ეკონომიკური ზრდა ან ინსტიტუტები

0 კომენტარი

რუსეთში დიდი ინტერესით განიხილავენ საქართველოში ბოლო ექვსი წლის მანძილზე განხორციელებულ რეფორმებს. ყველას საკუთარი ინტერპრეტაცია აქვს.

ვალერია ნოვოდვორსკაიამ წელს, გაზაფხულზე ამ რეფორმების შედეგები საკუთარი თვალით ნახა. იგი მიიჩნევს, რომ „გაიდარის რეფორმები 100%-ით განხორციელდა და კვლავაც გრძელდება არა რუსეთში, არამედ საქართველოში”.

თუმცა, რამდენად გამართლებულია მსგავსი შედარება? მოდით, მივყვეთ ფაქტებს.

საწყის ეტაპზე – თუნდაც რეფორმებს შორის ათწლეულზე მეტი სხვაობით – ისტორიულად ახლობელ ამ ორ ქვეყანას, რუსეთსა და საქართველოს, შორის მართლაც ბევრი მსგავსება იყო; მაგალითად, საზოგადოების ცვლილებებისადმი მზადყოფნა ან ახალი ლიდერის რევოლუციური გზით მოსვლა. მეტიც, ორი ქვეყნის ლიდერები დამოუკიდებლად ეძებდნენ ეკონომიკური რეფორმების გამტარებლებს, რომლებიც შემდგომ მოქმედების თავისუფლებითა და ლიდერის სრული მხარდაჭერით სარგებლობდნენ. მსგავსებაა ისიც, რომ რეფორმების ავტორობა პერსონიფიცირებულია: რუსეთის რეფორმები ცნობილია გაიდარის რეფორმებად; საქართველოში, ვ. პაპავას ავტორობით კი ჩნდება ტერმინი – „ბენდუქა”, რომელიც აერთიანებს არა მხოლოდ ბენდუქიძის ყოფილ თანამშრომლებს, არამედ მის თანამოაზრეებსაც, რომელთაც ბენდუქიძესთან პირადად არასდროს უმუშავიათ. მსგავსებების ჩამოთვლა კიდევ დიდხანს შეიძლება, თუმცა, არც განსხვავებები უნდა დაგვავიწყდეს.

მაშინ, როცა რუსეთში გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა მხოლოდ ჩანასახოვან ფაზაში იყო, საქართველოში ეს პროცესი უკვე დასრულდა. შესაბამისად, რეფორმებსაც განსხვავებული ძალები უპირისპირდებოდნენ: რუსეთის შემთხვევაში კომუნისტები, საქართველოში – კორუფციონერები. ისიც საკითხავია, ამ მექრთამე ჯგუფებიდან რომელი უფრო საშიში იყო! ახალ რუსეთში ხელისუფლების ცვლილება პირველად მოხდა. საქართველომ კი, რეფორმების დასაწყისში, რამდენიმე სამოქალაქო ომი გადაიტანა, ორჯერ შეიცვალა ხელისუფლება, რამაც, პოზიტიური შედეგების ნაცვლად, სახელმწიფო ფაქტობრივად დაშლის პირას მიიყვანა. საქართველოდან ემიგრირებულთა რიცხვი იზრდებოდა და მოსახლეობის ქვეყნიდან გადინების წილი, რუსეთში მიგრაციულ ზრდასთან შედარებით, შეუთავსებლად მაღალი იყო. არსებითად განსხვავდებოდა ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა. რეფორმების დაწყების მომენტისთვის, რუსეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1989 წლის დონის 94.2%-ს შეადგენდა. 1989 წელი სსრკ-ში ეკონომიკური ზრდის უკანასკნელი წელი იყო. საქართველოში ანალოგიურმა მაჩვენებელმა 2003 წელს 53.9% შეადგინა. მეორე მხრივ, რუსეთში წარმოების ვარდნა სულ რაღაც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოში კი 2003 წლისთვის ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად მთლიანად ჩამოიშალა – შედეგად, ქვეყნის მთავარ ექსპორტს ჯართი წარმოადგენდა.

თუმცა, ორ ქვეყანას შორის არსებითი განსხვავება მაინც ცვლილებებისადმი არჩეულ მიდგომებში იმალება. რუსმა რეფორმატორებმა მთავარ თეზისად აირჩიეს – „ეკონომიკური ზრდა ან ინსტიტუტები”. ქართულმა მაგალითმა ნათლად აჩვენა ამ დიქოტომიის შეუსაბამობა: წარმატებისთვის აუცილებელია ყველა მიმართულებით რეფორმირება ანუ „ეკონომიკური ზრდა და ინსტიტუტები”. რეფორმების პირველ წლებში მშპ-ს ზრდა ამის აშკარა მტკიცებულებაა.

მაინც რა გახდა ასეთი ურთიერთგამომრიცხავი შედეგების მიზეზი? ამ კითხვაზე, რა თქმა უნდა, ბევრი პასუხი არსებობს, თუმცა არსი ჩემთვის ძალიან ზუსტად გადმოსცა კახა ბენდუქიძემ: „მთავარია იყოს ადამიანი, რომელსაც ესმის, რა არის თავისუფლება”.

ამ გაგებით კი გაცილებით მარტივია საქართველოში ბოლო წლების ისეთ საშიშ სიმპტომებთან ბრძოლა, როგორებიცაა ინფლაციის ან სახელმწიფო ხარჯების თანმიმდევრული ზრდა მშპ-სთან მიმართებაში.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ჰერმან საბო

კომენტარები