მთიანი ყარაბახი ომსა და მშვიდობას შორის

აზერბაიჯანული ჯავშანტექნიკა. ყარაბახი
 მთიანი ყარაბახის მიდამოებში აზერბაიჯანელ და სომეხ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები გახშირდა. დაპირისპირებას მსხვერპლი ორივე მხარეს მოჰყვა. დაძაბულობის ფონზე 3 სექტემბერს ბაქოს რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ეწვია. ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებები რუსეთ-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დემარკაციასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას შეეხებოდა. თუმცა მსგავსი შეხვედრები გვერდს ვერ აუვლის ყარაბახის კონფლიქტს; მოლაპარაკებების მაგიდასთან მიღებულ გადაწყვეტილებას ამ პრობლემაზე ყოველთვის აქვს პირდაპირი თუ ირიბი გავლენა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო ვექტორის არჩევანს ყარაბახის ოცწლიანი ომი განაპირობებს; მეტიც, იგი ქვეყნის შიგნით მმართველი პარტიების მხარდაჭერის განმსაზღვრელი ფაქტორია. უკანასკნელ მოვლენებს უარყოფით შეფასებას აძლევს სამხრეთ კავკასიის სპეციალური წამომადგენელი ევროკავშირში პიტერ სემნები. მისი განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა საფრთხეს უქმნის ორივე ქვეყანას: „იმედი მაქვს, მხარეები შესაბამისად აფასებენ ესკალაციის საშიშროებას. თუ დაძაბულობა მოიმატებს, სიტუაცია ადვილად გამოვა კონტროლიდან”. კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას კი არა მარტო ამ ორი ქვეყნის მოსახლეობისთვის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიისათვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
აგვისტოში ილჰამ ალიევმა მოულოდნელად სამხედრო რიტორიკა ოპტიმისტური ტონით შეცვალა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები ამ ე.წ. გაყინული კონფლიქტის შესახებ საბოლოო ეტაპზეა. ეუთო აზერბაიჯანსა და სომხეთს ხელშეკრულების რამდენიმე ვერსიას წარუდგენს, რომელიც მხარეებს რეალურად ახალს არაფერს სთავაზობს: საჭიროა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა „ყარაბახის ოკუპირებული ტერიტორია” დატოვონ, დევნილები სასწრაფოდ დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს, ხოლო დამატებითმა სამშვიდობო ძალებმა რეგიონის უსაფრთხოება უზრუნველყონ. სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ალიევის განცხადებას გამოეხმაურა და ნონსენსი უწოდა. ამასთან დასძინა, რომ კონფლიქტის მოგვარებისთვის საჭიროა ყარაბახი მოლაპარაკებათა მაგიდასთან ცალკე მხარედ მიიწვიონ.
მსგავსი სამშვიდობო პროექტები მთიანი ყარაბახის ომის დასრულების დღიდანვე, უკვე თვრამეტი წელია, არსებობს. მასზე შეთანხმებას კი მხარეები ვერ ახერხებენ. კონფლიქტს გაყინულს უწოდებენ, თუმცა სინამდვილეში დაპირისპირება ახლაც დინამიურია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს. ამ დაპირისპირებამ ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა და 1.4 მილიონი (ეს მონაცემი მხარეთა სპეკულაციის საგანია) იძულებით გადაადგილებული პირი დაუტოვა ორივე ქვეყანას.

