ლიტერატურის ნამზეური

 ვერ გეტყვით, რამდენად გაითვალისწინეთ ტაბულას რჩევები ზაფხულში წასაკითხი წიგნების შესახებ. თუ კი – ხომ შესანიშნავი, თუ არა და, რა ვუყოთ – სამწუხაროდ, დღეს ამ საქმისთვის ბევრს არ ცხელა, მით უფრო აგვისტოს ხვატში.
აი, არდადეგებიც მიილია. სანამ დაიწყებოდა, ქართულ ინტერნეტ-ფორუმებზე დაახლოებით ასეთი შინაარსის და ინტონაციის შეკითხვებს გადააწყდებოდით: „ზაფხულისთვის მინდა წიგნი და მითხარით რაააა, ოღონდ სიყვარულზე მინდა... :)”. როგორც წესი, რჩევების უმეტესი ნაწილი კოელიო-დოჩანაშვილის სიახლოვეს ტრიალებდა, თუმცა ზოგიერთი საკუთარი ახლობლის ნაღვაწის შემოპარებასაც ცდილობდა. მაგალითად – „წაიკითხეთ გივი გუნცაძის „ბნელი კვადრატი”, ცხოვრებისეულია, არ ინანებთ”. ეგ კი არა და, ერთხელ ზოია ვოსკრესენსკაიას „გოგონა ბობოქარ ზღვაში”-ს შეთავაზებასაც გადავაწყდით. ზაფხულის მიწურულს კი აღმოჩნდა, რომ უმეტეს ნაწილს „სამოსელი პირველი” და „მარტოობის ასი წელი” წაეკითხა. ზოგმა სელინჯერი და ბერჯესი დააგემოვნა – პირველის წიგნი აქეს, მეორეზე – ფილმი ჯობსო. ვოსკრესენსკაია არ წაუკითხავთ – ალბათ ვერ იპოვეს.
როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ბესტსელერებს შორის კლასიკური ლიტერატურა ჭარბობს. თუ მსოფლიოს პოპულარული გამოცემის საზაფხულო ათეულებს გადახედავთ, ბოლო სამი წელია წამყვან პოზიციებს არ თმობენ – უოლტერ სკოტის „აივენჰო”, ალექსანდრე დიუმას „სამი მუშკეტერი”, ტოლკიენის „ბეჭდების მბრძანებელი” და ასე შემდეგ. საქართველოში სამწუხაროდ ამგვარი სტატისტიკა იშვიათად ქვეყნდება, ისევ სოციალურ ქსელებზე გამართულ საუბრებს თუ დასტყუებთ რამეს.
ზაფხულში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო პენ-ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, იუჯინ შულგინის ვიზიტს საქართველოში. ამ ამბავს ყველასგან მივიწყებული ქართული პენ-კლუბის ახალი სამეურვეო საბჭოს არჩევა და მოგვიანებით დავით მაღრაძის გადადგომა მოჰყვა. მაღრაძის დროინდელი ქართული პენის შესახებ ბევრი არაფერი გეცოდინებათ, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში სრულიად უფუნქციო ორგანიზიცია გახლდათ და საქართველოს ჰიმნის ავტორსაც პრეზიდენტობის ვადა კარგა ხნის ამოწურული ჰქონდა. რას იზამს განახლებული ქართული პენ-კლუბი – სამომავლოდ გამოჩნდება. პრეზიდენტი (პროზაიკოსი დავით ქართველიშვილი) და საბჭო ერთი წლით აირჩა – ეს პერიოდი ახალი წევრების მიღებას და მსოფლიო ლიტერატურის ფესტივალისთვის მზადებას უნდა დაეთმოს.
გამოვიდა რამდენიმე საინტერესო წიგნი. მათ შორის ტრადიციულად პოეტური კრებულები ჭარბობს, ორიოდ რომანით და მოთხრობების რჩეულითაც შეგიძლიათ შეავსოთ თქვენი თარო. არათუ საზაფხულო ტაიმაუტში, სხვა დროსაც ძნელად გადააწყდებით ხარისხიან დოკუმენტალისტიკას, არადა ეს ჟანრი მსოფლიო ლიტერატურაში დღეს ისე ყვავის, როგორც არასდროს.
მოკლედ, ასეა თუ ისე – ახალი სეზონი იწყება. თუ რამე ყურადსაღები მოხდა, ტაბულა გადაშალეთ და შეიტყობთ.

კომენტარები