აბა ყვავებს ვინ დაიჭერს, კარგო...

ტარიელ ონიანი
წელს ქართველმა კანონიერმა ქურდებმა თავი რამდენჯერმე შეგვახსენეს. მარტში ევროპელ სამართალდამცავებს პანევროპული ოპერაციის ჩატარება დასჭირდათ კრიმინალური დაჯგუფების 80-მდე წევრის დასაკავებლად, რომლის სათავეშიც ქართველი მაფიოზები იდგნენ. მკვლელობების სერია მოჰყვა მოსკოვისა და ევროპული ქალაქების ქუჩებში დაპირისპირებას ორ ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის. ივლისში კი ავსტრიის პოლიციამ ქართული ოპოზიციის ნაწილთან ქართველი კანონიერი ქურდების კავშირი დაადასტურა. კრიმინალები სახელმწიფო გადატრიალების მიზნით 2009 წლის აქციებს აფინანსებდნენ. აგვისტოს ბოლოს ნიცაში ორი ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს, რომელთა ვინაობაც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არ სახელდება. მოგვიანებით მოსკოვში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი თეიმურაზ ფაროიანი დააპატიმრეს.

ვარდების რევოლუციის შემდეგ კანონიერი ქურდების წინააღმდეგ მიმართულმა კამპანიამ ისინი აიძულა საქმიანობა ქვეყნის გარეთ გაეგრძელებინათ. მათი დიდი ნაწილი რუსეთში გადავიდა, დანარჩენი – ევროპაში გაიფანტა.

ქართველი ქურდები ე.წ. რუსული მაფიის ნაწილი არიან, რომლის სახელის ქვეშაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან წამოსული კრიმინალები ერთიანდებიან. ამ ჯგუფში ირიცხებიან – რუსები, ქართველები, უკრაინელები, ბელარუსები, ქურთები, ჩეჩნები, სომხები, აზერბაიჯანელები, უზბეკები, ტაჯიკები.

რუსი გამომძიებელი ჟურნალისტების თანახმად, იქაური მაფია მთელს მსოფლიოში 300 ათასამდე ადამიანს ითვლის. სადღა აღარ შეხვდებით მათ – ევროპიდან დაწყებული ჩრდილოეთ ამერიკით დამთავრებული. გერმანული გაზეთის Süddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, ევროპაში რუსული მაფიის 160 ათასი წარმომადგენელი საქმიანობს. მაშინ როცა იტალიელი მაფიოზების რიცხვი 70 ათასამდეა, ხოლო აზიელების – 37 ათასი. ქართველების რაოდენობის დასახელება რთულია, თუმცა, ცნობილია სპეციალიზაცია – ქურდობა და ყაჩაღობა. მაგალითად, 2010 წელს მათი ნაწილის დაკავების შემდეგ ვენაში ბინების ქურდობამ 50%-ით იკლო. ქართველები ძირითადად ესპანეთში, ავსტრიაში, იტალიაში, შვეიცარიაში, გერმანიასა და საფრანგეთში ცხოვრობენ. ამ კრიმინალთა მეთაური კანონიერი ქურდების რაოდენობა კი 1993 წლიდან მოყოლებული ათასს ქვემოთ არ ჩამოსულა. ამ რაოდენობის ნახევარს, ან ნახევარზე მეტს ყოველთვის ქართველები შეადგენდნენ.

რუსული მაფიის წარმომადგენლები თითქმის ყველგან და ყველა ტიპის დანაშაულში მონაწილეობენ. მაგალითად, რუსული მაფია აკონტროლებს ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის 90%-ს ესპანეთში, ისევე როგორც ბალკანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. მათი დანაშაულის სფერო მოიცავს: ნარკოტიკებით, იარაღითა და ადამიანებით ვაჭრობას, მკვლელობას, რეკეტს, პროსტიტუციას, თაღლითობას, ქურდობას, ყაჩაღობას, ფულის გაყალბებას და სხვა ათასგვარ კანონდარღვევას.

ბოლოს დროს კრიმინალები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან უფრო და უფრო მეტ პრობლემას უჩენს საფრანგეთის მთავრობას. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მაფიის ცენტრად ევროპაში ესპანეთი ითვლება, მაფიის ბოსების უმეტესობას ვილები საფრანგეთის სანაპიროებზე აქვს. ეს ადამიანები სახლს იშვიათად ტოვებენ. მათი დაქვემდებარების ქვეშ კი ბევრი ბანდიტური დაჯგუფებაა.

