საკონსტიტუციო ცვლილებები

0 კომენტარი

 პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობას სექტემბერში გეგმავს და მათი მიღება ალბათ ნოემბრისთვის იქნება შესაძლებელი. კანონპროექტის ძირითადი ნაწილი 2013 წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედდება. 2013 წლიდან პარლამენტი აირჩევს პრემიერ-მინისტრს, რომელსაც ახლად არჩეული პრეზიდენტი დაამტკიცებს.
ივლისის ბოლოს საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ წინასწარი მოსაზრებები გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო მმართველობის შერეულ მოდელზე გადადის. პროექტში საპარლამენტო მოდელის ელემენტების სიჭარბეა. კომისიას ჰქონდა რამდენიმე შენიშვნა ძირეულ საკითხებზე, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი პარლამენტისა და ახლადშემოღებულ პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს შორის ურთიერთობაა. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება სწორედ ამ ორ ინსტიტუტზე ნაწილდება. ამიტომაც შემოთავაზებული პროექტით გამოწვეული შესაძლო შედეგების შეფასებაა საჭირო.
კანონპროექტის მიხედვით, იგი ფაქტობრივად ჩამოშორდება პრეზიდენტის ინსტიტუტს. აღმასრულებელ ფუნქციებს მხოლოდ მთავრობა განახორციელებს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. პრემიერ-მინისტრს პარლამენტი აირჩევს. შესაბამისად, იგი ანგარიშვალდებულია არა პრეზიდენტის, არამედ საკანონმდებლო ხელისუფლების წინაშე. პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნებში უკეთესი შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტიდან წარადგენს. მხოლოდ პარლამენტს შეეძლება დაამტკიცოს ან არ დაამტკიცოს პრემიერი. ნდობის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერს და პრემიერი – მთავრობის სხვა წევრებს.
ეს როლი რამდენადმე გვახსენებს ვესტმინსტერულ მოდელს, სადაც არსებობს ძლიერი პრემიერი და ცერემონიალური ფუნქციების მქონე სახელმწიფოს მეთაური. ნიშანდობლივია, რომ პრემიერ-მინისტრს გაცილებით მეტი უფლებამოსილება აქვს ვესტმინსტერულ სისტემაში. თუ პრემიერი კარგავს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას, მასვე შეუძლია ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. პოლიტიკური ელიტის კონფლიქტის საბოლოო არბიტრი ამომრჩეველი გამოდის.
მეორე მხრივ, შემოდის კონსტრუქციული ვოტუმის მექანიზმი. პარლამენტი ვალდებულია მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებასთან ერთად დაასახელოს პრემიერ-მინისტრის საკუთარი კანდიდატურა. ეს მექანიზმი პოლიტიკური კრიზისების პრევენციას უზრუნველყოფს. საქართველოში კონსტრუქციული ვოტუმი ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებული სახით შემოდის. სწორედ ეს იწვევს ვენეციის კომისიის კრიტიკას. ის საფრთხეს მოქმედი მთავრობის მიმართ უნდობლობისა და ახლის ფორმირების პროცედურის ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელებაში ხედავს. ეს რეალურად პოლიტიკური კრიზისის გახანგრძლივებას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტიც უფლებამოსილია ჩაერიოს პროცესში და ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ დაყენებული პრემიერის კანდიდატურას. ვეტოს გადალახვა პარლამენტის 90 წევრის ხმით არის შესაძლებელი. პრეზიდენტის ჩარევა სავარაუდოდ უფრო გაახანგრძლივებს სახელისუფლებო კრიზისს.
საკანონმდებლო ხელისუფლების მთავრობის მიმართ ექსკლუზიური და ძლიერი უფლებების კონსტიტუციით დაკანონება მინიმუმ ერთ საკითხზე უნდა გვაფიქრებდეს. რამდენად სწორია შერეული მოდელის შემოღება და პარლამენტზე ამხელა პასუხისმგებლობის დაკისრება იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული ტრადიციები არ არსებობს და პარტიათა სისტემა განუვითარებელია. იმის რისკი, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაპირისპირებამ და დესტრუქციულმა პარტიებმა ხელისუფლება მუდმივ კრიზისში ამყოფოს – ძალიან მაღალია. ეს საკითხი საქართველოსთვის განსაკუთრებით საშიში საგარეო საფრთხეების გათვალისწინებით შეიძლება აღმოჩნდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები