თამაში ყანაში

 საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ტურნირში პირველი ორი შეხვედრა საბერძნეთში და შინ, ისრაელის ნაკრებთან ფრედ დაასრულა – 1:1 და 0:0. ჩვენი გუნდი მე-6 შესარჩევ ჯგუფში 2 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს საბერძნეთთან, ოქტომბერში კი ნაკრებს კიდევ ორი ოფიციალური მატჩი ელის: მალტასთან შინ და ლატვიასთან სტუმრად.
ჩვენი მომავალი მეტოქეების შესაძლებლობების გათვალისწინებით, ძალიან დიდი შანსია, რომ თემურ ქეცბაიას გუნდის დაუმარცხებელი სვლა გაგრძელდეს. მას შემდეგ, რაც ის დაინიშნა ეროვნულის თავკაცად (2009 წლის ნოემბერში), ნაკრებმა უკვე ხუთი მატჩია, წაგება დაივიწყა, მაგრამ გვინდა, რომ სტატისტიკა ერთადერთ სიამოვნებად არ გვექცეს. გვწადია ისიც, რომ დადებით შედეგად გამარჯვება ჩაითვალოს და არა ფრე. საამისოდ კი, თუ ნაკრების თავკაცს დავესესხებით, შრომაა საჭირო, რომელიც ჩვენს გუნდს კვლავ ძალიან სჭირდება.
რა დაგვანახა საბერძნეთის და ისრაელის პირველ გუნდებთან თამაშმა? მთავარი და არცთუ სასიამოვნო რამ: საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უამრავი ნაკლი აქვს, მათ გამოსასწორებლად კი – ძალიან ცოტა დრო. რომ არა რამდენიმე ობიექტური და უამრავი სულელური პრობლემა, ჩვენს გუნდს ამ მატჩებში ორის ნაცვლად, ექვსი ქულის აღებაც შეეძლო...
ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ტურნირის დაწყებამდე ქეცბაიამ ამხანაგურ მატჩებში უამრავი ფეხბურთელი გამოსცადა და, ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ უდავოდ საუკეთესოებს მოუყარა თავი. მინიმუმ ბოლო ორი საკვალიფიკაციო ტურნირის მანძილზე, ეს პირველად მოხდა და მიუხედავად ამისა, უამრავი პრობლემაა.
რატომ?
როცა რამდენიმე მოთამაშე სეზონის მანძილზე ნაკრებში უფრო ხშირად ასპარეზობს, ვიდრე კლუბში, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ შეცდომა ხშირად მოსდის.
როცა თვალშისაცემია შეუთამაშებლობა, ადვილად ახსნი, თუ რატომ ვერ უგებენ მცველები ნახევარმცველებს, შუახაზელები კი ფორვარდებს.
პირველი პრობლემა თავად ფეხბურთელების გადასაჭრელია და ვიმედოვნებთ, რომ ვეტერანები, თუნდაც იგივე კახი კალაძე და ზურაბ ხიზანიშვილი, ოქტომბრის მატჩებისთვის უკეთეს ფორმაში იქნებიან – მათ ხომ ახლახან შეიცვალეს გუნდები. რაც შეეხება მეორე საკითხს, შეთამაშება მხოლოდ ხშირი ასპარეზობით ხდება, საამისოდ კი, ოფიციალურ მატჩებზე მეტად ამხანაგური თამაშები ფასობს. ეს უკვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეროგატივაა, რომელმაც გაზაფხულ-ზაფხულის შესაყარი, რატომღაც, ძალიან ცუდად გამოიყენა: სხვა გუნდებმა 3-4 საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს, ქეცბაიას გუნდმა კი ერთადერთხელ ითამაშა. სამწუხაროა ისიც, რომ კვლავ არაფერია გარკვეული 17 ნოემბრის თაობაზე: ფიფას კალენდარში ეს დღე ამხანაგური თამაშებისთვისაა გამოყოფილი და ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის ნაკრებმა რამდენიმე თვით ადრე დაგეგმა მატჩი. სამწუხაროდ, სფფ და ჩვენი გუნდი უმცირესობაშია...
ახლა განგებ არაფერს ვამბობთ საბერძნეთსა და შინ, ისრაელთან არჩეულ ტაქტიკაზე და მწვრთნელის გადაწყვეტილებებზე: რამდენად სწორი იყო ამ ორ მატჩში ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდით თამაში, გნებავთ, ათენური მატჩის შემდეგ, დავით კვირკველიას ჯანო ანანიძით ჩანაცვლება ან მალხაზ ასათიანის ჯიუტად დაცვაში გამწესება, როცა არანაკლებ ძლიერი ცენტრალური მცველი ლაშა სალუქვაძეა შენს განკარგულებაში – ამაზე პასუხს მალტასთან და ლატვიასთან ჩასატარებელი მატჩები გაგვცემს.
იქამდე თემურ ქეცბაია ნანახის ცივი გონებით განსჯასაც მოასწრებს და ალბათ, სათანადო გადაწყვეტილებასაც მიიღებს.
საერთო ჯამში კი, ჩვენი ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა ყველაზე სამართლიანად ისევ ნაკრების თავკაცმა შეაფასა, როცა მინდორს ყანა უწოდა – ქართული ფეხბურთის დღევანდელი სახე.