Daily Telegraph-ის ერთ-ერთ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ რუსული მაფია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული დაჯგუფებაა. მისი წევრები სხვადასხვა ქვეყანაშია გაფანტული. თითოეულ ჯგუფს რეგიონული ზედამხედველი ჰყავს, რომელიც შემოსავლების 10%-ს იღებს საერთო სალაროსთვის. შეგროვებული თანხიდან ესა თუ ის საქმიანობა ფინანსდება. ხშირად ეს ფული სხვადასხვა საქმეში იდება, მაგალითად, ნავთობის ბიზნესში, რაც მაფიას დიდ ეკონომიკურ ძალაუფლებას ანიჭებს.

ნიცის პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, კავკასიური წარმომავლობის ადამიანებით დაკომპლექტებული დანაშაულებრივი ქსელი ერთი წელია, რაც გააქტიურდა ამ რეგიონში. ეს ადამიანები ძირითადად ქართველები, სომხები და ჩეჩნები არიან. აგვისტოს ბოლოს დაკავებული ორი ახალგაზრდა ქართველი ბანდიტური დაჯგუფებების მეთაური გახლდათ. „ერთ-ერთი მათგანი ესპანეთში ფულის გათეთრების ცნობილი საქმის მონაწილეა და ექსტრადიციის მოლოდინშია, მეორე კი ეჭვმიტანილია სხვა ქართველი ბანდიტის მკვლელობის ორგანიზებაში. დანაშაული, რომელიც ქალაქ ნიცის ერთ-ერთ სახლში მოხდა, მძაფრსიუჟეტიან ფილმს მოგაგონებთ”, – ამბობს გამომძიებელი. ფრანგულ Le Figaro-სთან პოლიციის პროფკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ მორალი და არავითარ წესს არ ექვემდებარებიან. ისინი კარგად არიან შეიარაღებული. ამ ჯგუფის მთავარ მახასიათებლად კი კონსპირაცია სახელდება. მარტში ჩატარებული ოპერაცია იავას შემდეგ პოლიციამ აღმოაჩინა, რომ კრიმინალები ყოველთვის კარგად ჩაცმულები არიან და სამართალდამცველთა ყურადღების გასაფანტად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ.

იავა – მასშტაბური ევროპული სპეცოპერაცია ქართული კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ – 15 მარტს ჩატარდა. მაშინ 75 ადამიანი დააკავეს გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში. ყველაზე მეტი – 25 ადამიანი – ავსტრიაში დააპატიმრეს. ოპერაციაზე პასუხისმგებელი იყო ავსტრიის კრიმინალური პოლიცია, ვინაიდან ორგანიზაციის მთავარი წევრები ვენაში მოქმედებდნენ. დაკავებულთა შორისაა კახა შუშანაშვილი, გავლენიანი ქურდის – ლაშა შუშანაშვილის – ძმა. ვარაუდობენ, რომ შუშანაშვილი საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ბოროტმოქმედის, შაქრო კალაშოვისთვის მუშაობდა. კალაშოვიც საქართველოდან არის და ერთ-ერთ ყველაზე წონიან ფიგურას წარმოადგენს ქურდულ სამყაროში. ამჟამად ის ესპანეთის ციხეში იხდის სასჯელს.

ოპერაციის შემდეგ ესპანელი ჟურნალისტი ასე აღწერდა ქართული მაფიის წევრთა ცხოვრებას: „ამ ადამიანებს აშკარად ძალიან დიდი შემოსავალი ჰქონდათ და მათი ცხოვრების სტილი არ ესადაგებოდა იმ სამსახურებს, სადაც ოფიციალურად მუშაობდნენ. მაგალითად, ერთ-ერთი პირი, რომელსაც ქართულ კრიმინალურ ჯგუფთან ჰქონდა კავშირი, ელექტრიკოსი იყო. ხელფასზე მცხოვრებ ელექტრიკოსს გაუჭირდება 600 ევროს ღირებულების ფეხსაცმელები ეცვას, ან ავტოფარეხში ფეშენებელური მერსედესი ეყენოს”.

იავას დროს დაკავებულ ქართველებს ბრალი ძარცვაში, ფულის გათეთრებაში, გამოძალვაში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში, იარაღის უკანონოდ შენახვასა და ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადებაში ედებათ. ეს ორგანიზებული კლანი კვირაში ერთ მილიონ ევროს აგროვებდა. გარდა ამისა, ავსტრიის კრიმინალურმა პოლიციამ დაადასტურა მისი კავშირი ქართული ოპოზიციის ნაწილთან. კერძოდ, კრიმინალებმა 2009 წლის აქციების სათავისოდ გამოყენება სცადეს. რევანშისტები რუსეთის გავლით აფინანსებდნენ აქციებს, რათა სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინათ.