დაბრუნებული თუ დაკარგული?
ყარაბახის შესახებ დავა თითქმის ასი წელია მიმდინარეობს. სიტუაცია განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წნეხიდან გამოთავისუფლებულმა ნაციონალიზმმა დაძაბა. 1992 წელს სომხეთის სამხედრო შენაერთებმა ყარაბახი ბრძოლით აიღეს და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასაც შეუტიეს.
უკვე წლებია გასული, რაც მხარეები თანაბარი ენთუზიაზმით აფერხებენ სამშვიდობო ხელშეკრულების მიღებას. 1992 წელს ეუთომ და გაერომ დაპირისპირებული ქვეყნები მინსკის მოლაპარაკებებზე მიიწვია. ორი წლის შემდეგ კი რუსეთმა ითავა ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა. 1996 წელს ეუთომ გამოსცა რეზოლუცია, რომელიც კონფლიქტის მოგვარებას მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაფუძნებით აღიარებდა. რეზოლუციას სომხეთის გარდა ეუთოს ყველა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. 1997 წლის მაისში სომხეთის პრეზიდენტმა ტერ პეტროსიანმა მიიღო ეუთოს შემოთავაზება. შედეგად მას მომდევნო წელსვე გადადგომა აიძულეს. სომხეთის ახალი პრეზიდენტი კოჩარიანი მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა შემოთავაზებული ხელშეკრულების მიღებას, რაც 1998 წლის ნოემბერში მინსკის მოლაპარაკებებზე მხარეებმა სომხეთის მოთხოვნებიც გაითვალისწინეს. თუმცა ამჯერად აზერბაიჯანმა განაცხადა უარი ხელმოწერაზე. ამის შემდეგ თითქმის ყოველი შემოთავაზებული ხელშეკრულება ან ერთი ან მეორე მხარის მიერ იბლოკება.
სომეხი ჩინოსნები შიდა პოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფებიან. ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებული ნებისმიერი დათმობა მათი კარიერის დასასრულის მომასწავებელია. სომხების უმრავლესობა ყარაბახს მუსლიმებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიად აღიქვამს და ერთგვარ ჯვაროსნულ-საკრალურ მნიშვნელობას ანიჭებს. ისინი ამტკიცებენ, რომ 1992 წლის ომი თავდაცვა და გენოციდის თავიდან აცილება იყო.
ზეწოლას განიცდის აზერბაიჯანის პოლიტიკური ელიტაც. ეს ქვეყანა დღითი დღე მდიდრდება. დოვლათის მნიშვნელოვანი ნაწილი კი მაღალჩინოსანთა ხელში ხვდება. მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. მთავრობა ამ ადამიანების დასაშოშმინებლად სამხედრო რიტორიკას იყენებს. აზერბაიჯანელები თვლიან, რომ ყარაბახში სომხები ბოლო 150 წლის განმავლობაში არიან უმრავლესობაში: ისინი ხომ რუსეთის იმპერიამ ირანის ჩრდილოეთიდან ჩამოასახლა.

შეჯიბრი
აზერბაიჯანის ეკონომიკური წინსვლის ფეხდაფეხ, მოდერნიზაციას განიცდის ამ ქვეყნის ჯარიც. სამხედრო ძალებს თურქი და ამერიკელი ექსპერტები წვრთნიან. ალიევი ახალ შეიარაღებას როგორც თურქეთისგან, ისე რუსეთისგან ყიდულობს. თუმცა შეიარაღების განახლება საკმარისი არ არის; საჭიროა სრულყოფილი რეფორმა. ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი 2 მილიარდი დოლარია, 3-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე სომხეთის.
აზერბაიჯანის ჯარის მოდერნიზაცია სომხეთს ჯერჯერობით არ აწუხებს: რუსული ბაზები ჯერ კიდევ იქ არის დისლოცირებული. ქვეყანა კრემლის შეიარაღებასაც ნახევარ ფასში ყიდულობს.
ომის მოლოდინში
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ალიევი კარგა ხანს დუმდა. სომხები თითქმის დარწმუნდნენ, რომ აზერბაიჯანი ვერასდროს გაბედავდა სამხედრო ოპერაციის ჩატარებას. თუმცა ერთი წლის შემდეგ სამხედრო რიტორიკა განახლდა.
არსებობს საომარი მოქმედებების განვითარების რამდენიმე სცენარი:
1) ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევა: მხარეები იმდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ ნებისმიერმა გასროლამ შესაძლოა ომი დაიწყოს.
2) აზერბაიჯანის ოპერაცია „შტურმი”: ეს ხორვატიის 1995 წლის ოპერაციის ანალოგია, რომლის დროსაც ხორვატებმა სწრაფად აიღეს სერბეთის მიერ დაკავებული ტერიტორიები. ამგვარ საბრძოლო მანევრს უმთავრესად ქვეითი ჯარი დასჭირდება. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, სავარაუდო ბრძოლებს, სულ მცირე, 10 ათასი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი შეიძლება შეეწიროს.
3) აზერბაიჯანის სრული ინტერვენცია: ამ შემთხვევაში ბაქო თავს დაესხმება როგორც მთიან ყარაბახს, ასევე სომხეთს. აზერბაიჯანელი გენერლების შეფასებით, სომხები ბევრად უფრო სუსტები არიან ქვეყნის შიგნით, ვიდრე ყარაბახში. თუმცა ამ შემთხვევაში, კონფლიქტში აუცილებლად ჩაერევა სომხეთში დისლოცირებული რუსეთის ჯარი.
4) სომხეთის წინასწარი შეტევა: თუ სომხეთი დაინახავს, რომ აზერბაიჯანის მზარდი სამხედრო ძალები საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას, შეიძლება თავად გადავიდეს შეტევაზე. თუმცა ეს ძალიან სარისკო იქნება, რადგან მისი ჯარი იმ ადგილებშია თავმოყრილი, საიდანაც გეოგრაფიული სირთულეების გამო 1992 წელს წასვლა ვერ შეძლეს.
ერთი რამ ნათელია, კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება არც ერთ მხარეს არ აწყობს, რადგან საერთო ჯამში მათი ძალები თანაბარია. ომის დაწყების შემთხვევაში სომხეთი დიდ ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდება. აზერბაიჯანი ნავთობის იმედზეა. თუმცა მსგავსი სტრატეგიული ადგილები ომის დაწყებიდან მცირე დროში სომხეთის სამიზნე გახდება, რაც ინვესტორებს ქვეყნიდან გააქცევს და აზერბაიჯანსაც კრიზისის გზას გაუყენებს.

სხვა მოთამაშეები
რეგიონის მთავარ მოთამაშეებს კონფლიქტზე მეტ-ნაკლები გავლენა აქვთ.
ირანი 1992 წელს, თურქეთის და აშშ-ს ჩარევის აცილების მიზნით, შუამავლის მისიას ასრულებდა. ირანის ჩრდილოეთში 13 მილიონამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ორივე ქვეყანაში შიიტი მუსლიმები არიან, თუმცა აზერბაიჯანი სეკულარული სახელმწიფოა, ირანი კი ისლამური. ამ ქვეყანაში 200 ათასი ეთნიკური სომეხი მოსახლეცაა, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებშიც მაღალ პოსტებზე მუშაობენ. 1999 წელს აზერბაიჯანმა ირანი სომხეთისთვის ჯაშუშობაშიც დაადანაშაულა. ირანი ოფიციალურ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს.
თურქეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მას ისტორიულ-რელიგიური კავშირი აქვს აზერბაიჯანთან. თურქეთისგან სომხები მათ წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის აღიარებას ითხოვენ, რაზეც კატეგორიულ უარს იღებენ. ამ ქვეყნებს შორის საზღვრის გახსნის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. თურქეთი მონაწილეობს მინსკის მოლაპარაკებებში.
რუსეთი სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეა. რამდენიმე კვირის წინ რუსეთმა ხელშეკრულება გააფორმა სომხეთთან, რომლის თანახმადაც, მისი სამხედრო ბაზები 2044 წლამდე დარჩება ქვეყანაში. რუსეთისთვის კონფლიქტის მოგვარება სასურველი არ არის, რადგან ის დაინტერესებულია, როგორც აზერბაიჯანული გაზით, ასევე სომხეთში სამხედრო-სტრატეგიული უპირატესობის შენარჩუნებით. აშშ ბალანსს ინარჩუნებს: კონგრესი უფრო მეტად სომხური ლობის გავლენით ამ ქვეყნის მხარეს იჭერს. აღმასრულებელი ხელისუფლება კი აზერბაიჯანის ენერგორესურსის მნიშვნელობას აცნობიერებს.
საქართველოს ორივე მხარესთან საქმიანი ურთიერთობა აქვს. მისი პოზიტიური ჩართულობა ამ დაპირისპირებაში მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებს, რომ ჩვენი ქვეყანა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებით არის დაინტერესებული. მაგალითად, თბილისს შეუძლია მხარეებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებლად შემუშავებული ხერხები (ნეიტრალური დოკუმენტები, ჩართულობა და ა.შ.) შესთავაზოს.
მთიანი ყარაბახის კონფლიქტი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაღვივდეს, ეს საფრთხეს მთლიან რეგიონს უქმნის. სემნების აზრით, ეუთოს 6 დამკვირვებელი საკმარისი არ არის სამშვიდობო პროცესისთვის. მათი სიმცირე ზრდის მოლაპარაკებების შეფერხებისა და ომის განახლების შანსს.

კომენტარები