პატიდან პიტამდე

პიტ სამპრასი
 ნიუ იორკში სეზონის ბოლო მეიჯორი დაიწყო. განთესილების ამბები, ბევრი უაზრო პროგნოზი, ფავორიტები და ჯონი დეპის VIP-ლოჟები – US OPEN ამას და კიდევ ბევრ სხვას ჩაიტევს, ჩვენ კი ამ ტურნირის ისტორიაში 10 ყველაზე მაგარ მამაკაც ჩემპიონზე დავწერთ.

10. პატრიკ რაფტერი
ავსტრალიელი გვიან გაიხსნა. პატი სეზონის ბოლო სლემზე 1993-2001 წლებში თამაშობდა, ორჯერ ფინალისტობა მოასწრო და ორივე ფინალი მოიგო. 1997-ში რაფტერი გრეგ რუზეცკის ხვდებოდა. ეისმენთან პატმა თითქმის იდეალური ჩოგბურთი ითამაშა, 6:3, 6:2, 4:6, 7:5 მოიგო და პირველ ორ სეტში მხოლოდ 4 უნებლიე შეცდომა დაუშვა. ერთი წლის შემდეგ რაფტერმა უკვე მარკ ფილიპუსისი მიანგრია და მალე, ძალიან პატარა პერიოდით, მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა. რაფტერი ორჯერ წლის საუკეთესო ჩოგბურთელად დაასახელეს.
9. ბორის ბეკერი
ტურნირი ერთადერთხელ, 1989-ში მოიგო. ბორისისთვის ის სეზონი კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ფინალში მან მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ივან ლენდლი 7:6, 1:6, 6:3, 7:6 დაამარცხა და ლენდლმა ტიტულთან ერთად, პირველი ჩოგნის სტატუსიც დაკარგა. ბეკერმა 23 ეისი მოაწოდა, რაც მაშინ დაახლოებით იგივე მაჩვენებელი იყო, როგორც წინა დეკადაში გორან ივანიშევიჩის 30-35 აუღებელი მოწოდება. გერმანელისთვის ეს ამ ტურნირზე ერთადერთი ფინალი იყო.


