შეხვედრა მთაში

 სრული სახელი: გაელ გარსია ბერნალი

დაბადების თარიღი: 1978 წლის 30 ნოემბერი

დაბადების ადგილი: მექსიკა, გვადალახარა

საუბრობს: ესპანურად, ინგლისურად,
პორტუგალიურად, ფრანგულად და იტალიურად.


ფილმები, რომლებმაც წარმატება მოუტანა:
ძუკნა სიყვარული (Amores Perros), რეჟისორი –ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ; დედაშენიც აგრეთვე (Y tu mama tambien), რეჟისორი – ალფონსო კუარონი; ცუდი აღზრდა (Bad Education), რეჟისორი – პედრო ალმოდოვარი; მოტოციკლეტისტის დღიურები (The Motorcycle Diaries), რეჟისორი – ვალტერ სალესი; სიბრმავე (Blindness), რეჟისორი – ფერნანდო მეირლეში; ძილის მეცნიერება (The Science of Sleep), რეჟისორი – მიშელ გონდრი.


მოპოვებული ჯილდოები:
2000 წელი
ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალი
– საუკეთესო მსახიობი (ძუკნა სიყვარული)
2001 წელი
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი – მარჩელო მასტროიანის სახელობის ჯილდო
(დედაშენიც აგრეთვე)
2003 წელი
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი – Chopard Trophy

„ყაზბეგში ამერიკელი რეჟისორი ჯულია ლოკტევი ახალ ფილმზე მუშაობს, მთავარ როლს კი გაელ გარსია ბერნალი ასრულებს. ჰოლივუდის ვარსკვლავი საქართველოში აგვისტოს ბოლომდე დარჩება” – ერთ-ერთ არხზე მოსმენილი ეს სიტყვები სექტემბრის დასაწყისში, ყაზბეგში ჩასულს გამახსენდა მაშინ, როცა მე და ჩემი მეგობრები ვიდექით კაფესთან, რომლის შესასვლელშიც დიდი ასოებით ეწერა „ძინკალი”. ძინკალმა არ მოგვხიბლა და სხვაგან წავედით. მეორე დილით გერგეთის მთა ფეხით უნდა აგვევლო და სამება გვენახა.
მაღვიძარამ 10 საათზე დარეკა. იმედი მქონდა, რომ მცხუნვარე მზე ჩემს მეგობრებს აზრს შეაცვლევინებდა და მთაზე ასვლის ნაცვლად, უბრალოდ სტეფანწმინდის ქუჩებში ხეტიალს დასჯერდებოდნენ. არ გამიმართლა და დავადექით გზას. სახლიდან ცენტრამდე დაღმართი უნდა ჩაგვევლო, წინ ჩემი ორი მეგობარი მიგვიძღოდა და მოულოდნელად ერთ-ერთი მათგანი დაღმართის ჩავლის შემდეგ სირბილით და გაღიმებული სახით ჩემკენ გამოიქცა: „იცი, ქვემოთ ვინ ზის”? ვერ მივხვდი რა უნდოდა, ან ვის შეიძლებოდა ყაზბეგში, დილის 11 საათზე გამოეწვია მისი გაოცება და უემოციოდ ვკითხე: „ვინ”? და პასუხმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ბერნალი!
მეც მის გზას გავყევი, მივუახლოვდი და დავუძახე: „უკაცრავად, უკაცრავად”... – ღიმილით გამომხედა, – „თქვენთან სურათის გადაღება შეიძლება”? პასუხმაც არ დააყოვნა: „კი, როგორ არა, უბრალოდ გავალ და სულ მალე დავბრუნდები”. ხის კიბეები ჩაიარა და მაგიდასთან ჩამოჯდა, ვერ დავინახეთ რა შეუკვეთა, მაგრამ დანაყრების შემდეგ მიმტანს მაგიდის ალაგებაში დაეხმარა. კიბეები ისევ სწრაფად ამოიარა: „მადლობა რომ დამელოდეთ და უკაცრავად რომ გალოდინეთ, გადავიღოთ ფოტოები”? ფოტოების გადაღებაც დასრულდა და აი, ახლა წავა, გავიფიქრე ჩემთვის, რომ:


