ევროპისკენ მეხუთედ

საქართველოს ეროვნული ნაკრები
 საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეხუთედ დაიწყო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი. ჩვენი გუნდი არასდროს გასულა ფინალურ ეტაპზე, საუკეთესო მიღწევა კი ევრო 96-ის შესარჩევში დაკავებული მესამე ადგილია.
ქართველი გულშემატკივარი ამჯერად იმედიანადაა განწყობილი და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თემურ ქეცბაიაა, ნაკრების თავკაცი.
ჩვენი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ნოემბერში ჩაიბარა ნაკრები, წლეულს ერთი ამხანაგური მატჩი მოიგო ესტონეთთან, ორჯერ კი ფრედ ითამაშა – კამერუნთან და მოლდოვასთან.
ძნელი გასახსენებელია, როდის არ წააგო საქართველოს პირველმა გუნდმა ზედიზედ სამი თამაში. ამის დასადგენად სტატისტიკური ცნობარების გადაფურცვლა მოგვიწევს, თუმცა ახლა მთავარი სხვაა: შეძლებს კი გუნდი ოფიციალურ მატჩებში სასურველი შედეგის მიღწევას?
მეექვსე შესარჩევ ჯგუფს, სადაც ხორვატიის, საბერძნეთის, ისრაელის, ლატვიის და მალტის ნაკრებებიც ასპარეზობენ, ჩვენი გადასახედიდან რთული ეთქმის, რეალურად კი, თემურ ქეცბაიას რჩეულებს ევროპული საზომებით საშუალო დონის მოწინააღმდეგეებთან პაექრობა ელით. ამ ჯგუფის შედარება წინა, ევრო 2008-ის შესარჩევის მეტოქეებთან არც შეიძლება: 2006 წლის შემოდგომით საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, საწყის ტურებშივე დაკარგა ავსტრია-შვეიცარიაში მოხვედრის შანსი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტ საფრანგეთთან, ფიფას ოქროს თასის მფლობელ იტალიასთან და მუნდიალის მეოთხედფინალისტ უკრაინასთან წაგების შემდეგ...
საბოლოო წარმატების მისაღწევად მძლავრი სტარტია საჭირო და კაცმა რომ თქვას, კალენდრის მხრივაც გაგვიმართლა: პირველ ტურში თაობათა ცვლის პროცესში მყოფ საბერძნეთთან სტუმრად თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრები ასევე პრობლემებით დასუსტებულ ისრაელს უმასპინძლებს, რასაც ოქტომბერში მალტასთან შინ პაექრობა და ლატვიაში სტუმრობა ერთვის.
თუ მოხდა და ჩვენმა გუნდმა ორივე საშინაო მატჩი მოიგო (რისი ალბათობაც პატარა არაა) და საბერძნეთში ან ბალტიისპირეთში ქულა მაინც აიღო, 2011 წელს საკმაო რაოდენობის ქულებით და იმედიანად შეხვდება. ფავორიტ ხორვატიასთან საგაისო პაექრობების წინ კი დაგროვილ ქულებზე და მეტ-ნაკლებად გამართულ თამაშზე კარგი, არაფერი იქნება. ამხანაგური მატჩების არწაგება ერთია, ოფიციალური თამაშების მოგება კი – მეორე.
საბერძნეთში გამგზავრებამდე ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსზე გაიარა ერთკვირიანი შეკრება, თუმცა კუნძულზე გაფართოებული შემადგენლობის ნაცვლად, ქეცბაიამ ის 21 მოთამაშე იახლა, ამხანაგურ მატჩებში რომ შეარჩია. მთავარმა მწვრთნელმა ჯერ კიდევ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გუნდის ბირთვი თითქმის ჩამოყალიბებულია და ახლა ფეხბურთელების მიზანი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა.
თემურ ქეცბაიამ დღესდღეობით ყველა ძლიერ ქართველ ფეხბურთელს მოუყარა თავი. მისი მეშვეობით, ნაკრებს დაუბრუნდნენ ის ფეხბურთელებიც, ახლო წარსულში ამა თუ იმ მიზეზით გუნდს მიღმა რომ რჩებოდნენ. ეს უდავოდ მისასალმებელი ფაქტია და იმედია, ამ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს მეორეც მოჰყვება, საბოლოო ჯამში კი ჩვენი გუნდი, ბოლოს და ბოლოს, გამართულად სიარულსაც ისწავლის.

ფაქტები

...1994 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა: ევრო 96-ის საკვალიფიკაციო ტურნირში მოლდოვას უმასპინძლა და... 0:1 დამარცხდა.
...1994 წლის 16 ნოემბერს ჩვენმა გუნდმა ისტორიაში პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო: ევრო 96-ის ეგიდით უელსი შინ, ეროვნულ სტადიონზე 5:0 გაანადგურა. იმ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა ნაკრების ამჟამინდელმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ. ეს ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვებაა ოფიციალურ მატჩებში.
...1994 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო სტუმრად: ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მასპინძელთა გუნდს 1:0 აჯობა. ერთადერთი გოლი შოთა არველაძემ გაიტანა.
...2006 წლის 18 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა ფარერის კუნძულებზე მასპინძლებს 6:0 სძლია. არც მანამდე და არც მას შემდეგ ნაკრებს გასვლითი შეხვედრა ასეთი უპირატესობით არ მოუგია.
...ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ქართველ ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტი შეხვედრა შოთა არველაძემ ჩაატარა – 24. მასვე ეკუთვნის კიდევ ერთი რეკორდი: ყველაზე მეტი გოლი – 16. შოთა არველაძე ოთხივე ევროშესარჩევში ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ამასთანავე, ის ერთადერთია, რომელმაც ევრომატჩებში ჰეთ-თრიქის შესრულება მოახერხა.
...ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მეტოქეთაგან ჩვენი გუნდი არასდროს შეხვედრია ხორვატიის ნაკრებს, დანარჩენებთან კი სხვადასხვა დროს არაერთხელ უთამაშია. საბერძნეთის და ლატვიის ნაკრებებს ქართველი ფეხბურთელები ევრო 2000-ის შესარჩევ ეტაპზეც შეხვდნენ, ისრაელის და მალტის გუნდებს კი – მხოლოდ ამხანაგურ თამაშებში.

 

კომენტარები