიმ და ლუის სკოლამ რეჯი მილერი მისსავე ინდიანაპოლისში დაასტატისტეს და ზელანდია ნახევარფინალში გაძვრა. მოუგო იაო მინის ჩინეთს და მერე ყველასთან 20 ქულაზე მეტი წააგო. საბოლოოდ, პენის და მარკ დიკელის გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა. დღემდე უდიდესი მიღწევაა ამ ნაკრებისთვის და მეეჭვება, უახლოეს მომავალში ოკეანეთის რომელიმე გუნდი 4 საუკეთესოში მოხვდეს. აქვე შედგება ნაკრების დიდი ხნის კაპიტნის, პერო კამერონის გაცილებაც. ჰო, ზელანდია ყოველი თამაშის წინ ხაკას დენ კარტერის ნაკრებზე არანაკლებ ზელანდიურად ასრულებს. ლიბანის ფანებმა ხაკა ვერ მიიღეს, ალბათ, უფრო ვერ გაიგეს და კივების მსროლელს, ფილ ჯოუნსს ტრიბუნიდან თავში ხურდა მოარტყეს.
მოთამაშეებთან გასაუბრება თან რთულია და თან მარტივი. უბრალოდ, გააჩნია, როგორ ხასიათზეა ნაკრების მენეჯერი. ლიბანელების მენეჯერი სულ იცინის, უშაქრო ყავაზეც დაგპატიჟებს, მაგრამ მაინც ვერ უნდა იყოს საინტერესო ალი ელ ჰატიბთან ინტერვიუ. და ადამიანი, რომელსაც ცოტა ხნით, მაგრამ მაინც გავესაუბრე, ამ ჩემპიონატზე ამერიკელების და რამდენიმე თურქის შემდეგ, ყველაზე პოპულარულია. სვისის შესასვლელში ვაბარებ ესპანეთის დელეგაციის წარმომადგენელს პირადობის დამადასტურებელ საბუთს და გავდივართ მესამე სართულის ვერანდაზე, სადაც გველოდება პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის ვარსკვლავი, ესპანელი რუდი ფერნანდესი.
“საფრანგეთთან არ უნდა წაგვეგო. რაღაც მომენტში ზედმეტი იმპროვიზაციის გამო მოგვდიოდა შეცდომები. პირველ შეტევაში სამჯერ დავკარგეთ ბურთი, დიაოს ერთი-ერთზე ვეთამაშეთ და ესეც შეცდომა იყო. პრინციპში, მსოფლიო ჩემპიონატი რომ მოიგო, ოპონენტებს სასურველად და არასასურველად ვეღარ გადაანაწილებ. რა მნიშვნელობა აქვს, როდის შეხვდები ამერიკას, ფინალში თუ მეოთხედფინალში? მაინც შეხვდები და თუ მანამდე სხვასთან გავარდები, ესე იგი ამერიკამდე მისვლის ღირსიც არ ხარ. უბრალოდ, უსიამოვნო იყო ტურნირის წაგებით დაწყება”.
“პო გასოლი დიდი ხანია, ნაკრების არცერთ შეკრებას არ ტოვებს. უბრალოდ, ბოლო სამი სეზონია ლეიკერსთან ერთად ფინალს თამაშობს და დაიღალა. არ მესმის, ეს რატომ არ გესმით. პო ევროპაში საუკეთესო ცენტრია, მსოფლიოშიც ერთ-ერთი საუკეთესოა და რომ ეთამაშა, უფრო მოქნილი, ღრმა გუნდი გვეყოლებოდა, მაგრამ მის გარეშეც შეგვიძლია ჩემპიონატის მოგება. ბევრ ნაკრებს არ ჰყავს მოთამაშე, ვისთანაც ეს გუნდი ასოცირდება. ფრანგებს დააკლდათ ტონი პარკერი, ამერიკამ მთლიანად ახალგაზრდული გუნდი ჩამოიყვანა, არგენტინა ჯინობილის გარეშე თამაშობს, გერმანიას არ ჰყავს ნოვიცკი, რუსებს კირილენკოს გარეშე თამაში უწევთ. ეს ნორმალურია. ამ ხალხს ბევრი თამაშის ჩატარება მოუხდა და უბრალოდ, ისვენებს. პატრიოტიზმი აქ არაფერ შუაშია”.
“ესპანეთში თამაშის გაგრძელება მართლა მინდა, მაგრამ საბოლოო სიტყვა მაინც პორტლენდს ეკუთვნის. ამ გუნდის საკუთრება ვარდა თუ ამერიკაში დავრჩები, კარიერას მხოლოდ პორტლენდში გავაგრძელებ. პანათინაიკოსმა მგონი ბოლომდე დააკომპლექტა გუნდი და საბერძნეთის ვარიანტი ნაკლებად რეალურია. ოლიმპიაკოსიც შეივსო და რეალში არ ვითამაშებ. თუ ესპანეთში გადავალ, მხოლოდ ბარსელონაში. ჯგუფურ ეტაპზე თურქეთში მეტი თამაშის წაგებას აღარ ვაპირებთ. ალბათ, არც წავაგებთ”.
თუმცა ესპანეთმა კიდევ ერთი 40 წუთი წააგო. ლიტვას მესამე მეოთხედში 61:43 უგებდა და მერე დადგა. 73:76 ლინას კლეზას ნაკრების სასარგებლოდ და ესპანეთი მეოთხედფინალში (თუ მანამდე კიდევ არ იცელქებს) ამერიკას შეხვდება. ბადის მეორე მხარეს მშვენიერი განრიგი აქვს თურქეთს. ყველაზე სერიოზული, ვინც კი ერსან ილიასოვას გუნდს შეიძლება შეხვდეს, ბრაზილია ან არგენტინაა. თურქეთი სახლშია, მსაჯებიც უკვე თურქულად საუბრობენ და 2001-ში როგორც მოხდა, ალბათ მასპინძელს მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს ყველაფერში.
თურქეთი მაინც თურქეთია.

კომენტარები