არაფერი

0 კომენტარი

 აგვისტოში თბილისში დავრჩი: მათ რიცხვს ვეკუთვნი, ვინც სიცხეს – თუნდაც ისეთ აუტანელს, მშრალსა და ორმოცდახუთგრადუსიანს, როგორიც წელს იყო – შედარებით ადვილად და უსარგებლო წუწუნის გარეშე იტანს. სამაგიეროდ, აგვისტოს თვეში ცოცხლდება ძველი, ბავშვობის ქალაქი-მოგონება: დაცარიელებული ქუჩებით, ფართოდ გაღებული ფანჯრებიდან გამომავალი აჯაფსანდალის ან ფარშირებული ბულგარულის სუნით... ადუღებულ ტროტუარზე მოარული დაღლილი, ხილით დატვირთული დიასახლისებით და უკვე კანონგარეშე გარემოვაჭრეების მხნე შეძახილებით, შაბათ-კვირა დილას: ლეღვი, ლეღვი... ან ატამი, ვაშლი, პამიდორი, ატამი....
წლევანდელი აგვისტო არა მარტო ღია ფანჯრების, ღია კარის თვეც იყო: ქალაქში დარჩენილებმა აღარ იცოდნენ რა სახის განიავება-ვენტილაცია-გაგრილების ფორმისთვის მიემართათ: ჩემი სახლის პირველ სართულზე მცხოვრები მეზობლის კარი მთელი თვის განმავლობაში ფართოდ გახსნილი იყო. სიცხემ ამ ოჯახს 1990-იანების შიშებიც დაავიწყა და აგვისტოში კარდაკარ მოარული კრიმინალიც, ჩართულ და მთელ ქუჩაზე მორახრახე გენერატორების მომპარავი ისე, რომ პატრონი გამოფხიზლებასაც ვერ ასწრებდა... სახლში ცხელ საღამოს დაბრუნებულს ასეთი რამეც მინახავს: აივანზე გადმომდგარი, სიცხით გათანგული ზედა სართულზე მცხოვრები მეზობელი ქალი წყალს პეშვის მექანიკური მოძრაობებით ეზოს აკმევდა, თუმცა უშედეგოდ: საღამოს უმოწყალო სიცხეშიც კი, წყლის წვეთები ჰაერშივე ორთქლდებოდა და ასფალტს მხოლოდ ორთქლის კვალი ეპკურებოდა. ვერ მივხვდი, რის ან ვის გასაგრილებლად იყო მიმართული ეს წყალ-კურთხევა.
საღამოობით, იტალიური ეზოს შუშაბანდებში მეზობლები ბადრიჯნიან კერძებს უღიმღამოდ მიუსხდებოდნენ; ასეთ სიცხეში, ჭამას გემო არ აქვს, ჩვევაა, მხოლოდ... მერე საზამთრო-ნესვები დაიჭრებოდა. დასიცხული და კოღოდაკბენილი ბავშვების ჭინჭყლობას საღამოს საინფორმაციო გამოშვებების მუსიკალური ლეიტმოტივები ერეოდა, წამყვანების დაძაბული ტემბრები, რუსული ზეთის, ჩეხური ლუდის და წამყვანი ქართული შოკოლადის – ბარამბოს სარეკლამო მხიარულება, რასაც უსათუოდ რომელიმე ეჭვმიტანილის კრიმინალური აღსარება მოჰყვებოდა, რატომღაც უფრო ბრალმდებლის კუთხით დანახული, ვიდრე თავად ბრალდებულის. შიგადაშიგ, მონოტონურად და შემდეგ ასტრონომიული პროგრესიით ვითარდებოდა ერთი გეოგრაფიული დასახელება, სიტყვა, რომელმაც შეჭამა ყველა და ყველაფერი, ჯერ ყველა ბრუნვასა და ფორმაში იხმარებოდა, შემდეგ სასვენი ნიშანი გახდა, ყველა წინადადებაში რაღაც როლი აუცილებლად ეკავა: ბათუმის აეროპორტი, ბათუმის სანაპირო, შერატონ-ბათუმი, ბათუმი მაჯესტიკი, ბათუმის სტუდიიდან, ბათუმში პიაცას მოედანზე, ბათუმი ბამბა რუმს, ბათუმმა უმასპინძლა, ბათუმს ეწვია, ბათუმს გადაუფრინა.... ბათუმში გაიხსნება, წყალი ბათუმს, მოდა ბათუმს, ისევ ბათუმი და ყველანაირი ბათუმი ბითუმად.... აივანზე ვიდექი, იტალიურ ეზოში, ჩაბნელებულ ბინებში აციმციმებული ეკრანების წინ მოკალათებულ მეზობლებს ვუყურებდი და ვფიქრობდი: იქნებ თბილისისთვის რეგიონალური კურიერი გამოეშვათ შემდეგი მოკლე სცენარით: იწყება საღამოს გამოშვება, საათი, მუსიკალური ქუდი, ყველაფერი, როგორც არის. შემდეგ, ჩნდება წამყვანი და გვიცხადებს: ბატონებო და ქალბატონებო, არაფერი არ ხდება. შემდეგ კიდევ ერთი რეკლამა, ცხადია შოკოლადის, ამინდის პროგნოზი, კინო. ერთხელ, მთელი თვის განმავლობაში ხომ შეიძლება ასეთი ეთერიც გვეხილა?
ამას იმიტომ ვწერ, რომ ნამდვილად არაფერი ხდებოდა თბილისის რესტორნებში, არაფერი ახალი, ახალი არაფერი, საინტერესო არაფერი, არაფერი საინტერესო. სადღაც წამიკითხავს, რომ არაფერზე წერა უფრო ძნელია, ვიდრე რამეზე. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ აგვისტოს ეს უქმე თვე თუ არა, სხვა, უფრო იდეალური შესაძლებლობა აღარ მექნებოდა, რომ ერთხელ მეც დამეწერა არაფერზე. შეიძლება ისიც ითქვას (ჩვენში არაფრის თქმას წინ არასდროს უდგას არაფერი), რომ არაფრიდან ისევ არაფერი გამოდის და არაფერი მხოლოდ არაფერზე დაიყვანება. თუ ვინმეს ასე მოეჩვენება, ჩემი სათქმელიც ეს არის, სხვანაირად არ ვიცი როგორ ვთქვა, რომ მართლა არაფერი არ ხდებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

15 აგვისტოს, Black Sea Arena-ზე ირაკლი ჩარკვიანის საღამო გაიმართება

კომენტარები