ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

 ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საქართველოში დაცული ტერიტორიებიდან უძველესი და ყველაზე მასშტაბურია. უნიკალური ბუნების რეზერვაცია, საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს და 76.000 ჰექტარზე (საქართველოს საერთო ფართობის 1%) ვრცელდება. პარკი აერთიანებს საქართველოს რამდენიმე კუთხის განაპირა ნაწილებს და მოიცავს თორის, იმერეთის და სამცხის ტერიტორიებს. ეროვნული პარკის განსაკუთრებული მდებარეობა და კლიმატი მისი ტყის რესურსების, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებას განაპირობებს.
შუა საუკუნეებში დღევანდელი ეროვნული პარკის ტერიტორია მეფეთა და მთავართა სანადირო მიდამოს წარმოადგენდა. პარკის, როგორც დაცული ტერიტორიის, ისტორია მეცხრამეტე საუკუნეში იღებს სათავეს, როდესაც უკვე რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ საქართველოში, 1862 წელს, მეფისნაცვლად რუსეთის იმპერატორის – ალექსანდრ II-ის ძმა – მიხაილ რომანოვი დაინიშნა. მას შემდეგ, რაც იმპერატორმა ბორჯომის ბუნებით მოხიბლულ ძმას მთელი ბორჯომის ხეობა საჩუქრად გადასცა, მიხაილ რომანოვმა ტყის მნიშვნელოვანი ტერიტორია შემოსაზღვრა და უნებართვო ნადირობა და ხე-ტყის ჭრა აკრძალა. ამგვარად გაჩნდა პირველი დაცული ტერიტორია კავკასიაში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებიდან 14 წლის შემდეგ, 1935 წელს დაარსდა ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი, რომლის საერთო ტერიტორია დღევანდელის მეოთხედი იყო – 18.000 ჰა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1995 წელს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით დაარსდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც ოფიციალურად 2001 წელს გაიხსნა.
ეროვნულ პარკში ლაშქრობა შესაძლებელია როგორც ფეხითა და კარვით, ასევე ცხენებით – პარკის თორმეტადგილიან თავშესაფრებში ან მარელისის (ხარაგაულის რაიონი) სასტუმროში ღამისთევით. თან უნდა იქონიოთ საჭმლის მარაგი, საძილე ტომარა და ჭურჭელი. მარშრუტების დაძლევა შეგიძლიათ როგორც დამოუკიდებლად, რუკის მეშვეობით, ასევე გიდის თანხლებით (გიდის მომსახურება დღეში – 15 ლ). რუკისა და ლაშქრობისთვის აუცილებელი ატრიბუტების (საძილე ტომრები, კარვები, ა.შ.) ქირაობა შესაძლებელია ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ოფისში, ლიკანში. მარშრუტები საკმაოდ ინტენსიურია, ამიტომ მოუმზადებელი ფეხმავალთათვის მიზანშეწონილი იქნება შედარებით იოლი ბილიკით დაწყება (მაგალითად, ნაკვალევის ბილიკი).
პარკში დაცულია ველური და ხელუხლებელი ტყეები. ჭარბობს კოლხეთის ფლორისთვის დამახასიათებელი ელემენტები: ჭვავი, ქერი, წაბლი, უთხოვარი. დასავლეთში მდებარე ხევებში მცენარეულობა მცირდება და ქვაბისხევის ტერიტორიისკენ უკვე ჭარბობს სიმშრალის მოყვარული მცენარეები, მაგალითად კავკასიური ფიჭვი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხეა ევროპაში. პარკის ჩრდილოეთი ნაწილი, ხარაგაულის მხარე უკავია ფართოფოთლოვან ტყეებს წაბლით, წიფელით და რცხილით, ტყეებს ცაცხვი, კოლხური მუხა და მურყანი ავსებს. ასევე მრავალფეროვანია კოლხეთისა და კავკასიისთვის დამახასიათებელი ფაუნით: სუბალპურ მდელოებზე შეიძლება გადააწყდეთ ირემს, შველს, ტყეებში ბინადრობს არჩვი, მაჩვი, წავი, კვერნა, კავკასიური შავი როჭო, მურა დათვი, გარეული კატა და ფოცხვერი.
ეროვნული პარკის ყველაზე მაღალი წერტილია სამეცხვარეოს მთა (2 642 მ.), სადაც ალპური მდელოების მრავალფეროვნება განსაკუთრებით თვალშისაცემია ზაფხულში. „ჩემთვის ყველაზე კარგი პერიოდია ივლისი, ყვავილებია, ლამაზია, და შემოდგომა, აი, ირმის მყვირალობის დროს, – გვეუბნება ეროვნული პარკის ქვაბისხევის სამცველოს რეინჯერი, 50 წლის კუკური სარალიძე, – სექტემბრიდან აქაურობა გუნდივით მღერის, თითო ფურთან სამი ან ხუთი ხარი მიდის და იმას თუ არ უნდა, არც ერთს არ მიიკარებს. მარტო იმ დღეს ჩვიდმეტამდე ირემი დავთვალეთ”.
სიმაღლისა და ამინდის ცვლილებასთან ერთად აქაურობა ტერასულად იცვლება და განსაკუთრებით შემოდგომაზე თვალწარმტაც და დაუვიწყარ სანახაობას წარმოადგენს. ამას თუ დავუმატებთ ირმის მყვირალობის დაუვიწყარ აუდიოფონს, აქ გატარებული ყოველი დღე განსაკუთრებული შთაბეჭდილება იქნება. ირმის მყვირალობა 21 სექტემბრიდან იწყება.