ესპანური მედია ფარდას ხდის იმ სქემას, რომლის მიხედვითაც რუსული მაფიის ლიდერები მუშაობენ. ისინი არალეგალურად მოპოვებულ ფულს საინვესტიციო კომპანიებში რიცხავენ – აშშ-ში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, შვეიცარიაში. აქედან ინვესტიციები ათამდე ქვეყანაში იდება, მათ შორის ესპანეთში. კრიმინალები ფულის გასათეთრებლად სათამაშო ბიზნესსა და ბანკებს იყენებდნენ.

რაც შეეხება რუსეთს – ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009 წლის მონაცემებით, ქართველ კანონიერ ქურდთა უმრავლესობა მოსკოვშია თავმოყრილი, დაახლოებით 80-მდე ადამიანი. ამას მოჰყვება კრასნოდარის მხარე და სტავროპოლი. აქ დაახლოებით 40 ქართველია. შემდეგ კი ტიუმენის ოლქი, სურგუტი, მოდის. ამ მხარეს 30 ქართველი კანონიერი ქურდი აკონტროლებს.

ქურდობის, ტრეფიკინგის, მანქანების გატაცების, ყალბი ფულის დამზადებისა და სხვა დანაშაულების გარდა, ისინი ლეგალური ბიზნესითაც არიან დაკავებულნი. ფლობენ კაზინოებს, რესტორნებს, გასართობ კლუბებს, სასტუმროებს, ბარებს.

რუსული პრესის ინფორმაციით, იერარქიულად, ქართველ ქურდებს შორის გავლენით პირველ ადგილზე ქუთაისელები არიან. მათ მოსდევს მეგრელების ჯგუფი, რომელთა გავლენაც აფხაზეთზეც ვრცელდება. მესამე ადგილზე არიან თბილისელი ქურდები, მეოთხეზე კი – სვანები. ეს უკანასკნელები ყველაზე სახიფათო, იარაღის არალეგალურ ბიზნესსა და ადამიანების გატაცებაზე მუშაობენ. ბევრმა ქართველმა კრიმინალმა სხვადასხვა გზით რუსეთის მოქალაქეობაც მიიღო. რუსეთში მოღვაწე კრიმინალებს შორის არიან ქართული წარმოშობის, თუმცა სხვადასხვა ეთნოსის ადამიანები. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქურდი „დედ ჰასანი” (რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი წამყვანი მაფიოზური კლანის ლიდერი ასლან უსოიანი). ის თბილისელი ქურთია, ისევე როგორც შაქრო კალაშოვი.

ქართველი კანონიერი ქურდები „მეგობრობენ” რუს ბიზნესმენებთან, კულტურის მოღვაწეებთან, პოლიტიკოსებთან, სამხედროებთან, რომელთაც წილში გაჰყავთ ისინი. მათ პერიოდულად იჭერენ, თუმცა ხსენებული კავშირების წყალობით ხშირად სასამართლო დარბაზიდანაც ათავისუფლებენ. იავას შემდეგ ესპანური მედია იმასაც მიუთითებდა, რომ რუსი სამართალდამცავები თანამშრომლობის ნაცვლად, იმით იყვნენ დაინტერესებული, თუ რა ინფორმაციას ფლობდნენ ევროპაში ამ კრიმინალების შესახებ. გამოძიებისას ესპანელი სამართალდამცავების მოკვლა არაერთხელ სცადეს.

ქართველი ქურდები პერიოდულად უპირისპირდებიან ერთმანეთს. ბოლო პერიოდში მეტოქე ბანაკებში აღმოჩნდა ორი გავლენიანი ქართველი კრიმინალი – ტარიელ ონიანი და ლაშა შუშანაშვილი. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ონიანსა და შაქრო კალაშოვს შორის უთანხმოებისას შუშანაშვილმა კალაშოვის მხარე დაიკავა. მას შემდეგ კი, რაც 2006 წელს კალაშოვი დააკავეს, დავა მისი ქონების მართვაზე დაიწყო. ონიანი თვლიდა, რომ ქონება მას უნდა ემართა. თავის მხრივ, დედ ჰასანმა, რომელიც კალაშოვის მოკავშირე იყო, ქონების მართვა შუშანაშვილს მიანდო. განსაკუთრებით მიმზიდველი ამ ქონებაში იყო სოჭი, სადაც ზამთრის ოლიმპიადა უნდა გაიმართოს. ონიანს დაპირისპირება ჰქონდა ასევე ვიაჩესლავ ივანკოვთან, „იაპონჩიკის” სახელით ცნობილ გავლენიან რუს ქურდთან, რომელსაც ქონების მართვაში და ფულის გათეთრებაში გამოცდილი შუშანაშვილი ეხმარებოდა. საქართველოდან ესპანეთში, ესპანეთიდან კი რუსეთში გადასულმა ონიანმა თვალი იაპონჩიკის სათამაშო ბიზნესსაც დაადგა. მათი მორიგება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა უშედეგოდ. კალაშოვის ქონებასთან დაკავშირებულ დავაში ივანკოვი დიდი ხნის მეგობარს, დედ ჰასანს მიემხრო, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. ერთ მხარეს აღმოჩნდა ონიანი, მეორე მხარეს კი დედ ჰასანი, იაპონჩიკი და შუშანაშვილი.