გაელ გარსია ბერნალი: თბილისიდან ჩამოხვედით?
ჩვენ: დიახ, ორი დღით.
გაელ გარსია ბერნალი: იყავით სამებაზე?
მე: არა, ახლა ვაპირებდით ასვლას, მაგრამ თქვენ რომ დაგინახეთ გადავიფიქრეთ.
გაელ გარსია ბერნალი: გადაიფიქრეთ? რატომ?
ჩვენ: დღეს ვბრუნდებით თბილისში და ვეღარ მოვასწრებთ.
გაელ გარსია ბერნალი: როგორ ვერ მოასწრებთ, მე 45 წუთში ავედი ფეხით. იქიდან უფრო მალე ჩამოხვალთ, ადით აუცილებლად, ნამდვილად ულამაზესია.
ჩვენ: ყაზბეგის გარდა სადმე იყავით?
გაელ გარსია ბერნალი: არა, მაგრამ ყაზბეგი და ჯუთა მოვიარე, ულამაზესია. Georgia is very TBILI, TBILI.
მე: მე მეგონა გადაღებები უკვე დამთავდა და აქ აღარ იყავით.
გაელ გარსია ბერნალი: დღეს გადაღების ბოლო დღე გვაქვს.
მე: და როდის მიდიხართ?
გაელ გარსია ბერნალი: ზეგ მივფრინავ არგენტინაში.
მე: თბილისში იყავით?
გაელ გარსია ბერნალი: თბილისში მხოლოდ 6 საათი ვიყავი, მერე პირდაპირ აქ წამოვედი.
მე: რომ ამბობდნენ გაელ გარსია ბერნალი თბილისში დაინახესო, ხუმრობა მეგონა. მხოლოდ ერთ არხზე გავიდა მოკლე სიუჟეტი თქვენი აქ ყოფნის და ფილმის გადაღებების შესახებ. ასე რომ, ფართო საზოგადოებისათვის არ გახმაურებულა თქვენი აქ ყოფნა.
ამაზე გაეცინა და მიპასუხა: მერე მაგას რა ჯობია, ძალიან კარგი!
ჩვენ: დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ!
გაელ გარსია ბერნალი: მადლობა თქვენ და აუცილებლად ადით სამებაზე.

ბერნალი ვნახე, ვესაუბრე, მასთან ფოტოები გადავიღე, აღარ მახსოვდა ჩემი წუწუნი და როგორ არ უნდა გამეთვალისწინებინა მისი რჩევა? სიამაყის გრძნობით და მოზღვავებული ემოციებით დავადექი სამების გზას, 45 წუთის მაგივრად საათსა და 45 წუთში მივაღწიე დანიშნულების პუნქტამდე და წყაროსთან ამაყად, ბედნიერი დავეცი.

ცოტა რამ ბერნალის
საქართველოში სტუმრობის და „მარტოსული პლანეტის” შესახებ

„მარტოსული პლანეტა” (The Loneliest Planet) – ასე ეწოდება ფილმს, რომლის გადაღებაც რეჟისორმა ჯულია ლოკტევმა ყაზბეგში 5 სექტემბერს დაასრულა. ფილმი საქართველოში ჩამოსულ შეყვარებულ წყვილზეა. ადგილობრივი გიდის დაქირავების შემდეგ წყვილი იწყებს მოგზაურობას და ამ დროს მათ შორის დრამა ვითარდება: სამივე რჩება მარტო, მთაში. სრულ იზოლაციაში. 33 სამუშაო დღის მანძილზე ფილმს ყაზბეგსა და ჯუთაში იღებდნენ. როგორც ტაბულასთვის გახდა ცნობილი, ფილმის პრემიერა გაზაფხულის ბოლოს არის დაგეგმილი.

