“მფატრავები”

0 კომენტარი

 გინახავთ ფილმი „მფატრავები” (რეჟისორი – მიგელ საპოჩნიკი, სცენარი – ერიკ გარსია)? უმჯობესია, ფილმში ნაკლები სისხლი ყოფილიყო... მაგრამ ახლა მხოლოდ იდეას განვიხილავთ.

ეკრანზე მომავალს ვხედავთ. ქირურგია უკვე უბრალო ხელობად იქცა (ფილმში რთულ ოპერაციას ხუთი წლის ბავშვი ატარებს), ხელოვნურ ორგანოთა დამზადება კი საწარმოო პლატფორმაზე დადგა. მაღალტექნოლოგიური გულები, ღვიძლები და პანკრეასები ძვირი ღირს – ეგრეთ წოდებული საშუალო კლასისთვისაც ძალიან ძვირი: მაღალპროცენტიანი კრედიტით თუ შეიძენ. მწარმოებელი ხელშეკრულებას დაგიდებს: სიცოცხლის გადასარჩენად ნებით ვარდები მახეში. ვერ გადაიხდი და ფირმა საკუთრებას უკან იბრუნებს.
ასე ვითარდება მთავარი კონფლიქტი: საკუთრების დასაბრუნებლად ფირმა ქირაობს საგანგებო თანამშრომლებს, „მფატრავებს”. როგორც კი გადაუხდელობის ვადა იწურება, ისინი შეიჭრებიან კლიენტის პირად სივრცეში, კლავენ მას, ფატრავენ და პირდაპირ სხეულიდან აცლიან ჩანერგილ ორგანოს.

აქ სუსტი წერტილია: რა საჭიროა სისხლიანი ნატურალიზმი, როცა საკმარისია ორგანოს ავტომატური გათიშვა? ვის არ გადმოუტვირთავს პროგრამა ინტერნეტიდან: თუ არ გადაიხდი, 30 დღის შემდეგ თვითონ ჩერდება... როცა საქმე ხელოვნურ ორგანოებს ეხება, ასეთი არჩევანი არ არის ნაკლებად სასტიკი, მაგრამ უფრო რაციონალურია: სხვა თუ არაფერი, ზედმეტ ადამიანურ რესურსებს არ მოითხოვს.

მაშ რატომ მიჰყვნენ ავტორები ასეთ აშკარად არადამაჯერებელ გზას?

ამ კითხვაზე პასუხს შეიცავს საუბარი ორ მფატრავს შორის. ერთი დაეჭვებულია და ვერ პოულობს ეთიკურ გამართლებას, მარტივად, მსხვერპლი ეცოდება. მეორე კი უხსნის, რომ საზოგადოების წარმატებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ხელშეკრულებათა შესრულება და ამ გზაზე სიბრალული არ გვარგებს.

ერთი სიტყვით, ფილმი ძირს უთხრის საზოგადოების საძირკველს: კერძო საკუთრების უფლებასა და ხელშეკრულების ურყეობას. ავტორები ქმნიან იმგვარ მდგომარეობას, როცა ეს ორი საფუძველი პარადოქსულად უპირისპირდება მესამეს... თუმცა მესამეს რატომ? – იქნებ სულაც პირველს?

მართლაც, სიცოცხლის უფლება თითქოს პირველადია ყველა დანარჩენთან შედარებით... ყოველ შემთხვევაში, სხვა უფლებებზე მეტად დამაჯერებელია, თითქმის აქსიომატური. თუ რაიმეს ებრძვი და ძირს უთხრი, უნდა აჩვენო სიტუაცია, რომელშიც ეს რაიმე უხეშად შეურაცხყოფს სიცოცხლის უფლებას.

ფილმის მეთოდი სკოლის მერხიდანვე ცნობილია. გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი” – აქაც იგივე ხდება; ერთმანეთს უპირისპირდება ერთი ეთიკური სისტემის ორი სხვადასხვა პუნქტი: სისხლის აღება და სტუმარ-მასპინძლობა. რომელია აქ მთავარი? – შეკითხვა აბსურდული იქნებოდა, რომ არა ისევ და ისევ სიცოცხლის უფლება: სტუმარ-მასპინძლობა სიცოცხლეს იცავს, სისხლის აღება კი სპობს.

