საკეისრო კვეთა - „ადვილი” მშობიარობა

 21 წლისაა. ეს მისთვის უკვე მეორე მშობიარობაა. დღესაც ისეთივე მომზადებული მოვიდა, როგორც მაშინ, სამი წლის წინ – საჭირო ნივთები კოპლებიან პატარა ჩანთაში წინა დღეს ჩააწყო და მოსაცდელში, სკამზე ჩამომჯდარს, ახლა ფეხებთან უდევს. მწვანე ხალათმოცმული ექიმები, წამლების სპეციფიკური, მძაფრი სუნი და ისევ ის ნათურა – დიდი, თეთრი. კარგად ახსოვს როგორ დაჟინებით უყურებდა მაშინ, მერე თითქოს ფოკუსიც აერია, გამოსახულება გაიდღაბნა და სადღაც გაქრა. არ ნერვიულობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს დღეს ეკა კიდევ ერთხელ გაივლის. მართალია, სამედიცინო ჩვენებით ამის საჭიროება არ იყო, მაგრამ გადაწყვიტა – მეორე ბავშვსაც საკეისრო კვეთით აჩენს. ასე ურჩევნია, არ ეშინია და საერთოდ, მისმა ბევრმა მეგობარმა სწორედ ამ გზით, ადვილად გააჩინა და მან რატომ უნდა იწვალოს?!
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, საკეისრო კვეთის რიცხვი ქვეყანაში 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს, უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით საკეისროს რიცხვმა საქართველოში 30%-ს მიაღწია. კლინიკა ჯანმრთელობის სახლის ხელმძღვანელის, ამირან ქორიძის განცხადებით, თუ წლების წინ საკეისროს ოპერაცია მხოლოდ სამედიცინო ინტერესებიდან გამომდინარე ტარდებოდა, ბოლო 5-6 წელია, მშობიარეების მოთხოვნით საკეისრო კვეთას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. საკეისრო, რომელიც მაღალი რისკ-ფაქტორის მქონე ოპერაციათა რიცხვში შედის არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, დღითი დღე პოპულარული ხდება. „მტანჯველი” მშობიარობის ეს ალტერნატივა, რომელსაც შემდგომი გართულებები და ფატალური შემთხვევებიც უფრო ხშირად ახლავს თან, ბატონი ამირანის თქმით, დღეს ფუფუნება გახდა: – „როდესაც ორსული ფიზიოლოგიურსა და ქირურგიულ ოპერაციას შორის არჩევანს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ აკეთებს, უმეტესწილად ეს ხანგრძლივი სამშობიარო ტკივილებისგან თავის დაღწევის გამო ხდება. ამ დროს ქალი მარტო იმაზე ფიქრობს, რომ არ ეტკინოს. და ის, თუ როგორ აისახება ეს შემდგომში ბავშვზე ან მოჰყვება თუ არა გართულება ოპერაციის შემდგომ პერიოდს, ნაკლებად აინტერესებს. რა თქმა უნდა, აქ იმ პრობლემასაც ვაწყდებით, რომ მშობიარეთა უმეტესობამ უბრალოდ არ იცის რა, როგორ ხდება, არ ფლობს ინფორმაციას და მომავალი პროცესისადმი შიშის გამო ამ არჩევანს აკეთებს. საჭიროა, რომ ქალები სათანადოდ მოემზადონ მშობიარობისთვის. ბავშვმა უნდა გაიაროს სამშობიარო გზა. ეს, როგორც დედის ორგანიზმს, ისე, პირველ რიგში, სწორედ მას სჭირდება, რათა ამ ახალ გარემოში იოლად შეძლოს ადაპტაცია. სამწუხაროდ, ამ და ბევრ სხვა მნიშვნელოვან ფაქტორს, არავინ ითვალისწინებს”.