თქვენ სანქტ-პეტერბურგში დაიბადეთ და შემდეგ ოჯახთან ერთად კალიფორნიაში გადახვედით საცხოვრებლად. მოდით დავიწყოთ და პირველი კითხვა: როგორ მოგმართოთ – ჯულია თუ იულია?

სულერთია, როგორც გაგიხარდებათ.
ლენინგრადში დავიბადე, მაშინ ასე ერქვა. მაგრამ იქ არასდროს მიცხოვრია. 9 წლის ვიყავი, როდესაც კოლორადოში გადავედი საცხოვრებლად. ჯერ რადიოში ვიყავი DJ და შემდეგ, კინოში აღმოვჩნდი. არადა, მართალი რომ გითხრათ, გამოსახულებასთან შეხებაც კი არ მქონია არასდროს. კინო, პირველ რიგში, ჩემთვის აუდიოსა და ვიზუალის შერწყმაა და სწორედ ამან მიმიზიდა, ამიტომ დავინტერესდი.

პირველმა დამოუკიდებელმა ნამუშევარმა დიდი წარმატება და აღიარება მოგიტანათ სანდენსის კინოფესტივალზე და პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის.

პირველი ნამუშევრები, რომლებიც საზოგადოებას წარვუდგინე, აუდიომასალები იყო, რადიოსთვის ვაკეთებდი. თუმცა დიდი აღიარება ჩემმა სრულმეტრაჟიანმა დოკუმენტურმა ფილმმა მოიტანა – „გავლენის მომენტი” (Moment of Impact).

„მარტოსული პლანეტა”, როგორ გაჩნდა ამ ფილმის საქართველოში გადაღების იდეა?

ეს ნამდვილად გარემოებათა უცნაური დამთხვევა იყო. ჩემი მეგობარი აპირებდა საქართველოში წამოსვლას და ველოსიპედით მოგზაურობას. სწორედ ამ დროს მივიღე მოწვევა ბათუმის კინოფესტივალიდან. ამას ისიც დაემთხვა, რომ ყოველთვის მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, ჩემი მშობლები აქ ხშირად ისვენებდნენ ხოლმე ახალგაზრდობაში და ფოტოები მქონდა ნანახი. როდესაც სამი წლის წინ შემოთავაზება მივიღე, მაშინვე დავთანხმდი.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩემი მეგობარი გაუყვა გზას, მეც ცოტა ვიმოგზაურე. ბათუმიდან თბილისში „მარშრუტკით” ვბრუნდებოდი და გზად ტომ ბისელის მოთხრობა გამახსენდა, სადაც მოქმედება ყაზახეთში ვითარდება და მომინდა ფილმის აქ გადაღება, ვინაიდან საქართველო ამისთვის სრულყოფილი ადგილი იყო.

მთავარ როლებს გაელ გარსია ბერნალი და ჰანი ფურსტენბერგი ასრულებენ, რატომ შეაჩერეთ არჩევანი ამ ორ მსახიობზე?

ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შეეწყობა ორი ადამიანი ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული სტილის მსახიობები არიან, ძალიან დამაჯერებელი და ძლიერი წყვილი შექმნეს.

როგორ მიიღეს თქვენი შეთავაზება ფილმში მონაწილეობის შესახებ?

როდესაც სცენარი წაიკითხეს, დიდი სიხარულით დამთანხმდნენ. მოლაპარაკებები ომამდე რამდენიმე კვირით ადრე დავიწყეთ. 2008 წლის ომის გამო გადაღებები დროებით გადაიდო, მაგრამ ამას არანაირი დაბრკოლება არ შეუქმნია მსახიობებისთვის. საქართველოში ორივე დიდი სიხარულით ჩამოვიდა და ნამდვილად დაუვიწყარი დრო გაატარეს.



 

კომენტარები