მაგრამ იზოლირებული ჯგუფის გადასარჩენად სისხლის აღება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სტუმარ-მასპინძლობა. მაშ რა განაპირობებს ავტორისა და მკითხველის ერთსულოვნებას? – ის, რომ არც ავტორი და არც მკითხველი არ მიეკუთვნებიან იზოლირებულ თემს, ორივენი სხვა, ბევრად უფრო ფართო საზოგადოების წევრები არიან და ამ საზოგადოებაში სტუმარ-მასპინძლობა ფორმალური თავაზიანობის ჩვეული ნორმაა, სისხლის აღება კი საერთოდ ბარბაროსობად ჩანს. ეს არსებითი გარემოება შესაძლებელს ხდის ვაჟა-ფშაველას მიერ დასმული პრობლემის ისეთ მხატვრულ ამოხსნას, რომელიც პოემამ შემოგვთავაზა.

დაახლოებით იგივე ხდება „მფატრავებში”, მაგრამ არსებობს ერთი ფაქიზი განსხვავება.

უკვე ვთქვით, რომ ვაჟა-ფშაველა ერთმანეთს უპირისპირებს იმ ეთიკური სისტემის პუნქტებს, რომლის შიგნით ყოფნა არც მისთვის და არც მკითხველისათვის არ არის გარდაუვალი და აუცილებელი. ავტორი და მკითხველი არსებითად დავალებულნი არ არიან ამ სისტემისაგან და არ ემორჩილებიან მის წესებს. „მფატრავების” ავტორები კი ყველაფერს უნდა უმადლოდნენ იმ სისტემას, რომლის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების შექმნას ცდილობენ.
ნუ ვიფიქრებთ, რომ „მადლიერების გრძნობას” მოვითხოვ – მე მხოლოდ მოვლენის ახსნა მინდა. რა უდევს საფუძვლად თანამედროვე დასავლური საზოგადოების ამგვარ „კრიტიკას”?

ხშირად გვესმის: ერაყის ომი აშშ-ს სისხლიანი ავანტიურა იყო; ირანი თავისუფალი ქვეყანაა, თურქეთი კი – არა, რადგან ირანში ხელისუფლება ხალხის ნებით აირჩა, თურქეთში კი ზოგი ტენდენცია ავტორიტარულად ითრგუნება. გაგრძელება კიდევ შეიძლება. მაგალითების სიაში ჩვენი ფილმის ავტორებიც მოხვდებიან: მათაც ჰგონიათ, რომ საზოგადოება უნდა იდგეს წესების ცხად და მწყობრ სისტემაზე, მოვლენები კი ცალსახა შეფასებებს უნდა აკმაყოფილებდნენ.

მაგრამ ასე ვერასოდეს იქნება. წინააღმდეგობებს კი არა, სწორედ სიცხადესა და ლოგიკას მივყავართ დაღუპვისაკენ. რა აქვს საერთო ორ ადამიანს, რომელთაგან ერთი მოითხოვს აბორტის აკრძალვას და მხარს უჭერს სიკვდილით დასჯას, მეორე კი აპროტესტებს სასიკვდილო განაჩენს და სწამს, რომ ორსულობის შეწყვეტა ქალის უპირობო უფლებაა. ლოგიკა ვერ არიგებს მათ, მაგრამ რეალობა ერთიანი თავისუფალი საზოგადოების წევრებად აქცევს. ეს საზოგადოება თავისუფალი იმიტომ კი არ არის, რომ წინასწარ განსაზღვრული „სამართლიანი” წესებით იმართება, არამედ იმიტომ, რომ მის წიაღში ერთნაირ შესაძლებლობებს პოულობენ და ერთნაირ შეზღუდვებს აწყდებიან შეუთავსებელი მისწრაფებების ადამიანები.

თავისუფლება ყოველწამიერი არჩევანის წინაშე დგომაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები