სკოლა დაიწყო

ლუის სკოლა
 დარბაზში რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინში მივდივართ. რვა მერვედფინალიდან შვიდი მორჩა და მარტო სერბეთი-ხორვატია მახსოვს. ანუ, ფლეი ოფის მუღამი მარტო იმ 40 წუთს ჰქონდა. ჰიმნების დროს დაძაბული, ბედნიერი და ამაყი სახეები, სრული კონცენტრაცია სასტარტო ხუთეულების წარდგენამდე მთავარ მწვრთნელთან საუბრის დროს და მერე ყველაფერი ის, რის გამოც კალათბურთი გვიყვარს. ხორვატებმა წააგეს, ზორან პლანინიჩმა ბევრი იტირა, მარკო პოპოვიჩმა თავისი ქვეყნის დროშას აკოცა და ფანებს მადლობა გადაუხადა. პოპოვიჩიც ტიროდა. და ტიროდნენ სერბებიც, რომლებსაც წინა დღეს ვარჯიში უშუქობის (!) გამო ჩაეშალათ და მაინც მოიგეს 73:72.
სხვაც ბევრი იყო და თან არ ყოფილა. ამერიკა ანგოლასთან გაერთო (121:66), თურქებმა 14 ათასი ფანით და ჰედო თურქოღლუს გენიალური კალათბურთით საფრანგეთი გადათელეს, ესპანეთმა იცელქა საბერძნეთთან და მაინც მოიგო. ლიტვამ ჯერ იწვალა ჩინეთთან და მერე ლინას კლეიზასთან ერთად, მეორე ტაიმში თამაშიც მოუნდა. იდენტური იყო რუსეთ-ზელანდიის სცენარიც. უბრალოდ, კივების კაპიტანი პერო კამერონი დიდი კალათბურთიდან უკეთეს გაცილებას იმსახურებდა. არა იმ ანგარიშით, რომლითაც მისი და კირკ პენის გუნდმა რუსეთთან წააგო (56:78). და ვორონცევიჩისგან კეფაშიც არ უნდა მოხვედროდა. რუსი იმ მომენტში რუსულად, „ხამურად” მოიქცა და ბებერი კამერონისთვის ბოდიშის მოხდაც დაეზარა. სლოვენიამ 33 სამიანი ისროლა ავსტრალიასთან, ოზებს თითქმის ნახევარი ჩაუგდო და მშვიდად უნდა მომზადებულიყო სათურქეთოდ.
გამოჩნდა ტონი პარკერი. ადრე სპურსის ვარსკვლავის მეუღლეს ვხედავდით ტონის გარეშე და მასტერკლასზე ტონი უკვე ევა ლონგორიას გარეშე მოდის. თან უსიამოვნო ფიზიონომიის მქონე პირადი მცველების გარეშე. ესეც პროგრესია, მაგრამ ჩემპიონატი უკვე ფრანგების გარეშე გაგრძელდება და ჩვენც ბოლო გაპიარებულ ლე ბლეს ვესალმებით. ისიც ცოტა ცინიკურად, ანუ პარკერულად გვიქნევს თავს და პატარებს ქროსოვერების გაკეთების ტექნიკას ახვეწინებს.