1. ნიკოლაი რომანოვის ბილიკი
მრავალფეროვანი ბილიკი, რომელიც კვეთს ეროვნულ პარკს ლიკანიდან (ბორჯომის რაიონი) მარელისამდე (ხარაგაულის რაიონი).
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 39-41 კმ.
ორი ღამისთევა ეროვნულ პარკში. ლომის მთის და სახვლარის ტურისტულ თავშესაფრებში.
I დღე – დაახლოებით 5 საათი, II დღე – დაახ. 6,5 საათი, III დღე – 2 საათი.
ერთდღიანი ლაშქრობა შესაძლებელია ლომის მთის მცველთა თავშესაფრამდე (დაახ. 4 საათი). შეიძლება ლაშქრობაში VI მარშრუტის კომბინირება.

2. ანდრია პირველწოდებულის ბილიკი
ბილიკი ეროვნულ პარკს აწყურიდან მარელისამდე (ან პირიქით) კვეთს. გაივლის ეროვნული პარკის უმაღლეს მწვერვალს – მთა სამეცხვარიოს (2 642 მ.) 2-3 ღამისთევა: ამარათის ტურისტულ თავშესაფარში, დიდი სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში და მცველთა თავშესაფრებში ან კარავში.
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 49-51 კმ. I დღე დაახ. 6 საათი, II დღე – 4-4,5 საათი (დამოკიდებულია ღამისთევის ადგილზე), III დღე – დამოკიდებულია ღამეს სად გაათევთ.

3. პანორამების ბილიკი
რთული, წრიული ბილიკი ულამაზესი ხედებით აწყურის მცველთა საგუშაგოდან ამარათის ტურისტული თავშესაფრის გავლით. ერთი ღამისთევა.
მარშრუტის ხანგრძლივობა: I დღე – 16 კმ, 6 საათი, II დღე – 18 კმ, 6 საათი.

4. ხელუხლებელი ტყის ბილიკი
უმოკლესი ბილიკი, რომელიც ეროვნულ პარკს კვეთს. ნუნისის მცველთა საგუშაგოდან (ხარაგაულის რაიონი) ზანავის მცველთა საგუშაგომდე (ბორჯომის რაიონი) ან პირიქით. განსაკუთრებით გირჩევთ დეკის ყვავილობის დროს (აპრილი-მაისი). ღამისთევა ნუნისის მცველთა საგუშაგოსთან კარავში.
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 12-13 კმ, დაახ. 6 საათი.

5. ზეკარის უღელტეხილის ბილიკი
აბასთუმნის მცველთა საგუშაგოდან დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფრამდე (ადიგენის რაიონი).
მარშრუტის ხანგრძლივობა: 9-10 კმ, დაახ. 4-4,5 საათი. ერთი ღამისთევა დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფარში.
ეროვნული პარკის გადაკვეთა მთის ველოსიპედით შესაძლებელია აბასთუმნიდან ზეკარის უღელტეხილის გავლით საირმემდე.

6. ნაკვალევის ბილიკი
ერთდღიანი მარშრუტი მრავალფეროვან ბუნებაში ლიკანიდან ქვაბისხევამდე (ბორჯომის რაიონი).
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 12-13 კმ, დაახ. 6 საათი.


7. ეროვნული პარკის
საინფორმაციო ბილიკი
საგანმანათლებლო ბილიკი იწყება ეროვნული პარკის ბორჯომის ადმინისტრაციიდან.
მარშრუტის ხანგრძლივობა: 3 კმ, დაახ. 1,5 საათი.
ბილიკის გასწვრივ განლაგებულია 9 სტენდი, რომლებიც სხვადასხვა თემას ეხება: რას წარმოადგენს ეროვნული პარკი, ეროვნული პარკის ფლორა და ფაუნა, მცენარეული საფარი, ტრადიციული გამოყენების ზონა და სხვა. ინსტალაციებთან მცირე სირთულეც ელით მოლაშქრეებს: უნდა გამოიცნონ სად ნადირობს მსხვერპლზე მთის არწივი ან კიდევ უნდა ააწყონ მოძრავი ინსტალაცია, რომელიც ეროვნული პარკის ცხოველებზეა: რომელი კვალი რომელ ცხოველს ეკუთვნის? ბილიკზე ლაშქრობა შესაძლებელია მარტო ან ეროვნული პარკის გიდთან ერთად.

8. მეღრუკის ხეობა
წრიული ბილიკი დიდი სახვლარის ტურისტული თავშესაფრიდან მდინარე მეღრუკის ხეობის გავლით (სტეფურის ჭალა).
მარშრუტის ხანგრძლივობა: 5,5 კმ დიდი სახვლარიდან, დაახ 3 საათი.

კომენტარები