ფილოსოფია

უკუეთუ არა ვიხილო... არასადა მრწმენეს

ალბერტ აინშტაინი

 „ფილოსოფია მოკვდა”, წერს სტივენ ჰოკინგი თავისი ახალი წიგნის, „დიდებული გეგმის”, შესავალში. „ფილოსოფია ვერ დაეწია მეცნიერების, კონკრეტულად კი ფიზიკის მიღწევებს”. ჰოკინგს ხშირად აინშტაინის მემკვიდრეს ეძახიან, მისი ემოციებისგან დაცლილი, ციფრული ხმა, რომელიც ხშირად „ცუდ ამბებს” გვამცნობს, ადვილი გამოსაცნობია. 68 წლის ფიზიკოსის მიზანს ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემა წარმოადგენს, რომლებიც კაცობრიობას ყოველთვის აინტერესებდა: საიდან გაჩნდა სამყარო? როგორ მუშაობს ის? შექმნეს თუ ყოველთვის არსებობდა? რატომ ვარსებობთ?
ერთხელ ნაპოლეონმა უთხრა ლაპლასს – „ნიუტონისგან განსხვავებით, თქვენს წიგნში სიტყვა ღმერთი ნახსენები არ არის”. ლაპლასმა მიუგო: „მე ასეთი ჰიპოთეზა არ დამჭირვებია!” ლაპლასის აზრს იზიარებს სტივენ ჰოკინგიც. ჰოკინგი თავის ახალ წიგნში M-თეორიას უფრო საფუძვლიანად განიხილავს და მისი დახმარებით ფიზიკაში დღემდე გადაუჭრელი პრობლემების გადაწყვეტას აპირებს. ის მიიჩნევს, რომ არსებობს ფიზიკური ძალები, რომლებიც შემოქმედის გარეშე, თვითშემოქმედებას ეწევიან. თეორიის მიხედვით, შესაძლებელია რამდენიმე სამყარო ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობდეს. მათში ფიზიკურ კანონებს, მატერიის ყოფნა-არყოფნას ამ პარალელურ სამყაროებში სიმების რხევა განსაზღვრავს. თუმცა კითხვა – საიდან გაჩნდა სიმები, ფუნდამენტური ძალები და კანონები, ან როგორია მათი ბუნება – უპასუხოდ რჩება. ჰოკინგის სკანდალურმა განცხადებებმა – „საჭირო არ არის ღმერთს მივმართოთ სამყაროს შექმნის ასახსნელად” და რომ „სამყაროს შეეძლო საკუთარი თავი არაფრისგან, ღმერთის დახმარების გარეშე წარმოეშვა” – თეოლოგები აღაშფოთა. ჰოკინგს არაერთხელ შეახსენეს, რომ შემოქმედზე საუბარი ღვთისმეტყველების პრეროგატივაა. ვატიკანის ობსერვატორიის ასტრონომმა, ძმა გაი კონსოლმაგნომ განაცხადა: „ღმერთი, რომლისაც ჰოკინგს არ სწამს, არც მე მწამს. ღმერთი არ არის სამყაროში ერთი უბრალო ძალა ენერგიასა და ელექტროობასთან ერთად”.
წარმოდგენები სამყაროს სურათისა და მისი წარმოშობის ირგვლივ საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა. თუ ანტიკური ადამიანისთვის მეცნიერება გარესამყაროზე უბრალო დაკვირვებას წარმოადგენდა, შუა საუკუნეებში ის ერთი ღმერთის მიერ შექმნილი მსოფლიოს გააზრება იყო. თანამედროვე მეცნიერებას კი თეორიულ მსჯელობასთან ერთად მტკიცებულებები სჭირდება.
ბიბლიური მოდელი გამორჩეულია. აქ შემოქმედი ქმნილების მიღმა იმყოფება და მას ვერც გავიაზრებთ და ვერც დავინახავთ, თუ თვითონ არ ისურვა. სამყარო სწორედ მისი შექმნილია, მიუხედავად იმისა, რომ მის მიღმა იმყოფება და გონებით ვერ გაიაზრებ – „მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა” ( რომ. 1:19-20). აქედან გამომდინარე, ქრისტიანობას შეუძლებლად მიაჩნია ღმერთის არსებობის დამტკიცება ან უარყოფა.
აინშტაინი ამბობდა, რომ მეცნიერება საუბრობს იმაზე რაც „არის”, ხოლო რელიგია – „რა უნდა იყოს”. მათ შორის ბრძოლას თავიდან ავიცილებდით, რომ არა ზოგიერთი მორწმუნის სურვილი სამყაროს ყოველი თავისებურება ბიბლიის საშუალებით აეხსნა. ათწლეულების დავის შემდეგ, საზოგადოებაში იმედგაცრუებამ დაისადგურა. მრავალმა დასვა კითხვა – საერთოდ შეგვიძლია კი გონებით სამყაროს მისტიკურ საიდუმლოებებს ჩავწვდეთ?