თამაშგარეში


საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი 0:2 წაგებით დაასრულა – ზუსტად ისე, როგორც დაიწყო.
თუ შარშან, 5 სექტემბერს, ოთარ გაბელიას გუნდი ესტონეთში დამარცხდა, ამჯერად შინ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სომხეთთან წააგო.
ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, მაგრამ რომ მოეგო, მეორე იქნებოდა. სხვა ჯგუფებში მოვლენები ისე წარიმართა, ფლეი ოფში მაინც ვერ გავიდოდით, ეგაა მხოლოდ, რომ მეორე ადგილი ნუგეშად დაგვრჩებოდა – ქართველი 21-წლამდელები ევროშესარჩევში მეორეზე მხოლოდ ერთხელ გავიდნენ, 12 წლის წინ, ვლადიმერ გუცაევის ხელმძღვანელობით...
სომხეთთან მატჩს ჩვენი გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ როგორც ხშირად მომხდარა, ნაკრებმა გადამწყვეტი ნაბიჯი ვერ გადადგა. ასეთი რამ არათუ ახალგაზრდულს, ეროვნულსაც არაერთხელ მოსვლია...
ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ...
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ...
უკან დასახევი გზა არ გვაქვს...
მსგავსი ფრაზები ისმოდა მატჩის წინ ქართველთა მხრიდან.
ნაცნობი სიტყვებია – არაერთხელ მოგვისმენია ჩვენი ფეხბურთელებისგან. სანაკრებო, გნებავთ, საკლუბო თამაშების წინ.
სამწუხაროა, რომ დრო გადის, ფეხბურთისადმი ჩვენი მიდგომა კი არ იცვლება: პრინციპული დაპირისპირება ლამისაა დიდგორის ბრძოლას გავუტოლოთ, არადა, ესაა მხოლოდ და მხოლოდ მნიშვნელოვანი საფეხბურთო ორთაბრძოლა, რომლის მოგებას ამღვრეული თვალები და მეტოქის დასისხლიანება კი არა, ცივი გონებით და ცხელი გულით თამაში სჭირდება.
თამაში – მეტი არაფერი. ფეხბურთი ხომ თამაშია?
ჩანს, კიდევ ვერ ვისწავლეთ თამაში.
სამაგიეროდ, ჩხუბი ვიცით.
ფეხბურთი და ჩხუბი კი შორს დგას ერთმანეთისგან. ისევე, როგორც ფეხბურთელი და მოჩხუბარი.
ამიტომაც, ჩვენი ადგილი დანიაში, ევროპირველობაზე, სადაც გაისად ბურთს გააგორებენ, კვლავ არაა.

კომენტარები