ობამას ახლოაღმოსავლური პოლიტიკა ახალი გამოწვევების პირისპირ

 პირველ სექტემბერს ვაშინგტონში ისრაელ-პალესტინას შორის ახალი მოლაპარაკებები დაიწყო. პროცესში ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის გარდა, ჩართულია ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი, იორდანიის მეფე აბდულა და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ტონი ბლერი. მოლაპარაკება შესაძლოა ობამას დამსახურებად ჩავთვალოთ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი შეხვედრები ადრეც არაერთხელ გამართულა და უშედეგოდ დამთავრებულა. შემდეგი რაუნდი კაიროში 14-15 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები კრიტიკულ წერტილს 26 სექტემბერს მიაღწევს. სწორედ ამ დღეს იწურება ისრაელის მიერ ახალი დასახლებების მშენებლობაზე დაწესებული მორატორიუმის ვადა. თუ ისრაელი მშენებლობებს გააგრძელებს, პალესტინის მხარე პროცესის შეწყვეტით იმუქრება. ერთი მხრივ, ამერიკის ადმინისტრაციისგან მოლაპარაკებაში ჩართვის იძულება, მეორე მხრივ კი, შიდაპოლიტიკური ზეწოლა ნეთანიაჰუს მძიმე მდგომარეობაში აგდებს. ამას თან ერთვის მყიფე სამთავრობო კოალიცია და პარტიაში არსებული განხეთქილება.
მიუხედავად კომპრომისის სურვილისა, პროცესის წარმატება მაინც ეჭვს იწვევს. მაჰმუდ აბასის პარტია ფათჰი მხოლოდ დასავლეთ ნაპირს აკონტროლებს, ხოლო ღაზის სექტორი ჰამასის ხელშია. ეს უკანასკნელი ყოველგვარ მოლაპარაკებაზე უარს ამბობს. ჰამასმა მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლაც სცადა. ტერაქტებს ისრაელის რამდენიმე მოქალაქე შეეწირა, თუმცა მოლაპარაკებები მაინც დაიწყო. ამავე დროს, მარტში ლიბიაში გამართულ არაბული ლიგის სამიტზე აბასმა განაცხადა, რომ თუ ყველა არაბულ ქვეყანას ექნება სურვილი იბრძოლოს ისრაელთან, პალესტინელები მხარს დაუჭერენ. ომის დაწყებისკენ მოწოდების შეწყვეტა ოფიციალური პირების მხრიდან ახლანდელი მოლაპარაკებების ერთ-ერთი ძირითადი საკითხია.
ამერიკული და ევროპული დიპლომატიის მიდგომა იდეალური ნამდვილად არ გახლავთ. ისრაელის და პალესტინის მოლაპარაკება უკვე მრავალჯერ ჩავარდა. ობამა ისრაელს პროცესის დაძვრისკენ დაჟინებით მოუწოდებდა. მარტში, ვაშინგტონში ნეთანიაჰუს არცთუ ისე გულთბილმა დახვედრამ, თეთრი სახლის პირველ პირს ანტისემიტის იარლიყი მიანიჭა. ამგვარმა ქმედებამ უკუშედეგი გამოიღო. არაბებს დათმობების სურვილი გაუქრათ, რადგანაც რისთვისაც კომპრომისის ხარჯზე უნდა მიეღწიათ, ამერიკის ცალმხრივი პოლიტიკის გამო პირდაპირ მიიღეს. რამდენად სიცოცხლისუნარიანია მოვლენების ამ კუთხით წარმართვა, იძულებითი მშენებლობების შეჩერების ვადის ამოწურვისთანავე გამოჩნდება.
2002 წელს, მაშინდელ პრემიერ არიელ შარონის გადაწყვეტილებით, ისრაელმა დასავლეთ ნაპირზე მშენებლობები შეაჩერა, ხოლო ღაზის სექტორში აშენებული მასივები მიატოვა. ეს ნაბიჯები მხოლოდ მას შემდეგ გადაიდგა, რაც ჯორჯ ბუშმა იასირ არაფატი გააკრიტიკა. ბუშმა დაგმო პალესტინელთა ძალადობრივი მეთოდები და სახელმწიფოებრივი რეფორმებისაკენ მოუწოდა.
პალესტინის აღმასვლა “ქვემოდან”, სწორედ სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაძლიერებით და ეკონომიკური განვითარებით უნდა დაიწყოს. დასავლეთ ნაპირზე გარკვეული წინსვლა შეინიშნება. რამალაში, ჯენინსა და იერიქონში არ წყდება მშენებლობა. პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრმა სალამ ფაიადმა განაცხადა, რომ ისინი აღარ ელოდებიან დასავლეთის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ქვეყნის განვითარებას საკუთარ თავზე იღებენ. არაერთი უშედეგო მოლაპარაკების მიზეზი პალესტინის სუსტი სახელმწიფოებრიობაც გახლდათ.