პირველი საკეისრო კვეთა საუკუნეების წინ ჩაატარეს. ოპერაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ტარდებოდა, თუ ორსული ქალი მოკვდებოდა. ბავშვის გადარჩენის ამ მეთოდს ძველ ინდოეთში, ეგვიპტეში, საბერძნეთში, რომსა და ჩინეთში მიმართავდნენ. ძველ რომში, კანონის თანახმად, ყველა ქალი, რომელიც მშობიარობის დროს სიკვდილისთვის იყო განწირული, უნდა გაეკვეთათ. საკეისროს ოპერაცია მხოლოდ ბავშვის გადასარჩენად კეთდებოდა, რადგან ნაოპერაციები დედების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100%-ს აღწევდა. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ქვეყნის ექიმები ცდილობდნენ, ბავშვის სიცოცხლესთან ერთად, დედის სიცოცხლეც შეენარჩუნებინათ, ცდები ყოველთვის უშედეგოდ მთავრდებოდა. კაცობრიობას დიდი გზის გამოვლა მოუწია, ვიდრე მე-20 საუკუნე დადგებოდა. დრო, როდესაც საკეისრო კვეთა არათუ აღარ ნიშნავს მშობიარე ქალის სიკვდილს, არამედ უკვე მათი არჩევანი გახდა.
„სურვილის მიხედვით საკეისროების რიცხვის მატებას ორი მთავარი მიზეზი აქვს: შიში (რომელიც ორსულებს აქვთ მშობიარობის წინ) და იმის არცოდნა, თუ როგორ უნდა მართონ საკუთარი მშობიარობა”. – ფსიქოლოგი მანანა მენთეშაშვილი მრავალი წელია, რაც ორსულებს მშობიარობისთვის მოსამზადებელ გაკვეთილებს უტარებს. – „სამწუხაროდ, ქალებმა ნაკლებად იციან საკეისრო კვეთის დადებითი და უარყოფითი მხარეები. საკეისროს დროს გაცილებით დიდია ინფექციური დაავადებების განვითარების რისკი და მშობიარეს რეაბილიტაციაც, ფიზიოლოგიურ მშობიარობასთან შედარებით, გაცილებით რთულად მიდის. და რაც მთავარია: ახალშობილებში ახალ გარემოში ადაპტაცია არც ისე მარტივად ხდება. ფსიქოლოგიაში ადამიანის დაბადება, პირველ სტრესად განიხილება. ნაყოფი ხომ მისთვის საუკეთესო (მუცლადყოფნის) მდგომარეობიდან სრულიად უცხო გარემოში ინაცვლებს. ეს გარემო აღსავსეა „მტრული გამაღიზიანებლებით” – უწყლო სივრცე, შუქი, ხმაური... ეს ყველაფერი ახალშობილს ემოციურ დისკომფორტს უქმნის. ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში ნაყოფი დაბადების სტრესს სამშობიარო არხის თანდათანობით გავლისას ეგუება. საკეისროს დროს კი ზუსტად 2 წუთი და... ამ ემოციური დისკომფორტის მოსახსნელად საუკეთესო გზა დედა-ახალშობილის ურთიერთობაა, რაც გაცილებით სრულყოფილია ბიოლოგიური მშობიარობის შემდეგ”.
The University Of New South Wales-ის ბიოტექნოლოგიისა და ბიომოლეკულური მეცნიერებების სკოლის პროფესორის, პატრიცია კონვეის თქმით, ბავშვი სამშობიარო გზის გავლისას დედის ორგანიზმიდან ბევრ ისეთ ბაქტერიას იღებს, რაც მის იმუნიტეტს აძლიერებს. 2008 წელს ევროპელმა მკვლევრებმა გადაამოწმეს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული ოცი კვლევა, რომელიც დიაბეტსა და ნაკეისრალ ბავშვებს შორის კორელაციას ადგენდა და აღმოაჩინეს, რომ ქირურგიული გზით დაბადებულ ბავშვებში დიაბეტის განვითარების რისკი 20%-ით მაღალია.
როცა არ იცი რა არის მშობიარობა, არ შეგიძლია მოერგო პროცესის ყოველ ეტაპს და ტკივილი, მიღებული ცოდნის საფუძველზე, ოდნავ მაინც შეიმსუბუქო – ეს ყველაფერი ბადებს ენით აუწერელ შიშს და, რა თქმა უნდა, ამ პროცესის გამარტივებულ გზას ირჩევ. ეკასთვისაც ასეა. 20-30 წუთი და დერეფანში შეკრებილი ახლობლები ვიდეოზე, პატარა მარიამის დაბადებას უყურებენ. საბედნიეროდ, კვეთამ უპრობლემოდ ჩაიარა.

კომენტარები