2009 წელს ცოტა ხნით კრიმინალურ სამყაროში სიმშვიდემ დაისადგურა, თუმცა შემდეგ იაპონჩიკი მოკლეს. მისი ლიკვიდაცია ონიანს მიეწერება. თავის მხრივ, 2009 წელს ის დააკავეს და ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ციხის კედლები მისთვის ხელსაყრელიც შეიძლება იყოს, რადგან იაპონჩიკის გამო განადგურებით ემუქრებოდნენ. თუმცა, მეორე მხრივ, მისმა იმპერიამ რღვევა დაიწყო. ზოგი საწარმო მეტოქეებმა ჩამოართვეს, მისი ლოიალური თანაშემწეები კი ჩამოიშორეს – 2010 წლის მარტში საფრანგეთში ლადო ჯანაშია მოკლეს, მაისში კი – საბერძნეთში მალხაზ კიტია გამოასალმეს სიცოცხლეს. სავარაუდოდ, საფრანგეთში ამა წლის აგვისტოში დაკავებულ კანონიერ ქურდს (იხილეთ სტატიის დასაწყისი) სწორედ ამ მკვლელობებთან აქვს კავშირი. გამოძიება, ალბათ, უფრო მეტ დეტალს მოჰფენს ნათელს.

2009 წელს შუშანაშვილი პოლიტიკურ სკანდალში გაეხვა უკრაინაში, ვინაიდან პოლიტიკურ ბატალიებში ჩაება იულია ტიმოშენკოს სასარგებლოდ. ამის გამო ის უკრაინიდან საბერძნეთში გადავიდა.

უკრაინაც ერთ-ერთი ადგილია, რომელიც ბოლო პერიოდში ქართველი ქურდებისათვის, და არა მხოლოდ მათთვის, ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა. ამ ქვეყანას ზოგი თავს აფარებს, ზოგისთვის კი ევროპაში გასასვლელი სტრატეგიული ადგილია. კრიმინალებს როლები აქვთ განაწილებული. ერთი ნაწილი უკანონოდ მოიპოვებს ფულს, მეორე ათეთრებს. გათეთრების სქემა ასეთია – ისინი წილებს სხვადასხვა კომპანიასა და ბანკებში ყიდულობენ. 2010 წელს აქ დააკავეს ქართველი კანონიერი ქურდი გოჩა რუსტავსკი. ის უკრაინაში რამდენიმე ეთნიკურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ამავე წლის აპრილში უკრაინას აფარებდა თავს დედ ჰასანიც, რომელსაც დეპორტაცია გაუკეთეს და 5 წლით აუკრძალეს ქვეყანაში შესვლა. უკრაინის ორგანიზებულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში არალეგალურად 10 კანონიერი ქურდი იმყოფება.
კანონიერი ქურდების ინსტიტუტი მკვეთრად გამოკვეთილი საბჭოთა ფენომენია. მართალია, ორგანიზებული დანაშაული და მაფია მის ფარგლებს გარეთაც არსებობდა, თუმცა, ის თავისი მოწყობითა და წესებით უნიკალურია. მკვლევრები მის წარმოშობას საბჭოთა ბანაკებთან, გულაგების სისტემასთან, აკავშირებენ. არსებობს ვერსია, რომ ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში სტალინს მიუძღვის დიდი წვლილი. ბელადს ეს ადამიანები საპატიმროებში მეამბოხე ადამიანების გასანეიტრალებლად სჭირდებოდა. კრიმინალებს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცეს იმ პირობით, რომ ისინი სახელმწიფოს საქმეებში არ ჩაერეოდნენ და არც სისტემას დაუპირისპირდებოდნენ. პოსტსტალინურ ეპოქაში, ქაოსურ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციაში, მათ უფრო და უფრო მეტი ძალაუფლება ჩაიგდეს ხელთ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათი გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა.