ახლო აღმოსავლეთი მხოლოდ ისრაელ-პალესტინით არ ამოიწურება. რეგიონი, განსაკუთრებით ირანი, ერაყი და თურქეთი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ობამას მოსვლის შემდეგ ამერიკის მდგომარეობა ამ სექტორში შედარებით გართულდა. ობამასადმი კრიტიკულად განწყობილი ექსპერტებიც აღნიშნავენ, რომ პრობლემები ამერიკის ნებისმიერ მმართველობას შეექმნებოდა. თუმცა ახალმა ადმინისტრაციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა.
რეგიონში დომინანტ ძალას დიდი ხნის მანძილზე ამერიკა წარმოადგენდა, მაგრამ ამჟამად პოლიტიკური ბალანსი იცვლება. ამერიკის უკანდახევით შექმნილი ვაკუუმის შევსებას თურქეთი და ირანი ცდილობენ. თურქეთი თანდათან რადიკალიზმისკენ იხრება. თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებში პირველი ნაპრალი 2003 წელს გაჩნდა. მაშინ პრემიერმა ერდოღანმა ამერიკელებს ერაყზე შესატევად სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა. ამას გარდა, თურქეთს ურთიერთობები დიდი ხნის პარტნიორ ისრაელთანაც გაუფუჭდა. ამას ხელი შეუწყო მაისში, ღაზის სანაპირო წყლებთან ისრაელის მიერ თურქული ფლოტილიის დაკავებამ.
ისრაელთან ურთიერთობების გაუარესების პარალელურად, ერდოღანი სირიასა და ირანს დაუახლოვდა. ამერიკა, გაეროს სუსტი ეფექტის მქონე სანქციებით, ვერ ახერხებს ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას. თეთრმა სახლმა ურთიერთობები ვერც სირიასთან გამოასწორა. ასადის რეჟიმს პოლიტიკური კურსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამაც ვერ შეაცვლევინა. ობამამ კი სირიასთან დაახლოების ცდით, ამერიკას მორალური სიცხადე დააკარგვინა. სწორედ ამაზე მიუთითებს ლიბანელი სამოქალაქო აქტივისტი ლოკმან სლიმი. მისი აზრით, ობამამ დათმო დემოკრატია, საპასუხოდ კი ჯერჯერობით ვერაფერი მიიღო. ბოლო ორი წლის მანძილზე, რეგიონში ამერიკის პარტნიორობის სანდოობა ეჭვქვეშ დადგა.
რეგიონზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ერაყში არსებული მდგომარეობა. ამერიკის ჯარების სწრაფი გამოყვანა ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. პარალელურად შეიძლება ერაყზე ირანის გავლენა გაიზარდოს. მიუხედავად სიმრავლისა, ახლო აღმოსავლეთის არაბული სახელმწიფოები სიძლიერით არ გამოირჩევიან. თურქეთისა და ირანის ფონზე ეგვიპტე და საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთში სულ უფრო ნაკლებ როლს თამაშობენ. მათი დასუსტება ამერიკის უკანდახევის პირდაპირპროპორციულია.
განსხვავებით ოცი ან თუნდაც ათი წლის წინანდელი მდგომარეობისგან, თეთრ სახლს არამხოლოდ ცალკეულ ცხელ წერტილებთან გამკლავება უწევს. ამერიკა უფრო ფართომასშტაბიან, რეგიონულ დაპირისპირებებს შეეჯახა. ამასთან, ახალ პოლიტიკურ გარემოში თურქეთი და ირანი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ამერიკის მოკავშირე ისრაელი დამიზნებული რაკეტებითაა გარშემორტყმული. უამრავი პალესტინური ტერორისტული ჯგუფი, ჰამასი და პალესტინის ისლამური ჯიჰადი, აგრეთვე ლიბანის სამხრეთში განლაგებული ჰეზბოლა, წლების წინ ლოკალური დაჯგუფებები იყვნენ. ახლა ისინი ირანის მხარდაჭერით სარგებლობენ. პალესტინის ბრძოლა სახელმწიფოებრიობისათვის თეირანის შორსმიმავალი გეგმების შემადგენელ ნაწილად იქცა. ამერიკის უმოქმედობა ისრაელს თავდაცვის ზომების გატარებისკენ უბიძგებს, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს. ახლო აღმოსავლეთი ის ადგილია, სადაც გადატვირთვის ღილაკი ობამას ყველაზე მეტად სჭირდება.

კომენტარები