50 – 17-ის წინააღმდეგ

გაეროს სხდომათა დარბაზი
 7 სექტემბრის დიპლომატიური მატჩი გაეროში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა: გაეროს 64-ე გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მდგომარეობის შესახებ აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო”. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა გაეროს წევრმა 50-მა სახელმწიფომ, 17-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 86-მა თავი შეიკავა.
რეზოლუცია აღიარებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირის, დევნილისა და მათი შთამომავლების უფლებას, მათ შორის ქონებრივს – „მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში”.
ხელმომწერნი ადასტურებენ, რომ დაუშვებელია დემოგრაფიული სიტუაციის ცვლილება ძალადობრივი გზით. ამასთან აუცილებელია შემუშავდეს დევნილთა უსაფრთხოდ დაბრუნების გრაფიკი.
რეზოლუცია მიმართავს გენერალურ მდივანს, მოამზადოს ასამბლეის 65-ე სესიისთვის ყოვლისმომცველი მოხსენება ამ რეზოლუციის აღსრულების შესახებ. ასევე ადგენს, რომ ასამბლეის მომავალი სესიის წინასწარ დღის წესრიგში შეიტანონ საკითხი სუამის ტერიტორიაზე გაჭიანურებული კონფლიქტებისა და მათი შედეგების შესახებ.
გენერალური ასამბლეის რეზოლუციები არასავალდებულო ხასიათისაა, თუმცა პერსპექტივაში დევნილი მოსახლეობის უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვანი. 7 სექტემბრის კენჭისყრამდე რუსეთი შეეცადა დღის წესრიგიდან მოეხსნა ეს საკითხი; მაგრამ მისი მცდელობა 32 – 67-ის წინააღმდეგ ჩავარდა. გაეროში რუსეთის წარმომადგენელი, რეზოლუციის პოლიტიკურ ხასიათზე ამახვილებდა ყურადღებას და აცხადებდა, რომ რეზოლუციის ტექსტი არარეალისტურია, კერძოდ იმ ნაწილში, სადაც საუბარია იძულებით გადაადგილებულ პირთა ადრეული დაბრუნებისთვის ვადების დაწესებაზე. არგუმენტად იგი გაეროს გენერალური მდივნის 2009 წლის აგვისტოს მოხსენებას იშველიებდა: დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ ადგილზე „არსებული ვითარების და მხარეებს შორის ჯერ კიდევ მიმდინარე დისკუსიების გამო, ჯერჯერობით არ შემუშავებულა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ნებაყოფლობითი დაბრუნების გაწერილი ვადები”. თუმცა, დევნილთა დაბრუნებისთვის საჭირო პირობების (უსაფრთხოება, ეკონომიკა, ინტეგრაცია და ა.შ.) შექმნაზე პასუხისმგებლობას მოხსენება უშუალოდ მხარეებს აკისრებდა. მაშინ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. თუმცა, 2009 წლის სექტემბერში ასამბლეამ საქართველოს კონფლიქტების შედეგად დაზარალებულთა თემაზე მორიგი რეზოლუცია მიიღო. ტექსტი აღიარებდა იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას ორივე ოკუპირებულ რეგიონში. მაშინ ამ რეზოლუციას 48 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 19-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 78-მა თავი შეიკავა.
გენერალურმა ასამბლეამ 2008 წლის მაისშიც, აგვისტოს ომამდე სულ ორიოდე თვით ადრე, მიიღო მსგავსი რეზოლუცია. თუმცა დოკუმენტი მაშინ მხოლოდ აფხაზეთს ეხებოდა. მას სულ 14-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი 11-ის წინააღმდეგ, 105-მა კი თავი შეიკავა.
7 სექტემბრის რეზოლუციის კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა: “ჩვენ ორი ხმა მოგვემატა, ჩვენს ოპონენტებს – რუსეთის ფედერაციას – ორი ხმა დააკლდა”. მინისტრს 2009 წლის რეზოლუციის მხარდაჭერის შედეგები ჰქონდა მხედველობაში. თუმცა ამ არითმეტიკის პარალელურად, საინტერესოა 2008 წლის მაჩვენებლების გახსენებაც, რომელთან შედარებითაც საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდამჭერთა სია 36 სახელმწიფოთი არის გაზრდილი, რუსეთისა კი – მხოლოდ 6-ით.
საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდამჭერ 50 ქვეყანაში, ევროკავშირისა და განვითარებული სამყაროს ქვეყნების პრაქტიკული უმრავლესობაა წარმოდგენილი. მის წინააღმდეგ ხმა კი რუსეთის ფედერაციამ, კუბამ, კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, ლაოსის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, სერბეთმა, სოლომონის კუნძულებმა და ა.შ. მისცეს. ამასთან, ამჟამინდელი მხარდამჭერების 2009 წლის მონაცემებთან შედარებაც საინტერესო შედეგს გვაძლევს: შენაძენია მოლდოვა, რომელიც გასული წლის ხელმომწერთა სიაში არ არის. თუმცა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანაკარგია უკრაინა, რომელიც წელს საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდამჭერთა სიაში აღარ გვხვდება. უკრაინის წარმომადგენელი სხდომას საერთოდ არ დასწრებია.
გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზე, 7 სექტემბრის რეზოლუციის თანახმად, სუამის ქვეყნების ტერიტორიაზე გაყინული კონფლიქტების საკითხს განიხილავენ. სიტყვით გამოვა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან 7 სექტემბრის გადაწყვეტილებას „პატარა დიპლომატიური გამარჯვება” უწოდა. წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივებზე ისაუბრებს.

 

 

კომენტარები