კანონიერი ქურდები აკონტროლებდნენ საბჭოთა კავშირში ბუნებრივად გაჩენილ ჩრდილოვან ეკონომიკას. ეს ფენომენი სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის ტოტალურმა კონტროლმა, კერძო საკუთრების გაუქმებამ და ადამიანებისთვის თავისუფალი საქმიანობის აბსოლუტურმა შეზღუდვამ გამოიწვია. ის, რასაც მთელი ცივილიზებული კაპიტალისტური სამყარო ჩვეულებრივ ეკონომიკურ საქმიანობად აღიქვამდა, საბჭოთა კავშირში კრიმინალად ფასდებოდა. ვინაიდან ჩრდილოვან ეკონომიკას სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა, მისი ნიშა ქურდებმა დაიკავეს. თუ დემოკრატიულ სახელმწიფოში დავების გადაწყვეტისთვის სასამართლოს მიმართავენ, აქ ეს ფუნქცია კრიმინალებმა მოიპოვეს, რომლებიც საკუთარი წესებისა და კანონების მიხედვით მოქმედებდნენ. „გადასახადებსაც”, სახელმწიფოს ნაცვლად, ისინი კრებდნენ.

ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში მათ სწორედ ეს ფუნქციები დაკარგეს, რამაც ქვეყანა კანონიერი ქურდების გავლენისგან გაათავისუფლა. რუსეთში კი კრიმინალები სტაბილურად ინარჩუნებენ ნიშას და, შესაბამისად, გავლენას. ამის მიზეზი ისაა, რომ ეკონომიკის თავდაპირველი გაუბედავი ლიბერალიზაციის შემდეგ, რუსეთში სახელმწიფოს როლი კიდევ გაიზარდა. კორუფციის დონე და ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა კი ისევ უზარმაზარია. ამიტომ, სოციალურ-ეკონომიკური დაკვეთა ქურდულ სამყაროზე, როგორც საკუთრების უფლების დაცვის, კონტრაქტების აღსრულების და დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ სისტემაზე, დღესაც დიდია.

მართალია, კანონიერი ქურდები ძველ, შედარებით ასკეტურ წესებს, აღარ მისდევენ და ბევრ მათგანს ლეგალური ბიზნესიც აქვს, თუმცა რუსულმა მაფიამ ვერ მოახერხა თავისი საქმიანობის სრულად „გათეთრება”. თუ იტალიელები პოლიტიკაში ჩაეფლნენ და პრიმიტიულ ქურდობას ერიდებიან, მათ რუს კოლეგებს სრული ტრანსფორმაცია უჭირთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ტიპის მაფიას კორუფციული სისტემა ასაზრდოებს.

საქართველოს რაც შეეხება, აქ ერთი თავისებურებაა თვალშისაცემი. მართალია, კანონიერი ქურდობის ფენომენი საბჭოთა მოვლენა იყო, საქართველოში მათი არაპროპორციულად დიდი რაოდენობა იყო კონცენტრირებული. ერთნი ამას ქართული მენტალობის ქურდულ მენტალობასთან თავსებადობის ბუნდოვანი არგუმენტით ხსნიან, თუმცა უფრო დამაჯერებელი სხვა არგუმენტებია. საქართველო ერთ-ერთი იყო საბჭოთა ქვეყნებს შორის, სადაც ჩრდილოვანი ეკონომიკა განსაკუთრებული წარმატებით განვითარდა და საერთო ეკონომიკის დიდ წილს იკავებდა. 1981 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი ერთიანი ეროვნული პროდუქტის 25%-ს შეადგენდა. ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. 1983 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ეს კულტურულმა მახასიათებლებმა განაპირობა – შეჯიბრებისკენ მიდრეკილებამ, ურთიერთნდობამ, ადამიანური კავშირების სიძლიერემ და რისკიანობამ. თუმცა, ეს თვალსაზრისი საკმარისი არ არის, რადგან ჩრდილოვანი ეკონომიკა სხვა ქვეყნებშიც ყვაოდა. საქართველოს შემთხვევაში ამას სახელმწიფო კოლაფსის ძალიან მაღალი დონეც დაემატა.

კანონიერმა ქურდებმა საქართველოში გავლენა დაკარგეს. სავარაუდოდ, ისინი, იდეურ თანამოაზრეებთან ერთად, კვლავ შეეცდებიან მის აღდგენას. მაგალითი 2009 წლის ქუჩის აქციების დაფინანსებაა. თუმცა, ამის შანსი მცირეა, რადგან ქვეყანა აზროვნების და ცხოვრების საბჭოურ სტილს თანდათან შორდება.

კომენტარები