როგორც ჰოკინგი ამბობს, „მეცნიერების ისტორიაში ჩვენ აღმოვაჩინეთ უკეთესზე უკეთესი თეორიები, პლატონიდან ნიუტონამდე და შემდეგ კვანტურ თეორიამდე. ბუნებრივია ჩნდება კითხვა: მიაღწევს კი ოდესმე ეს პროგრესი პიკს, როცა აღმოვაჩენთ ყველაფრის ამხსნელ თეორიას, თუ გავაგრძელებთ ძიებას, მაგრამ ვერასდროს ვიპოვით საბოლოო თეორიას? ჩვენ ჯერ არ გვაქვს პასუხი ამ კითხვაზე, თუმცა გვაქვს კანდიდატი თეორია ყველაფრისათვის და ეს M-თეორიაა”.
ახალი, საბოლოო თეორიის ძებნის პროცესი არა ევოლუციური, არამედ რევოლუციური ხასიათისაა. ფიზიკისთვის ერთ-ერთი ასეთი რევოლუცია აინშტაინის ფარდობითობის თეორია იყო, რომელმაც სრულიად შეცვალა მეცნიერთა შეხედულებები სამყაროზე. ველის ერთიანი თეორიის ფარგლებში ის წარუმატებლად ცდილობდა გრავიტაციისა და ელექტრომაგნეტიზმის დაკავშირებას, ხოლო ძლიერ და სუსტ ურთიერთქმედებებს გვერდს უვლიდა.
მოგვიანებით კვანტური ფიზიკაც განვითარდა, რომელმაც გააერთიანა სტანდარტული მოდელის ფარგლებში ელექტრომაგნეტიზმი, ძლიერი და სუსტი ურთიერთქმედებები. მაგრამ ამ ნოვაციამ ზოგადი ფარდობითობის ფიზიკის კატეგორიები, პირველ რიგში გრავიტაცია, ვერ ახსნა. თავის მხრივ არც აინშტაინი იღებდა ბოლომდე კვანტური ფიზიკის კოპენჰაგენის ინტერპრეტაციას. ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპზე კი ის ამბობდა: „ღმერთი კამათელს არ თამაშობს”.
ასეთ პირობებში საჭირო გახდა, ერთი სრული და ყოვლისმომცველი თეორიის შექმნა. ამის კანდიდატი M-თეორიაა, რომელიც სიმების თეორიის ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმდინარეობას წარმოადგენს. M-თეორიას აქვს პრეტენზია ყველაფერი ახსნას, ყველაფერი ერთ მარტივ და მოკლე ფორმულამდე დაიყვანოს. მიჩიო კაკუ, თანამედროვე თეორეტიკოსი ფიზიკოსი, ხშირად იმეორებს: „როცა კვანტური ფიზიკის მახინჯ ფორმულებს ვუყურებ, ვფიქრობ, ღმერთი რომ ვყოფილიყავი, მათ ნამდვილად არ გამოვიყენებდი, ერთ მცირე და ლამაზ ფორმულას მოვიფიქრებდი. ვიცი, რომ ის არსებობს და მე მისი პოვნა მსურს”.
80-იან წლებში მეცნიერებმა სამყაროს საერთო სურათის აღსაწერად სიმების თეორია შექმნეს. ამ მოდელის მიხედვით, სამყაროს უმცირესი ნაწილაკები ერთგანზომილებიანი სიმებია, რომელთაც მხოლოდ სიგრძე გააჩნიათ, სიგანე და სიმაღლე კი – არა. აინშტაინის ფარდობითობის თეორიაში სივრცე და დრო ოთხგანზომილებიანია, ხოლო სიმების თეორიაში სამყარო ათი ან თერთმეტი განზომილებისაგან შედგება.
ამ უკანასკნელის თანახმად, ერთგანზომილებიანი სიმები ირხევიან ათ-თერთმეტ განზომილებაში და სწორედ მათი რხევა განსაზღვრავს ჩვენს სამყაროს. იმ დროისათვის შეიქმნა სუპერსიმის 5 ერთმანეთისაგან განსხვავებული თეორია, რაზეც მეცნიერებს სხვადასხვა აზრი გააჩნდათ. თუმცა მკვლევრებმა მალევე შენიშნეს, რომ ისინი არა განსხვავებული, არამედ ერთი საერთო თეორიის სხვადასხვა ასპექტს წარმოადგენენ. გასული საუკუნის დასასრულს მეცნიერმა ედვარდ ვიტენმა წამოაყენა თეორია, რომელიც ყველა არსებულ სუპერსიმების თეორიას აერთიანებდა. მას M-თეორია უწოდეს.