8. სტეფან ედბერგი
ედბერგი ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ხშირად, ზუსტად და კლასიკურად იყენებდა ბადესთან გასვლას. ამ ტურნირზე 55 მატჩიდან 43 მოიგო, ზედიზედ 14 სეზონი გადიოდა კორტზე და ორჯერ ჩემპიონი გახდა. 1991 წლის ფინალში მან ამერიკელი ჯიმ კურიე დატოვა უშანსოდ – 6:2, 6:4, 6:0, ერთი წლის შემდეგ კი ტიტული დაიცვა – ფინალში პიტ სამპრასთან პირველი სეტი 3:6 დათმო, მერე კი 6:4, 7:6, 6:2 აიღო სამი სეტი და პირველი ჩოგნობაც შეინარჩუნა.
7. ბიორნ ბორგი
შვედი ერთადერთია ამ სიაში, ვინც ამერიკაში ჩემპიონი ვერ გახდა, ბორგმა ოთხი ფინალი წააგო. 1976 და 1978 წლებში ბიორნი ჯიმი კონორსთან აგებს. პირველ ფინალში, თითო სეტის გაცვლის მერე, ბორგს მესამე სეტში 7 (!) სეტ პოინტი ჰქონდა და მაინც წააგო. უნდა მოეგო 1980 წლის ფინალიც, მაგრამ მაკინროისთან ბოლო სეტში მაჯა იტკინა და ბრეიკი ვეღარ დაიბრუნა. 1983-ში ბორგმა კარიერა დაასრულა.
6. ანდრე აგასი
ანდრე ამერიკის სლემზე პირველად 16 წლის გამოჩნდა და საბოლოოდ, 6 ფინალი და 2 ტიტული დაირტყა. აგასი US OPEN-ის კორტებზე ბოლოჯერ 2006-ში გავიდა.
პირველი ტიტული აგასიმ 1994-ში მოიპოვა, როდესაც ფინალში მიხაელ შტიხს პირველ სეტში მხოლოდ 9 ქულა ააღებინა და მატჩი 6:1, 7:6, 7:5 მოიგო. მეორედ ანდრე ხუთი წლის მერე გახდა საუკეთესო. ამერიკულ ფინალში ლასვეგასელმა ტოდ მარტინს ხუთ სეტში აჯობა.
სამი წაგებული ფინალი სამპრასთან და ლამაზი მატჩი ფედერერთან 2005-ში. მოგვიანებით, ანდრე თავის ბესტსელერში დაწერს, მაგ დროს ანაბოლიკებზე ვიჯექი და ვცელქობდიო...
5. ჯონ მაკინროი
მაკინროი აქ ყოველთვის სხვა, ნებისმიერ სასლემოსთან შედარებით მეტი მოტივაციით ჩადიოდა და ხუთი ფინალიდან არანორმალურმა ამერიკელმა მხოლოდ ერთი ვერ მოიგო.
78 მატჩი, 66 მოგება და ტიტულები 1979-81 და 1984 წლებში. კარიერაში პირველი მეიჯორი ჯონმა US OPEN-ზე მოიგო, როდესაც 1979-ში ძმაკაცი, ვიტას გერულაიტისი 7:5, 6:3, 6:3 დაამარცხა. ბოლო ფინალი ჯონმა 1985-ში ჩაატარა, როდესაც სამ სეტში ივან ლენდლთან წააგო. ეს უკვე ლენდლის ეპოქის გაგრძელება იყო.
4. ივან ლენდლი
რვა ფინალი, სამი ჩემპიონობა, არანაირი პოპულარობა და 86 საერთეულოდან 73 მოგებული შეხვედრა – ლენდლი ფენომენი იყო.
ჩეხ-ამერიკელი ზედიზედ რვაჯერ (ყველა დროის რეკორდი) გავიდა ფინალში და ზედიზედ სამჯერ (1985-87) ჩემპიონი გახდა. ლენდლმა ბოლო მოგებულ ფინალში შვედ მათს ვილანდერს 6:7, 6:0, 7:6, 6:4 აჯობა. მესამე სეტში ივანმა 11 (!!!) სეტ პოინტი გადაარჩინა.
3. როჯერ ფედერერი
როჯერს პროცენტულად საუკეთესო სტატისტიკა აქვს. 57 მატჩი, 52 გამარჯვება (91.2 პროცენტი) და ხუთი ტიტული. 2009-ში შვეიცარიელი ფინალში არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან დამარცხდა. ეს იყო ფედერერის პირველი წაგება US OPEN-ზე 2004-ის მერე.
პირველი ფინალი როჯერმა 2004-ში მოიგო ოზ ლეიტონ ჰიუიტთან 6:0, 7:6, 6:0. ფედერერმა დანარჩენ ოთხ ფინალში თითოჯერ გაიარა ანდრე აგასი (2005, 6:3, 2:6, 7:6, 6:1), ენდი როდიკი (2006, 6:2, 4:6, 7:5, 6:1), ნოვაკ ჯოკოვიჩი (2007, 7:6, 7:6, 6:4) და ენდი მარეი (2008, 6:2, 7:5, 6:2).
2. ჯიმი კონორსი
კონორსი ერთადერთია, რომელსაც ტურნირი სამივე საფარზე (ბალახი, თიხა, ჰარდი) აქვს მოგებული. ჯიმიმ ერთეულებში შვიდი ფინალი ჩაატარა, ხუთი მოიგო და ტურნირი 98 გამარჯვებით დაასრულა.
პირველი ტიტული კონორსმა 1974-ში აიღო, ფინალში ბებერ კენ როუზვოლს ორი გეიმი მოაგებინა და ბოლოჯერ 9 წლის შემდეგ გახდა საუკეთესო. ჯიმიმ ორი ფინალი წააგო – ჯერ ესპანელ მანუელ ორანტესთან (1975) და ორი წლის შემდეგ არგენტინელ გილერმო ვილასსთან.
1. პიტ სამპრასი
ღია ერაში პიტი ამერიკაში ყველაზე მაგარი იყო. სოლიდური, მძიმე, ძალისმიერი ჩოგბურთით სამპრასი იგებდა ყველასთან და ნებისმიერ კონდიციაში. კონორსთან და ფედერერთან ერთად, ამერიკელს ტურნირი ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ აქვს მოგებული და ერთეულებში 80 შეხვედრიდან მხოლოდ 9 წააგო.
პიტმა ტურნირზე პირველად 1988-ში ითამაშა და 19 წლის (1990) გახდა ჩემპიონი. სამპრასი იგებდა ფინალებს ჯერ ლუის არმსტრონგის, მოგვიანებით კი არტურ ეშის სახელობის ცენტრალურ კორტებზე. იგებდა ზურგის ტრავმით, ნაოპერაციები.
პიტმა ნიუ იორკში სამი ფინალი წააგო – სტეფან ედბერგთან, მარატ საფინთან და ლეიტონ ჰიუიტთან.
სამპრასმა ხუთი მოგებული ფინალიდან სამჯერ აგასი, თითოჯერ კი სედრიკ პიოლინი და მაიკლ ჩანგი დაამარცხა. US OPEN ბოლოჯერ 2002-ში მოიგო. კორტის მეორე მხარეს კი მაშინაც აგასი იდგა. ეს იყო მისი მე-14 მეიჯორი, რის მერეც პიტმა კარიერა დაასრულა.
დაასრულა ისე, როგორც დაიწყო – ჩემპიონად.

კომენტარები