…თითქმის დარბაზთან ვართ. ქალაქის ცენტრში გავისეირნეთ და მედიატრანსპორტს ვერ ვუსწრებდით. ცივილური ავტობუსით წამოვედით და რამდენიმე არაცივილური ქართველიც გავიცანით. მერე, ჩვენ, თურქი კოლეგა (ისიც ჩვენთან ერთად იყო) ბოდიშის მოხდით გვეტყვის, აქ გურჯები ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ. ბევრგან არც უშვებენ, პოლიციის კონტროლზე 1 500-ზე მეტი ქართველია აყვანილი და რამდენიმე დღის წინაც ერთ-ერთ სპორტულ მაღაზიაში უსიამოვნო ინციდენტი ქართველის მონაწილეობით დაფიქსირდა. ორი კეპის გამოტანის პროცესში დაკავებულ ჩვენს თანამემამულეს ჩანთაში კიდევ რამდენიმე სუვენირი უპოვეს. სხვა ნივთებთან ერთად პოლისმენებმა დაახლოებით 200 სანთელი აღმოაჩინეს. ამ ახალგაზრდას ეს სანთლები მსოფლიო საპატრიარქოდან წამოუღია (სანთლები იქ უფასოა) და სტამბოლი-თბილისის ავტოსადგომზე 4 ცალი 1 ლირად (დოლარზე ნაკლები) უნდა გაეყიდა. ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველდღე აკავებენ მინიმუმ ორ ქართველს, კვირაში რამდენიმე ქართველი ნარკოტიკის ზედმეტი დოზისგან იღუპება და ღამის კლუბებშიც შოთის და აჩის ქვეყნის წარმომადგენლებს თითქმის ყველგან აკრძალული აქვთ შესვლა. და საღამოს რვა საათის მერე თუ ქართული ენის გაგება გსურთ, თუ ქართული ენა გენატრებათ, შეგიძლიათ მიხვიდეთ აქსარაიში და თითქმის ყველა კაფეში ქართველი მეძავი გაგიღიმებთ. ასაკობრივი ჯგუფი 17-დან ლამის 70-მდე. ასაკი გადაკეთებული არ აქვთ და ამ მხრივ ყველა მშვიდადაა. თურქმა ბოდიში ერთხელაც მომიხადა და ავტობუსმაც დარბაზთან გააჩერა. რამდენიმე წუთში ბრაზილია არგენტინას უნდა შეხვდეს.
მახსოვს სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი გუნდი, 1992 წლის ამერიკის ნაკრები. მახსოვს 1987 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი და ნიკოს გალისი, რომელმაც საბჭოთა კავშირს მარტომ შეუსრულა და ბერძნები ჩემპიონები გახდნენ. მახსოვს პრედრაგ დანილოვიჩის რამდენიმე სუპერსროლა 1996 წლის ოლიმპიადის ნახევარფინალში ლიტვასთან და იუგოსლავიის დაღლილი ტრიუმფი საბონისის, კარნიშოვასის და მარჩიულიონისის ნაკრებთან. მახსოვს ადმირალ რობინსონის მეორე ტაიმი იმავე ოლიმპიადის ფინალში იუგებთან და ჯორჯევიჩის 40 ქულა ფინალში ლიტვასთან. და მართლა რთული დასავიწყებელი იქნება ლუის სკოლა. ბრაზილიას მან პირადად მოუგო და არგენტინის დროშაში რომ გაეხვია და თავის ფანებთან ღრიალით მივარდა, მართლა გული დამწყდა, რომ არგენტინელი არ ვიყავი.
სკოლას არ უთამაშია, სკოლა მოედანზე იყო მელ გიბსონის უოლასი, გერარდ ბატლერის ლეონიდე და მიკი რურკის მავრი. სკოლამ ვარსკვლავებით გადაჭედილ და ცოტა ზედმეტად თავდაჯერებულ ბრაზილიას 37 ქულა გაუკეთა და არგენტინა უკვე ლიტვისთვის მოემზადება და ბრაზილია – სტამბოლის აეროპორტისთვის. ლუისი იმ დღეს, იმ საათ-ნახევრის განმავლობაში იყო ყველაფერი, რაც უნდა ყოფილიყო და იმაზე მეტიც. არგენტინამ 6-დან 5 მოიგო და ეს მანუ ჯინობილის, ანდრეს ნოჩიონის, ვალტერ ერმანის გარეშე გააკეთა. მანუსთან ერთად არგენტინა ოქროს აღების ფავორიტებში იქნებოდა და მანუს გარეშე არგენტინა მაინც ოქროსთვის იომებს. შეიძლება წააგოს, ალბათ, ლიტვას თუ მოუგებს, მერე ამერიკელ უსეინ ბოლტთან უშანსოდ დარჩება, მაგრამ ლუისის გუნდმა მთავარი 40 წუთი მოიგო. ბრაზილიასთან 93:89 მოგება უფრო დიდია, ვიდრე ამერიკის დამარცხება.
მერე ლუისმა ინტერვიუს დროს, იქვე, მოედანზე იტირა. თურქეთში სულ ასე ხდება, ვინც მაგარია და იგებს, ემოციისგან იქვე იცლება. და ჩვენც უემოციოდ გვტოვებს.
ბრავო, ლუის. მართლა მინდოდა, რომ იმ მომენტში არგენტინელი ვყოფილიყავი.

კომენტარები