„M-თეორიაში ჩვენ შევეცდებით ვუპასუხოთ კითხვას სამყაროს შექმნაზე. ამ თეორიის თანახმად, ჩვენი სამყარო ერთადერთი არ არის. თეორია ვარაუდობს, რომ მრავალი სამყარო წარმოიშვა არაფრისაგან. მათ შექმნას ღმერთი არ სჭირდებოდა. ეს სამყაროები ფიზიკური კანონების გამო გაჩნდნენ... თითოეულ სამყაროს შეიძლება საკუთარი ისტორია ჰქონდეს და სხვადასხვანაირად გამოიყურებოდეს... მხოლოდ რამდენიმე მათგანში შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსის მასშტაბის გათვალისწინებით ძალიან მცირენი ვართ, მისი საიდუმლოების ამოხსნა მაინც შეგვიძლია. იმისთვის რომ უკეთ გავიგოთ ჩვენი სამყარო, უნდა ვიკითხოთ არა მხოლოდ „როგორ”, არამედ „რატომ”, – აღნიშნავს ჰოკინგი.
ცერნის ექსპერიმენტი ფიზიკას ახალ საფეხურზე ასვლას ჰპირდება. დიდ ადრონულ კოლაიდერში ფუნდამენტური ფიზიკური თეორიები და ასევე დიდი აფეთქების თეორია ტესტს გაივლის. დიდი აფეთქება დღესაც რჩება სამყაროს წარმოშობის უმთავრეს ვერსიად. ამ 27-კილომეტრიან გვირაბ-ლაბორატორიაში ფიზიკოსები ცდილობენ ერთმანეთს უზარმაზარი ენერგიის მქონე პროტონები დააჯახონ. კოლაიდერში მიღებული შედეგები საშუალებას მისცემს მეცნიერებს, ფარდა ახადონ სამყაროს არაერთ საიდუმლოებას, რომელთა შორის შავი ხვრელიცაა. კოლაიდერის მეშვეობით ფიზიკოსები მრავალი განზომილების არსებობის დადგენას შეეცდებიან.
მეცნიერების ეს მიღწევები სავარაუდოდ მორწმუნეებს მრწამსს ვერ შეურყევს. ამ ადამიანებს უკვე გამოუმუშავდათ იმუნიტეტი. მათთვის ცხადია – ყოველ ახალ თეორიას სურს თავად იქცეს შემოქმედად. მეცნიერება და რელიგია საუკუნეთა განმავლობაში გაყოფილი არ იყო. უთანხმოება სამყაროსა და სიცოცხლის წარმოშობის საკითხზე ჩამოვარდა. დაპირისპირებამ ბედნიერი წყვილი განქორწინებამდე მიიყვანა. მართალია, საბოლოოდ თითქოს ის ჰარმონიულ თანაარსებობად გარდაიქმნა, მაგრამ დროდადრო დაპირისპირება კვლავ იჩენს თავს. ყველაფრის ახსნის სურვილისას მეცნიერება მოვალეა, არ დაკარგოს საკუთარი ბუნების ერთი უმთავრესი იარაღი – ეჭვის შეტანა. თუ ასე მოხდება, ის რელიგიად იქცევა.
სწორედ მეცნიერების ამ ვალზე საუბრობს კარლ პოპერი. მან შეიმუშავა ე.წ. ფალსიფიცირებადობის კრიტერიუმი, რომელიც მეცნიერულ თეორიებს სხვა დანარჩენისაგან გამოყოფს. ფალსიფიცირებადობა არ გულისხმობს, რომ თეორია უბრალოდ არასწორია. პოპერის მიხედვით, თეორია მეცნიერულია, თუ ის პრინციპულად ფალსიფიცირებადია, ანუ თუ მისი უარყოფა საკუთარივე მეთოდებით არის შესაძლებელი. მეცნიერულმა თეორიამ უნდა განსაზღვროს ის ფარგლები, რომელთა შიგნითაც მას მოვლენათა ახსნის პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს. ის პირობები, რომელთა დადგომის შემთხვევაში იგი უძლურია. სწორედ ეს განასხვავებს მეცნიერებას და რელიგიას ერთმანეთისაგან. რელიგია რწმენის საგანია, მეცნიერება კი მუდმივად უნდა ცდილობდეს წარმოდგენილი თეორიის უარყოფას. ჰოკინგის თეორიას ბევრჯერ მოუწევს პოპერის კრიტერიუმთან შეჯახება.
M-თეორიას ბევრი იმედის თვალით შესცქერის. ეს თეორია, მათი აზრით, ყველაფრის ახსნას შეძლებს. რელიგიური ადამიანების სკეპტიკური განწყობა უნარშეზღუდულთა სავარძელს მიჯაჭვულ ჰოკინგსა და ამ თეორიაზე მომუშავე მეცნიერებს ოდნავაც არ უკარგავს მოტივაციას. ისინი ცდილობენ ჯერ კიდევ დაუსრულებელი თეორია განამტკიცონ, პასუხი გასცენ კითხვას, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს აწუხებს: რატომ?

კომენტარები